ქობულეთის სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღს ააშენებენ – ტენდერი 1,2 მილიონი ლარით


ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო, სატენდერო ღირებულება 1 204 331 ლარია.

სოფელ ალამბარში, ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 წელზე მეტია საბავშვო ბაღი [2 ჯგუფი] სოფლის საჯარო სკოლის პირველ სართულზე ფუნქციონირებს, სადაც 70 ბავშვი დადის. მერიის ინფორმაციით, ახალი შენობა სამ ჯგუფზეა გათვლილი.

პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი რკინა-ბეტონისკარკასიანი შენობის მშენებლობა.

სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 330 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2019 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შემდეგი გამოცდილება:

  • 2017 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, კერძოდ, არანაკლებ ჯამურად 2 000 000 ლარის ღირებულების შენობის მშენებლობის/რეკონსტრუქციის სამუშაოები.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები – შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები არ არის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს ან სხვა დოკუმენტს აუცილებლად უნდა ახლდეს შესაბამისი საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა.
  • კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით/აქტებით ან/და მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით უნდა დგინდებოდეს სამუშაოების საბოლოოდ დასრულებისა და დამკვეთის მიერ მისი მიღების ფაქტი.
  • პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების 1 ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები, რაზედაც უნდა წარმოადგინოს დადებითი რეკომენდაცია გაცემული შემსყიდველის/დამკვეთის მიერ, რომლითაც დადასტურდება მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება (რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს თუ რამდენად ხარისხიანად, სრულად და დროულად შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება).

სოფელ ალამბრის საბავშვო ბაღის შენობა / მაკეტი პროექტიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com