ბათუმში ჰაერის დაბინძურების ძალიან ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ახალი მონაცემები


დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა [PM10 მკგ/მ3] დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, PM10 მკგ/მ-ის მაჩვენებელი ჰაერში 101.52-ია, რაც – „ძალიან ცუდია“.

ეს მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“; 50-დან 100-მდე კი – „ცუდი“.

ჰაერის დაბიძურების ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია სამშენებლო პროცესები.

„ცუდია“ ჰაერში PM2.5 მკგ/მ3 მყარი ნაწილაკების შემცველობის დღევანდელი მაჩვენებელიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროებია: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ჰაერის ხარისხი ბათუმში 13 ნოემბრის 12 საათის მდგომარეობით

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული. ეს სადგური მოქმედებს 2017 წლის დეკემბრიდან და აქ ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. ბათუმში განლაგებულ დანარჩენ სადგურზე კი – გარკვეული პერიოდულობით.

ამ თემაზე:

ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა ბათუმში დასაშვებ ნორმას აღემატება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com