მთავარი,სიახლეები

წმინდანების დაფიცება და დაგინება პარლამენტში – „ეს იყო რეალობის მანიფესტაცია“ 

13.11.2019 • 1830
წმინდანების დაფიცება და დაგინება პარლამენტში – „ეს იყო რეალობის მანიფესტაცია“ 

„მე ვიტყოდი, რომ ეს იყო რეალობის მანიფესტაცია. გედევან ფოფხაძის პირით ლაპარაკობს სრულიად საქართველო,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პარლამენტარის მიერ წმინდანების დაფიცებით შეგინებაზე. გუშინ, 12 ნოემბერს, პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ დეპუტატ დაჩი  ბერაიას მისამართით ასე შეიგინა: ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მო…ავ როჟას!“. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაძაბულობის მიზეზი საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გახდა: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს  მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებდნენ.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ მას ახალი არაფერი უნახავს და მოუსმენია. იხსენებს, რომ ჩხუბი, გინება და ცემა პარლამენტში ხშირად ხდება, ხოლო წმინდანების დაფიცებით შეგინებაში ფილოსოფოსი „ზეავტორიტეტის მოხმობას“ ხედავს – ქრისტიანობის, რომელიც საქართველოში უკვე შინაარსისგან დაიცალა.

„ჩვენ გვაქვს მაგიური დამოკიდებულება რელიგიისადმი. როგორც დაფიცების დროს მოუხმობს ადამიანი რაღაც ძალას, ასე იყო ეს შეგინებაც. გედევან ფოფხაძის ამ რეპლიკაში კარგად გამოჩნდა, რა არის პრაქტიკული ფორმით ქრისტიანობა საქართველოში. დავინახეთ, რომ ამას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც ახალ აღთქმაში წერია და წმინდა კანონიკურ წერილებში… აქამდეც უნდა გვეგრძნო ეს, თვალი რომ გვქონოდა, ყური და გონება.

ფეისბუქკომენტარებში ვნახე, რომ გარკვეულ ადამიანებს გედევან ფოფხაძის ეს მოქმედება გაუკვირდათ. გედევან ფოფხაძე არ არის სეკულარული პოლიტიკოსი. ის ჩვეულებრივ, რელიგიურ ადამიანად წარმოაჩენს თავს. მან მოუხმო ზეავტორიტეტს. მრევლიც, ეკლესია, მორწმუნეები ასეთია და პარლამენტიც ასეთია, ბუნებრივია. ეს არის სრული ჰარმონია.

ახლა ხდება ის, რაც ცნობილ ზღაპარშია, როცა ბავშვი ყვირის: „მეფე შიშველია“.

ჩვენ შევქმენით ავტორიტეტული, ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია მართლმადიდებელი ეკლესიის სახით და იმ სახით, როგორიც ის დღეს არის. აღმოჩნდა, რომ ანაფორიანი მღვდლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთივე კორუფციაა იქ, როგორც საზოგადოებაში…. ჩვენ გვქონდა იმის მოთხოვნილება, რაც ადამიანის ბუნებაშია – ავტორიტეტის შექმნა, რომელსაც დაემორჩილები და ბრმად გაჰყვები. პოლიტიკოსებმა ამ ეკლესიის ხარჯზე შექმნეს გარკვეული ბალანსი და იყენებდნენ სათავისოდ, შეიქმნა ალიანსი, რომ წარმატებით გაებითურებინათ მოსახლეობა და ემართათ. ამ ალიანსში გაჩნდა დისონანსები.

პოლიტიკოსები შეეცდებიან, ალიანსის ეს ფორმა შეინარჩუნონ, რადგან საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების ინტელექტი საკმაოდ არამაღალია იმისთვის, რომ საკუთარი გამოიგონონ, თუნდაც იდეოლოგიური პოზიციების სახით. ისინი ეცდებიან, რომ მეფე ისევ შემოსონ.

ორმხრივი თვალთმაქცობა ეკლესიის და პოლიტიკოსების მხრიდან უნდა დამთავრდეს, მაგრამ პოლიტიკოსები ცდილობენ, როგორმე, დროებით, მომაკვდავი გააცოცხლონ, მაგრამ დიდი ხნით არსებობა ამ ალიანსის მუშაობას არ უწერია. ჩემი აზრით, ეს შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის მოსვლას, რომელიც მეტად იქნება დაფუძნებული სეკულარულ იდეალებსა და გონიერებაზე,“ – გვითხრა გიორგი მაისურაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: