ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა ბათუმში დასაშვებ ნორმას აღემატება

05.11.2019 • 3325
ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა ბათუმში დასაშვებ ნორმას აღემატება

დღეს, 5 ნოემბერს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

მყარი ნაწილაკების [PM10 მკგ/მ3 და PM2.5 მკგ/მ3 ] შემცველობა ჰაერში 2019 წლის 5 ნოემბრის 11:00 საათის მონაცემების შესაბამისად არის: 83.23 და 44.01, რაც დაშვებულ ნორმას აღემატება.

PM10 მკგ/მ3 -ის მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“; დღეს არსებული მაჩვნებელი კი, [83.23] არის „ცუდი“; ჰაერში 100-ზე ზევით ეს მაჩვენებელი კი – „ძალიან ცუდია“.

ანალოგიურად, „ცუდია“ ჰაერში PM2.5 მკგ/მ3 -ის შემცველობის დღევანდელი მაჩვენებელიც.

ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით, მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5 / წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:
ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროებია: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამლვა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, „საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს ასევე წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან“.

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული. ეს სადგური მოქმედებს 2017 წლის დეკემბრიდან და აქ ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. ბათუმში განლაგებულ დანარჩენ სადგურზე კი – გარკვეული პერიოდულობით.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: