მთავარი,სიახლეები

გურიაში 2 სოციალური საწარმო ყოფილი პატიმრებისთვის ვაკანსიებს აცხადებს

12.11.2019 • 2703
გურიაში 2 სოციალური საწარმო ყოფილი პატიმრებისთვის ვაკანსიებს აცხადებს

გურიაში 25 ნოემბრიდან ერთ სივრცეში განთავსებული ორი სოციალური საწარმო იხსნება – ერთ საწარმოში ქაღალდის პარკებს დაამზადებენ, მეორეში კი – ქვის გრავირებაზე იმუშავებენ. საწარმოები ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებენ. დასაქმების მსურველი ყოფილი პატიმარი უნდა იყოს და ბოლო ათი წლის განმავლობაში ციხეში არანაკლებ 6 თვე უნდა ჰქონდეს გატარებული, დასაქმება შეუძლიათ ასევე პირობით მსჯავრდებულებს – პრობაციონერებსა და პატიმრების ოჯახის წევრებს.

გარდა ამ პირობისა, დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს მინიმალური ტექნიკური უნარები, რაც ახალ დანადგარებთან მუშაობის ათვისების უნარს გულისხმობს.

ხელფასი საწარმოებში დასაქმებულებს გამომუშავებით ექნებათ, საამქროს მოგების მიხედვით.

საწარმოებს ეყოლებათ მენეჯერები, რომლებიც დამკვეთების მოზიდვასა და  გაყიდვებს უზრუნველყოფენ.

დასაქმების მსურველებმა უნდა მიმართონ გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4. ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599156384; საქმიანობის დეტალური აღწერის სანახავად გადადით პორტალ jobs.ge – ის ლინკზე

შეიძლება ითქვას, რომ ამ სოციალურ საწარმოებში პირველად ასაქმებენ ხაზგასმით მხოლოდ ყოფილ პატიმრებს, მათ ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს.

ცოტა ხნის წინ ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების დასასაქმებლად შეიქმნა გათბობა-გაგრილების სისტემების საწარმო ქუთაისში და კენკროვანი კულტურების სასათბურე მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში.

საწარმოებს სამომავლოდ გაფართოების პერსპექტივა აქვთ. გათბობა-გაგრილების სერვისცენტრი ქუთაისში, მაგალითად, გადამზადების ცენტრადაც უნდა იქცეს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასასაქმებლად სოციალური საწარმოები ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესს ყოფილი პატიმრების დასაქმება ურჩევნია, რადგან სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში კომპანიებს გარკვეულ შეღავათებს უწესებს და მათთვის ეს ხელსაყრელია.

როგორც ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე ამბობს, საქართველოში მსგავსი პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი ხშირად საუბრობს სახელმწიფოს როლზე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის საქმეში.

„ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო სიდა, რომელიც ბიზნესს ესაუბრებოდა შეხვედრებზე როგორი მნიშვნელოვანია და რა ფასი აქვს ნასამართლევი პირების დასაქმებას, მაგრამ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობები სასურველ სტანდარტს ვერ ჩამოაყალიბებს. სახელმწიფო უნდა ესაუბრებოდეს კერძო სექტორს. საჯარო სამსახურებში არ ასაქმებენ ბენეფიციარებს და პირდაპირი აკრძალვაა ნარკოდანაშაულზე, მაგრამ არც სხვა, მსუბუქი მუხლის გამო ნასამართლობას ითვალისწინებენ და უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ყველა ნასამართლევს,“ – ამბობს ნინო ხაჩიძე.

ნინო ხაჩიძე – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის” კოორდინატორი

მისივე თქმით, ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ განხორციელებისას  არასამთავრობო ორგანიზაციას შუამდგომლობა უწევდა კერძო სექტორთან ყოფილი პატიმრების დასასაქმებლად. ასევე ამ ჯგუფის ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც ხანგრძლივი ბიუროკრატიული წინაღობების გადალახვა იყო საჭირო. ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, როცა ყოფილ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ არ ჰქონდათ წასასვლელი, ღამის გასათევი. მათ თავშესაფარში განთავსებას კი უამრავი ძალისხმევა დასჭირდა.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: