მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

11.11.2019
თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

დღეს, 11 ნოემბერს, აჭარის მთავრობაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ დამტკიცდა „ოცნების ქალაქში“ დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტი და მალე ტენდერიც გამოცხადდება.

დღევანდელ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა კომენტარი სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზეც, სადაც წერია, რომ აჭარის მთავრობა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის სახელმწიფო ქონებას.

„ჩვენ ამ ნაწილში გაგვიჭირდება დეტალებში შევიდეთ, რადგან ეს ეხება წინა წლებს, მაგრამ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება და ის განკარგულება, რომელიც მივიღეთ ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ემსახურებოდა სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრას და დღეის მდგომარეობით ყველა ბიზნესსუბიექტი აჭარაში ოპერირებს თანაბარ გამჭვირვალე ბიზნესგარემოში“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ „სამინისტროში (იგულისხმება ეკონომიკის სამინისტრო) ბუღალტრულად არ არის აღრიცხული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დარიცხული პირგასამტეხლო“.

აუდიტის დასკვნაში საუბარია საჯარიმო თანხების ჩამოწერაზეც: „2018 წელს, აჭარის ქონების განკარგვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, განხორციელდა პირგასამტეხლოს ჩამოწერა. ამასთანავე, ფიქსირდება აუცილებლობის დასაბუთების გარეშე პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების ფაქტები“.

თორნიკე რიჟვაძე თანხების ჩამოწერასთან დაკავშირებით აუდიტის ჩანაწერზე აცხადებს: „როცა საუბარია იმაზე, რომ ბიზნესს გავუკეთეთ ერთგვარი ამინისტია, სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა ერთიანი ჩარჩო-გარემოს შექმნა და სწორედ ამან დააბალანსა საჯარო და კერძო ინტერესი, რომ მომავალში გამოირიცხოს ნებისმიერი ამ ტიპის ნაკლოვანება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში“.

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საინვესტიციო ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს, „რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფიქტიური მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება“.

საუბარია ასევე იმაზე, რომ შეფერხებებით ხორციელდება მსხვილი საინვესტიციო პროექტები. მაგალითად, „კურორტ გოდერძიზე გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27 300 000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას განაპირობებს,“ – აცხადებს აუდიტი, რაზეც თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ „ეს შეფერხებები იყო ადრე, ახლა კი ყველა საინვესტიციო პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: