მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი

07.03.2017 • 2887
უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატია. ის კანონმდებელია გასული წლის 27 დეკემბრიდან, თუმცა სავარძელი დღეს, 7 მარტს პირველად მოირგო, საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს.

zaza okuashvili

გიორგი ცინცქილაძე [მარცხნივ] და ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში / 7.03.2017

ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. უმაღლეს საბჭოში მან ამ პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო და დეპუტატობაზე უარი თქვა. სიის მეორე ნომერი ზაზა ოქუაშვილი იყო. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ის შევიდა. „პატრიოტთა ალიანსი“ დღემდე ევროპული ფასეულობების აქტიური კრიტიკით გამოირჩევა.

დეპუტატები, რომლებსაც ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  ანგარიშში ზაზა ოქუაშვილიც მოხვდა. კანონის მიხედვით, „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი“. ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე, ნატო ჩხეიძე შპს „ბენმონტის“ მეწილეები იყვნენ. ეს კომპანია ფლობს ტელეკომპანია „იბერიას“.

რამდენიმე დღის წინ, 27 თებერვალს, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილება შევიდა. ამჯერად კომპანია „ბენმონტი“ ზაზა ოქუაშვილმა და მისმა მეუღლემ შვილებს – 18 წლის რატის და 16 წლის გიორგი ოქუაშვილებს გადაუფორმეს. წილის დათმობა მოუწია ნატო ჩხეიძესაც, რადგან ის საქართველოს პარლამენტის წევრია, ისიც „პატრიოტთა ალიანსიდან“.

27 თებერვალს ზაზა ოქუაშვილმა ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ძვირადღირებულ ქონებას ფლობს 16 სხვადასხვა მისამართზე, მათ შორის, 7 ნაჩუქარია. ყველაზე ბოლოს დეპუტატმა 2013 წელს ბრიტანეთში, ლონდონში შეიძინა 170 კვადრატული მეტრი ბინა. ამ ქონებაში ზაზა ოქუაშვილს 6 მილიონ 500 ათასი ინგლისური ფუნტი გადაუხდია, რაც დაახლოებით 19 მილიონი ლარია.

იმ უძრავი ქონების ფასი, რომელსაც ზაზა ოქუაშვილის ოჯახი ფლობს, დეკლარაციაში წარმოდგენილი არ არის. ყველაზე დიდი საცხოვრებელი სახლი – 1081 კვ. მეტრი ოქუაშვილების ოჯახს თბილისში, ოდესის ქუჩაზე აქვს.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიიდან – AGT UK TRADING -ზაზა ოქუაშვილს შემოსავლის სახით  521 196 ინგლისური ფუნტი მიუღია.

ზაზა ოქუაშვილი ასევე ფლობს ობლიგაციას შვეიცარიაში, რომელიც მას 5 მილიონ აშშ დოლარად შეუსყიდია, ხოლო პანამაში ფასიან ქაღალდებს, რაშიც 20 ათასი დოლარი გადაუხდია.

„პანამას დოკუმენტების“ მიხედვით, ზაზა ოქუაშვილი 85 ქართველ ბიზნესმენს შორის დასახელდა, რომელიც ოფშორულ ზონაში სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს. „პანამას დოკუმენტებით“ ზაზა ოქუაშვილია დასახელებული კომპანიების DAGMAR FINANCE GROUP INC., Velsan Trading Corp.-ისა და Finley Trading-ის წილების მფლობელად.

27 თებერვლის მდგომარეობით, ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე საქართველოს სხვადასხვა ბანკში ფლობენ 233 100 ლარს, 146 ათას აშშ დოლარს, 105, 100 ევროს და 56, 150  ინგლისურ ფუნტს.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას: ზაზა ოქუაშვილი ფლობს ავტომანქანა BMW M 5-ს. მასში დეპუტატს 87 ათასი ინგლისური ფუნტი გადაუხდია. ზაზას მეუღლის, ნატო ჩხეიძის სახელზეა ასევე 157 ფერწერული ტილო, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, ოჯახმა საჩუქრად მიიღო.

მილიონერი დეპუტატის შრომის ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 2150 ლარია თვეში. გასულ ორ თვეში დეპუტატი სამსახურში გამოუცხადებლად იღებდა მისთვის განკუთვნილ ხელფასს. ზაზა ოქუაშვილმა დღეს „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: