მთავარი,სიახლეები

„ყველას მისი აზრი აქვს“ – რატომ არ უჭერს მხარს ანზორ ბოლქვაძე მაჟორიტარობის გაუქმებას 

13.11.2019 • 2073
„ყველას მისი აზრი აქვს“ – რატომ არ უჭერს მხარს ანზორ ბოლქვაძე მაჟორიტარობის გაუქმებას 

„მე თავიდანვე არ მომიწერია ხელი კანონპროექტზე… საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ალბათ მხარს არ დავუჭერ,“ – გვითხრა ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ. ის ერთ-ერთია მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელიც „მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის“ გაუქმებას არ უჭერს მხარს. 

ანზორ ბოლქვაძე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის სამივეჯერ როგორც მაჟორიტარი, ისე გახდა დეპუტატი.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „20 ივნისის მოვლენების შემდეგ“ გასცა. თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ერთმა ჯგუფმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ანზორ ბოლქვაძეს ეს დაპირება შევახსენეთ.

„ყველას მისი აზრი აქვს… მოსახლეობის აზრი არის მნიშვნელოვანი. მე ვესაუბრები ხალხს და ვიცი, რომ ხალხს სჭირდება მაჟორიტარი დეპუტატი. მოსახლეობამ ამირჩია მე და ნდობა გამომიცხადა“, – უთხრა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“.

რატომ მიიჩნევს დეპუტატი, რომ პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესს ან რას პასუხობს იგი იმ ფაქტობრივ მონაცემს, როცა მაჟორიტარებად მუდმივად მმართველი პარტიის კანდიდატებს ირჩევენ? – დეპუტატმა სხვა კითხვებზე აღარ გვიპასუხა და მოკლედ მოგვიგო: „მე უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი“.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კენჭი უნდა უყარონ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველ პარტიას საკითხის ჩაგდება სურს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: