მთავარი,სიახლეები

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს

24.03.2017 •
ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს

კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელმაც თებერვალში მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობები და მიწის ნაკვეთი იყიდა, ქობულეთში, ამჯერად სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებული 591 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – საერთო ფართობით – 50,1 კვ/მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში 42 ათას 705 ლარად გადაეცა შპს „ბიზნეს დეველოპმენტს“. კომპანიამ საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომპანიამ ქონება [ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ] საკუთრებაში მიმდინარე წლის 16 მარტს დაირეგისტრირა. 1 კვ/მ მიწის ნაკვეთში კომპანიას 77,5 ლარის გადახდა მოუწევს.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით მწვანე კონცხზე დასასვენებელ კომპლექსს კომპანია „ზიმო“ აშენებს. კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.


ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები, ასევე მიმდებარე ტერიტორია, პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ ორ ნაწილად შეიძინა. ორთავე აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც ქონება ჯამში 7 456 000 ლარად იყიდა.

პირველ აუქციონზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო. „ბიზნეს დეველოპმენტმა“ და ქონება 2015 წლის 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა.

მეორე აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ/მ და 4912,07 კვ/მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ეს ქონება კომპანიამ 4 600 000 ლარად შეიძინა. შესაბამისად, „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია.

მწვანე კონცხი „მაგნოლია“ დაფა

მთავარ ფოტოზე: მწვანე კონცხი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: