მთავარი,სიახლეები

გაქვთ ბათუმისთვის იდეა? – მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა

15.10.2019
გაქვთ ბათუმისთვის იდეა? – მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა

თუ გაქვთ იდეა, რომლის განხორციელებაც, თქვენი აზრით, ბათუმში შეიძლება, 2019 წლის 30 ოქტომბრამდე შეგიძლიათ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა და იდეის განსახორციელებლად საჭირო თანხაც მოიპოვოთ.

საუბარია კონკურსზე შენი იდეა ბათუმს, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს,  განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე პირობითაა შესაძლებელი:

  1. კონკურსში მონაწილე პირი სრულწლოვანი და ბათუმში რეგისტრირებული უნდა იყოს, შესაძლებელია იდეა წარადგინოს საინიციატივო ჯგუფმაც. თითოეულ მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის დარეგისტრირება
  2. პროექტი უნდა ხორციელდებოდეს ბათუმში და უნდა განეკუთვნებოდეს თვითმმართველობის კომპეტენციას
  3. პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას
  4. პროექტი უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საკუთრებას და არ იწვევდეს მოვლა-პატრონობის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს

რეგისტრირებული პროექტები ჯამში უნდა ექცეოდეს 500 000 ლარის ფარგლებში.

გამარჯვებული პროექტები ხმის მიცემით გამოვლინდება, მინიმალური ხმის რაოდენობა ბათუმში რეგისტრირებული მოსახლეობის 0,5 პროცენტია, დაახლოებით 700 ხმა.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდის –  idea.batumi.ge-ს მეშვეობით. ამ შემთხვევაში საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის ქონა. არსებობს მეორე გზაც, იდეის რეგისტრირების მსურველი ბათუმის მერიაში ან მერიის 14-დან ერთ-ერთ სერვისცენტრში უნდა მივიდეს და თან იქონიოს პირადობის მოწმობა.

მერიის ცნობით, რეგისტრაციის შედეგად მოქალაქეს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც შესაძლებელი ხდება ონლაინპლატფორმაზე www.idea.batumi.ge -ზე ავტორიზაციის გავლა, იდეის დარეგისტრირება ან/და რჩეული იდეისთვის ხმის მიცემა.

2020 წლის იდეების დაფინანსებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის პირველ ეტაპზე ბათუმის მერია ახორციელებს მოქალაქეთა ან/და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ მოწოდებული საპროექტო განაცხადების პირველად ანალიზს. განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელებადია მომდევნო წლის განმავლობაში, მიზანშეწონილობის შეფასების მიზნით, გადაეცემა მერის მრჩეველთა საბჭოს. სწორედ მრჩეველთა საბჭო გამოავლენს საუკეთესო განაცხადებს საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, მაქსიმუმ 10 პროექტს, რის შემდეგაც იწყება იდეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა.

2020 წლის იდეებისთვის ხმის მიცემა დაიწყება 2019 წლის 11 ნოემბერს და დასრულდება 2019 წლის 1-ელ დეკემბერს. სწორედ მოქალაქეები წყვეტენ, საბოლოოდ რომელი იდეები უნდა განხორციელდეს. 10 დეკემბრამდე კი გამარჯვებული პროექტები გამოქვეყნდება, სულ სამი პროექტი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ.

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) , პური მსოფლიოს (Bread for the World) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/215135/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: