მთავარი,სიახლეები

ანთებული სიგარეტი დედას ხელზე მიადო და დანა დაუსვა – შვილის ჩვენება მამის წინააღმდეგ

12.11.2019
ანთებული სიგარეტი დედას ხელზე მიადო და დანა დაუსვა – შვილის ჩვენება მამის წინააღმდეგ

„…მამამ  დედას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. დედა ხელებს იფარებდა სახეზე… მამა განაგრძობდა ცემას. დედა ტიროდა და ამბობდა, რომ ტკიოდა…“ – მოსამართლეს ეს ბავშვებმა უთხრეს. მათი დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. სამი არასრულწლოვნის მამა გაასამართლეს, თუმცა ის უკვე სახლშია. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით სასჯელად.

შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გურამ ბ.-მ 9 მაისს ცოლს ხელი სახეში დაარტყა და ფეხები – სხეულის სხვადასხვა არეში, 11 მაისს კი, ქმარმა ცოლს ცემის შემდეგ ხელზე ანთებული სიგარეტი მიადო და დანა დაუსვა. ბოლო შემთხვევას ორი არასრულწლოვანიც შეესწრო.

9 მაისის ეპიზოდში მოსამართლემ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, რადგან პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია.

მომზადდა ექსპერტიზის დასკვნაც:

„… აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დამწვრობითი უბანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დამწვრობითი უბანი განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მოქმედების შედეგად. სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით…“ – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ 11 მაისს ცოლს მართლა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ უარყო სიგარეტით დამწვრობის მიყენება. განაჩენის მიხედვით, არც მოსამართლემ გამორიცხა ეს შემდეგი არგუმენტით:

„მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია დამწვრობით უბანზე, თავად ექსპერტმა მოწმის სახით დაკითხვისას არ გამორიცხა, ზოგადად, ასეთი სახის დაზიანების მიღება მაღალი ტემპერატურის საგანზე შეხების შედეგადაც; ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ანალიზის მიხედვით, სასამართლოს დადგენილად არ მიაჩნია ამ სახის ძალადობის ფაქტი (ანუ დამწვრობით დაზარალებულზე ბრალდებულის მხრიდან მიყენებული დაზიანება) ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება საქმეში და, შესაბამისად, არც გამოკვლეულა,“ – აღნიშნავს მოსამართლე განაჩენში.

მოსამართლემ ვერ დაინახა ბრალდებულის დაპატიმრების საჭიროება. სასჯელის განსაზღვრის დროს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღნიშნა, რომ:

„სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ აღიარებს და ინანიებს, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, არ აპირებს დაზარალებულთან კონფლიქტის გაგრძელებას; აქედან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, გაგრძელდეს მისი იზოლირება საზოგადოებისაგან. თვლის, რომ პირის რესოციალიზაციის საწყისი უკვე არის სახეზე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: