მთავარი,სიახლეები

დასჯადი სექსი

08.09.2017 • 4853
დასჯადი სექსი

ავტორი: გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

კომენტარი სტატიაზე: „ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით“

იურისტებს ყოველდღიურად გვიწევს იურიდიული კაზუისტიკის განხილვა, შეფასება, რაც ზოგჯერ იუმორისტულ მსჯელობამდეც კი მიდის. მიუხედავად ამისა, იურისტები ვალდებული ვართ, ლეგალური განმარტება მივცეთ ყველა იმ საზოგადოებრივ მოვლენას, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება.

საქართველოში, სადაც ეკონომიკური აქტივობა მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა, განვითარებას იწყებს გართობისა და დასვენების სხვადასხვა სფერო. ერთ-ერთი ასეთი სფერო გახლავთ პროსტიტუცია. აღსანიშნავია, რომ პროსტიტუცია შავ ბაზარს მიეკუთვნება, ვინაიდან სახელმწიფო მას დასჯად ქმედებად აცხადებს და არ არსებობს მისი რეგულირების მეთოდები. ამიტომ ვინც პროსტიტუციას ეწევა, სახელმწიფომ შეიძლება დასაჯოს გაფრთხილებით ან ჯარიმით, რომლის ოდენობაც არ აღემატება 20 ლარს. სახელმწიფო უფრო მკაცრად სჯის იმ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ პირის ჩართვას ძალადობით პროსტიტუციაში ან პროსტიტუციის მოსაწყობად ადგილს ან საცხოვრებელს გადასცემენ.

„საინტერესო“ ამ ყველაფერში არის ის, რომ ამ დრომდე საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს პროსტიტუციის ნორმატიული დეფინიცია. არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ განმარტავს, რა არის პროსტიტუცია, ამიტომ პროსტიტუციის განსასაზღვრად სამოქალაქო განათლების ლექსიკონი უნდა გამოვიყენოთ, სადაც ვკითხულობთ, რომ პროსტიტუცია „(ლათ. პროსტიტუტის _ შერცხვენა, წაბილწვა) ე.წ. უძველესი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები (ძირითადად ქალები) ყიდიან თავიანთ სხეულს გასამრჯელოს მიღების მიზნით.

ლექსიკონში პროსტიტუცია ქალების მომსახურებასთან ასოცირდება, მაშინ, როცა თანამედროვე რეალობაში პროსტიტუციაში კაცებიც არიან ჩართული. ამას ისიც ემატება, რომ სახელმწიფო სისხლის სამართლის წესით სჯის პირებს პროსტიტუციისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემისთვის, მაგრამ თუ ამავე სახელმწიფოს ჰკითხავთ რა არის პროსტიტუცია, ვერ გიპასუხებთ. მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: როგორ უნდა დასაჯო პირი არარსებული დანაშაულისთვის? პასუხიც მარტივია, დემოკრატიული სახელმწიფოები მოქალაქეებს ასე არ სჯიან.

აი, სწორედ ეს არის ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები „იუმორისტული“ მსჯელობის ერთ-ერთი შემთხვევა.

ზოგადად, როდესაც სახელმწიფო ქცევის წესს დასჯადად აცხადებს, მანამდე, შეიმუშავებს კანონის განმარტებას და განსაზღვრავს სფეროებს, რომლებშიც არ უნდა შეიჭრას პირი. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. უმთავრესი პრინიცი გახლავთ ის, რომ ყველა იურისტი ვერ იქნება და კანონების კითხვას იურიდიულ ენაზე ვერ დაიწყებს, ამიტომ მისი გაგება და აღქმა არაიურისტ მოქალაქეებს მარტივად უნდა შეეძლოთ. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში, ასე არ ხდება. შესაბამისად, ადამიანები შეიძლება დაისაჯონ იმ წესის დარღვევისთვის, რაც არ არსებობს, მაგრამ უნდა დაიცვან. ამიტომ მანამ, სანამ ადამიანებს დავსჯით, ხომ არ სჯობს ვიფიქროთ, ცივილურად დავწეროთ კანონი, რათა ყველამ იცოდეს როგორ მოიქცეს?!

საბოლოოდ, ალბათ თავად საზოგადოება უნდა მივიდეს კონსესუსამდე, რა ურჩევნია – მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება, თუ ყველა დავსაჯოთ აკრძალული სექსისთვის?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: