განათლება,მთავარი,სიახლეები

მშობლების მიერ მოყოლილი 10 ამბავი სკოლებიდან – ანგარიში

12.11.2019 • 3474
მშობლების მიერ მოყოლილი 10 ამბავი სკოლებიდან – ანგარიში

ეს ისტორიები შეკრებილია ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით, რომელიც 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „მშობლები განათლებისთვის“. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ცენტრის მიზანია, დაეხმაროს მშობლებს ბავშვის ინტერესების დაცვაში და გაუადვილოს სკოლასთან ეფექტური კომუნიკაცია. ასევე, მოხდეს იმ პრობლემების განსაზღვრა, რაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ექმნებათ სკოლებში.

ზარების მიხედვით, საჯარო თუ კერძო სკოლებში გამოიკვეთა ბავშვის ჩაგვრის, ბულინგის, მოსწავლის უფლებების ხელყოფის, სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციის ფაქტი, მათ შორის პედაგოგების მხრიდან. ასევე, არაპროფესიონალიზმისა და გულგრილობის შემთხვევები, როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე სამინისტროს მხრიდანაც. გთავაზობთ ზარების შედეგად შეგროვებულ ისტორიებს, მცირე შემოკლებით.

ამბავი პირველი – „სხვაგან შეიკარი ეგ შენი ძუნძგლიანი თმა“

მასწავლებელი მოსწავლეებზე რეგულარულად ძალადობს. ზარის ავტორია მე-7 და მე-10-კლასელი მოსწავლეების მშობელი. ბიოლოგიის მასწავლებელი ბავშვებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. უხეშია, არ აქვს მოსწავლეებთან გამონახული საერთო ენა და გაკვეთილების განმავლობაში ხშირად იყენებს სიძულვილის ენას. ბავშვები არ სწავლობენ  მის საგანს. მაგალითისთვის, მშობელი იხსენებს, რომ მასწავლებელმა 13 წლის გოგონას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სხვაგან შეიკარი ეგ შენი ძუნძგლიანი თმა“.

იგივე მასწავლებელი ზარის ავტორის მეორე შვილს, მეათეკლასელ ბიჭსაც ასწავლის და ხშირად უშვებს მას გაკვეთილიდან. მშობლის თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში არ არიან მანდატურები, ადმინისტრაცია და დამრიგებელი. გარდა ამისა, მასწავლებელი შემაჯამებელ სამუშაოზე წინასწარ აკეთებს შეფასებას. კერძოდ, მოსწავლეებს მერხზე სუფთა ფურცელს უდებს, რომელზეც განმსაზღვრელი შეფასება/ქულა წინასწარ წერია.

ბავშვები მშობლებთან ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ხმამაღლა თქმის ეშინიათ. საქმეს ართულებს ისიც, რომ დირექცია არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტებზე. მშობელი განმარტავს, რომ დირექტორის იმედი რომ ჰქონდეთ, მოსწავლეებს გაუადვილდებოდათ სიმართლის თქმა. ამბავი ხდება თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

 ამბავი მეორე – „ამ ბავშვის ნერვები არ მაქვს“

ამბავი ამჯერადაც თბილისში ხდება. ზარის ავტორია მე-9-კლასელის მშობელი. „მე-9 კლასის მოსწავლე მათემატიკის მასწავლებელმა კლასიდან გააძევა იმის გამო, რომ ის იცინოდა გაკვეთილზე. მესამე დღეა იძახის, რომ ამ ბავშვის ნერვები არ აქვს და მოსწავლეს გაკვეთილზე არ უშვებს.

მშობელს ურეკავს დამრიგებელი, არ უხსნის საქმის ვითარებას დეტალურად და სასწრაფოდ იბარებს დირექტორთან. მშობლები მიდიან სკოლაში. კაბინეტში ხვდებათ დამრიგებელი და დირექტორი, რომელიც ითხოვს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება გარიცხვით“.

 ამბავი მესამე – „ცუდ ოჯახში აღზრდილი გოგონა, თავადაც გზას აცდენილი გაიზრდება“

ამბავი ხდება თბილისის საჯარო სკოლაში, ზარის ავტორია მე-3-კლასელის ბებია. „ბებიის მონათხრობის მიხედვით, მისი მესამეკლასელი შვილთაშვილი გოგონა მუდმივად განიცდიდა ჩაგვრას მასწავლებლის, კლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან. ჩაგვრის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მშობლებისგან მიტოვებულ გოგონას ბებიას კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მშობელთან.

ბებიის ცნობით, გოგონას თანაკლასელების მშობლები და მასწავლებლები მშობელთა კრებაზე საჯაროდ, ხოლო ზურგს უკან – ოჯახებში, შვილების გასაგონად განიხილავენ მის მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცუდ ოჯახში აღზრდილი გოგონა თავადაც გზას აცდენილი გაიზრდება. მშობლების დამოკიდებულება მოქმედებს ბავშვებზე და გოგონას მუდმივ რეჟიმში უხდება თავის დაცვა როგორც თანაკლასელებისგან, ისე მათი უფროსი და-ძმებისგან, მშობლებისგან და მასწავლებლისგანაც კი“.

ამბავი მეოთხე – მასწავლებელი იძულების გზით ბავშვს თავისი ხელით აწერინებს „ორიანს“

თბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მე-8-კლასელის ბებია.

„ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არაგონივრული ზომის საშინაო დავალებას ატანს ბავშვებს. მაგალითად, 25 ზმნა გასარჩევად, პლუს ლიტერატურის შინაარსი და ანალიზი.

საშუალოდ 8-9-საათიანი სამუშაო მოაქვს ბავშვს, ბავშვი თავს ვერ ართმევს, ამდენი სამეცადინო იწვევს აგრესიას, ეძინება რვეულზე. სხვა საგნების მეცადინეობას ვეღარ ახერხებს. გამოიკვეთა ერთი რამ, თუ გამოძახებული ბავშვი თავს ვერ გაართმევს დაფასთან დავალებას, მთელი კლასი ისჯება.

მასწავლებელი იძულების გზით ბავშვს თავისი ხელით აწერინებს „ორიანს“ და განმარტებას, „იმის გამო, რომ დავალება სრულად არ მქონდა“. თუ მიხვალ და რაიმეს იტყვი, კივიან, წივიან, ისე წამოხვალ სკოლიდან, შეურაცხყოფილი“.

 ამბავი მეხუთე – „დავალებას თავს ართმევენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც მასწავლებელთან ემზადებიან“

ფოთის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მშობელი.

მშობლის ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელს შემაჯამებელ სამუშაოზე შეაქვს ისეთი საკითხები, რაც მოსწავლეებს საგაკვეთილო საათების ფარგლებში არ უსწავლიათ. „წერას თავს ართმევენ მხოლოდ ის ბავშვები, ვინც მასწავლებელთან ემზადებიან. სიტუაცია ფასდება ისე, რომ მას აქვს შერჩევითი პოლიტიკა და სწყალობს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც მასთან კერძოდ ემზადებიან. მშობელი ამბობს: „სახლში აქვს მოწყობილი ფართი საკლასო ოთახად და 15-მდე ბავშვს ერთად უტარებს კერძო გაკვეთილებს, რისთვისაც მშობლებისგან იღებს გასამრჯელოს“.

მშობელმა საქმის კურსში ჩააყენა სკოლის ადმინისტრაცია, თუმცა სკოლამ მოსწავლეების ინტერესების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.

 ამბავი მეექვსე – „ვინც მასთან ემზადება, მასწავლებელი წინასწარ ეუბნება, რა უნდა წერონ საკონტროლოში“

თბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობელი. სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ტოვებენ ბავშვებს და ამეცადინებენ დამატებით, რაც არის ფასიანი მომსახურება. ვინც ემზადება მათთან, კარგ ნიშნებს იღებენ და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, იჩაგრებიან.

მშობელი ამბობს: „ვინც მასთან ემზადება, მას მასწავლებელი წინასწარ ეუბნება, რა უნდა წერონ საკონტროლოში და ა.შ. შემდეგ ის ბავშვები მაღალ ქულებს იღებენ და ეს კლასში დაპირისპირების საგანია. იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა დედამ ვეღარ შეძლო გადასახადის გადახდა, გამოიყვანა ბავშვი და მასწავლებელი ისევე გადაეკიდა მას, როგორც მანამდე ეპყრობოდა, ვიდრე მომზადებას დაიწყებდა“. მშობელი ამბობს, რომ ერიდება ღიად დაპირისპირებას, რადგან შიშობს, რომ მისი შვილები უფროსების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან, მას კი, როგორც დედას, არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს, დაიცვას შვილები.

ამბავი მეშვიდე – „მშობელმა მოითხოვა, მისი შვილის პრობლემები არ განეხილა საჯაროდ მშობელთა კრებებზე“

თბილისის კერძო სკოლა. ზარის ავტორია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მშობელი.

„9 წელია, რაც აღნიშნულ სკოლასთან ურთიერთობს, დაჰყავს 2 ბავშვი. უფროსი მე-12 კლასშია, უმცროსი კი  – მე-9 კლასში. ბავშვებს აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება.

„პრობლემები გაჩნდა უმცროს შვილთან. მასწავლებელი არ მიმართავს ბავშვთან ურთიერთობის კონსტრუქციულ გზებს, აქვთ მუდმივი კონფლიქტი. მშობელმა შვილთან აღმზრდელობითი საუბრების შემდეგ მასწავლებელსაც სთხოვა, ბავშვთან უფრო რბილი მიდგომით მოეხერხებინა პრობლემის მოგვარება, ასევე მოითხოვა, რომ მისი შვილის პრობლემები არ განეხილა საჯაროდ მშობელთა კრებებზე. მშობლის ამ მოთხოვნამ გააღიზიანა მასწავლებელი და დირექცია, რასაც მოჰყვა სკოლის მხრიდან მშობლების არაერთჯერადი შეურაცხყოფა. საბოლოოდ სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ მშობელს მოსთხოვეს ორივე შვილი გაეყვანა სკოლიდან, პირადი განცხადების საფუძველზე. კონფლიქტს ემსხვერპლია უფროსი შვილიც. უსამართლობას ბავშვები და მათი მშობლები მძიმედ განიცდიან“.

 ამბავი მერვე – „სკოლა უარს აცხადებდა დიაბეტით დაავადებული ბავშვის მიღებაზე“

თბილისში კერძო სკოლა უარს აცხადებდა დიაბეტით დაავადებული ბავშვის მიღებაზე. ზარის ავტორია სასკოლო ასაკის ბავშვის მშობელი.

„მას შემდეგ, რაც მშობელმა გააპროტესტა მათი უარი, სკოლამ მიიწვია ის ამ თემასთან დაკავშირებით სასაუბროდ. საუბრის დროს მშობელმა აღნიშნა, რომ მისი უფროსი შვილი ამ სკოლაში დადიოდა და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, უმცროსი შვილის იქ ტარებაც. მშობელმა დახმარება აღუთქვა სკოლას, კერძოდ სკოლაში დასაქმებული ექთნის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებით. მიუხედავად ამისა, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ბავშვი სკოლაში მიეღოთ“.

 ამბავი მეცხრე – „სკოლაში მასწავლებელი ბავშვს არაჰუმანურად ექცევა“

არატიპური განვითარების ბავშვის ყოფა სკოლაშითბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მეოთხე კლასელი მოსწავლის დედა.

„ბიჭს აქვს ყურადღების დეფიციტი. ჰიპერაქტიურია. დადგენილი აქვს განვითარების შეფერხების საშუალო ხარისხი. მშობელს დაჰყავს რეაბილიტაციის ცენტრში თერაპიაზე. როგორც ამბობს, კარგი შედეგები აქვს. ფსიქოლოგი ჰპირდება, რომ წლის ბოლომდე განვითარებით დაეწევა ტიპურ ბავშვებს. თუმცა, სკოლაში მასწავლებელი ბავშვს არაჰუმანურად ექცევა. აყენებს კუთხეში, სჯის მკაცრად. მშობლის საჩივარზე პასუხად, სკოლა მას სპეცმასწავლებელს სთავაზობს. სტერეოტიპების შიშით მშობელს სპეცმასწავლებელი არ სურს. ამბობს, რომ მასწავლებელმა დახმარების უბრალოდ კეთილი ნება რომ გამოხატოს, ადვილად მიაღწევენ შედეგს, რადგან ბავშვი თერაპიაზე დაჰყავს და მის შვილს სკოლაში ინდივიდუალური პროგრამა არ სჭირდება“.

ამბავი მეათე – „მე-5 კლასის მოსწავლეები სხედან სკოლის გადატიხრულ დერეფანში“

ინფრასტრუქტურული პრობლემები სკოლაში და კომუნიკაციის სირთულეები მშობელსა და დირექტორს შორისთბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მეხუთეკლასელი მოსწავლის დედა.

„მე-5 კლასის მოსწავლეები სხედან სკოლის მე-4 სართულის გადატიხრულ დერეფანში, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. მშობელმა მიმართა დირექტორს კითხვით, როდემდე აპირებდა ბავშვების ასეთ საკლასო ოთახში გაჩერებას, რაზეც მიიღო ხისტი პასუხი, რომ 7 წელი არ აპირებდა ბავშვებისთვის ოთახის შეცვლას. გარდა ამისა, დირექტორის პოლიტიკის გამო (ფულის აგროვება რემონტისთვის) და სხვა დარღვევებზე მშობლის პროტესტის გამო მშობელსა და დირექტორს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მშობელმა მიმართა განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“.

 

მშობელთა ზარები ასევე შეეხებოდა სკოლებში არაჰიგიენურ მდგომარეობას, სველი წერტილების მოუწესრიგებლობას, სკოლების არაადაპტირებას სსმ ბავშვების შემთხვევაში, არასწორ კომუნიკაციას მშობელსა და მასწავლებელს, ასევე მასწავლებელსა და ბავშვს შორის. ისტორიები შეგროვებულია 2018-2019 წლებში.

_____________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: