მთავარი,სიახლეები

ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

13.11.2019 • 2446
ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

„ეს სივრცე ნამდვილად ლამაზი და მიმზიდველი იქნება,“ – ამბობს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის ფიჭვნარში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით. ზღვისპირას, სადაც ახლა ხეებს ჩეხავენ, „ალიანსი ჯგუფი“ 29-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს.

„ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულია ხელშეკრულება. იმისთვის, რომ განახორციელოს კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უნდა მომზადდეს ტერიტორია… ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 20 ან ცოტა მეტი ხე-მცენარის მოჭრაა დაგეგმილი. ეს ჯგუფი გეგმავს მნიშვნელოვან აქციას – მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ხის ნერგი დაირგვება, უნიკალური ჯიშები,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

ფიჭვების გაჩეხვა ქობულეთში ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ისინი საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვასა და მწვანე საფარის კიდევ უფრო მეტად განადგურებაზე საუბრობენ. ქობულეთის მერი კი განმარტავს, რომ ამ ადგილას სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა განაშენიანების გეგმითაა განსაზღვრული, რომელიც ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა.

რატომ არჩია ქობულეთის მთავრობამ მშენებლობა ზღვასთან ახლოს მწვანე საფარს? – მირიან ქათამაძემ გვითხრა, რომ კომპანია ვალდებული იქნება სივრცეზე, რომელსაც ახლა მოაწყობს, საზოგადოებრივი წვდომის საშუალება შექმნას.

„ზღვისპირა ზოლში არსებული ტერიტორიები არის ყველაზე მეტად მიმზიდველი იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს შემდგომი პროცესი: სასტუმრო ინდუსტრია, იგივე ტურიზმის ახალი ცენტრები, იყოს სხვადასხვა ობიექტი, რომელიც მიმზიდველი იქნება ვიზიტორებისთვის. იმის შემდეგ, რაც იქ აღარ არსებობს სასტუმრო „ჰორიზონტი“, მოუვლელი იყო ეს ტერიტორია და სახიფათო ვიზიტორებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა გადაადგილება. შესაბამისად, ეს იყო სწორი მიგნება,“ – უთხრა მირიან ქათამაძემ „ბათუმელებს“.

აღნიშნული ნაკვეთის გასხვისება აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. აუდიტი აცხადებს, რომ ნაკვეთის პრივატიზებას შპს „რანჩო“ ითხოვდა, რომლის წინადადება არ იქნა გაზიარებული. შპს „ალიანსის“ თხოვნის შემთხვევაში კი, 1 790 760 ლარად შეფასებული ქონება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, 367 260 ლარით შემცირდა და 1 423 500 ლარით განისაზღვრა.

„აუქციონი გამოცხადდა შპს „ალიანსის“ მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით… რის გამოც შესაძლოა შეიზღუდა კონკურენცია. 2018 წლის 12 მარტს ჩატარებული აუქციონი უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ერთადერთი პრეტენდენტის, შპს „ალიანსის“ გამარჯვებით დასრულდა.

აუდიტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ, 2018 წლის 12 აპრილს, „ალიანსმა“ [ვალდებულების შესრულების მოტივით] მოითხოვა უძრავი ქონების საკადასტრო ერთეულებად დაყოფა და ვალდებულების გარეშე გაყიდვის უფლება, რაზედაც უარი ეთქვა.

ამასთან, ასაშენებელი ობიექტის ვიზუალური ესკიზი სამინისტრომ თავის დროზე არ მოიწონა და კომპანიას გაუმჯობესებული არქიტექტურული გადაწყვეტისა და იერსახის მქონე პროექტის წარმოდგენა მოსთხოვა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: