მთავარი,სიახლეები

დაიღუპა 200-ზე მეტი სპილო, 5 მილიონ ადამიანს კი საკვების დეფიციტი ემუქრება – ზიმბაბვე

13.11.2019
დაიღუპა 200-ზე მეტი სპილო, 5 მილიონ ადამიანს კი საკვების დეფიციტი ემუქრება – ზიმბაბვე

ზიმბაბვეში 200-ზე მეტი სპილო დაიღუპა გვალვის გამო – იუწყება სააგენტო africanews-ი, ზიმბაბვეს ნაციონალური პარკების სააგენტოზე დაყრდნობით. ზიმბაბვეში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვაა. 

ზიმბაბვეს ნაციონალური პარკებისა და ველური ბუნების დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა ტინაშე ფარავომ განაცხადა, რომ მხოლოდ ოქტომბერში 200 სპილო დაიღუპა ჰვანგეს ეროვნულ პარკში და მდგომარეობა მძიმეა სხვა პარკებშიც. მისივე თქმით, გვალვის შედეგად სპილოების გარდა დაიხოცნენ სხვა ცხოველებიც: ჟირაფები, კამეჩები, იმპალები… და ეს ეხება თითქმის ყველა ჯიშის ცხოველს. 

ცხოველების ნაწილი ზიმბაბვეს პარკებიდან ახლო მდებარე დასახლებებში გადაადგილდება საკვებისა და წყლის მოსაპოვებლად. პარკების სააგენტოს ცნობით, წელს 33 ადამიანი დაიღუპა ცხოველებთან კონფლიქტის დროს. 

ზიმბაბვეში სიტუაციის გაუმჯობესებას მხოლოდ წვიმის მოსვლის შემდეგ ელიან, მანამდე კი სააგენტო გეგმავს 600 სპილოს, ლომების ორი ჯგუფის და სხვა ცხოველების გადაყვანას Savé Valley-ის კონსერვაციაში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, შედარებით ნაკლებად დატვირთულ პარკში. ტინაშე ფარავოს თქმით, იქვე აპირებენ ველური ძაღლების, 50 კამეჩის, 40 ჟირაფისა და 2 000 იმპალას გადაყვანას. ეს იქნება ადამიანების მიერ დაგეგმილი ველური ბუნების წარმომადგენლების ყველაზე დიდი გადაადგილება ზიმბაბვეს ისტორიაში.  

„თუ პოპულაციები არ გადანაწილდება, ცხოველები იმ ეკოსისტემას დააზიანებენ, რომელშიც ცხოვრობენ,“ – განაცხადა ფარავომ. მისივე თქმით, ველური ბუნების სააგენტოს აუცილებლად ესაჭიროება აპარატურა წყლის გადასაქაჩად, რომ სპილოების გადარჩენა შესძლონ. „ჩვენ სასოწარკვეთილი ველოდებით წვიმას,“ – ამბობს ის.

სპილოების განსახლების რაოდენობით ზიმბაბვე მეორე ადგილასაა მსოფლიოში. ამ ქვეყანაში 85 000 სპილო ცხოვრობს, მეზობელ ბოცვანაში კი – 130 000.

ბუნების დაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ ამ სეზონზე არ იწვიმებს, ზიმბაბვემ შესაძლოა სპილოების პოპულაციის ნახევარი დაკარგოს.

გაეროს ცნობით, გვალვის შედეგად დაახლოებით ხუთ მილიონ ადამიანს, ზიმბაბვეს მოსახლეობის მესამედს, 2020 წლის მოსავლამდე, საკვების დეფიციტი ემუქრება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: