მთავარი,სიახლეები

აჭარის მაუწყებლის მე-5 მრჩევლის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

06.11.2019
აჭარის მაუწყებლის მე-5 მრჩევლის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრის შერჩევაზე კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა. ამ კვოტაზე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

პარტიის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოდან, ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ დააკვირდებიან საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, ვის დაუჭირონ მხარი.

„გამომდინარე იქედან, რომ მმართველმა პარტიამ არ მოგვცა შესაძლებლობა პირველ ტურში შერჩეულ კანდიდატებს გავსაუბრებოდით და „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი კანდიდატები გაიყვანეს მრჩეველთა საბჭოში, ამიტომ განვაცხადეთ, რომ აღარ ვაპირებდით ამ პროცესებში მონაწილეობას.

ჩვენს პარტიულ კვოტაზე კანდიდატის წარდგენას არც ამჯერად ვაპირებთ, თუმცა დავაკვირდებით პროცესს, ვნახავთ ვის შეარჩევს კომისია, გავესაუბრებით კანდიდატებს და იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კანდიდატი მისაღები იქნება, მხარს დავუჭერთ“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.

აჭარის მაუწყებლის 5-წევრიან საბჭოს უკვე ჰყავს 4 მრჩეველი. ეს რაოდენობა საკმარისია მაუწყებლის ახალი დირექტორის ასარჩევად. თუმცა ეს პოზიცია 19 აპრილის ანუ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ვაკანტურია.

დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: