მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„შავი პარასკევი“ ქართულად

29.11.2019 • 2569
„შავი პარასკევი“ ქართულად

ავტორი: გურამ მურვანიძე

მსოფლიოში ყველგან და მათ შორის საქართველოშიც უკვე ყველამ იცის, რომ ყოველ წელს, ნომერის ბოლო პარასკევი „შავია“ [Black Friday]. ამ დღეს ყველა კომპანიას განსაკუთრებული ფასდაკლებით გამოაქვს თავის პროდუქციის გარკვეული ან სრული კატალოგი. ადამიანები ხშირად რიგში ათენებენ. ყველას გვინახავს განსაკუთრებით უცხოეთში, როგორი „წყვეტაა“ სასურველი ნივთისთვის.

საქართველოშიც, კომპანიები მეტ-ნაკლებად ცდილობენ აყვნენ მსოფლიო ტრენდს. ამ დღისთვის მომხმარებელი უმრავ სარეკლამო სმს-ს იღებს, უამრავ რგოლს უყურებს და განსაკუთრებით ელის ფასდაკლების დღეს. თუმცა, როგორც წესი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმედგაცრუებული რჩება. უამრავ პოსტს ნახავთ სოციალურ ქსელში სპეციალურად ამ დღის წინ ფასმაჩვენებლით გაძვირებულ და შემდეგ ვითომ ფასდაკლებულ ნივთზე, 5-10%-მდე ფასდაკლებას და სხვა. თუმცა, მე რაც გადამხდა ამ „შავ პარასკევს“, მგონია, რომ ის საქართველოშიც კი წარმოუდგენელია.

გუშინ ვნახე „სილქნეტის“ სარეკლამო პოსტი, რომ მობილურ ტელეფონებსა და სხვა აქსესუარებზე იქნებოდა 50%-იანი ფასდაკლება. გამოტანილი იყო მოსალოდნელი ნივთებიც და რომ გადავამოწმე ყველას ფასი მართლაც ნახევრდებოდა. დავიჯერე, რომ ბოლო-ბოლო ჩვენს ქვეყანაშიც მოგვიწყობდა სილქნეტი ნამდვილ „შავ პარასკევს“. ფასდაკლებული მოდელები გადავამოწმე, მათ შორის რამდენიმე სასურველი მოვინიშნე და ოფისის გახსნამდე ერთი საათით ადრე კართან ახლოს დავიჭირე რიგი.

ორასამდე ადამიანი მოგროვდა თანდათან.

კარის გახსნისთანავე, როგორც „აქციის წესია“, 10-მდე ადამიანმა გადამიარა თავზე, მაგრამ რიგის ფურცლის აღების შემდეგ, რატომღაც 37-ე აღმოვჩნდი. ამან გამაოცა და არამარტო მე. როგორც შემდეგ ატეხილი ხმაურით გაირკვა, ადამიანების გარკვეულმა რაოდენობა (ვვარაუდობ, რომ ახლობლებმა) ალტერნატიული შესასვლელით ისარგებლეს.

იმას შევეშვათ, რომ ვიღაცეებმა „კარგად“ გათვალეს – განსაკუთრებული სიმრავლე იყო ორსული ქალების, რომლებიც ურიგოდ გატარებას ითხოვდნენ.

რეკლამის მიხედვით, უნდა დაგვხვედროდა 50-ზე მეტი მოდელის ტელეფონი და სხვდასხვა აქსესუარი. სინამდვილეში დაგვხვდა 7 მოდელის ტელეფონი და ისიც, როგორც გვითხრეს, მხოლოდ თითო-თითო ცალი.

აქსესუარების ნაწილი, მაგალითად, ჭკვიანი საათები დაკეტილ მაგიდებში ჰქონდათ მოთავსებული, რომელსაც ვიღაცას აძლევდნენ და ვიღაცას – არა.

რამდენჯერმე იფეთქა უკმაყოფილებამ ჩემი იქ ყოფნის დროს. ერთ-ერთი „აფეთქების“ დროს კი კომპანიის თანამშრომელს მაგიდის ქვემოდან გამოუღეს გადადებული ტელეფონის მოდელები.

სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა, რასაც ვუსურვებდი ამ კომპანიას შეგიძლიათ თავადაც წარმოგიდგინოთ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწუხებს: აი, რატომ?

ეს მარკეტინგული აქცია თავისი არსით, პირველ რიგში, პოზიტივის დაგროვებასთან, ბრენდის დამახსოვრებასთან, უფასო მარკეტინგთან და სამომავლო შოპინგის დიდ მოლოდინთანაა დაკავშირებული და საპირისპირო განწყობებს რატომ აგროვებთ?

თუ გგონიათ რომ მარტო ვარ, გადახედეთ თქვენს სოციალურ გვერდებზე მონიშვნებს, კომენტარებს და დატკბით.

ერთ-ერთი მომხმარებლის ფეისბუკპოსტი

მთავარი ფოტო: შავი პარასკევის რიგი სილქნეტის კარებთან. ამ რიგში ბევრად მეტი ადამიანი იდგა, ვიდრე ფოტოზე ჩანს

გადაბეჭდვის წესი