კრეატიულობა, ჰუმანიზმი და სისადავე რეკლამაში – საერთაშორისო ფესტივალის ქრონიკა

ბათუმის „შერატონში“, 19-21 სექტემბერს, Ad Black Sea 2019-ზე თავი მოიყარეს ქვეყნის მარკეტერებმა, დიზაინერებმა, ქოფირაითერებმა – კრეატიულმა ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან ქართულ რეკლამას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კი ჩამოვიდნენ სარეკლამო სფეროს “გურუები” და ჩამოიტანეს ამბები, ვიდეოები, კადრები, რომლითაც სახელი გაითქვეს თავიანთ საქმიანობაში.

Ad Black Sea-ზე სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა სემინარები და ვორკშოფები სარეკლამო ბიზნესში მოღვაწე ადამიანებისთვის. ფესტივალი უკვე მეხუთე წელია დამსწრეებს საშუალებას აძლევს იგრძნონ მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის მაჯისცემა, გაიგონ ტენდენციების შესახებ, მიიღონ ინსპირაცია.

წლევანდელი სასემინარო პროგრამაც მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა.

პირველი გამომსვლელი მაიკლ კონრადი იყო. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას  მრავალი პრიზი აქვს მოპოვებული. იგი 2003 წლამდე მუშაობდა  კომპანია Leo Burnett Worldwide-ში, რომელიც 2000 წელს წლის გლობალურ სააგენტოდ დასახელდა. ამჟამად კონრადი ბერლინის კრეატიული ლიდერშიფის სკოლის პრეზიდენტია. სასწავლებელი მან თავად დააარსა 2004 წელს.

მაიკლ კონრადი

მაიკლ კონრადმა თავისი სიტყვა სიმღერით Georgia on my Mind – დაიწყო. პრეზენტაციის ძირითადი თემა იყო მიზნის ფორმულირების ხელოვნება, რომელიც მარკეტერებს ეხმარება ეფექტური კამპანიების შესაქმნელად.

დღის ბოლოს მან „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა.

  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰუმანურობა თანამედროვე რეკლამის სფეროში?

მაიკლ კონრადი: ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის გასაღები. ჰუმანურობა არსად წასულა. ყველა კომპანია, რომელიც დღეისთვის წარმატებულად ითვლება და აწარმოებს პროდუქციას, რომელიც იწვევს ადამიანებში აღტაცებას, დგას ჰუმანურ ღირებულებებზე. თუ არ იარსებებს ეს ღირებულებები, ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ მუშაობას.

  • რამდენად ეკისრებათ სოციალური პასუხისმგებლობა სარეკლამო სფეროში მომუშავე ადამიანებს და რამდენად შეუძლია რეკლამას შეცვალოს ადამიანების საცხოვრებელი გარემო უკეთესობისკენ?

მაიკლ კონრადი: აქ მომუშავე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ეთიკის განცდა, უნდა გამოიმუშავონ ეს. როცა რამეს გაკეთებას გადაწყვეტ, შენს თავს უნდა ჰკითხო, არის თუ არა ეს ეთიკურად სწორი.

ფესტივალის მეორე დღეს მთავარი სცენა ერთ შთამბეჭდავ ქალს დაეთმო – პოლონელ ტექნოლოგიების დედოფალს – იოვიტა მიხალსკას, რომელიც ამჟამად პოლონეთის Digital University -ში საქმიანობს.

იოვიტა მიხალსკა

მან ისაუბრა ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ გადავურჩეთ ამ რევოლუციას და ასევე, ტექნიკაზე, რომელიც ჩვენ მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს მოსაწყენი საქმეების კეთებისას. „ის დრო, რომელიც გვეზოგება ავტომობილის ავტოპილოტით მართვისას“, ამბობს მიხალსკა,  „შეიძლება გამოვიყენოთ კითხვისთვის, მედიტაციისთვის, ან თუნდაც არაფრის კეთებისას გავფლანგოთ“. იოვიტამ იმ შიშიც ახსენა, რომელიც კაცობრიობის დიდ ნაწილს ეუფლება, როცა იგებენ, რომ სამომავლოდ ტექნოლოგიების განვითარება უამრავ სამუშაო ადგილს გააქრობს ჩვენი პლანეტიდან, მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდში დამატებით კიდევ უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება თავად ტექნოლოგიების სფეროში, ასე რომ მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო განათლებაც ამ სფეროში.

მიხალსკამ აღნიშნა, რომ ჩვენ მანქანებისგან გამოგვარჩევს ის, რომ გვაქვს კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, სიყვარულისა და ემპათიის განცდა.

სწორედ ამ უნარების განვითარებას შეუძლია მოახმაროს ადამიანმა ტექნოლოგიების განვითარებით მოპოვებული დრო.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია არის ადამიანისთვის და არა პირიქით” – აღნიშნა გამომსვლმა.

მეორე დღეს ფესტივალის აბსოლუტური გულთამპყრობელი აღმოჩნდა ბრაზილიელი მარსელო სერპა. მას მოგებული აქვს „კანის ლომების“ 150 პრიზი. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა სარეკლამო სფეროში.

მარსელო სერპა

სერპას გამოსვლა მთლიანად აგებული იყო უბრალოების და არაპროგნოზირებადობის ცნებებზე. თქვა, მთელი 35-წლიანი მუშაობის მანძილზე ამ ორ იდეალურ მეთოდამდე მივედიო. მისი მომზადებული რეკლამები ყველა ჩვენგანს გვინახავს.

მათ შორისაა Pepsi-ს რეკლამა, რომელშიც ცნობილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მონაწილეობს.

„თანამედროვე რეკლამაში ხშირად ვხედავ ცნობილ სახეებს, რომლებიც კერპებად არიან წარმოჩენილები. მე ყოველთვის ვცდილობდი ჩემს რეკლამებში ცნობილი ადამიანების ჩვეულებრივად გამოყვანას, რათა მაყურებლებს ეგრძნო მათთან სიახლოვე. ახალი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს. რაც კარგია, კარგია ყოველთვის, გამოსვლის დღესაც და ახლაც“ – განაცხადა სერპამ. 

ფესტივალის ოფიციალური, ბოლო მომხსენებელი იაპონიიდან იყო Ad Black Sea-ზე ჩამოსული. კენტარუ კიმურა სააგენტო Hakuhodu-ს თანადამაარსებელია. მან თავისი შთაგონების 5 წყაროსთან მიიყვანა მსმენელი. ესენია : კომბინაცია, მიმსგავსება, ყველაფრის ამოყირავება და ადგილების მონაცვლეობა, „რა მოხდება რომ?” და სიმართლის პოვნა ფაქტებს მიღმა.

მან ისაუბრა ასევე მოგონებებზე, ჩვენს გამოცდილებაზე, რომელიც გვაძლევს ინსპირაციას ცხოვრების გასაგრძელებლად და გვაჩვენა ვებგვერდი, რომელიც შეიქმნა იაპონიაში 2011 წლის  დამანგრეველი ცუნამის შემდეგ. „მაშინ განადგურდა ყველაფერი“, აღნიშნა კიმურამ, „მათ შორის ფოტოები, ადამიანებმა დაკარგეს მოგონებები, წყალმა ყველაფერი გადარეცხა. ეს ვებგვერდი კი ადამიანებს აძლევთ საშუალებას, ითხოვონ ან ატვირთონ კონკრეტული ფოტოები, რომელიც ინახავს ბოლო წლების იაპონელი ხალხის ისტორიებს“. 

საუბრის ბოლოს კენტარუ კიმურამ ისიც შეგვახსენა, რომ ყველაზე უფრო რთული სიტუაციებიდანაც კი არსებობს გამოსავალი და სულ ამაზე უნდა ვიფიქროთ. 

კენტარუ კიმურა

გიორგი ხერგიანი ფესტივალს თბილისიდან შემოუერთდა, ის ამჟამად კომპანია ბილაინის ციფრული კომუნიკაციის მენეჯერია. იგი გვესაუბრა Ad Black Sea-ს მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის:

„ეს ფესტივალი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აქვს საშუალება იყოს რეგიონში პირველი. Ad Black Sea-ს ჩატარება თავისთავად ნიშნავს სფეროსთვის ხელშეწყობას,  ბევრ საინტერესო სტუმარს და სპიკერს უცხოეთიდან. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, ჩემი აზრით, როგორც სარეკლამო ბიზნესზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე“ – გვითხრა მან. 

გიორგი ხერგიანი

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ Ad Black Sea ბათუმს ერთი წლით დაემშვიდობება.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებდა. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.

5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 21 სექტემბერს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა „პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე“ დაკავებული ხუთივე ბრალდებული. თითოეულ მათგანს გირაოს სახით 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. პროკურატურა მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.

რა მოხდა – მხარეთა ვერსიები

საქმე ეხება 16 სექტემბერს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის ვერსიით, ხუთი ბრალდებული ბარათაშვილის ქუჩაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს – როინ კოჩალიძეს დაესხა თავს მაშინ, როცა კოჩალიძე მათ პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. 

ბრალდებულების თქმით კი, ისინი ახლობლის ბინიდან ღამის პირველის ნახევრისთვის გამოვიდნენ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და ტაქსის ელოდნენ. მათივე მონათხრობის თანახმად, სადარბაზოსთან იდგა “შკოდას” მარკის ავტომანქანა, რომლის დანახვაზე ერთ-ერთ მათგანს გაუჩნდა პოლიციის ასოციაცია და უცენზუროდ მოიხსენია ყველა „ცუდი პოლიციელი“.

სწორედ ამ დროს იმავე სახლის სადარბაზოდან გამოვიდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ეცვა სპორტული შარვალი და მაისური. მან კორპუსთან შეკრებილებს გინება დაუწყო პოლიციელების ცუდად მოხსენიებისთვის. ბრალდებულების თქმით, მათ აღნიშნულ პირს უთხრეს, რომ თავადაც ჰყავდათ პოლიციელი მეგობრები და არავის შეურაცხყოფა არ ჰქონდათ განზრახული. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა დაპირისპირებაში, აღნიშნულმა პირმა მათ დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთ მათგანს სცემა კიდეც.

მამაკაცი, რომელსაც ინციდენტისას ეცვა სპორტული შარვალი და მაისური, აღმოჩნდა პოლიციელი როინ კოჩალიძე. ის ინციდენტის დროს შვებულებაში იყო და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, რაც თავად მისი ჩვენებითაც დასტურდება.

ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და შემთხვევაში მონაწილე სამი პირი ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციაში მივიდა პოლიციელი როინ კოჩალიძეც. პოლიციამ დაკითხა ინციდენტის მონაწილეები, ისინი სამხარაულის ბიუროში ალკოტექსტზე გადაიყვანა და გაათავისუფლა. საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა.

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამოძიების მუხლი შეიცვალა და დამძიმდა. პროკურატურამ ინციდენტში მონაწილეებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წაუყენა, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. ამ შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი პოლიციელებმა ბათუმში თითქმის ერთდროულად, სხვადასხვა ადგილზე, 19 სექტემბერს დააკავეს, ერთი კი თავად გამოცხადდა პოლიციაში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის მონაწილეები დააკავეს.

პოლიციისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, როინ კოჩალიძე ადასტურებს, რომ ის შეიარაღებული იყო, თუმცა დასძენს, რომ კარგად იცის იარაღის მოხმარების წესები. როინ კოჩალიძის თქმით, მას იარაღი არ დაუმიზნებია ინციდენტის მონაწილე პირებისთვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას თავს დაესხნენ.

რა ხდებოდა სასამართლოზე

დღეს, 21 სექტემბერს, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე მოსამართლეს ადვოკატებმა სხვა მტკიცებულებებთან ერთად ინციდენტის დროს ჩაწერილი აუდიო ფაილიც გადასცეს.

“ეს არის ბრალდებულ მანუჩარ ამაღლობლის სატელეფონო ჩანაწერი, როცა იგი შელაპარაკების დროს ტაქსს იძახებდა… ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ როინ კოჩალიძე, ანუ პოლიციელი, აგინებს ყველას, ვინც პოლიცია შეურაცხყო, ბრალდებულები კი, პირიქით, სიმშვიდისკენ მოუწოდებენ პოლიციელს და ეუბნებიან, რომ პატივს სცემენ პოლიციას,” – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას,” – ხაზგასმით აღნიშნა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა. მან ასევე თქვა, რომ ბრალდებულების მხრიდან “მოსალოდნელი სასჯელის შიშით” მიმალვის საფრთხეც არსებობს. პროკურორმა ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ითხოვა.

“არსებობს რისკი, რომ ბრალდებულებმა შეაჯერონ პოზიციები, ასევე მოახდინონ მოწმეებზე ზემოქმედება,” – დასძინა პროკურორმა. შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა, ხოლო ინციდენტში მონაწილეები 19 სექტემბერს დააკავეს, შესაბამისად, მათ ჰქონდა საკმარისი დრო „პოზიციების შესაჯერებლად“.

“საქმეში არაა არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს მიმალვის საფრთხეს. მხოლოდ სასჯელზე მითითება არ არის საკმარისი,” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა დიასამიძემ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა. იგი ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

ადვოკატმა კონკრეტულ მტკიცებულებაზე  – ადვოკატსა და გამომძიებელ ზურაბ მამულაძესთან სატელეფონო მიმოწერაზე ისაუბრა. ამ ჩანაწერის მიხედვით, ინციდენტიდან ბრალდებულთა დაკავებამდე პერიოდში ბრალდებულთა ადვოკატი რამდენჯერმე დაუკავშირდა გამომძიებელს იმის გასარკვევად, თუ როდის უნდა მისულიყვნენ გამოკითხვაზე პოლიციაში.

“გამომძიებელი წერს, რომ დარეკავს და შევთანხმდებით,” – აღნიშნა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ. ამის მიუხედავად, დაკავების დოკუმენტებში გამოძიება წერს ბრალდებულების „შესაძლო მიმალვის” შესახებ, ასევე იმაზეც, რომ ისინი გამოძიებასთან „არ თანამშრომლობენ”.

ბრალდებულთა ადვოკატის თქმით, ბრალდებულები ამ შემთხვევამდე არ იცნობდნენ პოლიციელ როინ კოჩალიძეს და ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.

„დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები. ეს იყო ჩვეულებრივი შელაპარაკება და კონფლიქტი. ეს სხვა სამართლებრივი შეფასების საგანია. ეს არ ყოფილა პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმა. მე ვერ ვხედავ კვალიფიკაციის შეცვლისა და დამძიმების სამართლებრივ საფუძველს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.

რატომ შეიცვალა კვალიფიკაცია? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ პროკურორს სასამართლო პროცესის შემდეგ დაუსვა.

„კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა და სპეციფიკამ, ის თუ რა გარემოებები გამოიკვეთა მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,“ – გვითხრა პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა.

ჰქონდა თუ არა პოლიციელს იარაღის ტარების უფლება მაშინ, როცა იგი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა? – ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ არა. მან მოსამართლეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაზე მიუთითა.

“აკრძალულია იარაღის ტარება სპეციალური აღჭურვილობის გარეშე” – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ბრალდებულთა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ პოლიციელებმა ბრალდებულები ინციდენტის ღამესვე დაკითხეს, გამოძიება დაწყებული იყო, თუმცა ისინი პოლიციის განყოფილებიდან უპრობლემოდ გამოვიდნენ და დაკავებამდე არცერთ მათგანს მიმალვა არ უცდია. ბრალდებულები შემთხვევიდან 3 დღის შემდეგ – 19 სექტემბერს დააკავეს.

„კომუნიკაცია ვისთან სცადეთ ამ კონკრეტულ საქმეზე და რა შედეგი მოჰყვა ამას?” – ჰკითხა პროკურორს ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

“თუ ვინმეს სურდა კომუნიკაცია, პოლიციის კარი ჩაკეტილი არ იყო… სხვა კომუნიკაცია საჭიროდ არ ჩაგვითვლია,” – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა.

პროკურორს ადვოკატებმა ასევე ჰკითხეს, რატომ არ ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ერთ-ერთ ბრალდებულს – მანუჩარ ამაღლობელს, რომელსაც შუბლის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა. პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებულს ექსპერტიზის სურვილი არ გამოუხატავს.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულ მანუჩარ ამაღლობელს ინციდენტის დროს დაზიანება პოლიციელმა როინ კოჩალიძემ მიაყენა და პოლიციის განყოფილებიდან იგი “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანეს.

შეკითხვა დასვა მოსამართლემაც.

“რა რეჟიმში მიმდინარეობდა ურთიერთობა ბრალდებულებს და პოლიციას შორის?”- იკითხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.

ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ იმის მიუხედავად, რომ ინციდენტის ღამეს არავინ დაუკავებიათ, პოლიციაში გადაყვანილ პირებს იმ ღამეს თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდათ.

“მესიჯი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის მიმართ”

ყველა ბრალდებული ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან, ისინი ასევე არიან შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმის შვილები და სიძეები.

“ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი და პოლკოვნიკი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და შესაძლოა, პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემის მიმართ.

ეთერ თურაძემ მოწმის სახით ჩვენებაც მისცა დაცვის მხარეს – იგი ინციდენტის ღამეს ბრალდებულებს პოლიციასთან, ასევე ადვოკატებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

„ჩვენ საერთოდ არ ვიყავით ამ საქმეში ფიგურანტი პირი, მაგრამ რაც ვნახეთ: როგორ დამძიმდა მუხლი, როგორ დააპატიმრეს ადამიანები, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, შემდეგ როგორ შევიდნენ ჩვენი გამოცემის დირექტორის – მზია ამაღლობლის სახლში, სადაც თითქოს ერთ-ერთ ბრალდებულს ეძებდნენ, მაგრამ ამ ბრალდებულს რატომღაც თავის სახლში არ მიაკითხეს. გვაქვს კითხვები, ვფიქრობთ, ეს არის „მესიჯი“ ჩვენი გამოცემის მიმართ. გავეცანი ჩვენებებს, სადაც პოლიციელი ამბობს, რომ თავს დაესხნენ. სატელეფონო აუდიო ჩანაწერში კი ისმის, რომ პოლიციელი იგინება და ბრალდებულები, პირიქით, მის დამშვიდებას ცდილობენ.  ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, „პატივს ვცემთ პოლიციას“, „დამშვიდდიო“, „მეგობრები გვყავს პოლიციელები“… ამის საპასუხოდ როინ კოჩალიძეს მათ დედას აგინებს. ვფიქრობთ, რომ თავისი სტატუსიდან გამომდინარე, მას აქვს გავლენები და ის იყენებს ამას,“ – ამბობს ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 5 ნოემბერს გაიმართება. ბრალდებულების ოჯახის წევრების თქმით, ისინი აპირებენ პოლიციის პოლკოვნიკს, როინ კოჩალიძეს უჩივლონ გენინსპექციაში.

გეილ ენნ ჰერდი: თუ ვალდებულების გამო მუშაობ, ვერასდროს იქნები წარმატებული

20 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუში“, გაიმართა პანელი, – „წარმატების ფორმულა“, შეხვედრა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერთან გეილ ენნ ჰერდთან, რომელმაც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერაზე ისაუბრა.

გეილ ენნ ჰერდი ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალების პროდიუსერია, როგორიცაა „ტერმინატორი“, „მოსიარულე მკვდრები“, უცხოპლანეტელები“, „არმაგედონი“ და „ჰალკი“.

კითხვაზე, – როგორ შეძელით მიგეღწიათ წარმატებას იმ ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად კაცები დომინირებენ, პროდიუსერმა უპასუხა, რომ ის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ისეთ ადამიანთან მოუწია მუშაობა, ვინც ქალებისა და კაცების შესაძლებლობებს განსხვავებულად არ უყურებდა.

„უნივერსიტეტში 70-იან წლებში ჩავაბარე, შემდეგ ლონდონში წავედი და სწორედ აქ შევხვდი ადამიანს, ვისაც სჯეროდა ჩემი, ვინც მაძლევდა ძალას, რაღაცისთვის მიმეღწია. მან შემომთავაზა ასისტენტობა და სწორედ ამ პერიოდში ჩავერთე პროდიუსინგში.  გამიმართლა, რადგან ეს იყო ადამიანი, ვისთანაც შეეძლო ქალს მუშაობა დისკრიმინაციის გარეშე“.

გეილ ენნ ჰერდი ამბობს, რომ თუ რამდენად დიდი იყო კინოინდუსტრიაში სექსიზმი, მან სწორედ მაშინ დაინახა, როცა დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. „მანამდე მსგავსი შევიწროება არ მიგრძვნია“ – ამბობს ის.

მისი თქმით,  ამ პრობლემაზე  თანდათანობით დაიწყეს საუბარი 90-იან წლებში და ქვეყნდებოდა  სხვადასხვა სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ სფეროში თითქმის არ იყვნენ ქალები. „სწორედ მაშინ დაიწყეს საუბარი, რომ აუცილებელი იყო ცვლილებები, რომ ქალებიც უნდა აეყვანათ ისეთ მაღალ პოზიციებზე, როგორიც იყო ვთქვათ პროდიუსინგი და ა.შ“.

გეილ ენნ ჰერდი ამბობს, რომ სწორედ ეს იყო მისთვის გარკვეული ინსპირაცია, რომ თავის ფილმებში ეჩვენებინა ძლიერი ქალები.

„კაცებს არასდროს ჰქონიათ პრობლემა, ძირითადად ქალებს უწევდათ ბრძოლა და ჩვენც ამ კუთხით უნდა შევხედოთ საკითხს. კაცებს თითქმის ყოველთვის იწვევენ ფილმებში, მათი როლები უფრო დომინანტურია. გარდა ამისა, იყო პერიოდი, როცა პროდიუსინგში მხოლოდ თეთრკანიანი კაცები იყვნენ და არცერთი შავკანიანი. ახლა ეს ტრადიცია იცვლება და იშლება როგორც რასობრივი, ასევე გენდერული დისკრიმინაცია. ახლა ცდილობენ გაიზარდოს ქალის როლი კინოინდუსტრიაში“.

გეილ ენნ ჰერდი. ამერიკელი პროდიუსერის პანელი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გეილ ენნ ჰერდი ამბობს, რომ პროდიუსერის როლი ძალიან მნიშვნელოვანია კინოში. სწორედ პროდიუსერი წყვეტს, საერთოდ შედგება თუ არა პროექტი.

კითხვაზე, – არის თუ არა მნიშვნელოვანი პროდიუსერის ღირებულებები ემთხვეოდეს ფილმის შინაარსს, გეილ ენნ ჰერდი ამბობს, რომ დიახ.

„მე არ ვიღებ ისეთ ფილმს, რომელიც ჩემი შეხედულებებისგან შორს დგას. თუ არ იზიარებ ფილმის ღირებულებებს, მაშინ გამოდის, რომ აცდენილი ხარ იდეას და მასზე კომფორტულად ვერ იმუშავებ. …ხანდახან ვფიქრობ, რომ პროექტები თვითონ მირჩევენ, საათობით ვმუშაობ და ყოველთვის ვგრძნობ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მათ მიმართ. პროდიუსინგი არ არის მხოლოდ სამსახური, ის ჰობიცაა, რადგან თუ მხოლოდ ვალდებულების გამო მუშაობ, მაშინ ვერ იქნები წარმატებული“.

მისი თქმით, კარგი პროდიუსერი ყოველთვის აკეთებს თავის საქმეს და არასდროს გასცემს ზედმეტ დაპირებებს. „მნიშვნელოვანია იყო გულწრფელი“ – აღნიშნა მან.

პროდიუსერის თქმით, ამ სფეროში მუშაობა ბევრი გამოწვევის წინაშე დგომაა:

„ერთი შეხედვით  ეს ინდუსტრია დიდი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ძალიან პატარაა, როცა დაფინანსების წყაროებს ეძებ. ჩვენს კომპანიასაც ჰქონია საკმაოდ ცუდი პრაქტიკა.  დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის „ტერმინატორზე“ მუშაობა, რადგან მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა, როცა ფილმის რეჟისორი მეკითხებოდა, თუ რა როგორ უნდა გაკეთებულიყო, მე ყოველთვის მქონდა პასუხი და ისინი იყვნენ გაოცებული, რომ ასეთი ახალგაზრდა ასეთი მოტივირებული ვიყავი“.

პროდიუსერის თქმით, მისი წარმატება ადამიანების ისტორიებშია.

„ჩემთვის ინსპირაცია იყო ერთ-ერთ პირველი პროდიუსერი ქალი დებრა ჰილი. ის მაშინ გავიცანი, როცა  „ქალები კინოში“  პროექტის ფარგლებში შევხვდით ერთმანეთს.

გეილ ენნ ჰერდი. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ეს იყო ქალი, რომელიც არასდროს დანებებულა. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბოლოს როცა ვნახე საავადმყოფოში იყო, სიმსივნით დაავადდა და ფეხები მოკვეთეს. როცა დამინახა, მითხრა, „რითი შემიძლია დაგეხმარო“, – მაშინაც და ახლა ძვლივს ვიკავებ ცრემლებს, ყოველთვის პოზიტიური, ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის. აი, ასეთი ადამიანები მაკეთებინებდნენ იმას, რასაც ვაკეთებდი და ვაკეთებ, ისინი მაძლევდნენ შთაგონებას“ – თქვა მან.

პროდიუსერი ამბობს, რომ კინოინდუსტრია ბევრი გამოწვევის წინაშეა დღეს და თუ უნდა ადამიანებს სურთ დაეხმარონ ამ ინდუსტრიას, ფილმები დიდ ეკრანზე უნდა ნახონ:

„მე პირველად მაშინ ვიტირე ფილმის გამო, როცა დიდ ეკრანზე ვნახე. ეს იყო ჩემი საყვარელი ადგილი. ამიტომ, თუ გვინდა გავამხნევოთ კინომწარმოებლები, ბილეთი უნდა ვიყიდოთ და წავიდეთ კინოში, რომ გადარჩეს და იცოცხლოს ამ ბიზნესმა.

კინოც და ტელევიზიაც გუნდური მუშაობაა. რაც უფრო დიდია გუნდი, მით მეტია მხარდაჭერა და წარმატება“.

გეილ ენნ ჰერდის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში პროდიუსინგი განვითარდეს, აუცილებელია ტრენინგები და ინგლისური ენის ცოდნა, რადგან ქართველმა პროდიუსერებმა და მსახიობებმა შეძლონ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. „თუ მსახიობმა ენა არ იცის, მასთან, ბუნებრივია, რთულია მუშაობა“ – აღნიშნა პროდიუსერმა.

პანელი გაიმართა ორგანიზაცია „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია“  Natura Film-ისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კაზინოს, საზოგადოებრივ სივრცეებს.

ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ-ს] თანახმად, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის. გრგ-ს მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.6 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

უკავშირდება თუ არა ბათუმის იახტკლუბის განვითარებას ნავსაყუდელის მიმდებარედ ზღვის ნაწილის სახელმწიფო ქონებად დარეგისტრირება? – ამ კითხვით „ბათუმელები“ პროექტ „რივიერა ბათუმის“ დირექტორს, გიორგი კაპანაძეს დაუკავშირდა.

„არა. არ ვიცი რა და რატომ დაარეგისტრირა, პირველად მესმის თქვენგან. რა მიზანი აქვს, ეს მათ ჰკითხეთ. არ ვიცით, ჩვენთან კავშირში არ არის“. – გვითხრა გიორგი კაპანაძემ სატელეფონო საუბარში.

საპირისპირო ინფორმაცია მოგვაწოდა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

„სააგენტომ „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, განახორციელა ზღვისპირა პარკის, ნავსაყუდელის დაურეგისტრირებელი ტერიტორიის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად, რომლის შედეგად მიენიჭა [ზღვის ნაწილს-ავტ.] საკადასტრო კოდი“, – მოგვწერეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან.

ტერიტორია ზღვაში ბათუმის იახტკლუბთან, რომელიც სახელმწიფომ საკუთრებაში დაირეგისტრირა, როგორც არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი

„ბათუმის იახტ კლუბი“, რომლის წერილის საფუძველზეც სახელმწიფომ ზღვის ნაწილი ცალკე ნაკვეთად დაირეგისტრირა, ის კომპანიაა, რომელსაც იახტკლუბი და მიმდებარე ტერიტორია განსაკარგავად 19-წლიანი იჯარით შპს „რივიერამ“ გადასცა. თავის მხრივ, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ შპს „რივიერას“  ეს ტერიტორია 20 წლით აჭარის მთავრობამ გადასცა 1 ლარად – იახტკლუბის განვითარების ვალდებულებით.

ხელშეკრულებით, შპს „რივიერას“ იახტკლუბის განვითარების პროექტი [კონცეფცია] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა. არსებობდა ამ პროექტის თავდაპირველი ვერსიაც, თუმცა, საბოლოოდ იახტკლუბის განვითარების კონცეფცია პროექტ „რივიერა ბათუმის“ შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა.

„იახტკლუბის განვითარების კონცეფცია შევათანხმეთ. ახლა ჯერი პროექტის დამტკიცებაზეა. ჩვენი გრგ-ს ფარგლებში შედის იახტკლუბის განვითარებაც. გრგ როგორც იქნა შევათანხმეთ, თუმცა 2 თვის ნაცვლად მოვუნდით ერთი წელიწადი, სამწუხაროდ. ახლა ვნახოთ პროექტის დამტკიცების ამბავი როგორ გაიწელება… პროექტს [„რივიერა ბათუმი“ – ავტ.] მალე შევიტანთ დასამტკიცებლად“, – გვითხრა გიორგი კაპანაძემ.

ის, რომ ბათუმის იახტკლუბის განვითარების კონცეფცია შეთანხმებულია, „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც დაუდასტურეს.

აპირებს თუ არა სახელმწიფო თავის საკუთრებაში დარეგისტრირებული ზღვის ნაწილის გადაცემას „რივიერასთვის“ ან „ბათუმის იახტ კლუბისთვის“? – კითხვაზე პასუხის მისაღებად სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდით.

„ამ ეტაპზე აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზების ან დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი არ განიხილება“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

ვინაიდან „რივიერაზე“ ხელოვნური ყურე უნდა გაკეთდეს, ხომ არ იგეგმება აქ ამოღებული მიწის იქვე, ზღვაში ჩაყრა იმ ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფომ თავის საკუთრებაში დაირეგისტრირა და ხომ არ იგეგმება ამ გზით ხელოვნურად ხმელეთის/ნავმისადგომის მოწყობა იახტკლუბთან?

ასეთი გეგმის არსებობა „რივიერა ბათუმის“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „ბათუმელებთან“ უარყო.

„მანდ ვერც გააკეთებ ხელოვნურად, იმხელა კანიონია, მაგდენი ინერტული მასალა, რომ ამოავსო… ჯერ ერთი, პორტისთვის არის საჭირო ის კანიონი. მაგიტო გაჩნდა ბათუმი[პორტი] მანდ რომ, ზღვა ღრმა არის“, – გვითხრა გიორგი კაპანაძემ.

ბათუმის პორტის მონაცემებით, პორტის ნავმისადგომების სიღრმე 6,4 მეტრიდან, მაქსიმუმ 11,5 მეტრომდე მერყეობს; ზღვის უნავმისადგომო სიღრმე კი, პორტის აკვატორიაში, 14,5-37,0 მეტრია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“, სადაც გვითხრეს, რომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 3,5-4 მეტრია, ხოლო ფორვატორი, ანუ ნავსადგურში შესასვლელი [მთავარი გზა, რომლითაც პორტში გემები შედიან], იახტკლუბის ნამისადგომებიდან დაახლოებით 60 მეტრამდე მანძილითაა დაშორებული და მისი სიღრმე 14-20 მეტრომდეა.

 

ბათუმის იახტკლუბი და პორტში შემავალი გემი / ფოტო „ბათუმელები“

ბათუმის ნავსადგურისა და ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩანს, რომ სახელმწიფომ ცალკე საკადასტრო ერთეულად დაირეგისტრირა 1 ჰექტარამდე ზღვის ტერიტორია, რომლის სიღრმე 3,5-5 მეტრია, ხოლო ამ ტერიტორიის უკიდურესი საზღვარი ბათუმის ნავსადგურში შესასვლელისგან [ფორვატორისგან] დაახლოებით 20 მეტრითაა დაშორებული.

ანუ, ამ ტერიტორიაზე ლოდების, თუ მიწის/ინერტული მასალის ჩაყრა ანუ რაიმე ნაგებობის მოწყობა, უშუალოდ არ კეტავს ფორვატორს და მისი ნავმისადგომად გადაქცევაც არ წარმოადგენს სირთულეს [რა თქმა უნდა, შესაბამისი რესურსის, დასკვნების და ნებართვის არსებობის შემთხვევაში].


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

დარღვევები აჭარის გზების დეპარტამენტის საქმიანობაში – აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ დეპარტამენტში აღმოჩენილ დარღვევებზე განცხადება, დაახლოებით ორი თვის წინ, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ოპოზიციამ მაშინ აუდიტის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის
აუდიტის ანგარიშში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა, აუდიტის შედეგად გამოვლენილ შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი:

[crosslist]

  • დეპარტამენტის მიერ გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, მაშინ როცა ფარული სამუშაოს აქტებით არ არის დადასტურებული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება, არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ფარულ სამუშაოებზე არ არის დადგენილი მოცულობები;
  • ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს და გამოვლენილია მნიშვნელოვანი დანაკლისი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს;
  • დეპარტამენტი მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის თავის არიდების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე აგრძელებდა ხელშეკრულების მოქმედების და სამუშაოს შესრულების ვადებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო, მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები;
  • დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში, არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს;
  • დეპარტამენტმა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, მიმწოდებელს გადაუხადა ავანსი. ამასთანავე, არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, გაზრდილია სამუშაოს შესრულების ვადა, რაც კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგად, სამუშაოები 2017 წელს ვერ დასრულდა;
  • დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, მიიღო ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის გამო, დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები. ამასთანავე, ხარვეზით შედგენილი პროექტებისათვის არ უზრუნველყო მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება;
  • დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით დეპარტამენტზე მომსახურება, არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების ფაქტობრივად შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს;
  • დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წიაღისეულის მოპოვება და ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისათვის ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) ფაქტობრივად მოპოვების ან/და ტრანსპორტირებაზე გაწეული საწვავის ფაქტობრივი ხარჯვის რეალობა რისკის შემცველია.

[/crosslist]

აუდიტის ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამავე თემაზე:

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

მთავარი ფოტო: გზა სოფელ ზენითში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საზაფხულო სკოლის მოწყობაზე კონკურსი გამოცხადდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“  ფარგლებში განმეორებითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. სამინიტროს ინფორმაციით გამარჯვებულს საზაფხულო სკოლის კომპონენტში ეკონომიის სახით დარჩენილი 12 000 ლარით დააფინანსებენ.

ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში კონკურსის წესით  გამოვლინდა და  დაფინანსდა  ორი საუკეთესო   პროექტი. სამინისტროს განმარტებით ქვეპროგრამის მიზანი მოსწავლეთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და   ფიზიკური პოტენციალის გამოვლენაა.

საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება  2019 წლის 19 სექტემბრიდან დაიწყო 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღმატებოდეს 12 000 ლარს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციისათვის  დაუკავშირდნენ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონტაქტო პირს:   მაია დოლიძეს ტელეფონის ნომრებზე: 24 53 78 ; 577 48 08 47 ან ელეტრონულ ფოსტაზე: ganatleba.teach@gmail.com

შსს: ბათუმში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა – ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს ასევე, ნარკოტიკული საშუალების 2 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში მონაწილეობისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის საგნობრივ ოლიმპიადას ატარებს. ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

სამინისტრო ჩაატარებს ასევე ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს, ხოლო დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის კონკურსს მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.

საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაგრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

სამინისტროს განმარტებით, ოლიმპიადის მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ბათუმის ბიუჯეტი 4 მილიონამდე ლარით გაიზარდა – როგორ გადანაწილდა თანხა

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რაც შემოსულობების გაზრდით და ამ თანხის სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილებით იყო განპირობებული. ბიუჯეტი, ძირითადად, ტრანსფერების ხარჯზე 3 946 900 ლარით გაიზარდა.

ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში აისახა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

კერძოდ: სპეციალური ტრანსფერი 266 900 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით.
სპეციალური ტრანსფერი – 1 800 000 ლარი კი, აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხაა. სხვა შემოსავლების სახით კი ბიუჯეტში  1 880 000 ლარი შევიდა.

გარდა ამისა, 2019 წლის რვა თვის ფაქტიური შესრულების გათვალისწინებით გაიზარდა წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი, კერძოდ: პროცენტები – 640 000 ლარი, შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან – 280 000 ლარი  [უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვ.]. ჯარიმები, სანქციები და საურავები – 550 000 ათასი ლარი, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები  – 410 ათასი ლარი.

ისტორიული სახლები ბათუმში, რომლებშიც წვიმს

როცა ფიზიკური მდგომარეობა ცუდად  შეაფასეს და სააღრიცხვო ბარათში სასურველ ჩარევად სასწრაფო რეაბილიტაცია ჩაწერეს, ამ სახლს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა კრამიტით დაფარული სახურავი, წვიმის წყალი მხოლოდ აქა-იქ ჟონავდა და მისი გადარჩენის ალბათობაც უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. ერთსართულიანი ბელეტაჟი ვაჟა ფშაველას #27-ში სპეციალისტებმა 2015 წელს, ბათუმის მერიის დაკვეთით შეისწავლეს და შეაფასეს.

„XX საუკუნის დასაწყისში აგებული, კრამიტით დაბურული, ერთსართულიანი სახლი მოკლე მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის, ხოლო წაგრძელებული გვერდითა კედლით ეზოს გასწვრივ ვითარდება. ცუდი ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, სახლს თავდაპირველი გეგმარებითი სტრუქტურა, პროპორცია და მთავარი ფასადის არქიტექტურული გადაწყვეტა უცვლელად აქვს შენარჩუნებული. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჟა-ფშაველას ქუჩის ამ მონაკვეთის ისტორიული სახისა და მასშტაბის შენარჩუნებაში“ – ნათქვამია ამ სახლის სააღიცხვო ბარათში.

მალევე ბელეტაჟის დაშლა და გამოთავისუფლებულ ადგილზე ახალი სახლის მშენებლობა მოინდომეს და დაიწყეს კიდეც. სახლს ჯერ სახურავი გადახადეს, თუმცა ამ უნებართვო პროცესის გაგრძელება პროტესტის გამო ვერ შეძლეს.

ისტორიული სახლის დაშლის პროცესი ბათუმელმა აქტივისტებმა გააპროტესტეს, რომლებიც ბათუმში ისტორიული სახლების ახალი, მაღლივი კორპუსებით ჩანაცვლებას ეწინააღმდეგებიან. რეაქცია უნდა ჰქონოდა შესაბამის მუნიციპალურ სამსახურსაც, რადგან  სახლს  იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ეს სახლი კი ძეგლის სტატუსის მატარებელია, ამიტომაც პროცესი შეჩერდა, თუმცა სახურავის აღდგენაზე არავის უფიქრია და მას შემდეგ ამ სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

ხუთი წლის განმავლობაში ვაჟა ფშაველას #27 -ში მდებარე ძეგლი მიტოვებულია, თანდათან იშლება კედლები, თითქმის მოიშალა და განადგურდა სახლის მისაღებ ოთახში არსებული უნიკალური ბუხარი, ეზოს აუზი და სრული ინფრასტრუქტურა.

ვაჟა ფშაველას #27

ძეგლების მოვლა, ის იქნება მუნიციპალურ თუ კერძო საკუთრებაში, როგორც მერიის ასევე მთავრობის პასუხისმგებლობაა, თუმცა როგორც ამ სახლს, ასევე სხვა რამდენიმე ისტორიულ სახლს, ბათუმში არავინ უვლის, წლების განმავლობაში მათგან მხოლოდ ნანგრევები რჩება. 

მსგავსი სახლების აღდგენას, მათ მოვლა-პატრონობას, თითქმის არ ცდილობენ მათი უშუალო მესაკუთრეებიც. ხშირ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ სახლის ფიზიკური მდგომარეობა მისი დაშლისა და ამ ადგილზე მაღალი სახლის მშენებლობის ნებართვის საფუძველი უნდა გახდეს. თვალშისაცემია ისიც, რომ სახლის დახასიათებისას ამ ადგილას მშენებლობის მსურველი ცდილობს რაც შეიძლება დრამატულად წარმოაჩინოს მისი მდგომარეობა და მას ამაში სახლის მეპატრონეც ეთანხმება.

ეს ტენდენცია კარგად ჩანს კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომებზეც, სადაც ბოლო დროს მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები ან არქიტექტორები, სასურველი, ასათვისებელი შენობის მაცხოვრებლებთან ერთად მიდიან. სავარუდოდ ისინი მიიჩნევენ, რომ მათი პროტესტი: „ მოდით და ნახეთ რა მდგომარეობაში ვართ“, საბჭოს წევრებზე ზეწოლისთვის საუკეთესო მექნიზმია. როგორც საბჭოს წევრები, ასევე მერი და მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტებიც ხშირად იყენებენ ამ გარემოებას გადაწყვეტილების მოტივის ასახსნელად.

თავდადებულის #6

ძეგლების დამცველები კი ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იშვიათად მოიპოვება მსოფლიოში ქალაქები, სადაც ადგილობრივი არქიტექტურის განადგურების მთავარი მოტივი სოციალური ფონი, ხოლო კონკრეტული ოჯახისთვის ამ ფონის შეცვლის მიზეზი  იმ უნიკალური ქონების ნგრევაა, რომლის გამეორებაც თუნდაც იმიტომაა შეუძლებელი, რომ ამ სახლებს თავისი ისტორია აქვთ. მსგავს ისტორიებს ევროპულ ქალაქებში, არქიტექტურასთან ერთად,  ქალაქში ჩამოსულ ტურისტებზე წარმატებით „ყიდიან“.

ბათუმში კი დიდი ხანია უპასუხოდაა დატოვებული კითხვა, რატომ არ შექმნა მთავრობამ მარშრუტი, რომელიც ტურისტს ქალაქის არქიტექტურას და მის ისტორიას გააცნობდა, ძველი სახლის მეპატრონეს კი მისი ქონების გამოყენების სხვა შესაძლებლობას დაანახებდა.

ძველ ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ბათუმის მერიამ მესაკუთრეებისგან, მისი გადარჩენის მიზნით გამოისყიდა, ეს სახლიც, წლებია, უსახურავოდაა დარჩენილი.

ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის ამ გზას [ახლის შენება ძველის ნგრევის ხარჯზე] უალტერნეტივოდ მიიჩევს ე.წ. საშუალო შემოსავლის მქონე ფენაც. იყო შემთხვევები, როცა საზოგადოებრივ შეხვედრებზე სიტყვით გამომსვლელ ძეგლების დამცველებს მათაც დაუსვეს ასეთი შინაარსის კითხვა: „მითხარით, ვინ გამირემონტებს ჩემს სახლს?“ – ეს და სხვა, მსგავსი კითხვების შინაარსი, რომელსაც ასეთ შეხვედრებზე სვამენ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადამიანების უმეტესობამ, რომელებიც საკუთარი საცხოვრებლის, ძეგლის მოვლის ხარჯებზე აპელირებენ, მათი სახლების მნიშვნელობაზე, როგორც არიტექტურული, ისე ტურისტული თვალსაზრისით, ბევრი არაფერი იცის.

მან კი, ვინც იცის, მოახერხა და შექმნა ისეთი წარმატებული პროექტი, რომლითაც ისტორიული სახლი და ეზო  მუდმივი შემოსავლის წყაროდ აქცია, ისე რომ შეინარჩუნა მათი ძველი იერსახე. თუმცა ეს მაგალითი ვერ აღმოჩნდა ინსპირაცია სხვებისთვის. პროცესი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილოც ბევრია, რადგან ახალი საცხოვრებელი გარემო ხშირად ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც მათ ინვესტორი დაჰპირდა, ბევრი იმედგაცრუებული თავის ახალ მოცემულობას სასამართლოშიც კი ასაჩივრებს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბათუმში  დაბალსართულიანი, ისტორიული სახლების  მესაკუთრეები რიგში დგანან მერიის კართან ძველის ნგრევის და ახალის აშენების ნებართვის მისაღებად, თან ამტკიცებენ, რომ  ის, რაც დაძველდა, აღარ გადარჩება, ავარიულია, ჩამოინგრა, საშიშია… ნებართვის გამცემი კი ამბობს, რომ გრძნობს სიცოცხლის საფრთხის ქვეშ არსებობის პასუხისმგებლობას ისე, რომ არ ითხოვს ამ საშიშროების ექსპერტიზით დადასტურებას და თუნდაც იმის გარკვევას,არის თუ არა თუ არა რაიმე შანსი კონკრეტული სახლის გადასარჩენად.

გორგასლის 3. ამ სახლის მდგომარეობა 2015 წელს სპეციალისტებმა შეაფასეს, როგორც მძიმე და გასცეს რეკომენდაცია სწრაფად რეაბილიტაციაზე. სახლის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა.

ნებართვები ხშირად ბელეტაჟის ნაცვლად ათზე მეტ სართულს ითვალისწინებს და არის ის ვარაუდიც, რომ მერიის პასუხი ერთი ნაცვლად ხუთს, ან უფრო ნაკლებს რომ ითვალისწინებდეს, ნებართვის მსურველთა რიგები ისეთივე გრძელი არ იქნებოდა, როგორც ახლა და არც მოთხოვნა იქნებოდა ისეთი დაჟინებული, როგორც დღესაა.

 

კვამლი “აპოლოს” კინოდარბაზში – მოულოდნელი პერფომანსი biaff-ის მაყურებელს

კინოთეატრ “აპოლოს” დარბაზი, კინოფესტივალ biaff-ის კინოჩვენების დროს, ამ საღამოს მაყურებელმა მთლიანად დატოვა – დარბაზში მოულოდნელად კვამლი გაჩნდა.

მაყურებლებმა კვამლი ქართული ფილმის –  “გამოფენა კოსმოსში” ჩვენების დასრულების დროს შენიშნეს. რამდენიმე წუთში, კინოფესტივის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მაყურებელს უთხრა, რომ  დარბაზში ხანძარია.

დარბაზიდან გარეთ გამოსულ მაყურებელს რამდენიმე ადამიანი დახვდა ტრანსფარანტით: “ხელოვნების გაფიცვა კლიმატისთვის”. მაყურებლებს უთხრეს, რომ დარბაზში ჩვეულებრივი კლუბის კვამლი ხელოვნურად გაუშვეს და ეს აქცია-პერფომანსი იყო ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ.

“ამ მცირე პერფომანსით ჩვენ შევუერთდით 20 სექტემბრის გლობალურ აქციას კლიმატის გადასარჩენად. ჩვენ არ გვინდოდა, მხოლოდ კინოს ჩვენებით დასრულებულიყო ეს საღამო. ფილმიც ამ თემაზეა,”- გვითხრა თორნიკე ზარელუამ, ფილმის “გამოფენა კოსმოსში” რეჟისორმა.

 

 

აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ყოველწლიურ საერთაშორისო აქციას „დავასუფთაოთ მსოფლიო“.

აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, მასში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

აქციის მონაწილეებმა ნარჩენებისაგან გაწმინდეს ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების, მდინარისპირა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიები.

კამპანია სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.

აქცია "დავასუფთავოთ მსოფლიო" ხელვაჩაურში
აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში
აქცია "დავასუფთავოთ მსოფლიო" ხელვაჩაურში
აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში
აქცია "დავასუფთავოთ მსოფლიო" ხელვაჩაურში
აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში
აქცია "დავასუფთავოთ მსოფლიო" ხელვაჩაურში
აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში
აქცია "დავასუფთავოთ მსოფლიო" ხელვაჩაურში
აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში

რა საფრთხეს უქმნი ბავშვს, როცა მის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებ

„არსებობს, როგორც უსაფრთხოების რისკი, ასევე სტრესი, რომელიც შეიძლება ბავშვმა მიიღოს წლების წინ გამოქვეყნებული ფოტოს, ან ვიდეოს გამო,“ – ამბობს ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე. მას ვესაუბრეთ შემთხვევაზე, როცა ბავშვების ფოტოებს, ვიდეოებს, ან ფეისბუქლაივს საბავშვო ბაღები და სტუდიები საჯაროდ აზიარებენ ყოველდღიურ რეჟიმში.

„ჩვენთან არ არსებობს სამართლებრივი რეგულაცია ამ კუთხით. შესაბამისად, საბავშვო ბაღები და სტუდიები, ასევე მშობლები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ საჯაროდ ბავშვების მაიდენტიფიცირებელი მასალების გამოქვეყნებას. მნიშვნელოვანია, რა იქნება მშობლების მოთხოვნა ამ კუთხით,“ – გვეუბნება ქეთი დევაძე, – „ხშირად ეს მასალები ზიარდება არა დახურულ ჯგუფებში და უშუალოდ მშობლებისთვის ხელმისაწვდომ გვერდზე, არამედ საჯაროდ. შემდეგ კი, ამის კონტროლი ვერ ხდება. ეს შესაძლოა გამოიყენონ ბავშვის საზიანოდ.

ყოფილა, მაგალითად, საბავშვო ბაღიდან ბავშვის გაყვანის მცდელობა უცხო პირის მიერ, ან მამის მხრიდან, რომელსაც შვილთან მიახლოება შეზღუდული ჰქონდა. ბავშვის მაიდენტიფიცირებელი მასალა შესაძლოა სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ და განათავსონ ჩვენთვის არასასურველ ინტერნეტგვერდებზე და ამის შემთხვევებიც ყოფილა“.

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვი დაახლოებით სამი წლის ასაკიდან რეაგირებს პირადი სივრცის ხელყოფაზე, ხოლო გარდატეხის ასაკში მათთვის განსაკუთრებული სტრესია წლების წინ მათთან შეთანხმების გარეშე გამოქვეყნებული ფოტო, ან ვიდეო. ქეთი დევაძეს უწევს მუშაობა ბავშვებთანაც, რომლებიც მსგავსი სიტუაციის გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდნენ – მაგალითად, საბავშვო ბაღში გადაღებული ცეკვის ამსახველი კადრების გამო.

„ბავშვებს ზოგადად მოსწონთ, როცა საკუთარ ფოტოებს ხედავენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბავშვის და მშობლის გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა. აუცილებელია შეთანხმების მიღწევა.

ზოგადი რეკომენდაციაა, რომ მშობელი თანახმაც რომ იყოს, საბავშვო ბაღებმა და სტუდიებმა მხოლოდ დახურულ ჯგუფებში დადონ ფოტო და ვიდეო მასალა, ან უშუალოდ მშობელს გაუგზავნონ მისი შვილის ფოტოები. საჯაროდ შესაძლოა ბაღებმა დადონ მხოლოდ საჯარო შეხვედრის დროს გადაღებული ფოტოები. ჩვენს რეალობაში ხშირია, როცა კვების, ან ძილის ფოტოებსაც აქვეყნებენ. სამი წლის ასაკიდან ასევე საჭიროა ბავშვს შევუთანხმოთ, რა მასალას ვაქვეყნებთ,“ – მიიჩნევს ფსიქოლოგი ქეთი დევაძე.

ფსიქოლოგის თქმით, ევროპული პრაქტიკის მიხედვით, 13 წლამდე ასაკის ბავშვების მაიდენტიფიცირებელი მასალის გასაჯაროების დროს ნებისმიერ პირს მშობლის წერილობითი თანხმობა სჭირდება, 13 წლის ზევით კი, ბავშვებისაც.

„როცა ადამიანის გარდატეხის ასაკშია, განსაკუთრებით მაშინ მყარდება პირადი სივრცის შეგრძნება. ამ დროს მოზარდი ცდილობს, პირადი ცხოვრება დაიწყოს თავიდან და სოციალურ მედიაში შექმნან საკუთარი სახე. ინტერნეტსივრცეში კი, ერთხელ რაც ქვეყნდება, შესაძლებელია, ათასწლეულების შემდეგაც არ გაქრეს. გამოდის, რომ ჩვენ ვუტოვებთ ბავშვებს ანაბეჭდებს, რომელსაც ისინი ვეღარ წაშლიან“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ფოტო: unsplash.com

როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი სოფელ კაპრეშუმში. უახლოეს პერიოდში დასრულდება შენობის კარკასის მშენებლობა. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემა.

მშენებარე სოციალური სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
მშენებარე სოციალური სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’ სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა დაასრულოს.

სოციალური სახლისათვის გათვალისწინებული სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა ოროთახიანი [ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება.

პატიმარმა, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბადრი ბეჟანიძის სარჩელი. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პატიმარი ასაჩივრებდა სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წელს შესული ცვლილება „დანაშაულის არაერთგზის ჩადენასთან“ დაკავშირებით მხოლოდ მათ შეეხო, ვინც ამ პერიოდის შემდეგ გასამართლდნენ.

ბადრი ბეჟანიძე 2007 წლამდე გასამართლდა ერთი და იმავე დანაშაულის რამდენჯერმე ჩადენის გამო. იგი გაასამართლეს, როგორც დანაშაულის არაერთგზის ჩამდენი პირი, დანაშაულის არაერთგზის ჩადენა კი დამამძიმებელი გარემოებაა. 2007 წლის შემდეგ ბადრი ბეჟანიძეს ამ ფორმით ვეღარ გაასამართლებდნენ, რადგან „დანაშაულის არაერთზის ჩადენას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ადგენს კანონი, თუ იმავე დანაშაულის ჩადენისთვის პირი უკვე იყო წარსულში ნასამართლევი.

მოსარჩელის პოზიციით, ცვლილებების განხორციელების შემდგომ, მოქმედი წესის გამოყენების შემთხვევაში, მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება არაერთგზის  დანაშაულად არ დაკვალიფიცირდებოდა და არ გამოიწვევდა მისთვის განსაკუთრებით მძიმე სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას. ბადრი ბეჟანიძე მიიჩნევდა, რომ ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობის უფლება და „შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური პრინციპი“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დანაშაულის არაერთგზისობის ცნების ცვლილება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის შემსუბუქება, ნაკარნახევი იყო ცვლილებამდე არსებული შედარებით უფრო მკაცრი სასჯელის ზომის საჭიროების არარსებობით. ამ პირობებში კი, ახალი კანონის მოქმედების წარსულ ურთიერთობებზე გაუვრცელებლობა იწვევდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

ამავე დროს სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა რაიმე საჯარო ინტერესი, რომელიც სადავო ნორმით დადგენილ უფლების შეზღუდვას გაამართლებდა.

 

რა უთხრა სასამართლოს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა – მაღალჩინოსნების საქმე

„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 20 სექტემბერს ჩვენება ნუკრი დეკანაძემ მისცა, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა. იგი „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესში იყო ჩართული. მაშინ იგი ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე.

“არსებობდა რისკები… მე, როგორც იურისტი, ვამბობდი ჩემს მოსაზრებას, რომ საბანკო გარანტიის ავიზირების გამოცდილება არ გვქონდა და თუკი დავა წარმოიშვებოდა, იქნებოდა სირთულეები, მაგალითად, დავა იქნებოდა ლონდონში, აღსრულება გართულდებოდა და ასე შემდეგ,”- მიმართა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ.

“თქვენ ამბობთ, რომ ამ რისკების გამო არ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება. რატომ არ გაითვალისწინეს თქვენი ეს მოსაზრება? რატომ დაკმაყოფილდა მერია ფორმალურ საბანკო გარანტიას და არ მოითხოვა მყარი გარანტია?”- ჰკითხა მერიის ადმინისტრაციის უფროსს პროკურორმა რამაზ შავაძემ.

“არ უპასუხოთ, შუამდგომლობა მაქვს,”- შეაჩერა მოწმე ადვოკატმა რამინ პაპიძემ. მან მოსამართლეს უთხრა, რომ “ხელშეკრულების გაფორმება” ნუკრი დეკანაძეს არ უხსენებია.

აქვე ადვოკატმა სიმონ ასათიანმაც თქვა, რომ მოწმე უშუალოდ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართული არ ყოფილა და კითხვის საპასუხოდ შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს.

“თუ შეგიძლიათ, უპასუხეთ,”- მიმართა მოწმეს მოსამართლემ.

“მე მართლაც არ მითქვამს, რომ ხელშეკრულება არ უნდა გაფორმებულიყო, მე აღვწერე რისკი… საბანკო გარანტიის გარდა, მე ვსაუბრობდი იმ რისკზე, რომ შესაძლოა, სამომავლოდ, ადამიანები, ვინც იქ იცხოვრებდნენ, ამ თანხას ვერ გადაიხდიდნენ, რომ ამ თანხას ვერ ამოიღებდა მერია…”- აღნიშნა მოწმე ნუკრი დეკანაძემ.

“რატომ არ იქნა გათვალისწინებული ეს რისკები?”- ამჯერად ამ კითხვით სცადა პროკურორმა მოწმისგან სასურველი ინფორმაციის მიღება.

“ვერ გეტყვით. რა დათვალეს და რა – არა, არ ვიცი. მე, როგორც იურისტი, ვამბობდი ჩემს მოსაზრებას,”- მოკლედ უპასუხა მოწმემ.

“მერის პოზიცია იყო, ტენდერი არ ჩავარდნილიყო” – მოწმეს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ეს ფრაზა წაუკითხა გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა და შემდეგ ჰკითხა:

“ანუ გია ერმაკოვი ითხოვდა ყველა საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენებას იმისთვის, რომ რისკები არ დარჩენილიყო?”

კითხვის პასუხად ნუკრი დეკანაძემ თქვა, რომ საბანკო გარანტიის დამატებითი დაზღვევის მექანიზმებზე საუბრობდნენ და მან მერს სპეციალური ანგარიში შესთავაზა.

“ამაზე მივიღე თანხმობა. სხვა რაიმე მექანიზმი ვერ მოვიფიქრეთ,”- დასძინა მოწმემ.

მერიის ადმინისტრაციის უფროსს კითხვები უშუალოდ ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმაც დაუსვა.

„პროკურორი ახსენებდა იმას, რომ საბანკო გარანტია ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდაო. რას ნიშნავს ეს ფორმალური, იქნებ განმარტოთ, რომ ყველამ გაიგოს,”- მიმართა მოწმეს გიორგი ერმაკოვმა.

ნუკრი დეკანაძემ განმარტა, რომ “ფორმალურში” კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები იგულისხმება და წარმოდგენილ საბანკო გარანტიაზე უარის თქმის საფუძველი სატენდერო კომისიას სამართლებრივად არ ჰქონდა.

მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თქვა ისიც, რომ მერიის იმდროინდელი საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე, საბანკო გარანტიის გამცემი ბანკის რეიტინგზე ამახვილებდა ყურადღებას.

“მაგრამ რეიტინგი, დაბალი ან მაღალი, ვერ იქნებოდა ასევე გარანტიის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი,”- დასძინა მოწმემ.

“რამდენად კვალიფიციური იყო ჩვენი ურთიერთობა?”- ჰკითხა მოწმეს ისევ გიორგი ერმაკოვმა.

“ნორმალური, კარგი,”- სულ ეს უთხრა ყოფილ უფროსს ნუკრი დეკანაძემ.

“როცა ჩემი უფლებამოსილება შეწყდა, მაგრამ ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, მე მქონდა თქვენთან ამ საკითხზე რაიმე კომუნიკაცია ფიზიკურად ან ვირტუალური განხილვა გვქონდა?”- მიმართა მოწმეს ერმაკოვმა.

“არა”,- თქვა მოწმემ.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის დაკითხვა გრძელდება.

„სეზონის დასასრული“, „ბატონი ჯონსი“ და სხვა ფილმები – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს აჩვენებენ:

  • 12 საათზე –„როცა ხურმები იზრდება“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019; 118 წთ.
სახლში, სადაც დროის ქვიშა აზერბაიჯანის სოფლის ხმათა რიტმში იყრება, დედა თავის ვაჟს ელოდება. შვილის მოსვლის შემდეგ მათი დიალოგი ეგზისტენციური საკითხებისა და შორეული სიახლეების გარშემო ტრიალებს. დედა-შვილი ერთმანეთს უახლოვდება, დუმილს სიტყვები არღვევს და მათ შორის სიცოცხლე იღვიძებს. შვილი მიდის, ზამთარი ისადგურებს ძველ სახლში, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ჰგავს.

  • 14 საათზე – „ბაგატელი”, დენიელ ლევინი, აშშ, 2019; 30 წთ. “დელირიუმი”, ვაჰიდ & ნავიდ ნამი, ირანი, 2019; 16 წთ.“ბებო აქსო”, მეგი ბასილია, ისრაელი, 2019; 26 წთ. “იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019; 26 წთ.“კივილი”, ტომა სტენკო, რუსეთი, 2019; 24 წთ. “ინდაური”, ამირ მასუდ სოჰეილი, ავღანეთი, 2019; 15 წთ.
  • 16.30 საათზე – „ახალი გაფრენა სოლარისზე”, ირაკლი კვირიკაძე, რუსეთი, 2019; 45 წთ.
„ახალი გაფრენა სოლარისზე“
  • 17.30 საათზე –„სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 2019; 92 წთ.
აზერბაიჯანული ოჯახი ინციდენტითაა შეძრული. მამა სამირი, დედა ფიდანი და მათი 18 წლის შვილი მაჰმუდი ოჯახის დამოუკიდებელი წევრების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სრული დამოუკიდებლობა ზოგჯერ გაუცხოებას, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის ნაკლებობას იწვევს. სანაპიროზე ოჯახის გამგზავრება მოლოდინს არ ამართლებს.

  • 19.30 საათზე – „მბრძანებლის ხმა“, გეორგი პალფი, კანადა / უნგრეთი / საფრანგეთი / შვედეთი / აშშ; 2018; 108 წთ.
ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას უმუშევრობა დიდად არ აწუხებს, თუმცა მის ცოლზე ამავეს ვერ ვიტყვით. ონური მას არ უსმენს, იგი ცოლის მღელვარებისა და გარესამყაროს მიმართ გულგრილია. დრამა აბსურდული კომედიის ელემენტებით არც ისე სასაცილო საკითხს ეხება: პირად კრიზისს, რომელიც ქორწინებაზე გავლენას ახდენს.

  • 22.00 – „გამოფენა კოსმოსში“, თოკო მზარელუა, საქართველო, 2019, 30 წთ.
2019 წლის 24 აგვისტოს, ბათუმიდან კოსმოსში გამოსაფენად ნახატები გაეშვა. ქართველი ხელოვანის – რომანოზის სამი ნახატი დედამიწიდან 45 კილომეტრის სიმაღლეზე გამოიფინა. ნამუშევრები დატანილი იყო სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელიც ბათუმიდან სტრატოსფეროში აფრინდა. აღნიშნული მოწყობილობის მოგზაურობა დედამიწიდან კოსმოსამდე და პირიქით აღბეჭდილია ვიდეოზე და მისი ჩვენება პირველად ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხდება.
  • 22.30 – „ბატონი ჯონსი“, აგნეშკა ჰოლანდი, პოლონეთი /დიდი ბრიტანეთი/უკრაინა 2019; 119 წთ.
ფილმი გარეტ ჯონსის არაჩვეულებრივ და გაუხმაურებელ ისტორიაზე მოგვითხრობს – უელსელ თამამ ჟურნალისტზე, რომელმაც 1933 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა და ფარდა ახადა საბჭოთა „უტოპიასა“ და სტალინის რეჟიმს. დასაწყისთვის უწყინარი ჟურნალისტური გამოძიება მალე ჯონსისთვის სიცოცხლისთვის საშიშ მოგზაურობად გადაიქცა.

კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ უფასო ბილეთები ადგილის რეზერვაციის მიზნით. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის კინოსეანსების ბილეთების აღება. „უფასო ბილეთების“ დაჯავშნა შესაძლებელია ცალკეულ კინოჩვენებებზე ინტერნეტითაც. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ბილეთების დაჯავშნა BIAFF 2019.

___________

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ბატონი ჯონსი“. ფოტო: indiewire.com

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ბათუმის უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გამოაცხადა.

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყება 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება შემდეგ მიმართულებებში:

[checklist]

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • რუსული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ფრანგული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • სპორტი (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (საბაზო და საშუალო საფეხური).

[/checklist]

მისაღები გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 27 სექტემბერს (10:00 საათი)  ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12).
გამოცდის შედეგები გამოცხადდება  2019  წლის 28 სექტემბერს (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე);
საპრეტენზიო განცხადებების მიღება – 2019 წლის 30 სექტემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების განხილვა –  2019  წლის 1 ოქტომბერი;
გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 2 ოქტომბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე (აპლიკანტების პირადი ნომრების მითითების გარეშე).

გამოცდაზე დასასწრებად აპლიკანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი (დაგვიანებული კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება).

ბსუ-ს ინფორმაციით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება  ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი (საფუძველი: ,,საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“).

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  მისაღები გამოცდა  ჩატარდება  წერითი სახით. გამოცდა გულისხმობს ესეს შესრულებას თემაზე: „პროფესია – მასწავლებელი“.
ესე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 300 სიტყვისაგან და იგი შეფასდება 100 ქულით. დადებით შეფასებად ჩაითვლება 51-ქულიანი ბარიერის გადალახვა.

ესე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. ესეს ძირითადი იდეის (მიზნის) ჩამოყალიბება – 0-20 ქულა;
    2. საკითხის ზოგადი ცოდნა, ორიგინალური ხედვა და თანმიმდევრული მსჯელობა – 0-30 ქულა;
    3. ლოგიკური დასკვნების გამოტანა – 0-10 ქულა;
    4. შინაარსის კორექტულობა –  0-10 ქულა;
    5. საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული და ფაქტობრივი გამყარება – 0-10 ქულა;
    6. წერის კულტურა (ორთოგრაფია, პუნქტუაცია, ლექსიკური მარაგი) – 0-20 ქულა.

უნდა შეიზღუდოს Facebook აგიტაცია წინასაარჩევნოდ? – დისკუსია ბათუმში

საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა – საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ამ საკითხებზე განსხვავებული ხედვა აქვს “სამართლიან არჩევნებს”. ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს აკვირდება, მიიჩნევს, რომ ე.წ. “ბუნებრივი ბარიერი” მიუღებელია და, ასევე, კოალიციების აკრძალვა დააზარალებს პოლიტიკურ პროცესს.

ამ თემაზე დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა.

„ბუნებრივი ბარიერი შექმნის პოლიტიკური სტაბილურობის პრობლემას. შესაძლებელია, პარლამენტში მოხვდნენ პარტიები ერთი ან ორი მანდატით,”- ამბობს ელენე ნიჟარაძე, “სამართლიანი არჩევნების” დირექტორის მოადგილე.

“მნიშვნელოვანია აგიტაციის პრობლემა სოციალურ ქსელში. მაგალითად, ფეისბუქში აგიტაციას ვერ არეგულირებს კანონი. გამოდის, რომ ეს არის უკონტროლო სივრცე. კანონით საჯარო მოხელეებს ევალებათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი,”- აღნიშნა შეხვედრაზე “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა, თათია ქინქლაძემ.

“თუ საჯარო მოხელეს აქვს გამოკვეთილი პოლიტიკური ორიენტაცია, ვერ ვხედავ დიდ დანაშაულს იმაში, რომ ვინმეს დარწმუნებას ცდილობს,”- განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მას “სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორმა აჭარაში, მადონა ბერიძემ უთხრა, რომ ძირითადად მმართველი პოლიტიკური ძალა ახერხებს ამ რესურსის გამოყენებას და უთანასწორო საარჩევნო გარემო იქმნება.

დისკუსია არჩევნებზე

“მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით ვერ მივაღწევთ ამას,”- დასძინა პარმენ ჯალაღონიამ.

“სამართლიან არჩევნებში” ასევე მიიჩნევენ, რომ საჯარო ბაღების, სკოლებისა და ააიპ-ების თანამშრომლებსაც უნდა შეეზღუდოთ საარჩევნო პროცესებში ჩართვა იმის მიუხედავად, რომ ისინი საჯარო მოხელეებად არ მიიჩნევიან.

“ხშირად ხდება მათი მობილიზება და ჩართვა საარჩევნო პროცესში…”, –  აღნიშნა თათია ქინქლაძემ.

დისკუსია შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხსაც. მსჯელობის თემა პოლიტიკური მიკერძოების გამორიცხვა იყო, რადგან, მაგალითად, საოლქო კომისიები გასაუბრების გარეშე არჩევენ საუბნო კომისიების წევრებს.

“მე, მაგალითად, ვარ დამოუკიდებელი და არავის ვექვემდებარები… როცა საუბარია კომისიაზე, იქ გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად და ვიღებთ პასუხისმგებლობას,”- უთხრა დისკუსიის მონაწილეებს ციალა შავაძემ ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, კომისიას დაახლოებით 1200 კანდიდატი მიმართავს და თითოეულ მათგანთან გასაუბრება შეუძლებელია.

“მეც მინდა, რომ ეს პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე. ჩვენ ფიზიკურად ყველა აქტივობა გაწერილი გვაქვს… ვერ გავწვდებით,”- აღნიშნა ციალა შავაძემ.

“საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ფორმალურია,”- რეპლიკით გამოეხმაურა მას მადონა ბერიძე, “სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორი.

“კანონმდებლობაა პრობლემა. შესაძლებელია შესაბამისი ფორმის მოფიქრება,”- თქვა ელენე ნიჟარაძემ, “სამართლიანი არჩევნების” დირექტორის მოადგილემ.

15 შეკითხვა, რომლებსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ და გამოცდების ცენტრის პასუხები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც, მათი განცხადებით, აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ.

  • რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

  • როგორც ცნობილია, ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ოთხი საგანი ბარდება, რომელი საგნები იგულისხმება?

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე, თუმცა დეკემბრის ბოლომდე შესაძლოა ამ ჩამონათვალში ცვლილებებიც შევიდეს.

  • ჯანდაცვის მიმართულებით ნებისმიერ შემთხვევაში ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევს აბიტურიენტს?

ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო იქნება ოთხი გამოცდა: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

  • რა ცვლილება შეეხო იმ პროგრამებს, რომლებზეც შემოქმედებითი ტური ბარდება?

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი დამატებით – მათემატიკა ან ისტორია.

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ზოგადი უნარების გამოცდა იქნება ჩასაბარებელი?

დიახ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

  • როგორ მოხდება გრანტის გაცემა?

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა მათემატიკის გამოცდაც ჩააბარა და ისტორიისაც სხვა ძირითად საგნებთან ერთად?

ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ჩარიცხვებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობს იმ საგნის შედეგით (მათემატიკა/ისტორია), რომელშიც უკეთეს შედეგს მიიღებს/რომლის საფუძველზეც იგი გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

  • თუ აბიტურიენტი ჩააბარებს დამატებით გამოცდას (მაგ: გეოგრაფიას) და ჩაირიცხება იმ პროგრამაზე, რომელზეც გეოგრაფია არ ბარდება, გამოადგება თუ არა მას ამ საგანში მიღებული ქულა?

თუ პროგრამა, რომელზეც აბიტურიენტი ჩაირიცხება, არ ითხოვს იმ დამატებით საგანს, რომელიც მან ჩააბარა, ამ საგნის შედეგს იგი ვერ გამოიყენებს ვერც ჩარიცხვისას და ვერც გრანტის მისაღებად.

  • გამოცდების ჩაბარება სხვა ენაზე თუ იქნება შესაძლებელი?

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი. მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების უფლება აქვთ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,

  • ჩასაბარებელი საგნებიდან რომელს მიენიჭება პრიორიტეტი გრანტის განაწილებისას?

მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა სხვა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.

  • საგამოცდო პროგრამები ან მინიმალური გამსვლელი ქულები თუ შეიცვლება?

პროგრამებში მცირე ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი და ამის შესახებ აბიტურიენტებს წლის ბოლოს ეცნობებათ. რაც შეეხება ზღვარს, მხოლოდ მათემატიკის გამოცდის შემთხვევაში შეიცვლება და გახდება მაქსიმალური ქულის 20%, ნაცვლად 25%-სა.

  • თუ რომელიმე დამატებით საგანში (მაგალითად, ფიზიკის გამოცდაში) ჩავიჭერი, გრანტის აღების უფლება მაინც მექნება?

დიახ, ისტორიით ან მათემატიკით შეძლებთ გრანტის აღებას და ჩარიცხვების კონკურსშიც იმ სამი საგნით მიიღებთ მონაწილეობას, რომლებიც წარმატებით გექნებათ ჩაბარებული (ცხადია, მხოლოდ იმ პროგრამებზე განიხილება ჩარიცხვის საკითხი, რომლებზეც თქვენ მიერ ჩაბარებული 3 საგანია სავალდებულო).

  • რატომ გახდა ეს საგნები პრიორიტეტული (ისტორია/მათემატიკა)?

მნიშვნელოვანია, რომ იმ აბიტურიენტებმა, რომლებიც ტექნიკური მიმართულებით გადაწყვეტენ ჩაბარებას, იცოდნენ მათემატიკა. აქამდე არსებული საგამოცდო მოდელი უშვებდა შესაძლებლობას, რომ, ვთქვათ, საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე ჩარიცხულიყვნენ აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდის ჩაბარების გარეშეც. ასევე მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა ჰუმანიტარული მიმართულებების პროგრამებზე სწავლის გაგრძელებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისეთი ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია.

  • რატომ არ ბარდება ყველა პროგრამაზე ისტორია და მათემატიკა?

ძალიან მცირეა იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც მხოლოდ ისტორია ან მათემატიკა ბარდება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ხაზგასმით რელევანტურია რომელიმე მათგანი კონკრეტული სპეციალობისათვის.

  • ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომელ პროგრამაზე რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა?

ამ გადაწყვეტილებას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ისინი არ არიან შეზღუდულები არჩევნის გაკეთების დროს და საშუალება აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატონ გამოცდა ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

შაბათ-კვირას იწვიმებს, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 სექტემბრის  21 საათიდან 21 სექტემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ელვა-ჭექა, დღისით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17-22 გრადუსი
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 20-30 დმ – 5 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 22 სექტემბერს, ღამისა და დილის საათებში იწვიმებს, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“

ავარია ჩაქვის გვირაბთან – ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღეს, 20 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ავარია მოხდა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან, რის გამოც ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებული, რომელსაც თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა, ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

€50 მილიონი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციისთვის – კონსულტანტები შერჩეულია

დღეს, 20 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროგრამისთვის საკონსულტაციო მომსახურებას.

„დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, როგორც ადრე ალიანსში აცხადებდნენ,  შესრულდება ის სამუშაოები, რასაც ეს თანხა გაწვდება და სრულად შეეხება შემდეგ დაბებსა და სოფლებს: ხელვაჩაურს, ქედას, შუახევს, ხულოს, ცეცხლაურს, ჯიხანჯურს, მახუნცეთსა და ამ დაბების შემოგარენში სოფლებს [პროექტი არ შეეხება ქალაქებს: ბათუმსა და ქობულეთს].

პროექტისთვის ორი საკონსულტაციო ჯგუფის – განმახორციელებელი კონსულტანტის (ლოტი1) და განმახორციელებელი კონსულტანტის და თანმხლები ზომების კონსულტანტის (ლოტი2) შერჩევისთვის, ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა.

განმახორციელებელი კონსულტანტის პასუხისმგებლობაა მუნიციპალიტეტებისთვის მოამზადოს საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაცია და შემდგომში უზრუნველყოს აღსრულება. აღნიშნული მიმართულებით ტენდერში გაიმარჯვა კომპანია Fichtner-მა.

განმახორციელებელი კონსულტანტისა და თანმხმლები ზომების კონსულტანტის მოვალეობაა უზრუნველყოს „აჭარის წყლის ალიანსის“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკური დახმარება და ინსტიტიცური მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით ტენდერში გაიმარჯვა კომპანია MACS-მა.

დოკუმენტს ხელს მოაწერს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორი თეიმურაზ ბიდანაძე, MACS-ის მმართველი დირექტორი მატიას ჰიტცელი და Fichtner-ის დირექტორის აღმასრულებელი ასისტენტი ტიმო ბასტეკი.

კონსულტანტ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება აჭარის მუნიციპალიტეტებში წყლისა და კანალიზაციის [გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით] სისტემების პროექტირება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი გამოცხადდება ტენდერი ამ სისტემების მშენებლობაზე.

„აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით იწყება. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ევროა და მიზნად ისახავს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნას,“ – აცხადებს „აჭარის წყლის ალიანსი“.

– – – –

„აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაზე“ მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო სესხის ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გაფორმდა. სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი თბილისში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

 „დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება.  აქედან 40 მილიონი ევრო არის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KFW] სესხი, 3 მილიონი ევრო – ამავე ბანკის გრანტი, ხოლო 7 მილიონი ევრო – ევროკავშირის გრანტი.

ამ თემაზე:

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა 2020 წლამდე არ დაიწყება

იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

6 წელი ახალი სახლის მოლოდინში – ინვესტორისგან მოტყუებული 22 ოჯახი მაზნიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის #35-37-ში დაუსრულებელი სახლის მომავალმა მესაკუთრეებმა მშენებელ კომპანიას პროკურატურაში უჩივლეს. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით მათ ამ სახლში ბინები უნდა მიეღოთ. 22 ოჯახს კომპანია მათი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას და ამ სახლში ფართობების გადაცემას დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.

როგორც დაზარალებულები ყვებიან, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს და დაუსრულებელ სახლში შესახლდნენ, რადგან სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ, კომპანიის ყოველი მორიგი დაპირება კი უშედეგო იყო.

მაზნიაშვილის #35-37

რამდენიმე დაზარალებულმა დღეს დახმარების თხოვნით ბათუმის საკრებულოს მიმართა. მოქალაქეების მოსმენის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მათ სიტყვა მისცა, რომ ამ საქმეს დეტალურად გაეცნობა და დახმარების შესაძლო ფორმებზე, კონსულტაციას იურისტებთან გაივლის.

დღეს, 19 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაზარალებულმა მოქალაქეებმა თქვეს ისიც, რომ საქმეში მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს უფროსი ჯუმბერ კობალაძე ფიგურირებს. მათი თქმით მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ისიც იყო მისული, სწორედ ამიტომ მის, როგორც საჯარო პირის მიმართ [იმ დროისათვის კობალაძე საკრებულოს წევრი იყო], მეტი ნდობა გამოიჩინეს, დღეს კი მოქალაქეები იმ ფართობების მომავალ მესაკუთრეებადაც არ არიან დარეგიტრირებული, რომელშიც ცხოვრობენ.

დაზარალებული მოქალაქეები ბათუმის საკრებულოში

საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო შენობას [დაუსრულებელი კარკასი] სასამართლო დავის წამოწყების გამო ყადაღა ადევს.

რაც შეეხება ჯუმბერ კობალაძეს, ის ამბობს, რომ ამ კომპანიაში საჯარო მოხელედ დანიშვნამდე, სამშენებლო პროცესის ხელმძღვანელად მუშაობდა: „ხანდახან მოლაპარაკებაზეც დავყვებოდი, მალევე ამ კომპანიაში სამუშაოს თავი დავანებე“.

მაზნიაშვილის #35-37-ში მრავალბინიან სახლს, აქ მაცხოვრებლებთან შეთანხმებით, მათი საცხოვრებელი სახლების ათვისების ხარჯზე შპს „ სახლი პიაცასთან“ აშენებდა. კომპანია 2012 წელსაა დაფუძნებული და ამ დროის განმავლობაში კომპანიის მესაკუთრეების ცვლილებები რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის კომპანიის 60 პროცენტს მისი დამფუძნებელი მაკა შენგელია ფლობს, ხოლო 40 პროცენტს – კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი.

„ბათუმელებმა“ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება სცდა, თუმცა ამ საკითხზე კომენტარის მიღება ვერ შევძელით.

ნახევრად აშენებეული სახლის სარდაფი დანაგვიანებული და წყლით სავსეა, ეზოში დაჭაობებული სარდაფიდან ცუდი სუნი ამოდის.

 

რა სჭირდება გადასარჩენად ბოშათა პირველ ბენდს საქართველოში

„მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. რომ იყოს რამე  ისეთი, მუსიკასთან დაკავშირებული, მთაზე ავალ  და იქ დავუკრავ,“ – ასე იწყებს საუბარს მურმან დერბიში. მურმანი მუსიკოსია. 10 წლის წინ, ბიძამისმა, ნიკოლოზ ალიმოვმა, მუსიკალური ბენდი შექმნა, “მიქსი” დაარქვა და მუსიკოსები შემოიკრიბა.

„ექვსნი ვიყავით თავიდან ბენდში – მე, ბიძაჩემი კოლია, იურა შაბანოვი, იურა ალიმოვი,  ჯამბულ მელამედოვი და ზურა ძნელაძე. მერე ზურა ჩინეთში წავიდა და დავრჩით ხუთნი. ორი წელია აქტიურად აღარ ვუკრავთ, რადგან კარგი ინსტრუმენტები არ გვაქვს. არც სტაბილური შემოსავალია ბენდიდან. 150-200 ლარი მაინც რომ გვქონდეს ყოველ თვეში, ბიჭები სულ აქ იქნებოდნენ. ძალიან მიყვარს მუსიკა, მაგრამ ფიზიკურადაც მიწევს მუშაობა, ხანდახან დედაჩემსაც ვეხმარები, ბათუმში ვაჭრობს, ხან რას ვაკეთებ და ხან რას,“- ამბობს მურმან დერბიში.

მურმან დერბიში

42 წლის ნიკოლოზ ალიმოვი გიტარის მასწავლებელია, ქობულეთში, გელაურის უბანში მას ყველა იცნობს, როგორც კარგ მუსიკოსს. ნიკოლოზს ბევრი წარმატებული მოსწავლე  ჰყოლია. ბენდის შექმნაც წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. კონცერტები სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, გამოსვლა როკ-კონცერტზე… თუმცა ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ „კარგი მოგონებაა“.

ნიკოლოზ ალიმოვი

იურა ალიმოვი 10 წელია ბენდის წევრია.

„ამ წლების მანძილზე ბევრი კონცერტი გვქონდა, ქობულეთში ვუკრავდით, თბილისშიც გამოვედით.  მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ”,- ამბობს იური. იმის გამო, რომ მუსიკით ოჯახს ვერ არჩენს, უწევს სხვადასხვა სამუშაო შეასრულოს. “ხან მუსიკით მაქვს შემოსავალი, ხან რამე სხვა საქმეს ვაკეთებ. როგორც გამოვაო” – ამბობს.

იური ალიმოვი

„ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავდა ეს ბენდი. წარმოიდგინე, ფუნდამენტს რომ დაასხამ, სახლს  ააშენებ, ისე დავიწყეთ. ჯერ ფუნდამენტი დავასხით და  მერე აგურები დავაწყვეთ.  შვიდი თუ ექვსი წელი ვუკრავდით.  ღამეში, წვიმაში, ქარში… მაინც მოვდიოდით და ვმეცადინეობდით დარბაზში. სარეპეტიციოდ სკოლის დარბაზი მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნარგიზ ჯინჭარაძემ დაგვითმო. ჩვენი ბენდი რომ შეიქმნა, საერთოდაც მისი დამსახურებაა.  მისი წყალობით  ოთახი გვაქვს, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებს ვინახავთ,” – ამბობს მურმან დერბიში.

მუსიკალური ბენდი “მიქსი” ბოშების პირველი და ერთადერთი მუსიკალური ბენდია საქართველოში,  ხოლო აჭარის რეგიონის ისტორიაში, ეს იყო პირველი მცდელობა, ბოშა მუსიკოსები ერთ გუნდად შეკრულიყვნენ და კონცერტებზე გამოსულიყვნენ. ახლა  ბენდი თან არსებობს და თან არ არსებობს.

ბენდი

“რა გვჭირდება, რომ ისევ ძველებურად არსებობდეს ჩვენი ბენდი?  მუდმივი ხელფასი, შემოსავალი, თუნდაც მცირე, მაგრამ ვიცოდეთ, რომ გვაქვს. კიდევ კარგი დინამიკები გვინდა, ძლიერი, ბასი რომ ჩაირთოს ისეთი.  დრამიც გაფუჭებულია და ისიც გვინდა. მე იმედი მაქვს, რომ რაღაც იქნება.  მუსიკა ისეთი რამეა, შეიძლება გაჩერდე, მაგრამ მერე ისევ თავიდან დაიწყო და  უკეთესიც კი გახდე, ვიდრე მანამდე იყავი,” –  ამბობს მურმან დერბიში.

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას “ბოშები გელაურიდან”. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს.

75 წლის მოქალაქემ ხელვაჩაურში მიწის კომისიას სასამართლო მოუგო

75 წლის იუსუფ წულუკიძემ ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო დავა მოუგო. იგი მამაპაპისეული მიწის აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვდა და უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მიწა, სადაც იუსუფ წულუკიძე ახლა მარტო ცხოვრობს, სახელმწიფო საკუთრებაა. იმის გამო, რომ იუსუფ წულუკიძეს საკუთრება ამ დრომდე არ ჰქონდა, მის საცხოვრებელ სახლში არც გაზია და არც წყალი. ხელვაჩაურის საკუთრების კომისიამ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უკვე გაასაჩივრა.

„სამართლებრივი თვალსაზრისით ამ საქმეს მოგების პერსპექტივა აღარ გააჩნია კომისიისთვის, მაგრამ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც შესაძლოა ისევ წლები დასჭირდეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლომ თქვა კატეგორიულად, რომ კომისიის მხრიდან დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს უნდა დაესვას წერტილი,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. იგი სასამართლოში იუსუფ წულუკიძის ინტერესებს იცავდა.

მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ გააბათილა და უკანონოდ მიიჩნია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2014 და 2017 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები. სასამართლომ კომისია დაავალდებულა, ხელახლა შეისწავლოს „იუსუფ წულუკიძის საქმე“.

„არაა გამორიცხული, კომისიამ იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, რაზეც შემდეგ სასამართლო იტყვის, რომ უკანონოა და უკვე პირდაპირ დაავალებს შესაბამისი აქტის გამოცემას, ამას ისევ წლები დასჭირდება… ამ ტიპის დავები ხშირია. სასამართლო სარჩელით მიმართვიდან დაახლოებით 2 წლის თავზე ახერხებს მისი განხილვის დაწყებას,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა.

იუსიფ წულუკიძე ხელვაჩაურში, სოფელ მაჭახლისპირში 674 და 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარებას ითხოვდა. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე იუსუფის წინაპრების ძველი სახლი იდგა, რაც დაინგრა. იუსუფმა მიწის ამ ნაკვეთზე ხეხილის ბაღი გააშენა და დღემდე სარგებლობს. სახლის დანგრევის შემდეგ, ანუ 1997 წლიდან, იუსუფ წულუკიძემ  იქვე არსებული ძველი სასადილოს შენობაში დაიწყო ცხოვრება. ეს შენობა მან თვითნებურად დაიკავა. იუსუფ წულუკიძეს მეუღლე გასულ წელს გარდაეცავალა, შვილი – პატიმარია.

ხელვაჩაურის საკუთრების კომისიამ, შემდეგ კი საჯარო რეესტრმა იუსუფ წულუკიძეს მამაპაპისეული მიწის, ასევე თვითნებურად დაკავებული შენობის საკუთრების აღიარებაზე უარი 2014 და 2017 წლებში უთხრა. უარის თქმის საფუძვლად კომისიამ მიუთითა ის, რომ დაკავებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.

„მიწის ნაკვეთზე განმცხადებელს არ ჰქონდა განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან/და შენობა და აღნიშნული ფართობი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში ან მართლზომიერ
მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს,“ – აღნიშნულია კომისიის გადაწყვეტილებაში.

სარჩელში იუსუფ წულუკიძე მიუთითებდა იმაზეც, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის დასაკუთრებასაც ის ითხოვდა, ამ დრომდე შემორჩენილია ძველი სახლის ნანგრევები და კიბე. გარდა ამისა, მიწა, რომელსაც სარგებლობს, სახელმწიფოს ვინმესთვის კერძო საკუთრებაში არ გადაუცია და არც მოდავე ჰყავს.

ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისია სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი არ დგას და არც ნანგრევებია, რაც განცხადების დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველი გახდა, თუმცა როგორც იურისტმა ანა ბერძენიშვილმა გვითხრა, კომისია ადგილზე საერთოდ არ გასულა და ეს სასამართლო განხილვების დროს დადასტურდა.

„ზემოდასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული და არ შეიძლება ყოფილიყო იუსუფ წულუკიძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი საქმის გარემოებები, შესაბამისად ამ ნაწილში არსებობს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი,“ – წერია ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება არ შეიძლება გახდეს იუსუფ წულუკიძისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი და არ უნდა ჩაითვალოს უკვე განკარგულ მიწის ნაკვეთად, „ვინაიდან სწორედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას,“ – დასძენს სასამართლო.

იურისტი ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ხელვაჩაურის საკუთრების კომისიამ რამდენიმე დავა წააგო სასამართლოში. გადაწყვეტილებებს კომისია ასაჩივრებს. იურისტის შეფასებით, მიზეზი სხვადასხვაა, რის გამოც, მოქალაქეებს წლების განმავლობაში სასამართლო დავა უწევთ.

„პირველი მიზეზი არის მიწის აღიარებასთან დაკავშირებით არასრულყოფილი კანონმდებლობა, არ არის, მაგალითად, გამიჯნული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწა ექვემდებარება თუ არა აღიარებას. ამას ხელი შეუწყო ასევე სასამართლოს არაერთგვაროვანმა გადაწყვეტილებებმა, როცა ერთსა და იმავე საქმეებზე მიღებულია სხვადასხვა გადაწყვეტილება. მესამე პოლიტიკური ნებაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებამ მოინდომოს მიწის რეფორმის განხორციელება,“ – უთხრა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებს“.

„არ დავთმობთ რივიერას!“ – აქცია ბათუმში

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში, „ვარდების სკვერში“,  რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აშენების მოწინააღმდეგეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს როგორც ქალაქის ხელისუფლებას, ასევე აჭარის მთავრობას, შეაჩერონ ქალაქისთვის დამაზიანებელი პროექტის განხორციელება.

„რივიერას“ ჩაბეტონებით ბათუმს საბოლოოდ ამოქოლავენ ბეტონის კედლით. საკმარისია ის კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ და წაგვართვით ჰაერი, ეკოლოგია და ქალაქის სწორად განვითარების შანსი. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ძველ ბათუმს შევუნარჩუნოთ სანაპირო,“- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციაზე გამოფინეს ბათუმის საკრებულოს იმ წევრების ფოტოები, რომლებმაც „რივიერაზე“ ხუთი ცათამბჯენის აშენებას დაუჭირეს მხარი. აქციაზე გამოჩნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მარიონეტიც.

საპროტესტო აქციაზე მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მარიონეტი გამოიტანეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ასეთი მარიონეტები წყვეტენ ქვეყნის ბედს, ქალაქის ბედს და ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას, არ დავთმობთ რივიერას,  არ მივცემთ მათ ბათუმის მიწაში ჩასვლის საშუალებას. მოვთხოვთ ქალაქის მთავრობას, არ მისცეს ამ პროექტის განხორციელების ნებართვა,“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე აზა გაბუნია.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, არ დაუშვას ბეტონის კედლების აღმართვა ქალაქსა და ზღვას შორის. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

აქციაზე გამომსვლელები მოითხოვდნენ, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მეცნიერების კვლევები, რომლებიც მიუთითებენ ეკოლოგიურ საფრთხეებზე იმ შემთხვევაში, თუკი ეს პროექტი განხორციელდება.

საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის შოთა გუჯაბიძის თქმით, ბათუმის კონცხად წოდებულ რივიერაზე დაუშვებელია მრავალსართულიანი განაშენიანება, რადგან აქ არსებული კანიონი ამას ვერ გაუძლებს.

საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქციას უკრაინელი ტურისტებიც შემოურთდნენ. „მე აქ პირველად არ ვარ და კიდევ ვაპირებ ჩამოსვლას. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს ვნახო ძველი ქალაქი, რომელიც მიმართულია ზღვისკენ, სიმწვანე. ის, სადაც ჩვენ გვპატიჟებენ, ჩემი აზრით, შესანიშნავი ადგილია პარკისთვის და არა 150-სართულიანი შენობებისთვის. ვფიქრობ, ისინი ბათუმში საკმარისზე მეტია. ამიტომ, საქართველოს სიყვარულით თქვენკენ ვარ“ – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციები „რივიერაზე“ ცათამბჯენების აშენების წინააღმდეგ ისევ გაიმართება.

ცნობილ ამერიკელ პროდიუსერთან, გეილ ენნ ჰერდთან შეხვედრა ბათუმში

20 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, გაიმართება პანელი: „წარმატების ფორმულა“, სადაც ამერიკელი პროდიუსერი, გეილ ენნ ჰერდი აუდიტორიასთან საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

გეილ ენნ ჰერდი პროდიუსერია ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალებისა, როგორიცაა: „ტერმინატორი“, „მოსიარულე მკვდრები“, „უცხოპლანეტელები“, „არმაგედონი“ და „ჰალკი“.

პანელი იმართება ორგანიზაცია „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია“, Natura Film-ისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით.

შეხვედრა „რედისონ ბლუში“ 16 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

გეილ ენნ ჰერდი საქართველოში ორგანიზაცია „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასიის“ მოწვევით ჩამოვიდა და 15-დან 23 სექტემბრამდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ესტუმრება.

დღეს, 19 სექტემბერს კი, 19.30 საათზე, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ფილმი სახელწოდებით – „მენკილერი“, რომლის პროდიუსერიცაა  გეილ ენნ ჰერდი. ფილმი ამერიკული ლეგენდის, ვილმა მენკილერის ისტორიაა – ქალის, რომელმაც გადალახა სექსიზმი, პირადი პრობლემები და ჩეროკის ტომის პირველი ქალი მმართველი გახდა 1985 წელს. ფილმის პრემიერა 2017 წელს ლოს ანჯელესის კინოფესტივალზე შედგა. ჩვენების შემდეგ პროდიუსერი მაყურებლის შეკითხვებსაც უპასუხებს.

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში – ჯარიმების სტატისტიკა [+ფოტო]

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 252 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 238, ნიშანში დგომისთვის – 5, ტროტუარზე დგომისთვის – 4, დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო – 3, 2 კი, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე.

ფოტოები გადაღებულია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

ამავე თემაზე:

არასაკმარისი ბაღების საკითხი ბათუმის საკრებულოში პოლემიკის საგანი გახდა

არასაკმარისი მუნიციპალური საბავშვო ბაღების საკითხი ბათუმში დღეს, 19 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე დისკუსიის საგანი გახდა. პოლემიკის შემდეგ საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური გამოვიდა ინიციატივით, რომ საკრებულომ დაიწყოს მუშაობა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით იმ თავისუფალი ადგილების გამოვლენის მიზნით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ბაღების მშენებლობა. საგულისხმოა, რომ ამავე სხდომაზე წარდგენილი იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ათეული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი, რომელთა გასხვისებასაც მერია გეგმავს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ სალუქვაძემ ოპოზიციის გამოსვლა ამ საკითხზე შეაფასა როგორც სირცხვილი და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ სიტყვას მიზანმიმართულად ამბობს და არა სიმბოლურად –  „როგორც ამ ბოლო დროს მოდაშია“- დასძინა მან.

„სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ თურმე ბაღები არ გვყოფნის, ამას ყველა ჩვენგანი ვეთანხმებით, მაგრამ სირცხვილია ამაზე ილაპარაკოს იმ ხალხმა, რომელმაც თავის დროზე ბაღები თავიანთ კოორდინატორებს და აქტივისტებს გადასცა. კონკრეტული მისამართები და სახელებიც შემიძლია დავასახელო,“ – განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ და მაგალითად მაქაცარიას #7-ში არსებული საბავშვო ბაღის შენობა მოიყვანა.

„ჩარჩენილი ხართ, შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და კიდევ  ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკობთ. როგორ არ გრცხვენიათ რასაც ლაპარაკობთ, 1 500 ბავშვი დატოვეთ ქუჩაში, მართლა სირცხვილია“ – უპასუხა მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ შენიშვნა მისაღებია და ბაღები საკმარისი არ არის, მან ისაუბრა სტატისტიკის გაზრდაზეც, როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ეს ქალაქის ზრდას დაუკავშირა.

საკრებულოს უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ამ საკითხს 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას გაააქტიურებენ.

ბოლო ინფორმაციით, ბათუმში ბაღის გარეშე 1600-ზე მეტი ბავშვი დარჩა. მათგან ბევრია ისეთი, რომელთა ოჯახსაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, კერძო ბაღს მიმართოს.

არის თუ არა მზად თქვენი შვილი პირველ კლასში წასასვლელად – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

 

რენია შპიგელის დღიური – პოლონელი „ანა ფრანკის“ ისტორია

18 წლის ასაკში გესტაპოს მიერ მოკლული რენია შპიგელის ტრაგიკული ისტორია სულ უფრო მეტად იქცევს მედიის ყურადღებას. ჟურნალისტებმა პოლონეთში დაბადებული ებრაელ რენიას არაერთხელ უწოდეს „პოლონელი ანა ფრანკი“. მათ მართლაც აქვთ საერთო: ორივე წერდა დღიურებს, ორივე იმალებოდა სხვენში, ორივეს სიცოცხლე შეეწირა ჰოლოკოსტს – ანა ფრანკი [ახალ ქართულ გამოცემებში – ანე ფრანკი] 15 წლის დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში, რენია შპიგელი 18 წლის იყო, როცა ის გესტაპომ დახვრიტა.

რენიას დღიურის ისტორია 1939 წლის 31 იანვარს დაიწყო, როცა 15 წლის გოგომ, რენია შპიგელმა, დღიურის წერა გადაწყვიტა. ამ დროს რენია ბებიასთან ცხოვრობდა პოლონეთის პატარა, პროვინციულ ქალაქში, უმცროს დასთან ერთად. მშობლები ვარშავაში ცხოვრობდნენ და რენიას განსაკუთრებით ენატრებოდა ისინი.

რენია შპიგელი

15-დან 18 წლამდე რენიამ დღიურის 700-მდე გვერდი შეავსო. წერდა თავისი ცხოვრების, მშობლების, მეგობრების შესახებ, წერდა ომის მოლოდინზე, ებრაელების დევნაზე, ხატავდა დღიურის ფურცლებზე, წერდა ლექსებს.

15 აგვისტო, 1939 წელი

„სასწავლო წლის ბოლო უკვე გავიდა, ჩემი ზაფხულის არდადეგები თითქმის დამთავრდა, მე კი შენთან არ მისაუბრია. სოფელში ვიყავი, რომ დეიდა მენახა, ვიყავი ვარშავაში, დედა ვნახე და ახლა დავბრუნდი. მაგრამ შენ ამის შესახებ არ იცი. შენ აქ იყავი, ჩემს ფიქრებთან და ისიც არ იცი, რომ ჩვენთან საიდუმლო მობილიზაციაა, არ იცი, რომ რუსებმა გერმანელებთან შეთანხმებას ხელი მოაწერეს, არ იცი, რომ ადამიანები საჭმელს აგროვებენ, რომ ყველა ომს ელოდება“.

17 ივნისი, 1940 წელი 

„ხვალ ჩემი დაბადების დღეა, 16 წლის ვხვდები. ხალხი ამბობს: „ო, 16 წლის რომ ვიყო ისევ!“ მაგრამ მე უბედური ვარ. საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, ჰიტლერის არმიამ ევროპა მოიცვა. ამერიკა უარს ამბობს დახმარებაზე. მე აქ ვარ, დედ-მამისა და სახლის გარეშე. ღმერთო, რატომ დამიდგა ასეთი საშინელი დაბადების დღე?“

1940 წელს, 16 წლის რენია შეხვდა მასზე ორი წლით უფროსს, მწვანეთვალება ზიგმუნდ შვარცერს, ებრაელი ექიმის შვილს და დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, რაზეც რენია წერდა დღიურში.

7 ივნისი, 1942 წელი

„სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან სისხლისღვრაა. ღმერთო, დაგვეხმარე, გადაგვარჩინე! ღმერთო, გთხოვ, მე მინდა სიცოცხლე! მე ისე ცოტა რამ ვნახე ცხოვრებაში. არ მინდა სიკვდილი, მეშინია სიკვდილის. ყველაფერი ისეთი სისულელეა, ისეთი უმნიშვნელო. დღეს იმაზე ვღელავ, ცუდად ხომ არ გამოვიყურები, ხვალ შეიძლება შევწყვიტო ფიქრი სამუდამოდ.“

1942 წელს რენიას და მის ებრაელ მეგობრებსა და ნათესავებს აიძულებდნენ მკლავზე შეებათ თეთრი ნაჭერი დავითის ვარსკვლავის გამოსახულებით, იმის ნიშნად, რომ ისინი ებრაელები იყვნენ, იმავე წლის ივლისში კი რენია და მისი უმცროსი და, არიანა, გადაიყვანეს ფშემისლის გეტოში 20 ათას ებრაელთან ერთად.

რენია შპიგელი

15 ივლისი, 1942 წელი

„დაიმახსოვრე ეს დღე, კარგად დაიმახსოვრე. ამაზე მოუყვები შემდეგ თაობებს. დღეს, 8 საათიდან გამოგვკეტეს გეტოში. მე ახლა აქ ვცხოვრობ. სამყარო შორსაა ჩემგან და მე შორს ვარ სამყაროსგან.“

რამდენიმე დღის შემდეგ რენიას შეყვარებულმა, ზიგმუდ შვარცერმა, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო, მოახერხა რენიას და მისი დის, არიანას გამოყვანა და საკუთარ მშობლებთან გადამალა ისინი იმ სახლის სხვენში, სადაც ბიძამისი ცხოვრობდა. თუმცა გესტაპომ სამალავის შესახებ რამდენიმე დღეში შეიტყო და 1942 წლის 30 ივლისს 18 წლის რენია შპიგელი ზიმუნდ შვარცერის მშობლებთან ერთად დახვრიტეს.

რენიას დღიურში ბოლო ჩანაწერი ზიმნუგდ შვარცერმა გააკეთა:

„სამი გასროლა! სამი სიცოცხლე დაიკარგა! ეს მოხდა გასულ ღამეს, თერთმეტის ნახევარზე. ბედმა წამართვა ყველაზე ძვირფასი ადამიანები. ჩემი ცხოვრება დასრულდა. მესმის მხოლოდ სამი გასროლის ხმა… ჩემო ძვირფასო რენუსია, შენი დღიურის ბოლო თავი დასრულდა.“

რენიას უმცროსი და, არიანა, გესტაპოს გადაურჩა. იგი ზიგმუნდმა გამოიყვანა სამალავის აღმოჩენამდე და მისი მეგობრების, კათოლიკე პოლონელების ოჯახში მიიყვანა. მოგვიანებით ვარშავის მატარებელში მშობლებისკენ მიმავალი პატარა გოგონა მისი მეგობრის მამამ, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრმა იხსნა გესტაპოსგან, მან თქვა, რომ არიანა მისი ქალიშვილი იყო. მოკლე ხანში არიანა დედასთან ერთად ვარშავიდან ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რენიას შეყვარებული, ზიგმუნდ შვარცერი მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის სიკვდილის ბანაკში მოხვდა. იგი გაათავისუფლეს 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ. შვარცერმა მედიცინა შეისწავლა და აშშ-ში წავიდა ემიგრაციაში, სადაც არმიაში მსახურობდა ექიმად. მას წარმატებული კარიერა ჰქონდა ლონგ აილენდზე, დაქორწინდა პოლონელ ებრაელზე და ჰყავდა ორი შვილი.

ემიგრაციაში წასულმა ზიგმუნდ შვარცერმა თან წაიღო თავისი პირველი შეყვარებულის, რენია შპიგელის დღიური. მან ნიუ იორკში იპოვა რენიას დედა და უმცროსი და, არიანა, რომელსაც სახელი შევცლილი ჰქონდა და უკვე ელიზაბეთი ერქვა და მათ დღიური გადასცა.

ზიგმუნდ შვარცერი 1992 წელს გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სიკვდილამდე სამი წლით ადრე, 1989 წელს, რენიას დასთან, ელიზაბეთთან შეხვედრისას მან უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა რენიას დღიურში:

„რენუსიას დასთან ვარ. ეს სისხლის კავშირია, ეს ყველაფერია, რაც დამრჩა. 41 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რენუსია დავკარგე… რენიას დამსახურებით მე შემიყვარდა პირველად ცხოვრებაში, მთელი გულით და გულწრფელად.“

წლების განმავლობაში რენია შპიგელის დღიურს მისი და, ელიზაბეთი, ბანკის სეიფში ინახავდა, როგორც ძვირფას ნივთს. მას უმძიმდა დის ჩანაწერების წაკითხვა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა მისი შვილი, ალექსანდრა დაინტერესდა დეიდას დღიურით. მან 2012 წელს დაასკანერა პოლონურ ენაზე დაწერილი დღიური და პოლონელ სტუდენტებს გადაუგზავნა ინგლისურ ენაზე სათარგმნად, რომ გაეგო, რას წერდა მისი 18 წლის დეიდა.

რენია შპიგელის და, ელიზაბეთი [არიანა]. ფოტო: smithsonianmag.com
2014 წელს კი რენიას და ელიზაბეთი და დისშვილი – ალექსანდრა  შეხვდნენ პოლონელ რეჟისორს, ტომაშ მაგიერსკის და უამბეს დღიურის შესახებ.

რენიას დღიური პოლონურ ენაზე 2016 წელს გამოიცა, მისი ბოლო ჩანაწერიდან 74 წლის შემდეგ. გამოცემა smithsonianmag-ი წერს, რომ წიგნის ბეჭდვის პროცესში რეჟისორი ტომაშ მაგიერსკი სტამბაში დარჩა, რომ ბეჭდვისთვის თვალი ედევნებინა. „იყო მომენტი, როცა ვიგრძენი სიცივე, რენია დაბრუნდა“ – თქვა მან შემდეგ.

„რენიას დღიური – ახალგაზრდა ქალის ცხოვრება ჰოლოკოსტის აჩრდილქვეშ“. ინგლისურ ენაზე გამოცემული რენია შპიგელის დღიურის გარეკანი.
რენიას დღიურის პოლონური გამოცემა

______________________

სტატია მომზადებულია bbc-ზე, smithsonianmag.com-ზე და სხვა უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.

ბათუმის მერია ახალ გზებს გაიყვანს ანგისაში, სადაც მაღლივი კორპუსების აშენება იგეგმება

ბათუმის მერია ანგისის დასახლებაში – ანგისის I შესახვევისა და მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ გზებს გაიყვანს. მერიის მიერ შემუშავებული პროექტი, 19 სექტემბერს, ბათუმის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა. საკრებულომ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესაბამისი ცვლილებაც შეიტანა.

ამ ცვლილების მიზანი, მერიის განმარტებით, ბათუმში, ანგისის I შესახევიდან მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული დაგეგმარება და გზების გაყვანაა.

„აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს მოუწესრიგებელ ტერიტორიას, რის გამოც დღის წესრიგშია მისი მოწესრიგება. ბოლო დროის განმავლობაში, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის მიზნით ბათუმის მერიას მომართა საკმაოდ ბევრმა მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მაღალი კორპუსების მშენებლობის მიზნით და დღის წესრიგში დადგა ზემოაღნიშნული საკითხის მოწესრიგება,“ – წერია დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა.

პროექტი, რომლის ინიციატორი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბათუმის მერია და რომელიც აღნიშნული ტერიტორიის ურბანულ დაგეგმარებას და გზების გაყვანას ითვალისწინებს, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა მოამზადა. სამსახურს, პროექტის მომზადების პროცესში, კონსულტაციები არავისგან მიუღია.

შიდა კვარტალური გზების დაგეგმარების პროექტი [ზემოთ] ანგისის ტერიტორიაზე, მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარედ და იგივე ტერიტორია [ქვემოთ] / წყარო: მერია და Google

ქუთაისში ინოვაციების ფესტივალზე აფეთქების შედეგად მოსწავლეები დაშავდნენ

ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში გამართულ ინოვაციურ და მეცნიერების ფესტივალზე ქიმიური კვლევის დროს კოლბა აფეთქდა. ნამსხვრევებმა 5 მოსწავლე მსუბუქად დააზიანა. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ფესტივალში ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი ფოტო: ტელეკომპანია მეგა TV

 

ვის შეუძლია ისწავლოს „ევროპულ სკოლაში“, რომელსაც ევროკავშირი აშენებს

საქართველოში, კერძოდ თბილისში, ევროკავშირის დაფინანსებით  აშენდება სკოლა, სადაც ევროპული განათლების სისტემა იქნება დანერგილი. საპილოტე რეჟიმში „ევროპული სკოლა“ უკვე ფუნქციონირებს  კერძო, „ახალი სკოლის“ ბაზაზე [მე-11-მე-12 კლასები], თუმცა როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალი წლიდან ლისის ტბაზე 27 000კვ/მ-ზე სკოლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში 400 ბავშვი ისწავლის.

„სკოლის მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს და განათლების სისტემაც ევროპული სტანდარტით იქნება. სკოლა თავისი კომპლექსით, საერთო საცხოვრებლების ჩათვლით, განთავსდება ამ ტერიტორიაზე [ლისის ტბაზე], სადაც მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით ისწავლიან ბავშვები,“ – გვითხრა განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, კახა ხანდოლიშვილმა.

სკოლაში მოსწავლეები კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხებიან. ისინი ჯერ ტესტირებას გაივლიან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, შემდეგ კი – გასაუბრებას. კახა ხანდოლიშვილის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭებათ ბავშვებს სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან.

სკოლაში სწავლა მე-7-დან მე-11 კლასამდე იქნება ქართულ ენაზე, მე-11, მე-12 კლასებში კი – ინგლისურ ენაზე.

„სკოლა გათვლილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, შესაბამისად, ბოლო კლასებში საერთაშორისო მოსწავლეებიც ისწავლიან. სკოლის საერთო საცხოვრებელი 100 მოსწავლეზე იქნება გათვლილი,“ – გვითხრა კახა ხანდოლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სკოლაში დაინერგება ევროპული საგანმანათლებლო სისტემა, პედაგოგები ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად შეირჩევიან და ევროპაში გადამზადდებიან.

„საქართველოს მოქალაქეები ამ სკოლაში დაახლოებით 70-დან 80-მდე იქნებიან. ევროკავშირის მასშტაბით 23 ასეთი სკოლა არსებობს,“ – ამბობს ხანდოლიშვილი.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა ევროკავშირის მიერ დაფინანსდება: „ასევე, 70 მოსწავლეს მუდმივად ევროკავშირი დააფინანსებს, დანარჩენს – ალბათ სახელმწიფო, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაძლოა დაწესდეს გარკვეულ გადასახადიც“.

„ევროპული სკოლის“ დიპლომი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა.

სკოლა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა.

სკოლის მშენებლობის პრეზენტაციას  ესწრებოდა საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

„ჩვენ ვცდილობთ ბავშვები ევროპულ ფასეულობებს, სტანდარტებსა და ევროპის ისტორიას დავუახლოვოთ. ამ დიპლომით მათ მსოფლიოს ნებისმიერ პრესტიულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შეეძლებათ. ასევე, გვინდოდა გვყოლოდა ბავშვები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომ მათ ერთად თანაცხოვრება და სწავლა შეეძლოთ,“ – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინიციატივა მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის საჯარიმო სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობის გაზრდაზე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 19 სექტემბერს, დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ჯარიმა გაოთხმაგდა, რადგან ამ დრომდე კანონდამრღვევს, მხოლოდ ხუთი ლარით აჯარიმებდნენ, დღეიდან კი ჯარიმა 20 ლარი იქნება.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იურისტის განმარტებით, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებამ განაპირობა [ეს კოდექსი არეგულირებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს]. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოდექსით ითვალისწინებდა ამ თანხის გაოთხმაგებას.

საიას თავმჯდომარის ანნა მდინარაძის განმარტებით, თანხის ოდენობის დადგენა ამ შემთხვევაში საკრებულოს დისკრეციული უფლებაა და შესაძლებელი იყო ჯარიმის ოდენობა მხოლოდ ათ ლარამდეც გაეზარდათ: „ ეს უკვე მიზანშეწონილობის ამბავია,“ – ამბობს ანნა მდინარაძე.

დადგენილების მიხედვით, დაჯარიმებულმა მითითებული თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საურავი დაერიცხება. საურავის ოდენობად შესაბამის დადგენილებაში 50 ლარი მიუთითეს. ჯარიმისა და საურავის  გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქის მიმართ დაიწყება  კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

დაჯარიმებისას ავტოტრანსპორტი მოქალაქის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ახდენს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე ასეთ დოკუმენტს არ წარადგენს, კონდუქტორს ევალება მისი იდენტიფიცირებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახოს.

სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრმა არჩილ მამულაძემ გაიხსენა ფაქტი, როცა მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ ჰქონდა და ის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. საკრებულოს წევრმა მოითხოვა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“  გააკონტროლოს ეს საკითხი: „მსგავსი შემთხვევები რომ აღარ მოხდეს“.

მოგვიანებით „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იურისტმა, მარად  სანიკიძემ განმარტა, რომ ეს კანონით განსაზღვრული პროცედურაა და „ასეთი რამ ვინმეს ხუშტურით არ ხდება.“

საკითხის განხილვის შემდეგ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იურისტმა თქვა ისიც, რომ დადგენილება მისი დამტკიცების დღიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. დადგენილებას კი აწერია, რომ ის მისი გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს. გამოქვეყნებამდე კი დადგენილება კიდევ რამდენიმე კანონით გათვალისწინებულ პროცედურას გადის,  რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დღეიდან ამოქმედება შეუძლებელია. როცა სიახლის შესახებ ამომრჩევლის ინფორმირებულობის აუცილებლობაზე ვკითხეთ, ბათუმის ავტოტრანსპორტის იურისტმა თქვა ისიც, რომ ამის შესახებ განცხადებები გამოკრულია მუნიციპალიტეტის ავტობუსებში.

როგორ გამოაკრა „მუნიციპალურმა ტრანსპორტმა“ განცხადებები დაუმტკიცებელი სიახლის შესახებ და რა მოხდებოდა მაშინ, თუ კი საკითხს საკრებულო არ დაამტკიცებდა? – ამ კითხვაზე  იურისტმა განმარტა, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გადაწყვეტილების შესახებ მის დამტკიცებამდე გამოაქვეყნა, რადგან ცვლილება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ეყრდნობა.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ დადგენილების ამოქმედება იმას არ ნიშნავს, რომ უბილეთო მოქალაქეებს 20 ლარით დღეიდან დააჯარიმებენ.

„ბათუმის ავტორანსპორტის“ ინფორმაციით უბილეთო მგზავრობისთვის თვეში 2000-მდე პირი ჯარიმდება, ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ჯარიმის გაზრდა ამ სტატისტიკას გაანახევრებს.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებისთვის თბილისში 11 პირი დააკავეს, მათ შორის, ბავშვების მშობლები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა.

სამინისტროს ცნობით, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ.

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში, კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version