„გამოძიებაში ვლინდება სისტემური ხარვეზი“ – სახალხო დამცველი კერზაიას საქმეზე


სახალხო დამცველის აპარატმა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა დაასრულა და დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს, მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა დაგვიანებით, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

„საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეზე გამოძიება 332-ე მუხლის კვალიფიკაციით დაიწყო, სრულიად აუხსნელია, რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება უკვე იძლეოდა ამის საფუძველს.

გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური „მოკვლევის“ ან „წინასაგამოძიებო მოქმედების“ ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის კვლევაში.

ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „გაურკვეველია, რატომ არ დაიწყო გამოძიება, თუკი პროკურატურა მიიჩნევდა, რომ საქმეზე საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების საწყისი ეტაპის არაფორმალურად წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას“.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტროს ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა ლავრენტი ქირიამ.

მისი საჩივრის საფუძველზე, 9-15 ნოემბერს, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც, განათლების იმდროინდელმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლას ია კერზაიას გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა. „რეკომენდაცია სკოლის სამეთვალყურეო საბჭომ არ გაიზიარა, რადგან მიიჩნია, რომ მითითებული დარღვევები მოკლე დროში აღმოფხვრადი იყო. აღსანიშნავია, რომ გამოძიების შედეგად, ამ სახელის მქონე პირის, ან მის მიერ მითითებული მისამართის რეალური არსებობა არ დადასტურდა“, – წერის სახალხო დამცველის კვლევაში.

ია კერზაიამ ჯერ კიდევ 2018 წლის 26-27 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. 9 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 19 დეკემბერს მისმა შვილმა ბაჩანა შენგელიამ, პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

შეფასებაში ნათქვამია, რომ დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა. „სწორედ ეს გაუმართლებელი დაგვიანება გახდა გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი და იყო თუ არა ინსპექტირება დაგეგმილი სქემის ნაწილი“.

ია კერზაიას საქმეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 2019 წლის 8 და 30 ოქტომბერს გაეცნო. კერზაიას წინააღმდეგ გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე) მუხლით დაიწყო და მიმდინარეობდა.

„ია კერზაიას საქმემ ნათლად წარმოაჩინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შესახებ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას უარი უთხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა მას ორჯერ გააცნო საქმის მასალები, რაც, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პრეროგატივას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი მიუთითებს პროკურატურის არათანმიმდევრულ პრაქტიკაზე, „რაც სხვა, ბოლოდროინდელ საქმეებშიც არაერთხელ გამოიკვეთა“ და საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, „უნიფორმული და განჭვრეტადი გახადოს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. თუ არსებული საკანონმდებლო სივრცის პირობებში ეს შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა“.

ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. „სახალხო დამცველი აღნიშნული სარჩელის განხილვის მიმდინარეობასაც განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com