მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ბათუმში 1 ჰექტარ მიწას 780 ათას ლარად უპირობოდ ყიდის – აუქციონი 

24.11.2019 • 1379
სახელმწიფო ბათუმში 1 ჰექტარ მიწას 780 ათას ლარად უპირობოდ ყიდის – აუქციონი 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთს აუქციონზე 780 ათას ლარად უპირობოდ ყიდის. სააგენტო მიუთითებს, რომ ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი, სასტუმრო კომპლექსია. თუმცა, სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის წერილით ირკვევა, რომ „ამ ნაკვეთის განვითარება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არ მოხდეს მაღალი ინტენსივობით შეჭრა არსებულ გარემოში“.

გასაყიდი ნაკვეთი შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელი], ავგიას ქუჩა N 64ა-ში მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 2000 ლარია.

განაცხადში სააგენტოს მიერ მითითებულია, რომ გასაყიდ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ობიექტი (სასმელი წყლის მილი), რომლის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს მაგისტრალური მილსადენის 10-მეტრიანი რადიუსის უსაფრთხოების ზონის დაცვა; ამასთან, აღნიშნულ ნაკვეთს იყენებს პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის  გარეშე;  გასაყიდი მიწა მდებარეობს საცხოვრებელ ზონა N3-ში და 294 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

განაცხადს თან ახლავს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის წერილი.

„ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9840 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ტერიტორია ემიჯნება ინდივიდუალური განაშენიანებით დაფარულ არეალს. გამომდინარე აქედან, მისი განვითარება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ არ მოხდეს მაღალი ინტენსივობით შეჭრა არსებულ გარემოში. ასევე, მიწის ნაკვეთის ფართობიდან გამომდინარე ტერიტორიისთვის უნდა შემუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, იმ შემთხვევაში თუ არსებობს უკვე დამტკიცებული გეგმა მთელი სოფლისთვის, ან ახალი კანონმდებლობის შესაბამისად განაშენიანების დეტალური გეგმა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის წერილში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები: „მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში“.

გასაყიდი მიწის ნაკვეთი / ფოტო აუქციონიდან

მთავარი ფოტო: გასაყიდი მიწის ნაკვეთი / ფოტო აუქციონიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: