ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანიას შუახევში 3226 კვ.მ მიწა იჯარით წელიწადში 674 ლარად გადაეცა

01.12.2019
გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანიას შუახევში 3226 კვ.მ მიწა იჯარით წელიწადში 674 ლარად გადაეცა

შუახევში, გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანია „ალტერ ენერჯის“, ჯამში 3 226 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, 4 წლის ვადით გადაეცა. მიწით სარგებლობისთვის კომპანია ყოველწლიურად 674 ლარს გადაიხდის. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთები კომპანიას გოგინაური ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სჭირდება.

შპს „ალტერ ენერჯი“ [ALTER ENERGY] 2012 წელს ბათუმში, ფრიდონ ქათამაძისა და გოდერძი ფუტკარაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილს, დღეს, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ნიდერლანდებში დაფუძნებული შპს „ფაუერ ოფ ნეიჩერი“ ფლობს. კომპანიის დირექტორია ზურაბ მერაბიშვილი [რუსეთის ფედერაცია, საქართველო].

ALTER ENERGY-ის წილები ნიდერლანდებში დაფუძნებულმა „ფაუერ ოფ ნეიჩერიმ“ 2016 წელში, 315 ათას აშშ დოლარად შეისყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით „ფაუერ ოფ ნეიჩერის“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ ოსტაპიშინია.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობას, ესკოსა [ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი] და „ალტერ ენერჯის“ შორის, შუახევში, მდინარე ტბეთისწყალსა და მდინარე მოდულისწყალზე ოქროპილაურის და გოგინაურის ჰესების მშენებლობაზე, ურთიერთგაგების მემორანდუმი 2012 წლის აგვისტოში გაფორმდა.

2014 წლის თებერვალში „ალტერ ენერჯიმ“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიიღო თანხმობა აღნიშნული ჰესების „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელზე მიერთების შესახებ. ჰესების მშენებლობაზე ნებართვა კი, გაცემული იქნა 2015 წლის ოქტომბერში.

შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის [გოგინაური ჰესის] მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2019 წლის მაისში გასცა.

ამ თემაზე:

შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

მთავარი ფოტო: გოგინაური ჰესის განთავსების ტერიტორიის სიტუაციური სქემა / წყარო: გზშ-ის დოკუმენტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: