მთავარი,სიახლეები

ვის აღარ შეიწყალებს პრეზიდენტი – ახალი წესი ძალაში შევიდა

01.12.2019 • 4288
ვის აღარ შეიწყალებს პრეზიდენტი – ახალი წესი ძალაში შევიდა

2019 წლის 26 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული შეწყალების ახალი წესი.

ამ წესის მიხედვით, იმ პირთა შეწყალების საკითხი, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წადგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე, განიხილება, თუ ისინი აკმაყოფილებენ 2014 წელს დამტკიცებული შეწყალების წესის შესაბამისი პუნქტებით დადგენილ პირობებს.

თუმცა არის გამონაკლისი – პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი.

იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც 2020 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე, განიხილება ასეთი თხოვნის ხელახლა წარმოდგენისას, ახალი წესით.

ამასთან, ამ პირთა მიმართ არ იმოქმედებს ახალი წესით დადგენილი შემდეგი შეზღუდვა: „შეწყალების საქმე საქართველოს პრეზიდენტს ხელახლა წარედგინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა შეწყალების ახალი თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.“

[red_box]ახალი წესით საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე:[/red_box]

[crosslist]

  • რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი;
  • რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
  • რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი;
  • რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
  • რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
  • რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.

[/crosslist]

ზემოთ ჩამოთვლილი მსჯავრდებულების შეწყალების საქმეს სამსახური საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.

ახალი წესის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით „იქმნება საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს სრული ინფორმაცია შეწყალების მსურველი თითოეული მსჯავრდებულის შესახებ, აგრეთვე შეწყალების საკითხზე მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება. მსჯავრდებულის შეწყალების საქმის მასალების გაცნობის მიზნით, ელექტრონულ პროგრამასთან წვდომა აქვთ ადმინისტრაციისა და სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს“. აღნიშნული პუნქტი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

შეწყალების საქმის განსახილველად წარდგენისა და სხვა პირობები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ახალი წესის დამტკიცებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის ბრძანებულება.

შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება გამონაკლისის სახით.

– – –

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობაც, რაზედაც გადაწყვეტილება პრეზიდენტს მიღებული არ აქვს. მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით შუამდგომლობით პრეზიდენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა.

ამ თემაზე:

მომეცით უფლება დავფიქრდე – ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებაზე

 

გადაბეჭდვის წესი