მთავარი,სიახლეები

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

31.10.2019 • 2911
“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის სახით და გაუჩინარდა, აღმოჩნდა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც საბანკო გარანტია გასცა, საერთოდ არ არის ბანკი.

“თქვენ აღნიშნეთ, რომ რჩევის მიცემაც კი არ შეგეძლოთ ავიზირების პროცესში და მხოლოდ ინფორმაციას გადასცემდით. როგორ მისცემდით რჩევას?” – მიმართა მოწმეს გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

“დაესვათ კითხვა და მიიღებდნენ პასუხს,” – უპასუხა ადვოკატს ოთარ გზირიშვილმა.

“როდის თქვით სიმართლე, ეს მაინტერესებდა…” – ჩაეკითხა მოწმეს ერმაკოვის ადვოკატი და მოსამართლეს მოუწოდა, მოწმისთვის ჩვენების მიცემის “წესები” განემარტა.

“ხომ ხედავთ, თქვენი გაუგებრობების გამო სად ზის ხალხი,” – დასძინა ადვოკატმა და გისოსებს მიღმა მჯდომ გიორგი ერმაკოვს გახედა.

“მე ვთქვი, ეს არ ევალებოდა ბანკს-მეთქი,” – მოკლედ თქვა “ბაზის ბანკის” იურისტმა.

“ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის” განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პატიმრობაში რჩებიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები – არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომიძე. დანარჩენი 4 ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

პროკურატურა ბრალდებულებს “იაფი სახლის” პროექტზე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება – ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი მილიონ 370 ათასი ლარია.

“ბაზის ბანკის” იურისტმა დღევანდელ პროცესზე განმარტა, რომ ავიზირების პროცესში SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან მიიღეს ინფორმაცია და მიღებული ინფორმაცია გაუგზავნეს ბათუმის მერიას.

“ამ სისტემით ვერ ისარგებლებ რეგისტრაციის გარეშე… რეგისტრაცია კი შეუძლებელია იდენტიფიკაციის გარეშე,” – თქვა მოწმე ოთარ გზირიშვილმა.

საბანკო გარანტია “კონვენტ ჯორჯიას”, რომელსაც ბათუმში “იაფი სახლი” უნდა აეშენებინა, ბრიტანეთში დაფუძნებულმა “Point Bank”-მა მისცა. “ბაზის ბანკმა” ამ გარანტიის ნამდვილობა დაადგინა.

ქართული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა პროცედურას უნდა მოიცავდეს “ავიზირება”. ბანკები, რომლებიც ავიზირებას ახდენენ, ანუ საბანკო გარანტიის ნამდვილობის დადასტურებას, საერთაშორისო ინსტრუქციებით სარგებლობენ.

“ჩვენი ვალდებულება იყო მხოლოდ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემა მხარეებისთვის… ავიზირების პროცესში ჩვენ არ ვიკვლევთ, ორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა ბანკი ერქვას, არის თუ არა ნამდვილად საფინანსო ორგანიზაცია… სხვა იქნებოდა, რომ გაგვეცა საბანკო გარანტიის დამოწმება. ამ შემთხვევაში, სხვა ვალდებულება დაგვეკისრებოდა,” – უთხრა მოწმემ მოსამართლეს. მას არ განუმარტავს, რა მიზანი აქვს ავიზირებას, თუკი წარმოდგენილი დოკუმენტით არაფერი დასტურდება. ავიზირება ბათუმის მერიის მოთხოვნით ჩატარდა და ამისთვის ტენდერში გამარჯვებულ “კონვენტ ჯორჯიას” 120 ევრო გადაუხდია.

“რა მოხდებოდა, თუკი მერია მოითხოვდა დამოწმებულ საბანკო გარანტიას?” – დაინტერესდა პროკურორი რამაზ შავაძე.

“ეს ჰიპოთეტური კითხვაა. საიდან უნდა იცოდეს მოწმემ, რა მოხდებოდა?” – ამ არგუმენტით ადვოკატმა რამინ პაპიძემ კითხვის განრიდება ითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.

“დამოწმებული გარანტია არის ცალკე საბანკო პროდუქტი, მოთხოვნა ეს არ იყო… ავიზირებისგან განსხვავებით, ეს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ გულისხმობს,” – აღნიშნა მოწმემ.

“ბაზის ბანკის” იურისტმა დღევანდელ პროცესზე ასევე თქვა, რომ Point Bank-ი რომ ნამდვილად ბანკი არ იყო, ეს “პრობლემის წარმოშობის” შემდეგ გაიგო.

“პირდაპირ ვებგვერდზე უდევს Point Bank-ს, რომ ის ბანკი არ არის და არ წარმოადგენს საბანკო ორგანიზაციას,” – დასძინა მოწმემ.

“როდის გაიგეთ ეს?” – ჩაეძია მოწმეს ტარიელ კაკაბაძე, არჩილ ვანაძის ადვოკატი.

“არ მახსოვს,” – დაბნეულობა დაეტყო მოწმეს.

“ალბათ, მაშინ, როცა პრობლემა წარმოეშვა,” – ისევ სცადა ადვოკატმა პასუხის მიღება.

“კი,” – მხოლოდ ეს თქვა მოწმემ.

“ბაზის ბანკის” წინააღმდეგ ბათუმის მერია სამოქალაქო წესით დავობს, თუმცა მესამე თვეა, სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. თუკი ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, “ბაზის ბანკს” ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუწევს.

“იმ საქმეში მე წარმოვადგენ ბანკს და ამიტომ ვიცი ამდენი დეტალი…,” – აღნიშნა დაკითხვის პროცესში “ბაზის ბანკის” იურისტმა, ოთარ გზირიშვილმა. აქვე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას, როგორც სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს, ამ სამოქალაქო დავის მიმართ ინტერესი არ აქვს.

მოწმეს მიმართა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

“მიღებული პასუხებიდან ჩანს, რომ თავად Point Bank-ი არ ამბობს, რომ ბანკია… თქვენ რატომ აიღეთ ვალდებულება, რომ ის ბანკია?” – იკითხა დავით ჩავლეიშვილმა.

“შაბლონურად შესაძლოა ჩარჩა…” – დაიწყო მოწმემ პასუხის გაცემა, თუმცა მას ბრალდებულმა გიორგი ერმაკოვმა შეაწყვეტინა სიტყვა.

“რას ნიშნავს ჩარჩა? ასე ჩავრჩით ჩვენ აქ, არ შეიძლება ასე,” – წამოიყვირა გიორგი ერმაკოვმა. მოსამართლემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ჩვენ პასუხისმგებლობა არ აგვიღია და არ დაგვიწერია, რომ იგი კომერციული ბანკია,” – დასძინა “ბაზის ბანკის” იურისტმა ერმაკოვის რეპლიკის საპასუხოდ. მან ასევე ახსენა “ტექნიკური ხარვეზი”.

“იქნებ გარკვევით გვითხრათ, ხარვეზი იყო, შეცდომა, თუ რა იყო,” – მიმართა მოწმეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ. – “უნდა ყოფილიყო თუ არა მითითებული საერთოდ ბანკი, გთხოვთ, სასამართლოს გულწრფელად უპასუხოთ”.

“შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება არ მომხდარა… უფრო დაზუსტებული ჩანაწერი გაკეთდა შემდეგ წერილში, სადაც აღარ ეწერა “ბანკი”, – თქვა მოწმე ოთარ გზირიშვილმა.

“თქვენ მიერ გაცემული 5 წერილიდან ოთხში წერია “ბანკი”… ეს სწორი იყო თუ არა?” – ისევ იკითხა ადვოკატმა.

“ამას ვერ შევაფასებ, სწორი იყო თუ არა…” – ჩაილაპარაკა მოწმემ.

მოწმის დაკითხვა გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: