ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ჭაბურღილი, რითაც ჭახათის და ხინოს უბნები წყლით მარაგდება, ახალი ნაგავსაყარის ადგილზე მოექცა

01.12.2019 • 2422
ჭაბურღილი, რითაც ჭახათის და ხინოს უბნები წყლით მარაგდება, ახალი ნაგავსაყარის ადგილზე მოექცა

ჭაბურღილი, რომლითაც სოფელ ცეცხლაურში, ჭახათისა და ხინოს უბნები სასმელი წყლით მარაგდება, იმ ტერიტორიაზე მოექცა, სადაც ახალი ნაგავსაყარი შენდება. აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ახალ ჭაბურღილს სხვა ადგილზე მოაწყობს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 145 660 ლარია გათვალისწინებული.

„ჭახათისა და ხინოს უბანი ამჟამად სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებით მარაგდება არსებული ჭაბურღილით, რომელიც განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოეწყოს ნაგავსაყრელი. სანიტარული ნორმებიდან გამომდინარე ნაგავსაყრელის ტერიტორიის ახლოს მდებარე ჭაბურღილიდან წყლის ამოტუმბვა სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის დაუშვებელია, რის გამოც ჭახათისა და ხინოს უბნისათვის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ვაწყობთ დასახლებასთან ახლოს ჭაბურღილს,“ – აღნიშნულია აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის განმარტებით ბარათში.

სოფელ ცეცხლაურში მოსაწყობი ჭაბურღილის სქემა / ფოტო პროექტიდან

ახალი ჭაბურღილის სიღრმე 100 მეტრი იქნება. ჭაბურღილიდან 60 მეტრში კი, პროექტის მიხედვით, 10,6 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება ფოლადის კონსტრუქციებზე მდგარი 20-ტონიანი ავზი [ცისტერნა]. ჭაბურღილიდან გაყვანილი იქნება პოლიეთილენის მილები; ჭაბურღილი აღიჭურვება ავტომატური მართვის სისტემით.

„ჭახათისა და ხინოს უბნისათვის წყალმომარაგება განხორციელდება სადაწნეო კოშკიდან დ63 PN-10 მმ-იანი მილის დაერთებით დასახლებულ პუნქტში უკვე არსებულ და რეაბილიტირებულ ქსელზე… სამარაგო რეზერვუარში მოეწყობა წყლის დონის განმსაზღვრელი ტუმბოს ტივტივა, რისი მეშვეობითაც დარეგულირდება რეზერვუარში წყლის დონე – გავსების შემთხვევაში ჭაბურღილის ტუმბო გაითიშება. ჭაბურღილის მოწყობისა და საცდელი ამოტუმბვების შემდეგ დადგინდება მისი ზუსტი დებიტი.“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ახალი ჭაბურღილის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს შეწყდება. სამუშაოები, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2 თვეში უნდა შესრულდეს.


შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ დროულად ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლების განმავლობაში ვალდებულების საკომისიოს იხდიდა.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყარის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაგავსაყარის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: