მთავარი,სიახლეები

რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

26.01.2018 • 3192
რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

ბათუმის ბიზნესინკუბატორში ერთი ოთახი ახლაც დაკეტილია. ოთახი ბიზნესმენისთვის არის განკუთვნილი, რომელიც არ გამოჩნდა.

ოფიციალური ჩანაწერებით, ბიზნესინკუბატორი დამწყებ ბიზნესმენებს ეხმარება საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების მოძიებაში. აქ ბიზნესმენს შეუძლია სამუშაო ტექნიკით აღჭურვილ ფართობში [20 კვადრატული მეტრი] თვიურად მხოლოდ 150 ამერიკული დოლარი გადაიხადოს საწევროს სახით. ბიზნესინკუბატორი ბათუმში 2009 წლიდან მუშაობს, თუმცა მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკურენცია ინკუბატორში მოხვედრაზე არასდროს ყოფილა.

„ისე მიჩვეული ვართ აქაურობას, არსად არ გვინდა წასვლა,“ – გვითხრა ბიზნესმენმა ნოდარ მესხმა. იგი სამშენებლო კომპანია „7 STAR”-ის  დამფუძნებელია. ეს კომპანია 2015 წლიდან ბიზნესინკუბატორშია განთავსებული. ბიზნესინკუბატორის წესების თანახმად, კომპანიის ინკუბატორში ყოფნის მაქსიმალური ვადა ორი წელია. ინკუბატორის პირობები ბიზნესის განვითარების ცენტრის ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული [2013 წლიდან ინკუბატორის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა და მას ბიზნესის განვითარების ცენტრი დაარქვეს].

„ეს ორი წელი პანაცეა არ არის. ოფისის და ადგილმდებარეობის შეცვლა ერთ-ერთი ისეთი კრიტერიუმია, რომელიც ბიზნესორგანიზაციას დარტყმას აყენებს… როცა მაქვს თავისუფალი ადგილი, არ იქნება სწორი ბიზნესმენს ვუთხრა, გინდა თუ არა გადი-მეთქი,“ – გვიყვება კახა შავაძე.  იგი 2009 წლიდან ანუ ბიზნესინკუბატორის დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ბიზნესინკუბატორი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

რატომ არ ინტერესდება დამწყები ბიზნესი ბათუმში ინკუბატორში მოხვედრით, სადაც მას შეღავათიან ფასად ფართობის დაკავების გარდა სხვადასხვა მიმართულებით უფასო კონსულტაციების მიღება და ტრენინგების გავლა შეუძლია? – კახა შავაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

„ბიზნესის დაწყება არაა პატარა გადაწყვეტილება. ამას სჭირდება არა მხოლოდ სასტარტო ფული, არამედ მეწარმის სული ადამიანში. პირველი ორი და სამი წელი არის ძალიან რთული, თუ ადამიანი ამისთვის არ არის მზად, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად….“

თავისუფალი ფართობი ბიზნესინკუბატორში

ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამწყებ ბიზნესმენებზე მეტად „ნაპოლეონის იდეებით შეპყრობილი ადამიანები უფრო გვყავს.“ ჩვენთან საუბრის დროს იგი სხვადასხვა დამწყებ ბიზნესმენს იხსენებს, ვისთვისაც საწევროს ფასი  არ იყო მისაღები, ან შეთავაზებული ფართობი ეპატარავებოდათ.

ბიზნესინკუბატორში ბოლო ორი წელია საწევროს გადასახადი 150 დოლარია. 2009 წლიდან 7 წლის განმავლობაში საწევროს ფასი 225 დოლარი იყო. საფასურში შედის კომუნალური გადასახადებიც.

„კარგი შეღავათია, ეს ხარჯი მოგვაკლდა. ეს არის ყველაზე დიდი პლუსი. ახლა ეს ფართობი აღარაა საკმარისი. გვინდა განვვითარდეთ, ვნახოთ. როცა გავიზრდებით, გადავალთ,“ – გვითხრა ინკუბატორში მყოფმა ბიზნესმენმა, ნოდარ მესხმა.

ინკუბატორი რამდენიმე თვის წინ დაიკავა შპს-მ „ნინო და გერონტი“. ნინო მასალკინას სამკერვალო და ატელიე აქვს მოწყობილი ბიზნესინკუბატორში.

„მნიშვნელოვანია ასეთი ადგილების არსებობა. დამწყებ, ახალგაზრდა ბიზნესს ისედაც ბევრი რისკი აქვს. როგორც ვიცი, ორი წელია აქ ყოფნის დრო და ამ პერიოდს ალბათ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რადგან არა მგონია, ასეთი კარგი პირობები სხვაგან ვიპოვოთ,“ – ამბობს ნინო მასალკინა.

ბათუმის ბიზნესინკუბატორში სულ 10 ბიზნესორგანიზაციისთვის არის სამუშაო გარემო, აქედან ამ დროისთვის დაკავებულია ცხრა. ინკუბატორის ხელმძღვანელის, კახა შავაძის თქმით, 2009 წლიდან დღემდე ჯამში 40 კომპანია იმყოფებოდა ინკუბატორში.

„არის წარმატებული მაგალითებიც და პირიქით,“ – გვიყვება კახა შავაძე. – „იყო ტურისტული კომპანია, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ერთ წელიწადში იმდენს მიაღწია, რომ აქ ვეღარ ეტეოდა. იყო შემთხვევაც, როცა ბიჭები აუდიტორულ შემოწმებაზე ახორციელებდნენ მომსახურებას და კლიენტებმა დაასაქმეს საკუთარ კომპანიებში ფინანსურ დირექტორებად, ანუ ცალკე კომპანიის სახით აღარ გაუგრძელებიათ საქმიანობა. ჩვენი თვითმიზანი არ არის, მათ საქმიანობაში ჩავიხედოთ და გავიგოთ, როგორ განაგრძეს მუშაობა. ჩვენი მონაცემებით, კომპანიების დაახლოებით 70-80 პროცენტი აგრძელებს აქ დაწყებულ საქმიანობას.“

ბიზნესინკუბატორს ყოველწლიურად აფინანსებს ევროკავშირი გაეროს განვითარების პროგრამის საშუალებით. ინკუბატორისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 70 ათასი ლარი დაიხარჯება. ინკუბატორი აჭარაში შეიქმნა, როგორც საპილოტე პროექტი. მაშინ გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტების ხელმძღვანელი ლაშა კომახიძე იყო. ლაშა კომახიძე ამჟამად ბათუმის მერია და იგი ხშირად ამაყობს იმით, რომ წარმატებული პროექტის ინიციატორი იყო.

მარცხნიდან პირველი კახა შავაძე, ლაშა კომახიძესთან ერთად

თუკი გაამართლა ბიზნესინკუბატორის საპილოტე პროექტმა, რატომ რჩება იქ თავისუფალი ადგილები და რატომ არ მოეწყო ბათუმის მსგავსი ინკუბატორები საქართველოს სხვა ქალაქებში?

„თუ არ ვცდები, თბილისში გახსნეს ორი ინკუბატორი ამავე პრინციპით… გარდა ამისა, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ბათუმში, სადაც ინკუბაცია ერთ-ერთი კომპონენტია. მანამდე იყო მხოლოდ ვირტუალური, დისტანციური კონსულტაციები, რამაც არ გაამართლა,“ – განმარტავს კახა შავაძე. მას არ აქვს ვერსია, რის გამო რჩება თავისუფალი ადგილები ინკუბატორში, თუკი ბიზნესს ეს ნამდვილად სჭირდება.

„დღეს ინკუბატორი არის ზედმეტი ტვირთი ნებისმიერისთვის, ვინც ამას გააკეთებს,“ – მიიჩნევს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი, ტიტე აროშიძე. მისი აზრით, ამ ეტაპზე დამწყებ ბიზნესს ინკუბატორის საჭიროება არ აქვს, რადგან ბაზარი გაჯერებული არ არის და ბიზნესმენი ნაკლებადაა განვითარებაზე ორიენტირებული.

„ბიზნესინკუბატორში 30 პროცენტი ფართობი თავისუფალი რჩება იმიტომ, რომ ბიზნესი ვერ ხედავს, რა იქნება ინკუბაციის გავლის მერე. დღეს ბიზნესორგანიზაციასთან რომ მიხვიდე და უთხრა, უფასოდ გაგიკეთებ მარკეტინგულ კვლევასო, გეტყვის, რომ მას ეს არ სჭირდება. მისთვის მარტივია ბაზარი: ყიდულობ და ყიდი. პრობლემა შეიქმნება მაშინ და განვითარებაზე ფიქრიც, როცა ბიზნესმენი დაინახავს, რომ რასაც ყიდულობს, იმას იოლად ვეღარ ყიდის. ბიზნესინკუბატორების საჭიროება აუცილებლად იქნება ხვალ,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

ბიზნესის განვითარების ხედვის სირთულეზე გვითხრა კახა შავაძემაც, ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელმა:

„ჩვენ ვცადეთ, ტრენინგების ნაწილი ყოფილიყო ნაწილობრივ ფასიანი, მაგრამ ამაზე არავინ წამოვიდა. დონორების სურვილი იყო, რომ ბიზნესმენებს ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა, რომ უფასო მხოლოდ სათაგურში ყველია…“

ბიზნესინკუბატორი ბათუმში /25.01.2018/

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: