მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს

30.11.2019 • 3521
ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს

ნოემბრის ბოლოს, როცა ზღვის სეზონი უკვე დასრულებულია და პლაჟზე გასარუჯად არავინ იჩქარის, აჭარაში მაინც ცას უყურებენ და ნატრობენ, ნეტავ უქმე დღეებს მზიანი ამინდი დაემთხვასო. მიზეზი ციტრუსის კრეფის სეზონია, ე.წ. „ნარინჯისფერი რთველი“ ან „მანდარინობა“, რომელიც შემოდგომის მიწურულს იმართება, როცა ციტრუსი ყვითლდება, ტკბება და ყველგან მისი სურნელი ტრიალებს.

მანდარინის ბაღი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ამ დროს აჭარაში, მანდარინის ბაღში თუ ყოფილხართ, არასოდეს დაგავიწყდებათ ციტრუსის სუსხიანი, თავმბრუდამხვევი სურნელი, ყვითელი ნაყოფისგან დამძიმებული მწვანე ტოტები, შემოდგომის სუსტი, თბილი მზე სახეზე, მანდარინით სავსე კალათები და ხმა, თუ როგორ ყრიან დაკრეფილ ციტრუსს კალათებსა და ვედროებში.

თუ არ იცით რა არის „ნარინჯისფერი რთველი“ აჭარაში, გირჩევთ, ეს დღეები შეიტანოთ თქვენს კალენდარში, როგორც კიდევ ერთი ტურისტული ღირშესანიშნაობა, რომელიც აჭარის მრავალფეროვნებას გაგაცნობთ.

ციტრუსი აჭარის დაბლობში მოდის, თუმცა ეს პერიოდი ყველაზე გამორჩეულად მაინც ქობულეთის მუნიციპალიტეტში იგრძნობა, სადაც ციტრუსის ყველაზე დიდი ბაღებია გაშენებული. ძველი ქობულეთური გამოთქმაც კი არსებობს – “მანდარინობაზე პატივს გეცემი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ქობულეთელი გლეხებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო მანდარინი იყო, ამ პერიოდში ძლიერდებოდა გლეხი ფინანსურად და შეეძლო სამაგიერო კეთილად გადაეხადა დავალებული ადამიანისთვის. ბევრისთვის ეს დღემდე ასეა.

 

ციტრუსის კრეფა მხოლოდ შრომა არ არის. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ნადიც და იმ ნათესავების სტუმრობაც, რომელთაც მანდარინის ბაღი არ აქვთ, მაგრამ მანდარინის კრეფაში მონაწილეობის მიღება ახალისებთ. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება ამ აქტივობით, საგანგებოდ პოულობენ ოჯახებს, რომელთაც ციტრუსის ბაღი აქვთ და დახმარებას სთავაზობენ. შეგიძლიათ ამ ხერხს მიმართოთ თქვენც, ან კიდევ ეწვიოთ ქობულეთის ან ხელვაჩაურის იმ სოფლებს, სადაც საოჯახო სასტუმროში შეძლებთ გაჩერებას. სოფელში იოლად მიგასწავლიან ოჯახს, რომელსაც შეგიძლიათ რთველში მონაწილეობა შესთავაზოთ. გარწმუნებთ, ციტრუსის კრეფაში დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით.

 

მაშ ასე, ციტრუსის კრეფაში რომ ჩაებათ, დაგჭირდებათ:

[checklist]

  • მაკრატელი, ე.წ. „სეკატორი“
  • მოზრდილი ჭურჭელი დაკრეფილი ციტრუსისათვის
  • მოხერხებული ფეხსაცმელი

[/checklist]

შესაძლოა, ხელთათმანიც დაგჭირდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მალევე წაიძრობთ ხელიდან, რომ მანდარინი უფრო მოხერხებულად გაფცქვნათ და გემო გაუსინჯოთ.

ციტრუსის კრეფა რთული სულაც არ არის, ნაყოფი ყუნწს ზემოთ უნდა მოჭრათ და სულ ეს არის.

მანდარინის ბაღი სოფელ სალიბაურში

მთავარი გამოწვევა ციტრუსის კრეფისას ისაა, რომ ზედმეტად ბევრი მანდარინი არ ჭამოთ. მართალია, C ვიტამინი ორგანიზმს რგებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ზედმეტი არაფერი ვარგა, არადა ცდუნება დიდია, ფიქრობ, რომ აი, ეს მანდარინი, ამ წამს რომ მოწყვიტე ხეს, ნამდვილად ძალიან ტკბილი და წყლიანი იქნება, ის კიდევ უფრო… კი, ნამდვილად ძნელია გაუძლო ცდუნებას.

„ნარინჯისფერ რთველს“ აჭარაში თუნდაც იმიტომ უნდა დაესწროთ, რომ ციტრუსის ბაღები აჭარის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია. სხვა დროს უბრალოდ ვერ ნახავთ ამ სურათს: ფერდობზე გაშენებულ ციტრუსის მარადმწვანე ხეებზე ყვითელი ნაყოფი ბრდღვიალებს, ცა ლურჯია, ჰორიზონტზე ზღვა ჩანს… ეს უბრალოდ უნდა ნახოთ, დაიმახსოვროთ პეიზაჟები და ღრმად ჩაისუნთქოთ ციტრუსის სუნით გაჯერებული ჰაერი.

ფოტო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფოტო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ციტრუსის მოყვანას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ეს სუპტროპიკული, მარადმწვანე მცენარე  აჭარაში XX საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა, აჭარის დაბლობის კლიმატს იდეალურად მოერგო და მოსახლეობამ მისი გაშენება მასიურად დაიწყო. აჭარაში ნახავთ ციტრუსის ბაღებს, რომელშიც ყოველწლიურად 10-15 ტონა ციტრუსს კრეფენ.

ბათუმური წესით მომზადებული ყავა აჭარაში ყველა დღის განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, „ნარინჯისფერ რთველშიც“ მოგართმევენ. ამ დროს გეჩვენება, რომ ყავასაც კი ციტრუსის სურნელი აქვს.

თუ გაგიმართლათ და თქვენს მასპინძლებს მანდარინის არაყიც აღმოაჩნდათ, არ თქვათ უარი ამ ცეცხლოვან სასმელზე. ერთი ყლუპი მანდარინის არაყი გაგათბობთ, მუშაობის ხალისს გაგიღვივებთ და დღე კიდევ უფრო მხიარულად ჩაივლის.

მერე კი, მოგონება ნოემბრის იმ დღეზე, აჭარაში, ციტრუსის მწვანე ბაღში რომ გაატარეთ, ზამთრის ცივ დღეებს ნარინჯისფერი შუქით გაანათებს.

ხედი მანდარინის ბაღიდან

____________

მთავარ ფოტოზე: ციტრუსის კრეფა. ფოტო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: