მთავარი,სიახლეები

ჩაქვში, 2 ადგილზე, სანიაღვრე ჭა მოწყობილია დაგებულ ფილებზე მაღლა – აუდიტი

09.12.2019 • 1507
ჩაქვში, 2 ადგილზე, სანიაღვრე ჭა მოწყობილია დაგებულ ფილებზე მაღლა – აუდიტი

აუდიტის სამსახურის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში აღმოჩენილია მთელი რიგი შეუსაბამობები და დარღვევები. სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა, რეზო ხარაზმა მიაწოდა ჟურნალისტებს, წერია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლენილია შემდეგი დარღვევები:

„2018 წელს შპს „ნინიმ“ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ვერბალ გრუპს“ 238 ათას ლარზე, ანუ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან შედარებით 21 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე… აღნიშნული კომპანია მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია ტენდერის გამოცხადებამდე 28 დღით ადრე. შესაბამისად, მას ბეტონის სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ ჰქონდა. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გამოვლინდა, რომ მოწყობილი ბეტონის საფარი უსწორმასწოროა, ფორიანია და სხვადასხვა მონაკვეთზე აღენიშნება ბზარები“.

მერიის ინფორმაციით, გზის ზოგიერთ დაზიანებულ მონაკვეთზე ხელახლა დაიგო ბეტონი, თუმცა „აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, თუ რამდენად საკმარისია მერიის რეაგირება, რადგან შესაბამისი ექსპერტიზა არ არის ჩატარებული და შესაძლოა ბეტონის გზა ისევ დაზიანდეს“.

აუდიტის ჯგუფის მიერ ასევე გამოვლენილია დარღვევები სანიაღვრე არხებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის დროს.

„2019 წლის ივლისში აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა გელაურისა და კარიერის უბანში ფილებით მოწყობილი გზა, რომელიც ზოგიერთ მონაკვეთზე დაზიანებულია. ასევე, ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩის 34 და 38 კორპუსებს შორის ეზოში, 2 ადგილზე, სანიაღვრე ჭა მოწყობილია დაგებული ფილების ნიშნულთან შედარებით უფრო მაღლა, რის გამოც, წვიმის წყალი საკმარისად არ ჩადის სანიაღვრეში და გროვდება ეზოს ტერიტორიაზე“.

დარღვევებია გამოვლენილი ქობულეთის ნაპირსამაგრ ზოლში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებითაც. „საფეხურიანი ბეტონის ბლოკები დაზიანებულია და უსწორმასწოროდ არის დალაგებული. მერიამ ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და მიმწოდებელს აუნაზღაურა თანხა.

„სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 079 900 ლარია. მერიამ ჩაიბარა 1 001 200 ლარის სამუშაო, მიმწოდებელს აუნაზღაურა 951 200 ლარი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად“, – ამბობს აუდიტი.

აუდიტის მოკვლევის მიხედვით, 2018 წელს „მუნიციპალიტეტმა წლის ბოლომდე ვერ აითვისა აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერი. კერძოდ, წლის ბოლომდე ვერ დაიხარჯა ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები“.

ამავე მოკვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წლის ბიუჯეტი არ იყო შედგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად: „არ მოიცავს ისეთ პროგრამებსა და ქვეპროგრამების მიზნებს, მოსალოდნელ საბოლოო შედეგსა და პროგრამის საბოლოო შედეგის ინდიკატორებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის, განათლების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები და ქვეპროგრამები“.

აუდიტი წერს, რომ „მსგავსი ხარვეზები წინა აუდიტის დროსაც გამოვლინდა, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა მაინც არ გაითვალისწინა არსებული გარემოება“.

აუდიტის დასკვნა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. „ეს არის აუდიტს მიგნებები, რომელიც მუშავდება და გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს, საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დოკუმენტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში.

მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: