14 წლის ბიჭმა ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში შშმ პირთა სათნოების სახლისთვის

გიორგი ვენკო თოთხმეტი წლისაა, ლევან ვენკო კი – თორმეტის. გარდა იმისა, რომ ძმები არიან, მათ ერთი დიდი საერთო აქვთ – ორივე ქველმოქმედია. გიორგისა და ლევანს დედა ქართველი ჰყავთ, მამა – ჰოლანდიელი და ჰოლანდიაში ცხოვრობენ.

მას შემდეგ, რაც დედისგან გიორგიმ კახეთში „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ შეიტყო, 12 წლის ბიჭმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია მოაწყო, კონცერტი გამართა და ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა. ამ თანხით მან სათნოების სახლს წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა. ამის შემდეგ სათნოების სახლში კიდევ 25 ადამიანის განთავსების საშუალება გაჩნდა.

„ბროწლიანის სათნოების სახლის“ არასახარბიელო მდგომარეობის გამო 2017 წლის 21 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციითაც მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ საჭირო ღონისძიებები გაეტარებინა იქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

გიორგი ვენკო. / გოგა ჩანადირის ფოტო

14 წლის გიორგი ვენკოს საქველმოქმედო ფონდიც აქვს შექმნილი – ,,დავეხმაროთ საქართველოს“. ფონდი სამომავლოდ სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციას გეგმავს. გიორგის ძმა, ლევან ვენკო კი, წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

ვენკოების ოჯახის შესახებ დღეს ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„ბროწლიანის სათნოების სახლი” რეაბილიტაციამდე

 

ბროწლიანის სათნოების სახლი რეაბილიტაციის შემდეგ

წნორში ვიყავი ამ ზაფხულს, იქვეა ბროწლიანი, სადაც თავშესაფრის მძიმე პირობებში ცხოვრობდა 25 შშმ პირი. ბროწლიანს წლების მანძილზე არ ჰქონდა წყალი, დიდ შენობას კი – სახურავი. ვენკოების ოჯახი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდის. წელსაც გიორგი ბროწლიანში დამხვდა და ეს ამბებიც იქ გავიგე, ვესაუბრე დედამისს და ასე გავიცანი ოჯახი. დიდი ხანი მინდოდა ამაზე დამეწერა. ვენკოები ოქტომბერში აპირებენ ისევ ჩამოსვლას და ახალ საქველმოქმედო აქციებსაც გეგმავენ“, – ამბობს გოგა ჩანადირი.

გიორგი და ლევან ვენკოების დედა, თიკა სვანიძე-ვენკო ჰოლანდიაში ,,ფონდი ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელია და  მსოფლიოში ქართული დიასპორების გაერთიანების პროექტებზე მუშაობს. გაერთიანების მიზანი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდება და ოკუპაციის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ სადისკუსიო სივრცის შექმნაა რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

ბროწლიანის რეაბილიტირებული სათნოების სახლის გახსნა

ფოტო: თიკა სვანიძე-ვენკოს ფეისბუქგვერდიდან

კომპანიამ კორპუსი ააშენა და ადგილს პარკინგისთვის მერიას სთხოვს

შპს „ლუნა ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროსთან ახლოს მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დაასრულა და მიმდებარე ტერიტორიას [177 კვ.მ] პარკინგის მოსაწყობად ითხოვს. კომპანიამ ამ ნაკვეთის გამოსყიდვისთვის საჭირო პროცედურის დასაწყებად ქობულეთის მერიას მიმართა.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „ლუნა ბილდინგს“ ცხრასართულიანი სახლი 880 კვადრატულ მეტრზე აუშენებია. „ტექნიკური პასპორტის მიხედვით კი, სარგებლობაში 1057 კვადრატულ მეტრს ფლობს“, –  ნათქვამია ოქმში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული დაზუსტებული ფართობი 880 კვადრატული მეტრია. სიმართლეს არც სართულიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეესაბამება, ოქმში ცხრა სართულზეა საუბარი, სინამდვილეში კი 12 სართულია აშენებული.

ფოტო: კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

ოქმის მიხედვით, კომპანიამ მუნიციპალიტეტს შეატყობინა, რომ პარკინგის ადგილის არარსებობა პრობლემას უქმნის როგორც ამ სახლის ბინების მესაკუთრეებს, ასევე, ქობულეთში ჩამოსულ დამსვენებელს. სახლის მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას კი, ეს საკითხი არავინ გაითვალისწინა – არც მშენებელმა და არც ნებართვის გამცემმა, ანუ ქობულეთის მერიამ. ხარვეზის გამოსწორებას კომპანია ახლა ცდილობს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადგილზე პარკინგის მოწყობამ შესაძლოა სხვას შეუქმნას პრობლემები.

იმავე ტერიტორიას ითხოვს მოქალაქე ნუნუ ევგენიძეც, ნაკვეთის შესყიდვა მას იმ მიზნით სურს, რომ ზღვაზე გასასვლელი არ ჩაიკეტოს.

კომისიამ საკითხზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ნაკვეთს საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანს, შემდეგ კი მას უპირობო ელექტრონული აუქციონით გაასხვისებს.

რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი მშენებლობისთვის „ლუნა ბილდინგს“ ადგილობრივი მოსახლეობისგან იმ პირობით შეუძენია, რომ აქ აშენებულ მრავალბინიან სახლში ფართობებს გადასცემდა. ახალი სახლი ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. კომპანიას უკრაინის მოქალაქე ფლობს, ხოლო დირექტორის თანამდებობაზე არჩილ მიქაძე ფიქსირდება.

მთავარი ფოტო კომპანიის FB-გვერდიდან

3 კორპუსი 26 დაბალი კოტეჯის ნაცვლად – ალიანსი ქობულეთში პროექტს ცვლის 

ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, ზღვის პირველ ზოლში, შპს „ალიანსი“ აუქციონით შეძენილ მიწის ნაკვეთზე უკვე შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებას ითხოვს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცვლილება ორსართულიანი 26 კოტეჯის ნაცვლად სამი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. შენობებს შორის დაშორება 50 მეტრი იქნება.

მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერიას ორი მაღლივი შენობის მშენებლობა უკვე შეთანხმებული აქვს და ახლა მესამე – 31-სართულიან შენობაზე შეთანხმებას ითხოვს.

26 213 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქობულეთში, აღმაშენებლის #291-ში, ზღვასთან ახლოს შპს „ქობულეთი ალიანსმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პირობადებულ აუქციონზე 1 მილიონ 468 ათას 500 ლარად იყიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ უნდა ააშენოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა, რომელშიც უნდა განთავსდეს არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო, სპაცენტრი, ბავშვთა გასართობი სივრცე, ღია სპორტულ მოედანი, კვების და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები.

რა პრობლემებზე საუბრობენ შშმ ბავშვების მშობლები

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისა და მოზარდების მშობლებს აჭარის ჯანდაცვისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შეხვდნენ. მშობლებმა იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლებიც აუცილებელია მათი შვილების განვითარებისთვის. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ არ მიეწოდებათ სათანადოდ ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით, რითაც მათი შშმ შვილები უნდა სარგებლობდნენ.

„ბათუმელებმა“ 2019 წლის 14 მაისს რვა წლის ანეტა ბოლქვაძისა და 14 წლის ლუკა მახარაძის შესახებ დაწერა, ისინი სმენისარმქონე ბავშვები არიან, არ ფლობენ ჟესტურ ენას, რის გამოც არ აქვთ წვდომა განათლებაზე. შეხვედრას ესწრებოდა ანეტას მამიდა იზო ბოლქვაძე, რომელმაც თქვა, რომ ამ ხნის მანძილზე არაფერი გააკეთა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებმა იმისთვის, რომ ანეტას სმენის ხარისხი გაუმჯობესებულიყო და მას შესაძლობლობა ჰქონოდა, სკოლაში ესწავლა. ის და სხვა სმენისარმქონე მოზარდების მშობლები სამინისტროს სთხოვენ, დააფინანსონ მშობლებისთვის ჟესტური ენის კურსი, რაც მათ შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, მშობლებს უთხრა, რომ მათ სურვილს 2020 წლისთვის ვერ გაითვალისწინებენ, რადგან მომავალი წლის პრიორიტეტები სამინისტრომ უკვე გაწერა.

„თქვენ არ მოგიმართავთ წერილობით“ – უთხრა მან მშობლებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი მშობლის განცხადებაა საჭირო, რომ შშმ ბავშვების მშობლების მოთხოვნა პრიორიტეტად მიიჩნიოს სამინისტრომ? – ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ამისთვის ერთი განცხადებაც საკმარისია.

შშმ ბავშვების მშობლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათი შვილების საჭიროებებზეც საუბრობენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი თომა კაკაბაძე, რომელმაც მშობლებს უთხრა, რომ მათი სახელით ორგანიზაცია შეიტანდა ერთობლივ განცხადებას სამინისტროში.

შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინდირა ნაკაშიძემ  განაცხადა, რომ ჟესტური ენის სწავლება განათლების კომპონენტია, ამიტომ ამ საკითხით განათლების სამინისტრო უნდა დაინტერესდეს.

მოგვიანებით, მერიის წარმომადგენელმა მშობლებს უთხრა, რომ 2020 წლისთვის ბათუმის მერია აპირებს საპილოტე პროგრამის სახით ჟესტური ენის კურსის დაფინანსებას დაახლოებით 15 ადამიანისთვის. შეხვედრაზე არ დაუკონკრეტებიათ, ამ პროგრამაში მონაწილეობა ერთი ოჯახიდან ერთ წევრს შეეძლება თუ მეტს, ან როგორ შეარჩევენ მონაწილეებს.

„ჩვენ ვერც სოციალური მომსახურების სამსახური დაგვეხმარა და ვერც სხვა პროგრამები. აქამდე ბავშვი ფორმალურად იჯდა გაკვეთილზე, რადგან სკოლას სპეციალისტები არ ჰყავს. ვითხოვთ, რაიმე გააკეთოს სახელმწიფომ ანეტასთვის, რომ სკოლაში იაროს. ბავშვს ძალიან უნდა სკოლაში ყოფნა და სწავლა“, – ამბობს ბავშვის მამიდა, იზო ბოლქვაძე.

მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელმა ლალი ჯაფარიძემ მშობელს ურჩია, რომ ანეტა მის სკოლაში მიიყვანონ. „ჟესტური ენის მასწავლებელი იქნება, სმენისა თუ მეტყველების თერაპევტი, დამატებით აუცილებლად გამოყოფენ და სახელმწიფო გადაიხდის ამისთვის ანაზღაურებას“.

შეხვედრა „ჰილტონში“ შშმ ბავშვების მშობლებთან

ანეტას სმენის აპარატი აქვს, თუმცა მას ვერ იყენებს. „ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას სმენაპროთეზირებული ბავშვებისთვის, ამიტომ კარგი იქნება, თუ ანეტა ბოლქვაძე ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში“, – ამბობს ინდირა ნაკაშიძე. პროგრამის შესახებ მშობელი ინფორმირებული არ იყო.

შეხვედრაზე ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა ლეილა დიასამიძემ სმენის აპარატებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა. მშობლის თქმით, აპარატს სამი ელემენტი სჭირდება, რომელიც ცოტა ხანი ძლებს. „200 ლარი მაინც სჭირდება მარტო ამ ელემენტებს თვეში, სმენის ყველა რეგულირებაზე 100 დოლარს ვიხდი, შესაცვლელია პროცესორიც. კარგი იქნება, თუ ამ თანხებს გაითვალისწინებენ პროგრამაში,“ – ამბობს მშობელი.

მშობლის ხათუნა ზოიძის თქმით, შშმ ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხელშეწყობის მიუხედავად, მაინც ყოველდღიურად აწყდებიან პრობლემებს, ერთ-ერთია თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც შშმ ბავშვებს არ სთავაზობს განსხვავებულ სერვისს  მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

„ჩვენი აზრით, ეს სრულად უნდა ფინანსდებოდეს, რადგან ისინიც ისეთივე დაფინანსებას იღებენ, რასაც ჩვენ. პრობლემაა ვარჯიშების ვაუჩერებიც. წელიწადში მხოლოდ შვიდი ვაუჩერი ცოტაა, არასაკმარისია შშმ ბავშვისთვის და მშობლებს გვიწევს დამატებითი ხარჯების გაწევა, რაც ყველას არ აქვს. ჩვენი თხოვნაა, რომ ამ ბავშვებისთვის შესაძლებელი იყოს თვეში ათდღიანი კურსის დაფინანსება“.

ერთ-ერთმა მშობელმა ყურადღება გაამახვილა ეტლის პრობლემაც. მისი თქმით, ეტლები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ბავშვებს, სტანდარტულია და არ არის გათვალისწინებული ბავშვის ასაკი.

„11 წლის ბავშვიც ისეთ ეტლში ზის, როგორშიც 18 წლის. ეტლში მუდმივად ჯდომის გამო ბავშვებს ისედაც ექმნებათ ხერხემლის პრობლემები. როცა ეტლი არ არის მათ ასაკს მორგებული, დამატებით პრობლემები იქმნება – სხეული არასწორად ვითარდება. სამი თვეა შეტანილი მაქვს განცხადება მერიაში თანადაფინანსებაზე და პასუხი ვერ მივიღე“, – ამბობს ხათუნა ზოიძე.

მისი თქმით, სახელმწიფო აუცილებლად უნდა ზრუნავდეს შშმ ბავშვების მშობლების დასაქმებაზეც. „დედების უმრავლესობა ვერ ვმუშაობთ, რადგან ვერ ვტოვებთ შვილებს. არის რეაბილიტაციის ცენტრები, მაგრამ იქ არასაკმარისი დროა და სამუშაოზე ვერ გახვალ. ამიტომ უარის თქმა გვიწევს პროფესიაზე, სამსახურზე… ჩვენც გვინდა საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომ ავყვეთ საზოგადოებრივ ცხოვრებას“.

მშობლებმა განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც ისაუბრეს, რომელიც, მატი თქმით, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს.

ნინო ნიჟარაძის თქმით, სამინისტრო შეეცდება, მომავალი წლისთვის ჰქონდეს გაუმჯობესებული პროგრამა და ის ხარვეზები, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, გამოსწორდეს.

ამავე თემაზე:

 

ანეტა და ლუკა სკოლაში ვერ დადიან – სმენისარმქონე ბავშვები განათლების გარეშე

 

კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსის გამარჯვებულია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ გუშინ, 23 სექტემბერს, გამოსცა განჩინება, რის საფუძველზეც შეაჩერა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული მეოთხე კონკურსი. ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ, უჩივლა სასამართლოში.

სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი აქამდე სამჯერ გამოაცხადა. გიორგი კოხრეიძემ პირველ ორ კონკურსში 0 ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ერთი ხმის საჭიროებას ადგენს.

გიორგი კოხრეიძემ სასამართლოს მიმართა და საბჭოს მიერ 25 აგვისტოს მეოთხედ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება ითხოვა. ამავე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მრჩეველთა საბჭოს მესამე კონკურსის გამარჯვებულად გიორგი კოხრეიძე გამოაცხადოს.

სარჩელის თანახმად, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ მესამე კონკურსის დროს სხდომაზე მყოფი საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა სწორედ მან მოიპოვა. 22 აგვისტოს გამართულ სხდომას საბჭოს ოთხი წევრი ესწრებოდა, მათგან ერთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, სხვა სამ წევრთაგან ორმა კი სწორედ მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

სასამართლომ გიორგი კოხრეიძის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დაავალდებულა: „შეჩერდეს 2019 წლის 25 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების #01-01/19 [მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი], მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე“.

მეოთხედ გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება 26 აგვისტოს დაიწყო და დღეს, 24 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან ოთხს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს გასდის. შესაბამისად, საბჭო დღეს მოქმედი შემადგენლობით ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს ვეღარ აირჩევს.

ბათუმის აეროპორტში 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს.

„პოლიციამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტრომ დღეს ასევე გამოაქვეყნა მონაცემები 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე უწყების მიერ ქვეყნის მასშტაბით ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის შესახებ: „25 კილოგრამი “ჰეროინი”, 1 კილო და 950 გრამი “კოკაინი”, 11 600 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 4000 აბზე მეტი “ექსტაზი”, 9 კილო და 600 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები“.

ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოს პორტებში – პროექტს აშშ-ის საელჩო აფინანსებს

საქართველოს საზღვაო პორტებში ერთი ფანჯრის პრინციპის დასანერგად მუშაობა იწყება. დღეისათვის საქართველოს ნავსადგურებში გემებისა და ტვირთების მიღება/გაფორმებას რამდენიმე უწყებასთან კონტაქტი და დრო სჭირდება. ახალი პროექტის მიხედვით კი ყველაფერი ციფრულ ფორმატში გადავა და გაიოლდება.

„ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა საქართველოს პორტებში, პირველ რიგში, შეამცირებს გემების მოცდის დროის მაჩვენებელს, გაზრდის ჩვენი პორტების ეფექტურობას და ტვირთნაკადებს ჩვენს ნავსადგურებში. გემთმფლობელებს აღარ მოუწევთ დღეებით ლოდინი, თუ როდის მიიღებენ გარკვეული უწყებები გადაწყვეტილებას,“ –  ამბობს ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

ამ ეტაპზე გემებს საქართველოს ნავსადგურებში შემოსასვლელად რამდენიმე უწყების (საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტო, სანაპირო დაცვა, შემოსავლების სამსახური, გარემოს დაცვის სამინისტრო) ნებართვა, შესაბამისად, ამ უწყებებთან ცალ-ცალკე კონტაქტი სჭირდებათ. ცვლილების შემდეგ, ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეში გაფორმდება.

საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული კონტეინერების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტურად იმუშაონ.

„ვსაუბრობთ ტვირთებზე, რომელიც არის განკუთვნილი რეექსპორტისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს რეგიონული ჰაბის ფუნქცია და ჩვენ ამ ფუნქციას ვერ შევასრულებთ, თუ  დღეები დაგვჭირდება გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ტიპის გემებისთვის უმნიშვნელოვანესია ის დრო, რომლის ფარგლებში მათ განსაზღვრული აქვთ ნავსადგურში გაჩერება. შემდეგ ნავსადგურში მისვლის დრო და.ა.შ.“ –  ამბობს ივანე აბაშიძე.

სწორედ ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ეძღვნება სემინარი, რომელიც ბათუმში დღეს, 24 სექტემბერს, დაიწყო. სემინარის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

სემინარს IMO-ს თანამშრომლები გაიოლების სამმართველოს უფროსი ჯულიან აბრილი, ტექნიკური ოფიცერი მარტინა სოლე უძღვება. საერთაშორისო ექსპერტები დეტალურად განიხილავენ საქართველოს სანავსადგურე სექტორში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პერსპექტივებს.

პროექტს საქართველოში აშშ-ის საელჩო აფინანსებს. პირველ ეტაპზე საჭიროებების კვლევისთვის 120 ათასი ამერიკული დოლარია გამოყოფილი. პროექტის ჯამური ბიუჯეტი კი, 3 მილიონამდე დოლარია.

ერთი ფანჯრის პრინციპის სრულად დანერგვას 2 წელზე მეტი დრო დასჭირდება.

როცა პატიმრობაში რჩები იმიტომ, რომ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლი ისვენებს

თუკი სასამართლო გირაოს საფუძველზე გათავისუფლებთ და ეს ამბავი ე.წ. უქმე დღეებში ხდება, ციხეს მინიმუმ ორშაბათს საღამომდე ვერ დატოვებთ. მიზეზი იუსტიციის სახლია, სადაც შაბათ-კვირას არ მუშაობენ.

საუბარია შემთხვევაზე, როცა სასამართლო ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს უფარდებს და ეს სასამართლო პროცესი შაბათს ან კვირას ტარდება. გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად, საცხოვრებელი ბინით. პროცედურა სამუშაო დღეებში მარტივია: სასამართლოს მიერ გამოცემულ განკარგულებას ქონების დაყადაღების შესახებ საჯარო რეესტრი არეგისტრირებს. ამ დოკუმენტის პროკურატურაში წარდგენის შემდეგ კი, ბრალდებულს ათავისუფლებენ.

„უქმე დღეებში, არსებული პრაქტიკის მიხედვით, შეუძლებელია ტექნიკური საკითხის განხორციელება – უძრავი ქონების ყადაღის რეგისტრაცია. უქმე დღეებში იუსტიციის სახლები არ მუშაობენ. შესაძლებელია, მორიგეობით ერთი თანამშრომელი მაინც მუშაობდეს, რომ ადამიანებს ციხეში დარჩენა არ მოუწიოთ მაშინ, როცა პატიმრობიდან ისინი გაათავისუფლა სასამართლომ,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

ადვოკატ ზვიად მარკოიძის თქმით კი, ხშირად რამდენიმე სამუშაო დღეც რჩება გირაოთი გათავისუფლებული ბრალდებული ციხეში.

„ყოფილა შემთხვევები, როცა პარასკევს საღამოს დასრულებულა სასამართლო სხდომა და ორშაბათამდე ვერანაირ პროცედურას ვერც კი იწყებ… პრობლემა ნაკლებადაა მხოლოდ მაშინ, როცა ბრალდებული ნაღდი ფულით იხდის გირაოს. ამ დროს რომელიმე ბანკიდან სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება თანხა, პროკურატურას კი მხოლოდ საბანკო ამონაწერი ბარდება,“ – გვითხრა ზვიად მარკოიძემ.

რატომ არის პრობლემა იუსტიციის სახლმა შესაბამისი მომსახურება გაუწიოს ადამიანებს? -„ბათუმელები“ იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტებას დაგვპირდნენ, თუმცა იგი არ მიგვიღია.

„იურიდიული მრჩევლის“ იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრაქტიკის გამო ბრალდებულს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და კომპენსაცია მოითხოვოს, თუმცა ასეთი შემთხვევა ამ დრომდე არ გვქონია.

„რეალურად დგას სამართლიანი სასამართლოს პრობლემა, რადგან კონსტიტუციით გარანტირებული სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება მოიცავს გადაწყვეტილების აღსრულებასაც. შესაძლოა, პრობლემა იყოს თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებითაც. ნებისმიერი უფლების ხელყოფა, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, გულისხმობს იმას, რომ ამ უფლების ხელყოფის ადრესატს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება,“ – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 სექტემბრის 21 საათიდან 25 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22-27 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 1-6 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22.5 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 26-27 სექტემბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში სამუშაო საათებში ჭერი ჩამოიშალა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შენობაში, 2019 წლის 19 სექტემბერს, სამუშაო საათების მიმდინარეობისას, ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ოთახში ჭერი ჩამოიშალა.

„არსებული მდგომარეობით საფრთხე შეექმნა სამუშაო პროცესს, იქ მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დაზიანებულ ოთახში შესვლა საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს ჭერის დარჩენილი ნაწილი. აღნიშნული ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს სამუშაო პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც, თავისთავად აისახება სახელმწიფო ინტერესებზე“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადში, რომლითაც სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 23 სექტემბერს მიმართა.

სასამართლოს აპარატის შენობაში ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო ოთახში დაზიანებული (ჩამოშლილი) ჭერის აღდგენითი სამუშაოები სასამართლოს 885 ლარი დაუჯდება, რომელსაც ტენდერის გარეშე დახარჯავს, ვინაიდან „დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“.

სასამართლოს გათვლებით ჭერის აღდგენას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

„აღნიშნული ვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო. სახეზეა ფორს-მაჟორული მდგომარეობა. აღნიშნულის [ჭერის ჩამოშლის – ავტ.] შემდგომ, შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობდა ჭერის ჩამოშლის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბაზრის კვლევა, არსებული დაზიანების მოცულობისა და შესასყიდი აღდგენითი სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით“. – აღნიშნულია სასამართლოს განაცხადში.

შესყიდვების სააგენტოში საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღად 27 სექტემბერია მითითებული.

ჩამოშლილი ჭერი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში / საკონსტიტუციო სასამართლოს ფოტოები

მებაჟეებმა გამსვლელ პუნქტებში ნარკოტიკი და არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებში, 17-23 სექტემბერს, გამოვლენილია სხვადასხვა რაოდენობის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, აღიკვეთა სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები, გამოვლინდა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“:

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (1116.33 გრამი) და ვერცხლის (75.34 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“,  სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 8,040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ კი, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, პორტუგალიისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, მებაჟეებმა ნარკოტიკული (ჯამში, 45 აბი და 14 კაფსულა), ფსიქოტროპული (14 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში“ (4.63 გრამი) გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

 

დაჟანგული „პობედა“ სამინისტრომ მესამედ გაყიდა – ამჯერად 4 800 ლარად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი „პაბედა“ დღეს, 23 სექტემბერს, 4800 ლარად გაიყიდა. ავტომანქანის გაყიდვის საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარი იყო, ბიჯი – 150 ლარი. „პაბედა“ ორი ბიჯით გაიყიდა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი თავიდან 600 ლარი იყო, სამინისტრომ ჯერ 12 255 ლარად გაყიდა, თუმცა აუქციონში გამარჯვებულებმა „პაბედა“ არ წაიღო,  შემდეგ კი – 10 080 ლარად, თუმცა, გამარჯვებულს მანქანა არც ამჯერად წაუღია.

„ავტოსატრანსპორტო საშუალება არის არამუშა მდგომარეობაში, აღენიშნება დიდი რაოდენობით ჟანგვა, ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელია, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. სახელმწიფო ნომერი: ავტომანქანა   „GAZ M20 POBEDA” (სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, საიდენტიფიკაციო N; 40842, ძრავის საიდენტიფიკაციო N: 258972, გამოშვების წელი: 1953)“ – აღწერილობა აუქციონიდან.

სამინისტრო ამჯერად კიდევ ერთ, „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა „გრეით ვოლ ვინგლი 5“-ს ყიდის, რომლის მდგომარეობაც ცუდია. მისი გაყიდვის საწყისი ფასი 3 500 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 70 ლარი.

ამ თემაზე:

შავი „პაბედა“ და რუხი „პიკაპი“ – აჭარის ქონება აუქციონზე იყიდება

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

ქობულეთის მერია მუნიციპალიტეტის სსიპ-ს „ქობულეთის შუქურას“ სოფელ ბობოყვათში ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას გადასცემს. მუნიციპალიტეტის მერიის ქონების განკარგვის კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი კლუბს უსასყიდლოდ, უზურფრუქტის წესით [სარგებლობის პირობით] გადაეცემა. ამავე კომისიის სხდომის ოქმში ნათქვამია ისიც, რომ გადაცემული ტერიტორია საფეხბურთო კლუბმა საწვრთნელი ბაზის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს.

კომისიის ოქმში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა სახსრებით მოაწყობს კლუბი საწვრთნელ ბაზას, რომელიც 2017 წლამდე მუნიციპალიტეტის სუბსიდირებითა და ქართული ფეხბურთის ფონდიდან გამოყოფილი თანხით მუშაობდა. 2018 წლიდან კი, კლუბს მხოლოდ ფონდიდან გამოყოფილი ნახევარი მილიონი აქვს ბიუჯეტში ყოველწლიურად. ფონდი ამ დაფინანსების ფარგლებში ყოველთვიურად 40 000 ლარს რიცხავს კლუბის ანგარიშზე. წინასწარ განსაზღვრულია თანხის მიზნობრიობა. ამ რესურსის გადანაწილება გუნდის მენეჯმენტს თავისი შეხედულებისამებრ არ შეუძლია.

40 000 ლარიდან 20 000 ხელფასების სახით გაიცემა, დარჩენილი 20 000 ლარი კი გუნდს ხმარდება ყოველდღიური ხარჯებისთვის, მათ შორის ყიდულობენ საწვავს გუნდის გადასაადგილებლად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას, ამ მიმართულებით კლუბი მხოლოდ ბიზნესმენების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ცოტა ხნის წინ გუნდს საშინაო მატჩების გამართვა აუკრძალეს. როგორც კლუბის დირექტორმა გვითხრა, „სტადიონის მინდვრის საფარი არ აკმაყოფილებდა სტანდარტს და ახლა ჩვენი ხარჯებით ვაწესრიგებთ.“

ბობოყვათში არსებული სტადიონის გარდა, ცოტა ხნის წინ „შუქურას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთის ცენტრალური სტადიონი „შუქურა“ [24 976კვ.მ] და მასზე დამაგრებული შენობებიც [2127 კვ,მ] გადასცა [ასევე უზურფრუქტის წესით].

ქობულეთის ცენტრალური სტადიონი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო კლუბის გასხვისება არ იგეგმება. ამ ინფორმაციას არც კლუბის ახალი დირექტორი ადასტურებს.

ირაკლი ბერიძე გვარწმუნებს, რომ საწვრთნელ ბაზას ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და აჭარის მთავრობის ფინანსური დახმარებით მოაწყობენ. „რაც შეეხება ინვესტორს, მე როგორც ვიცი, მსგავსი მიმართვაც კი არ ყოფილა. შემიძლია გითხრათ, რომ ბობოყვათის სტადიონის ინფრასტრუქტურა ძალიან რთულ ვითარებაშია, მდინარემ წაიღო ნაწილი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. სასწრაფო წესით საჭიროა გაბიონის მოწყობა, რომ სტადიონი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც არის სტანდარტების შესაბამისი“, – ამბობს ირაკლი ბერიძე.

„ქობულეთის შუქურას“ ირაკლი ბერიძე 2019 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს, მანამდე ის ქობულეთის საარჩევნო ოლქში მუშაობდა.

ახალი დირექტორის დანიშვნამდე კი „ქობულეთის შუქურას“ რევაზ ჩელებაძე ხელმძღვანელობდა. მან ისე დატოვა კლუბი, რომ არ განუმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შესაძლოა რევაზ ჩელებაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ალტერნატიული გუნდის შექმნაც გამხდარიყო. რეესტრის მონაცემით დასტურდება, რომ სამსახურიდან წასვლამდე ორი თვით ადრე, 2019  წლის აპრილში, რევაზ ჩელებაძემ პარტნიორებთან ერთად  ახალი საფეხბურთო კლუბი დააფუძნა, თითქმის იდენტური სახელწოდებით – „საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურა“.

შპს „საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურას“ 50 პროცენტს ბიზნესმენი ჯუმბერ გოგიტიძე, 16,5 – 16.5 პროცენტს ბიზნესმენები – გიორგი გოგისვანიძე და გიორგი თბილელი ფლობენ, ხოლო დარჩენილ 17 პროცენტს – თავად რევაზ ჩელებაძე.

 

სასკოლო აქცია პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებისთვის

პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებისთვის  გასართობ ცენტრ „მიკის სახლში“ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სასკოლო აქცია მოეწყო. სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს სასკოლო ნივთები: რვეულები, კალმები, ფანქრები, სახაზავები, ჩანთები და სასკოლო სხვა ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

აქციის ფარგლებში, საჩუქრები გადაეცათ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებსაც.

პატარებმა გასართობი პროგრამით იმხიარულეს, სასიამოვნო დრო გაატარეს და ტკბილეული დააგემოვნეს. კვირას, 15 სექტემბერს, აქციის ფარგლებში, პატარები ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის პრემიერასაც დაესწრნენ.

სასკოლო ღონისძიება „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წელს მეორედ ჩატარდა. პროექტი ბევრ სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, ასევე, ოჯახის წევრების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობაა.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „თანაზიართან“ ერთად ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.


  • ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ბათუმში შეხვედრა გაიმართება

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისში, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება. დისკუსიას გაუძღვებიან საქართველოს პარლამენტის, შსს-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მომხსენებლები იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრი: ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი – დიანა დავითაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – ნატი გელოვანი.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა პრეზენტაციებს, ხოლო მეორე ნაწილი განკუთვნილი იქნება კითხვა-პასუხისთვის.

საქართველოს პარლამენტის წევრის პრეზენტაცია შეეხება განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, სექსუალური შევიწროების დეფინიციის გაჩენას საკანონმდებლო დონეზე და მანამდე არსებულ მდგომარეობას.

შსს-ს წარმომადგენელი განიხილავს სექსუალური შევიწროების სამართალდარღვევის შემადგენელ ყველა ელემენტს, ისაუბრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის პროცედურაზე, სასამართლო განხილვის პროცედურასა და არსებულ პრაქტიკაზე.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: სახალხო დამცველის მანდატი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რა უფლებამოსილებები აქვს სახალხო დამცველს, როგორ ხდება დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებების შესწავლა და ბოლოს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შემთხვევებს განიხილავს პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.

„ბათუმის წყლის“ განცხადება წყალმომარაგების შეზღუდვისა და მღვრიე წყლის შესახებ

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ანგისის დასახლებაში ტექნიკური სამუშაოების გამო ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება ანგისის ქუჩაზე, ანგისის I შესახვევში და ხასან ჰელიმიშის ქუჩაზე.

“წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,”- წერია განცხადებაში.

თიბისი ბანკი ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ კიდევ ერთ კამპანიას იწყებს

დღეიდან საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე „თიბისი ბანკის“ ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან.

ეს  რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული მორიგი კამპანიაა, რომელიც „თიბისი ბანკმა“ ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად დაიწყო.

თიბისი ბანკის ფილიალებში ბორჯღალოსნების მხარდასაჭერი მაისურების კამპანია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს, იწყება – დღეს  იაპონიაში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოსა და უელსის ნაკრები გუნდები ხვდება ერთმანეთს. 29 სექტემბერს საქართველო-ურუგვაის შეხვედრაა დაგეგმილი, 3 ოქტომბერს – ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს ეთამაშებიან, 11 ოქტომბერს კი საქართველო-ავსტრალია ითამაშებს. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად „თიბისი ბანკის“ საქართველოს ყველა ფილიალში სწორედ თამაშის დღეებში გაიმართება.

ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის,  რასაც „თიბისი ბანკი“ რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ასევე „თიბისის“ ინიციატივით თბილისის ქუჩებსა და გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული.

„თიბისი ბანკის“ ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელის, კოკა ქამუშაძის თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ პირველ ეტაპზე თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ავტობუსის თითქმის 70 გაჩერების შეფუთვა მთლიანად მიეძღვნა ქართველ ბორჯღალოსნებს, მათ პორტრეტებს. კამპანიის მიზანი იყო გულშემატკივრისთვის ცნობილი ყოფილიყო არამხოლოდ ნაკრების მოთამაშეების, არამედ სამწვრთნელო შტაბის, დაცვის წევრების, ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომლებსაც ბორჯღალოსნების წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

„გადავწყვიტეთ ბანკის ფილიალებში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მიდის, შეგვექმნა სადღესასწაულო, საგულშემატკივრო განწყობა და ამიტომაც ჩავაცვით თანამშრომლებს ბორჯღალოსნების მაისურები. თიბისის ფილიალებში განთავსებულია ასევე დიდი მონიტორები, სადაც თიბისელებს საშუალება ეძლევათ, რაგბის ჩემპიონატის იმ შეხვედრებს უყურონ, რომლებიც სამუშაო საათებში იმართება.

თიბისისა და მასტერქარდის ერთობლივი ინიციატივით 31 აგვისტოს საქართველო-შოტლანდიის თამაშის დროს გათამაშდა 7 საგზური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებსა და ნახევარფინალებზე დასასწრებად,“- ამბობს კოკა ქამუშაძე.

რამდენიმე დღის წინ „თიბისი ბანკმა“ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი ანიმაციური ფილმიც გამოუშვა, რომელმაც უკვე დიდი ყურადღება დაიმსახურა.

„თიბისის“ ინიციატივაა ასევე ონლაინპლატფორმა rugbystore.ge , სადაც ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია შეიძინოს ნაკრების ფორმა, აქსესუარები სხვადასხვა ტიპის საგულშემატკივრო ატრიბუტიკა.

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრით 2 ნოემბერს დასრულდება.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

„აწარმოე საქართველოში“ თანხების მიზნობრიობის კონტროლი სრულყოფილად ვერ ხორციელდება – აუდიტი

„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აცხადებს აუდიტი. ამასთან, 2014-2018 წლებში ორგანიზაციას ქირის სახით გადახდილი აქვს 1 442 259 ლარი, აუდიტი კი აღნიშნავს, რომ ვერ მიიღეს რწმუნება, რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად დაიხარჯა ეს თანხა.

აუდიტის სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სხვადასხვა ორგანიზაციას მოიცავს, მათ შორისაა სსიპ „აწარმოე საქართველოში“.

ანგარიშის მიხედვით, „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 4 კომპანიასთან: შპს „თბილისის ბიზნესტრენინგის ცენტრი“, ა(ა)იპ – რეგიონული განვითარების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – „საქართველოს სკაუტები“ და შპს „ჯი ემ სი ჯი“.

ეს კონტრაქტორები უშუალოდ ახორციელებენ პროგრამის იმპლემენტაციას, გასცემენ რეკომენდაციებს ორგანიზაციის მიერ პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით და ახდენენ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს. ანგარიშში აღნიშნულია, ასევე, რომ კონტრაქტორი სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“ აწვდის ინფორმაციას შერჩეული კანდიდატების შესახებ, რის შემდეგაც სსიპ იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. დაფინანსების შემთხვევაში ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია უფლებამოსილია უკან მოითხოვოს ბენეფიციარის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხა.

„მთავრობის დადგენილებით და კონტრაქტორ კომპანიებსა და „აწარმოე საქართველოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, კონტრაქტორი ვალდებულია, „აწარმოე საქართველოს“ წარმოუდგინოს ბენეფიციარების მონიტორინგის პერიოდული და საბოლოო ანგარიშები. აღნიშნული ანგარიშები არ შეიცავს საკმარისად დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ, არ არის იდენტიფიცირებული უმოქმედო საწარმოები. „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონტრაქტორებისგან და პროგრამის კონტროლისათვის იყენებს თავისივე შექმნილ ვებგვერდს. აღნიშნულ ვებგვერდზე კონტრაქტორები ტვირთავენ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, საბოლოო მონიტორინგის აქტებს, რომლითაც ფასდება ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობა“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კონტრაქტორების მიერ სისტემაში არ არის ატვირთული ზემოხსენებული აქტები. შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ ვერ ფლობს სრულ ინფორმაციას ბენეფიციარების შესახებ, რაც კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს. გარდა ამისა, კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილ საბოლოო მონიტორინგის აქტებში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბენეფიციარების გამოკითხვას, რაც არ შეიძლება იყოს მიჩნეული საკმარის და სარწმუნო წყაროდ. ამასთანავე, ორგანიზაციაში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა კონტრაქტორების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმებას,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით, „ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სსიპ – „აწარმოე საქართველოში“ ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლის გარემოს შექმნას. შესაბამისად, შესაძლოა ვერ განხორციელდეს გაცემული თანხების მიზნობრიობის სრულყოფილი კონტროლი, ნაკლოვანებებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათზე დროული და სათანადო რეაგირება“.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ვებგვერდი, რომელზეც ატვირთულია მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გაცემული სუბსიდიების შესახებ სრული ინფორმაცია, არ არის დაცული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები: „შესაბამისად, მაღალი რისკის ქვეშ დგას როგორც ორგანიზაციის იმ საოპერაციო საქმიანობის ნაწილი, რაც დამოკიდებულია ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებაზე, ასევე აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია“.

აუდიტის მიხედვით ანალოგიური ვითარებაა კრედიტის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამაშიც. „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას, არაუმეტეს 10%-ისა.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სსიპ-ის − „აწარმოე საქართველოში“ მხრიდან ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი არ განხორციელებულა. ორგანიზაციის განმარტებით, კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბენეფიციარების მიმართ გატარებული მონიტორინგის ღონისძიებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ არ მონაწილეობს აღნიშნულ მონიტორინგში. ასევე, 2018 წლის ბოლოს ორგანიზაციის დაკვეთით შპს „ბიდიომ“ ჩაატარა პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების კვლევა. თუმცა აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის ელემენტებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები. აქედან გამომდინარე, არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხების არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – ასკვნის აუდიტი.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით „აწარმოე საქართველოს“ სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატისაგან“ იჯარით აღებული აქვს არასაცხოვრებელი შენობა, რომელიც მდებარეობს  თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე. ხელშეკრულების მიხედვით, საიჯარო ფართობი განისაზღვრა 198 კვ.მ-ით, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა − 3 564 აშშ დოლარის ოდენობით.

„აღნიშნულ ხელშეკრულებაში პერიოდულად შედიოდა ცვლილებები, რაც ითვალისწინებდა საიჯარო ფართობის ან/და იჯარის ყოველთვიური ქირის ზრდას. 2017 წლის 7 სექტემბრიდან საიჯარო ფართობი შეადგენდა 921.59 კვ.მ-ს ხოლო საიჯარო ქირა – 16 378 აშშ დოლარს. 2014-2018 წლებში სსიპ-მა − „აწარმოე საქართველოში“ ქირის სახით გადაიხადა 1 442 259 ლარი, მათ შორის, 2018 წლის საიჯარო ქირამ 495 376 ლარი შეადგინა. ორგანიზაციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯეფექტიანობის ანალიზი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ალტერნატივის დანახარჯისა და სარგებლის შედარება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება, რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად იხარჯება ზემოაღნიშნული თანხები,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

 

რა ცვლილების უფლება აქვთ სკოლებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში

საჯარო და კერძო სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან უფლება აქვთ, ცვლილება შეიტანონ საათობრივ ბადეში, თუმცა ამისთვის სამინისტროს დასაბუთებული არგუმენტები უნდა წარუდგინონ. კონკრეტულად რა ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლებს და როგორ, ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა, „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ქალბატონო მარიამ, რაში ითხოვენ ცვლილებებს სკოლები და რისი უფლება მისცა განათლების სამინისტრომ მათ?

სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან შევთავაზეთ უფრო მოქნილი საათობრივი ბადე. სამი ტიპის ალტერნატივა შევთავაზეთ, პირველი ის, რაც ჰქონდათ, სადაც  ხისტად არის გაწერილი კვირეული საათობრივი დატვირთვა თითოეული საგნის მიხედვით; ვთავაზობთ მეორე მოდელს, სადაც წლიური  ჯამური საათებია მოცემული და სკოლას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ეს საათები სემესტრების მანძილზე. მაგალითად, ერთ სემესტრში შეუძლია გააკეთოს აკუმულირება მეტად და მეორეში უფრო განტვირთოს რომელიმე საგანში.

მესამე ვარიანტია, როდესაც სკოლა თვითონ ადგენს საათობრივ ბადეს თავისი შეხედულებისამებრ მთლიანად. მეორე და მესამე ვარიანტში აუცილებლად უნდა წარმოგვიდგინოს დასაბუთება, თუ რატომ უნდა ცვლილება, რაში უშლის, ვთქვათ, ხელს არსებული ბადე, რა არის ცვლილების არსი, რატომ ფიქრობს სკოლა, რომ ასეთი მოწყობით და ორგანიზებით უკეთესად შეძლებს სწავლებას და ა.შ.

მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ისტ-ის საათების ინტეგრირებას ითხოვდნენ მათემატიკასთან. ისინი აჩვენებდნენ, რომ მე-5 მე-6 კლასებში რა მიზნებსაც ვისახავთ ინფორმაციებსა და ტექნოლოგიებში, სრულად ჰქონდათ ინტეგრირებული მათემატიკაში. ამის უფლება აქამდე სკოლას არ ჰქონდა, ეხლა ეს შესაძლებელია.

ასევე შესაძლებელია, სკოლამ რომელიმე საგანს მოაკლოს საათები, თუმცა ამ საგანში მისაღწევი მიზნები სხვა საგანში უნდა შეივსოს.

თუ ისტ-სა და მათემატიკას ერთი და იგივე პედაგოგი არ ასწავლის, ერთ-ერთი პედაგოგი დაკარგავს საათებს?

ამიტომ ვამბობ, ეს არის სკოლის გადასაწყვეტი. იდეაში ისიც შესაძლებელია, რომ ორივე პედაგოგმა გაინაწილოს ეს ფუნქცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი პროგრამა უნდა შემოგვთავაზონ მათ, სადაც კარგად იქნება ნაჩვენები ეს ინტეგრირება როგორ იქნება.

სკოლას თუ შეუძლია შეამციროს გაკვეთილების რაოდენობა და ამ მხრივ თუ იქნება რაიმე ცვლილება?

რაოდენობის კლება არ მომხდარა. ზოგადად, ჩვენ ვცდილობთ, რომ 6 გაკვეთილზე მეტი არ იყოს ყოველდღიურად. ადრე რომ მეშვიდე-მერვე გაკვეთილი იყო, ახლა აღარ გვაქვს, მაგრამ თუ არის სადმე, მაშინ სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ დიდი დასვენება სწორად ჩაისვას.

სკოლას მისი ავტონომიურობა თუ აძლევს იმის უფლებას, თვითონ გადაწყვიტოს დღეში რომელ საგანს რამდენი საათი დაუთმოს? როგორც ვიცი, აქამდე ასე არ იყო.

ბადის მოქნილობა გულისხმობს სწორედ ამას, რომ შეიძლება გაკვეთილები დაწყვილდეს კონკრეტული კლასის საჭიროებიდან გამომდინარე. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი მთელი წლის განმავლობაში გადალაგდეს. ეს ცვლილება აგვისტოში შევიდა და უკვე ბევრი სკოლა შეგვეხმიანა, რომლებსაც სურთ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მეორე სემესტრისთვის კარგად დაგეგმავენ. თუმცა, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მაინც აუცილებელია გარკვეული მონიტორინგი.

კერძო სკოლებიც უნდა შეუთანხმდეს სამინისტროს ბადის ცვლილებაზე?

მესამე ვარიანტის შემთხვევაში – კი, რადგან ისე არ მოხდეს, რომ რომელიმე საგანი სულ ამოვარდეს და არანაირი ინტეგრირება არ მოხდეს.

თუ არის განსაზღვრული, მაგალითად, კონკრეტული საგანი რამდენჯერ უნდა ჩატარდეს კვირაში და სკოლას თუ შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს რომელ საგანს რამდენი დრო დაუთმოს?

ეს საათები ჰაერიდან მოტანილი არ არის, ცხადია, როცა სტანდარტი იწერება, გათვლილია დაახლოებით რომელ საგანს რამდენი დრო უნდა დაეთმოს. თუმცა, გააჩნია, სკოლაზეა დამოკიდებული. თუ ის გვაჩვენებს ინტეგრირებას რომელიმე სხვა საგანთან, ამ შემთხვევაში შეიძლება მოაკლდეს. ჩვენთვის მთავარია დავინახოთ, რომ სასწავლო შედეგებზე გადის, მაგრამ როგორ გადის, სკოლამ ამის სხვადასხვა გზა შეიძლება დასახოს, რომელიც უნდა იყოს რეალისტური. ამიტომ ვითხოვთ დასაბუთებას.

ახალი ბადის მიხედვით, თუ ჩამონათვალში არ იქნება საგანი, აუცილებლად უნდა გვაჩვენონ ამ საგნით განსაზღვრულ შედეგებს როგორ მიაღწევენ. საჯარო სკოლებში არ გვქონია მსგავსი მოთხოვნა, მაგრამ კერძო სკოლებიდან გვაქვს. სადაც ხელოვნებისა და მუსიკის მიმართულებით ბევრი არაფორმალური აქტივობა აქვთ, სადაც უფრო მეტ დროს უთმობენ ხელოვნებას და მუსიკას, იქ ითხოვენ, რომ მინიმუმამდე შეამცირონ ფორმალურ განათლებაში ეს საათები. ამიტომ, როცა ვხედავთ, რომ სკოლა შედეგზე გადის, ამ შემთხვევაში, საათების შემცირება ხელს არ შეუშლის.

დაახლოებით რამდენი სკოლა ითხოვს ბადის ცვლილებას?

ძირითადად კერძო სკოლები ითხოვენ მოქნილ ბადეს, თუმცა საჯარო სკოლებიდანაც იყო დაინტერესება გაკვეთილების დაწყვილებასთან დაკავშირებით. ახლა უფრო მეტად დაფიქრდნენ ამ კუთხით რა შეიძლება გააკეთონ. ველოდებით, რომ მეორე სემესტრიდან უფრო წამოვა ინიციატივები.

ბადეს გარდა თუ იყო მოთხოვნა კიდევ სხვა ცვლილებებზე და კონკრეტულად რაზე?

ახლა მიდის საუბარი შეფასების კომპონენტში ცვლილებაზე. კერძო სკოლებს მივეცით უფრო მეტი თავისუფლება, მაგალითად, თუ შეფასებებში არის სამი კომპონენტი – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალება, კერძო სკოლებს მივეცით უფლება, რომ ამ კომპონენტების წონა თვითონ განსაზღვრონ.

საჯარო სკოლას რატომ არ აქვს ამის უფლება?

ეს განსახილველი საკითხია. ცხადია მივდივართ იმისკენ, რომ საჯარო სკოლის ავტონომიურობა გაიზარდოს, ვნახოთ. ცოტა მეტი დამაკვალიანებელი ინსტრუმენტია საჭირო.

თუ კერძო სკოლას აქვს ეს ინსტრუმენტი, ხომ შეიძლება მისი საკარო სკოლაში დანერგვაც?

კერძო სკოლებიდან ბევრ გამოცდილებას ვიღებთ, მათგან ბევრი ინიციატივა მოდის. მაგალითად, კლასის გაყოფასთან დაკავშირებით და ამ გამოცდილებებს ვიყენებთ.

კლასის გაყოფა ნიშნავს ახალი მასწავლებლის დამატებას, თუ ერთი მასწავლებელი მუშაობს ორივე კლასში?

გააჩნია, ცხრილი როგორ დალაგდება.

საგნობრივი ცვლილებები თუ შევიდა წელს?

მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ მე-7 კლასში ახალი საგანი „მოქალაქეობა“ შევიდა.  სამოქალაქო განათლების კომპონენტი იწყება მე-3 კლასიდან, მაგრამ მეშვიდეში იყო წყვეტა. მალე მე-8 კლასის სახელმძღვანელოებზე გამოვაცხადებთ კონკურსს და მომავალი წლიდან მერვე კლასშიც შევა ეს საგანი, შემდეგ კი მე-9-ში და ყველა კლასში სამოქალაქოს კომპონენტი კარგად იქნება წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანი თემებით შევდივართ, მაგალითად, მეშვიდეში ხუთი თემაა წამოწეული, პირველი თემაა თემი, რომელშიც ვცხოვრობ, სადაც, სავარაუდოდ, ისეთი საკითხებია, როგორიცაა: დაწერილი და დაუწერელი წესები, არასრულწლოვანი და დანაშაული, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო.

მეორე თემაა, სასკოლო გარემო, სასკოლო საზოგადოება, სადაც აქცენტი კეთდება სკოლაში თანასწორობაზე, უსაფრთხო სკოლაზე, მწვანე სკოლაზე, ბულინგზე, რაც აქტუალურია ამ ასაკის მოსწავლეებისთვის, ჯანსაღ ცხოვრებაზე, სადაც აქცენტი კეთდება ადრეულ ქორწინებაზე, გარდატეხის ასაკზე, ჯანსაღ კვებაზე და ა.შ. ვფიქრობ, გარდატეხის ასაკში მსგავსი თემების შეტანა სკოლაში მნიშვნელოვანია.

გიორგი ერმაკოვი და სხვები შესაძლოა გირაოთი გაათავისუფლონ – „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“

„დაზარალებული ანუ ბათუმის მერია, არაა წინააღმდეგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ ბრალდებულები,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა რამინ პაპიძემ. დღეს, 23 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება.

ბათუმის მერიის ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

კანონის მიხედით, ორ თვეში ერთხელ განიხილება აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი, როცა ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე მოწმეების ნაცვლად, მოსამართლე მხარეების პოზიციებს ისმენს საკითხზე – უნდა გათავისუფლდნენ თუ არა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები გირაოს საფუძველზე.

ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ მან წერილი ლაშა კომახიძის ხელმოწერით დღეს გადასცა სასამართლოს. მერის წერილთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ პროკურორებს.

„მოწმის ჩვენება არის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება,“ – თქვა პროკურორმა რამაზ შავაძემ. მან თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მოწმეთა დიდი ნაწილი ბრალდებულების მეგობრები არიან და შესაძლოა, მათზე ზემოქმედება განხორციელდეს, თუკი ბრალდებულებს გირაოთი გაათავისუფლებს სასამართლო.

„რომელიმე მოწმეზე მინიშნების დონეზეც არ ყოფილა ზემოქმედება,“ – მიმართა პროკურორს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ადვოკატები თითოეული ბრალდებულის გათავისუფლებას 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ითხოვენ.

„ზიანი მილიონ 370 ათასი ლარია… მიმალვის საფრთხეც არსებობს,“ – დასძინა პროკურორმა.

„მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ბათუმის სასამართლოში / 23.09.2019

სოფელ ერგეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს ეწინააღმდეგება

სოფელ ერგეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს აპროტესტებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ გადამცემი ხაზები განთავსებულია საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„დღეს, 23 სექტემბერს, 12 საათისთვის აპირებდნენ მონტაჟის დაწყებას, ამიტომ გამოვიდა მოსახლეობა გარეთ, რომ ეს პროცესი შეგევეჩერებინა. ჯერჯერობით პროცესი არ დაწყებულა, თუმცა ჩვენ, მოსახლეობა, წინააღმდეგი ვართ, რომ სოფელში მაღალი ძაბვა გავიდეს,“- ამბობს „ბათუმელებთან“ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნუგზარ კოკობინაძე.

სოფელ ერგეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟის წინააღმდეგია

სოფელში, დასახლებულ ტერიტორიაზე, უკვე არსებობს ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა როგორც მოსახლეობა გვეუბნება, ძველის ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს, სადაც გაცილებით მაღალი ძაბვა გაივლის, „სწორედ ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ.“

ადგილზე იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა სიმძლავრის ძაბვა გაივლის ახალ ხაზებში.

ერგეს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების წინააღმდეგ

„როგორც ჩანს უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, რადგან მოსახლეობა აპროტესტებს. ისინი ითხოვენ, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული, რომ ხვალ და ზეგ აქ ცხოვრება არ იყოს საფრთხე ადამიანებისთვის. ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული, ამიტომ ამ გარანტიას ითხოვს მოსახლეობა, თუმცა ამ გარანტიას არავინ არ აძლევს,“- ამბობს თამაზ ბაკურიძე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით,  კომპანია ერგეში 110 კვ ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის – „ერგე 1“-ის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც იცვლება ძველი საყრდენები და ხაზები.

„შესაბამისად არავითარი ძაბვის ცვლილება (მატება) არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ძაბვა იზრდება არის სრული დეზინფორნაცია.

ამასთანავე, კომპანიის მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული მოსახლეობისთვის თუ რა სამუშაოები სრულდება და ასევე, მიწოდებული იქნა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომ რეაბილიტაციის შედეგად ხაზს არ ექნებოდა უარყოფითი ზემოქმედება.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, დარჩენილია შესაცვლელი 2 ამორტიზებული საყრდენი, რომლებიც რამიდენიმე ათწლეულის წინ არის დამონტაჟებული“ – აცხადებენ ენერგოკომპანიაში.

მათივე განცხადებით, მოსახლეობა კომპანიასთან  ფულად კომპენსაციაზე საუბრობს, რაც მათი განცხადებით უსაფუძვლოა.

„როგორც აღვნიშნეთ, კომპანია არსებული ხაზის რეაბილიტაციას ახორციელებს და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიწათმოსარგებლე, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ქსელის მფლობელს სამუშაოების წარმოებაში.

ამასთან დაკავშირებით განვუმარტეთ მოსახლეობას და ავუხსენით, რომ თუ სამუშაოების წარმოების პროცესში დაზიანებული იქნება რაიმე ქონება ეს იქნება შეფასებული და ანაზღაურებული, ხოლო სხვა რაიმე კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს. უფრო მეტიც, ორივე საყრდენი, რომლებიც უნდა შეიცვალოს მდებარებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

გამომდინარე აქედან, კომპანიას გააჩნია სრული ლეგიტიმური უფლება აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები და ხელშეშლის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, მათ შორი პოლიციას, ვინაიდან აღნიშნული ხაზის რეაბილიტაციაზე დამოკიდებულია მთლიანად ბათუმის ელექტრო მომარაგება“-აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

„საუკეთესო მასწავლებელი“-კონკურსი პედაგოგებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ცხადდება კონკურსი „საუკეთესო მასწავლებელი“.

კონკურსი შეეხება ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. ცენტრის ინფორაციით, „თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციის ვადა: 23 სექტემბერი, 2019 – 7 ოქტომბერი 2019.

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა – რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით (ვიდეო წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ენაზე, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);

გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა – რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;

დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება – რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება – რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;

ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.

ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება – რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).

თ) სამომავლო განვითარების გეგმები – რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

საკონკურსო პირობების გაცნობა დაინტერესებულ  პედაგოგებს შეუძლიათ მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე.

პროკურატურა გზების დეპარტამენტის საქმეს იძიებს – ენმ ჩინოვნიკებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას იძიებს. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც აჭარის  გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. საუბარია 2016-2017 წლებში განხორციელებულ სამუშაოებზე.

დღეს, 23 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საქმესთან დაკავშირებული პირების  თანამდებობიდან ჩამოშორება მოსთხოვა.

კონკრეტულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს აჭარის მთავრობის  თავმჯდომარემ შეუჩეროს უფლებამოსილება აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს, არჩილ ჩიქოვანს და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რაულ ბერიძეს. ასევე დაიწყოს პროცედურა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი რომანაძე დროებით ჩამოშორდეს საკანონმდებლო საქმიანობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, გამოძიების დასრულებამდე, ამ ადამიანებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება. იმიტომ, რომ არის ძალიან დიდი რისკი, ამ პირებმა ზეგავლენა მოახდინონ კონკრეტულ საქმეებზე. თუ მთავრობის თავმჯდომარე არ აიღებს  პასუხისმგებლობას, თუ არ შეუჩერებენ მათ უფლებამოსილებას დროებით მაინც, გამოძიების დასრულებამდე, ჩვენ ვიტყვით, რომ ამ საკითხში პირდაპირ,  მიზანმიმართულად ჩართული არის თორნიკე რიჟვაძე,“  –  ამბობს რეზო ხარაზი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი”ქართული ოცნებიდან” გიორგი რომანაძე 2014-2016 წლებში  აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი იყო. რომანაძე ამ პოსტზე არჩილ  ჩიქოვანმა შეცვალა. ჩიქოვანი აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2016-2018 წლებში  იკავებდა.

პროკურატურის ინფორმაციით,  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის  კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვას.

ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

ამავე თემაზე:

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

კარავი აჭარის მთავრობის სახლთან – მოქალაქე ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს, ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნოდარ ბერიძე. მან დღეს, 23 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე სკვერში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა.

ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ნაგავსაყარი საფრთხეს არ შეუქმნის სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„სოფლის მოსახლეობა, ვინც 500 მეტრის რადიუსში ვცხოვრობთ ნაგავსაყრელიდან, ვითხოვთ კომისიის შექმნას, რომ შეისწავლონ არსებული ვითარება,“ – ამბობს ნოდარ ბერიძე.

ცეცხლაურში იმ მოსახლეებს, რომელთა მიწებზეც უნდა აშენებულიყო ნაგავსაყარი, კომპენსაცია გადაუხადეს, თუმცა ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ თავად, როგორც ამ სოფლის მცხოვრები, ასევე, მოსახლეობის უმეტესობა, სოფელში ნაგავსაყრის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ კანონდარღვევას, დაწყებული ადგილის შერჩევით, დამთავრებული ეკოლოგიური საფრთხეებით. მე მომაწოდეს  გარემოს დაცვის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ 2012 წელს თითქოსდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ჩაატარა ტექნიკური კვლევა ადგილის, რომლის საფუძველზეც შეირჩა აღნიშნული ტერიტორია ნაგავსაყრელისთვის, რასაც ეს ორგანიზაცია არ გვიდასტურებს.“

ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ის არ ენდობა ხელისუფლების მიერ მიწოდებულ მასალებს, რადგან „GPS-ით ეს ტერიტორია საუდის არაბეთში ინიშნება, ჩვენ იმაშიც არ ვართ დარწმუნებული, რომ მსოფლიო ბანკს, რომელიც აფინანსებს ამ პროექტს, სწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. ამის მერე როგორ უნდა ვენდო ხელისუფლებას,“- ამბობს ბერიძე.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ნაგავსაყარი დასახლებული ტერიტორიიდან მინიმუმ 500-ზე მეტი მეტრი დაშორებით უნდა იყოს განთავსებული, რაც დარღვეულია.

ნოდარ ბერიძე ხელისუფლებას სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობის შეჩერებას სთხოვს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„დოკუმენტაციაში წერია, რომ ასეთ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გაბატონებული ქარების ფაქტორიც, რაც პროექტში უგულებელყოფილია. სოფელში არის სკოლა, ბავშვები ცხოვრობენ, მათ ჯანმრთელობაზე ვინ არის პასუხისმგებელი. როცა შემოდის კომპანია და ეუბნება ხალხს, რომ სახურავს გიყიდით და ჭიშკრებს დაგიმონტაჟებთ, ეს არის საკმარისი? მე პირადად და მოსახლეობის ნაწილიც, ვითხოვთ, ამ პროექტის შეჩერებას,“ – ამბობს ნოდარ ბერიძე.

კარვის გაშლასთან დაკავშირებით ნოდარ ბერიძე დაუკავშირდა პოლიციას, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს აჭარაში, გიორგი ჩარკვიანს, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხის შესასწავლად ნოდარ ბერიძემ სახალხო დამცველსა და საიას, განცხადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანა მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა მოქალაქემ ორგანიზაციას მართლაც მიმართა, თუმცა საქმის სასამართლო წარმოებაში ჩართვისთვის აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა, რისი ჩატარების შესაძლებლობა მოსახლეობას არ აქვს.

„ამ კატეგორიის საქმეების წაღება სასამართლოში, თუ არ არის ექსპერტიზის დასკვნა საქმეში, აზრს მოკლებულია. მოსახლეობა, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ექსპერტიზის ჩატარებას, რადგან ძალიან დიდ თანხასთანაა  დაკავშირებული და ვერც ჩვენი ორგანიზაცია ვერ შეძლებს ამას.

სახელმწიფოს აქვს დოკუმენტი, რომელიც არის მაგ საქმის ირგვლივ შეკრებილი, მაგრამ რომ ვამტკიცოთ, რომ არ არის საკმარისი პროექტის განხორციელებისთვის, სწორედ ამიტომ არის საჭირო ეს დასკვნა,“ – ამბობს ანა მდინარაძე.

სექტემბრის ბოლოს ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

28-29 სექტემბერს ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება. ზღვის სანაპიროზე [ცენტრალური პარკის პირდაპირ] ფესტივალი დღის 12 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებას  გეგმავენ. სტუმრებს შეეძლებათ თავადაც გაუშვან თავიანთი ფრანები.

ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის გაიმართება მასტერკლასები სამოყვარული ფრანების გაშვებასა და ხელნაკეთი ფრანების აწყობაში.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები. დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია.

ორგანიზატორების განცხადებით,  უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი გაიმართება ამინდის გამოსვლისთანავე.

ფესტვალი ტარდება ბათუმის მერიის მხარდაჭერით „შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi“ პროექტის ფარგლებში. ორგანიზატორები: ბათუმის სპორტული ცენტრი და კლუბი Kitedreams Georgia.

_ _ _

ფრანების ფესტივალის ორგანიზებისთვის ბათუმის სპორტულ ცენტრს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. გამარჯვებულთან ხელშეკრულება 39 570 ლარზეა გაფორმებული.

ამ თემაზე:

40 ათასი ლარი ფრანების ფესტივალისთვის ბათუმში

ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი სლოვაკი რეჟისორის ფილმს გადაეცა

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ფესტივალის გამარჯვებული ფილმები დაასახელეს.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა სლოვაკურ ფილმს „და იქმნა ნათელი“, რეჟისორი – მარკო სკოპი. ფილმი გვიამბობს კაცზე, რომელიც გერმანიაში მშენებლობაზე მუშაობს, რათა სლოვაკეთში ოჯახი არჩინოს. საშობაოდ სახლში დაბრუნებული მილანი შეიტყობს, რომ მისი უფროსი ვაჟი პარამილიტარისტული, ახალგაზრდული ჯგუფის წევრია. ბიჭი თანაკლასელის ჩაგვრასა და სიკვდილშია გარეული. მამამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. 

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში 10 ფილმი იყო წარმოდგენილი. ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა შემდეგი ფილმები:

  • პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის  გადაეცა რეზა მირკარიმის ფილმისთვის „ოცნებების სასახლე“ [ირანი]. 
  • პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – ჩემრე ებუზზია, „სამი დის ზღაპარი“ [ თურქეთი]. 
  • პრიზი კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის – კაიან აჩიკგოზი,  „სამი დის ზღაპარი“ [ თურქეთი]. 
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „სეზონის დასასრული“, ელმარ ივანოვი, აზერბაიჯანი/გერმანია/საქართველო. 

BIAFF-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო  კონკურსის ჟიურის ალექსანდრე მინდაძე [რუსეთი] ხელმძღვანელობდა. ჟიურის წევრები იყვნენ: ტატიანა დეტლოფსონი [აშშ],    მარტინ ბლეინი [დიდი ბრიტანეთი], კარმენ გრეი [დიდი ბრიტანეთი],  რუსუდან გლურჯიძე [საქართველო]

კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იყო 8 ფილმი. პრიზებით აღინიშნა შემდეგი ფილმები:

  • პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის – „მაფიის გადაღება“, რეჟისორი კიმ ლონგინოტო [ირლანდია]. 
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის ავტომობილი“, რეჟისორი ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი [გერმანია]; „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, რეჟისორი ელენა ტრეშტიკოვა [ჩეხეთი]. 

BIAFF-ის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსს ხუთკაციანი ჟიური აფასებდა: ქშიშტოფ გიერატი [ჟიურის თავმჯდომარე, პოლონეთი], გასიდე გოლმაკანი [ირანი], კარენ ავეტისიანი [სომხეთი], ოლეს იანჩუკი [უკრაინა], ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი [საქართველო].

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ [ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი] გამოავლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

  • „ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი 25 ფილმიდან ჟიურიმ ორი ფილმი გამოარჩია. დაჯილდოვდნენ შემდეგი ფილმები:

  • საუკეთესი ფილმი – „ცხოველი“, რეჟისორი ამირან დოლიძე. 
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „იმედი“, ალექსანდრა მარკოვა [ბელორუსი]; „საზამთროს წვენი“, ირინე მორეი [ესპანეთი]. 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იყო ოთარ შამათავა [საქართველო], ჟიურის წევრები კი – პოლ თილჯესი [ლუქსემბურგი] და დავიდ ლორენცი [გერმანია].

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ: მანუჩარ შერვაშიძეს [საქართველო]; პოლ შრედერის [აშშ]; დენის ლავანის [საფრანგეთი]; ალექსანდრე მინდაძეს [რუსეთი].
„ცხენთევზა“, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სიმბოლო

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეთოთხმეტედ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

წელს კინოფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.

ბეშუმში თოვლის საფარის სიმაღლე 4 სანტიმეტრს აღწევს

21 სექტემბერს, ღამით, კურორტ ბეშუმში გათოვდა. ბოლო ინფორმაციით, თოვლის საფარის სიმაღლე ბეშუმში 4 სანტიმეტს აღწევს. კურორტ „ბეშუმის“ დირექტორი, ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კურორტზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე დამსვენებელი. მისივე ინფორმაციით, ბეშუმს მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის.

ხვალიდან ბეშუმში, ისევე როგორც მთელი აჭარის ტერიტორიაზე, გამოიდარებს.

ბეშუმი, სექტემბერი. გიორგი შანთაძის ფოტო
ბეშუმი, სექტემბერი. გიორგი შანთაძის ფოტო
ბეშუმი, სექტემბერი. გიორგი შანთაძის ფოტო
ბეშუმი, სექტემბერი. გიორგი შანთაძის ფოტო

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი უცხოელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ბათუმის N1 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კამერუნის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის 3 თვის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის – 15, აზერბაიჯანის – 4, ინდოეთის – 8, სომხეთის – 4, მაროკოს – 5, ირანი – 5, ერაყი – 1, ავღანეთის – 1, ეგვიპტის – 1 მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე 8 პირი.

____________________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

კოალიციის განცხადება „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავებაზე

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტს ეხმიანება. 

,,მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება პოლიციის ქმედება მედიასაშუალების საქმიანობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავთა ქმედება რაიმე სახით კავშირში იქნება „გაზეთი ბათუმელების“ საქმიანობასთან, აუცილებელია, რომ საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

„მიგვაჩნია, რომ საქმის დროული გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ ყურადღებით აკვირდება აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და საქმესთან დაკავშირებით არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები,“ – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

დღეს, 22 სექტემბერს, „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. 

ქარტია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. „მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

 

სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ). რომელიც რეისიებს ორივე მიმართულებით ასრულებდა.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით.

„ჩვენ ვართ ის, რასაც ვუყურებთ“ – ვინ რა მოიგო Ad Black Sea-ზე

22 სექტემბერს, ბათუმში, ფესტივალ Ad Black Sea-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები 11 ნომინაციაში. 

ფესტივალზე ჯამში 135 ჯილდო გაიცა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, ფესტივალის გრან პრი კი გადაეცა სააგენტო Voskhod-ს.

ვიდეოში, რომელიც სააგენტომ ტელეარხ „დოჟდისთვის“ მოამზადა, ნაჩვენებია ტყუპი ბავშვების ამბავი. მათგან ერთი „დოჟდს“ უყურებს მეორე კი – ტელეკომპანია „რასიას“ . ბავშვებს პასუხები კითხვებზე: ვინ ვართ ჩვენ? რა არის გენდერული თანასწორობა? ვინ არიან რუსეთის მტრები? – სხვადასხვანაირი აქვთ. 

ვიდეოს მთავარი მესიჯია – „ჩვენ ვართ ის, რასაც ვუყურებთ“. 

სარეკლამო სააგენტო Voskhod-ი ასევე წლის საუკეთესო დამოუკიდებელ სააგენტოს აღიარეს.

ფესტივალის საუკეთესო ქართული საგენტო WINDFOR’S-ი გახდა. 

ჯამში წელს ფესტივალის საკონკურსო ნაწილში 700-ზე მეტი განაცხადი შევიდა. მათგან ჟიურის წევრებმა ქართულ სააგენტოებზე შემდეგნაირად გაანაწილეს პრიზები:

საუკეთესო კონკურსში:

  • WINDFOR’S – „ძე“ –  (სოციალური კამპანია და ქველმოქმედება)
  • WINDFOR’S – სარგებელი და ემოცია– (ბრენდის გარემოება და დიზაინი) 

ოქროს პრიზიორები:

  • ABK – Mose’s Roller – (სხვა მომხმარებლის პროდუქტი)
  • Watergunz – Sound Of Indifference – (ხმის დიზაინი)
  • Watergunz – Sound Of Indifference – (PR კამპანია)
  • Watergunz – Sound Of Indifference – (კრეატიული კამპანია ქველმოქმედებისთვის)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (მუსიკალური ნაწილი)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (პროდუქტის დიზაინი და არტ დაირექშენი)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (ინტეგრირებული სარეკლამო კამპანია)

ვერცხლის პრიზიორები:

  • ABK – Mose’s Roller – (პრინტი & ხელნაკეთი გამოცემა: არტ დაირექშენი)
  • HOLMES&WATSON – Nair Nairi Octopus – (შეფუთვა)
  • Walter Thompson Metro – Ordinary Santas – (კინემატოგრაფია)
  • Walter Thompson Metro – Home That Fits More – (ვიზუალური ეფექტები)
  • Walter Thompson Metro – Ordinary Santas – (პროდუქტის დიზაინი, არტ დაირექშენი)
  • Walter Thompson Metro – Challenging Discounts – (პრომოუშენი)
  • Leavingstone – Working Dead – (ტექსტი)
  • Leavingstone – Knowledge Leads To Freedom – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
  • METRO PRODUCTION – Born Independent – (სოციალური პსუხისმგებლობა /იმიჯი)
  • Redberry – Hear Me Anthem – [FMCG]
  • Watergunz – Sound Of Indifference – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
  • Watergunz – Sound Of Indifference – (მუსიკა)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – [PROMOTION & ACTIVATION CAMPAIGNS]
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (PR კამპანია)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – [USE OF SPECIAL EVENTS, STUNTS, SPONSORSHIP, PROMOTIONS]
  • WINDFOR’S – Dinner With Georgia – [CREATIVE EFFECTIVENESS FOR CHARITY/NON-PROFIT]

ბრინჯაოს პრიზიორები:

  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (პროდუქტისა და ბრენდის ინტეგრაცია)
  • WINDFOR’S – Benefits & Emotions – (PR კამპანია)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (სოციალური რეკლამა და ქველმოქმედება)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (ილუსტრაცია და ფოტოგრაფია)
  • WINDFOR’S – DZE_Georgian Project – (კორპორატიული ბრენდინგი)
  • Watergunz – Sound Of Indifference – (პროდუქტის დიზაინი, არტ დაირექშენი)
  • Watergunz – Want to eat something delicious? – (ვიზუალური ეფექტები)
  • Redberry – Hear Me Anthem – (პრომოუშენი)
  • Redberry – Hear Me Anthem – (რადიო &აუდიო: კასტი & პერფორმანსი)
  • Redberry – Hear Me Anthem – (კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) / კორპორატიული იმიჯი)
  • METRO PRODUCTION – Born Independent – (მუსიკა)
  • METRO PRODUCTION – Born Independent – (დაირექშენი)
  • Leavingstone – Knowledge Leads To Freedom – (PR კამპანია)
  • Leavingstone – Knowledge Leads To Freedom – (ინტეგრირებული ბრენდის კამპანია)
  • Leavingstone – Working Dead – (არხის კამპანია)
  • Kollektiv – Tbilisi Architecture Biennial – (კორპორატიული ბრენინგი)
  • ABK – Grab Popcorn – (პროდუქციის დიზაინი, არტ დაირექშენი)
  • ABK – Grab Popcorn – (სინემატოგრაფია)
  • ABK – Grab Popcorn – (დაირექშენი)

წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებდა. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.

_______________

მთავარი ფოტო: Ad Black Sea 

ქარტია „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტზე პროკურატურას მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს. ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის მიმართ ზეწოლას. „ბათუმელები“, რომლის გამოცემაა ასევე „ნეტგაზეთი“, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

ვრცლად ამ თემაზე: 

5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17-22 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 2-7 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 24-25 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/ია ფრანგიშვილი

საგანგებო: ძლიერი წვიმის გამო ბათუმში 20 შეტყობინება დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების მამრთვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. 

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ხულოში 78 აგარაკი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია სრულად, ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თოვლმა შუახევში ყანები დააზიანა [ფოტო]

21 სექტემბერს ღამით მოსულმა თოვლმა შუახევში სიმინდის ყანები და ნარგავები დააზიანა. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, თოვლი მოვიდა მხოლოდ სოფელ ნაღვარევში, სადაც მოსახლეობის ნაწილს მოსავალი აღებული ჯერ არ აქვს. „კომისია შედგება ზარალის დასათვლელად,“ – გვითხრეს მერიაში.

21 სექტემბერს, ღამით, თოვლი მოვიდა გოდერძის უღელტეხილზე, ბეშუმსა და ბახმაროშიც.

ნაღვარევი, დალი კილაძის ფოტო
ნაღვარევი, დალი კილაძის ფოტო
ნაღვარევი, დალი კილაძის ფოტო
ნაღვარევი, დალი კილაძის ფოტო

 

სოფელი ნაღვარევი. აიშე მურვანიძის ფოტო
შუახევი
Exit mobile version