კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მშენებლები დაბალსართულიანი სახლების დანგრევის ნებართვას ისევ ითხოვენ

09.12.2019 • 7695
მშენებლები დაბალსართულიანი სახლების დანგრევის ნებართვას ისევ ითხოვენ

მშენებლები არ ირჩევენ დაუსახლებელ ადგილებს და არ ისახავენ მიზნად ასეთი ადგილების განვითარებას, ისინი არ გადიან გარეუბნებში და ისევ ბათუმის ცენტრში ეძებენ  დაბალსართულიან ისტორიულ სახლებს დასანგრევად იმისთვის, რომ მათ ნაცვლად ახალი მაღალსართულიანი სახლები ააშენონ.

ბოლო პერიოდში მათი მოთხოვნა ნებართვის მისაღებად უფრო დაჟინებული იყო, იმ მიზეზით, რომ 3 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელმაც, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არსებული მარტივი პროცედურა გაართულა.

   მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა – ახალი სამშენებლო კოდექსი

გასულ კვირას სწორედ ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოსასწრებად მშენებელი კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომაზე დაჟინებით ითხოვდა მშენებლობის  შეთანხმებას მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას მომდევნო კვირაში სახელმწიფო სტრუქტურის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნდა ეყიდა: „ორშაბათს სრულდება აუქციონი“.

მას უთხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით პრობლემას ვერ ხედავდნენ, მაგრამ დღის წესრიგში დადგებოდა სამართლებრივი პრობლემა, ამიტომაც შეთანხება არ შედგა, მას უარი უთხრეს. გაბრაზებულმა მშენებელმა კი განაცხადა, რომ ეს სამართლებრივი პრობლემა კი არა ბიუროკრატიაა.

ბათუმის მერიას ბოლო ერთ თვეში, ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო, ასამდე ნებართვის თხოვნით მიმართეს. კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ კი ბოლო სხდომაზე 30 საკითხი განიხილა, მათ შორის იყო ჭავჭავაძის ქუჩა #54-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტიც.

ბათუმში, ჭავჭავაძის #54-ში კომპანია „რდ ჯგუფი“ მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლოდ გამიზნულ ტერიტორიას მოპირდაპირე მხრიდან [ჭავჭავაძის #77 -ში ] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი შენობა, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი  ესაზღვრება. ამ შენობის როგორც ძეგლის ღირებულების შეფასებისას, სპეციალისტი სწორედ მის მდებარეობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მის გამორჩეულ ფუნქციასთან ერთად, მდებარეობა განაპირობებს ძეგლის დომინანტურ ხასიათს.

რას შეცვლის ძეგლის აღქმის თვალსაზრისით ამ კვარტალში ახალი 45 მეტრი სიმაღლის შენობა [როგორც რენდერზეა მითითებული]? ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრებმა უნდა მიიღონ. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში [ძეგლის დაცვის ზონაში] კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც ძეგლს დაჩრდილავს და მის აღქმას შეუშლის ხელს.

ზონალური საბჭოს წევრებმა პროექტი სხდომაზე უკვე განიხილეს და მისი არქიტექტურა დაიწუნეს: „დაიხვეწოს არქიტექტურა“ – ასეთი იყო საბჭოს ხუთი წევრის რეკომენდაცია. წარადგენს თუ არა კომპანია პროექტს განმეორებით დახვეწილი არქიტექტურით და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთ შემთხვევაში საბჭო, ეს მომავალში გამოჩნდება.

პროექტის რენდერი

შპს „რდ ჯგუფი“ საქართველოში 2018 წლის დეკემბერში დააფუძნეს, მისი დამფუძნებელი და ასივე პროცენტის მფლობელი გრიგორ ანჩაბაძეა.

რამდენიმე არსებული სახლის ათვისების ხარჯზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გორგილაძის #35-ში შპს „ბბჯ ჯგუფი“ გეგმავს. კომპანია მშენებლობისთვის ორ საკადასტრო ერთეულს გააერთიანებს, რაც ჯამში 1264 კვადრატული მეტრია.

ბათუმი, გორგილაძის #35

გორგილაძის ქუჩის #35 -ში ახალი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისთვის რამდენიმე ძველის, მათ შორის, ერთსართულიანი ბელეტაჟების ათვისებას გეგმავს.

გორგილაძის #35

გორგილაძის #35

წარდგენილი პროექტი ზონალური საბჭოს სხდომაზე განიხილეს და კომპანიისგან კვარტალის განაშენიანების გეგმის მომზადება მოითხოვეს.

მრავალბინიანი სახლის აშენებას გეგმავენ გორგილაძის ქუჩაზე, #91-ში მდებარე ერთსართულიანი სახლის ათვისების ხარჯზეც. პროექტი საბჭომ განიხილა და კომპანიისგან ტერიტორიის განაშენიანების კონცეფცია მოითხოვა.

გორგასლის #91

გორგილაძის #91-ში მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: