მთავარი,სიახლეები

მამუკა ხაზარაძე: არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე

09.12.2019 • 2312
მამუკა ხაზარაძე: არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კაზინოებისა და ონლაინთამაშების მიმართულებით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. იგი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტში თანხის მოზიდვის იოლი გზაა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

„მე ვფიქრობ, რომ ერთი-ერთი დიდი პრობლემა არის კაზინოების თემა. შეიძლება თვლიან, რომ ეს არის ტურიზმის მოზიდვის წყარო, მაგრამ ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა ჩვენს ახალგაზრდობაზე. არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებზე და აზარტულ თამაშებზე, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდები ასე ჩართულები არიან, ჩემი აზრით, ძალიან ცუდ, აზარტულ მიმართულებებში.

მე ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო დონეზე არის საკმაოდ გასამკაცრებელი ეს ყველაფერი. აქ არ შედის მხოლოდ კაზინოს თემა, აქ შედის ონლაინთამაშებიც, რომელიც არის აბსოლუტურად უკონტროლო.

…ბიუჯეტში შედის თანხა, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხის შეტანა შეიძლება ბიუჯეტში, თუ კარგად დარეგულირდება ეს საკითხი, გახდება გამჭვირვალე და შავი ბრუნვა იქნება გადატანილი, ასე ვთქვათ, თეთრ ბრუნვაში. შემოსავალი, რომელიც დღეს ამ ინდუსტრიიდან შემოდის, არ ასახავს ზუსტად იმ შემოსავალს, რომელიც უნდა შემოდიოდეს. ამის კვლევა და ანალიზი არავის გაუკეთებია, ამიტომ კითხვა მაქვს, იქნებ უფრო მეტი ფული შემოსულიყო ბიუჯეტში, იქნებ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნილიყო, იქნებ ისე გაგვეკეთებინა, რომ დაგვეცვა ახალგაზრდები?!

თავიდან ეს [კაზინოები] შეიძლება კარგი იყო ბიძგისთვის, მაგრამ ამის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს ინდუსტრია დაიხვეწოს და საერთოდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ კაზინო არ არის გრძელვადიანი ამბავი, უიდეობაზე სწორედ ის მიანიშნებს, რომ ხან კაზინოზე მიდის სწორება და ხან მმართველი პარტია გვთავაზობთ – „მოდი ახლა მარიხუანას პლანტაციები გავაშენოთ…“

რაღაც ჩაკეტილ წრეში ვართ და ვამბობთ, რაც მუშაობს, ესაა და იმის იქეთ ხედვა არ არსებობს.

ეს არის იოლი გზა, ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის გაუბედურებაზე ნაშოვნი ფულის გზა და, შესაბამისად, ეს არ არის ის გზა, რომელიც გრძელვადიანად ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ბათუმელებთან“.

„ლელოს“ ლიდერთან „ბათუმელებმა“ ინტერვიუ 8 დეკემბერს ჩაწერა ბათუმში. მამუკა ხაზარაძესთან სრული ინტერვიუ batumelebi.ge-ზე მალე გამოქვეყნდება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: