მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ და მუსლიმებმაც „ახალი მეჩეთის საქმე“ სააპელაციოში გაასაჩივრეს 

09.12.2019
ბათუმის მერიამ და მუსლიმებმაც „ახალი მეჩეთის საქმე“ სააპელაციოში გაასაჩივრეს 

სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა ბათუმის მერიამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“იცავენ. ორივე მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და უკანონოდ მიიჩნია მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი მერიის დავალდებულების ნაწილში – მუსლიმი თემი ითხოვდა, სასამართლოს დაევალებია მერიისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოსამართლემ თქვა, რომ მშენებლობის ნებართვაზე შესაბამისი აქტების გამოცემა მერიის დისკრეციული უფლებამოსილებაა და ამაში სასამართლო ვერ ჩაერევა.

„დისკრიმინაციული მოპყრობა არ აღმოფხვრილა ამ აქტის გაუცემლობით. დისკრიმინაციული მოპყრობა განგრძობადია, იგი ახლაც გრძელდება,“ – ამბობს მერი აღაპიშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი. მისი შეფასებით, ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება თავად სასამართლოს პრაქტიკის განვითარებისთვისაც, რადგან საქმე კანონით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებას უკავშირდება, მაგალითად, როცა კონკრეტულ ნებართვას მხოლოდ ბათუმის მერია გასცემს და ამ უფლებამოსილების შეზღუდვას დისკრიმინაციის დადგენის პირობებში.

მერი აღაპიშვილის მოსაზრებით, ამოსავალი უნდა იყოს დისკრიმინაციის დადგენა. „სასამართლომ თქვა, რომ დიფერენცირებულ მოპყრობას არ შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური მიზეზი. რადგან დისკრიმინაცია დადგინდა, მისი აღმოფხვრის ერთადერთი გზა იყო შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემა მშენებლობის ნებართვაზე,“ – აღნიშნავს მერი აღაპიშვილი.

ბათუმის მერია კი, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში ასაჩივრებს, რომლითაც დადგინდა, რომ მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება დისკრიმინაციულია.

ამ თემაზე: აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: