გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა ბეტონის ქვეშ. 2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში სპეციალისტები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური მასალა, რომლის არსებობასაც ამ ზონაში მოიაზრებენ.
„კარგად ვიცით, რომ ძველი ქალაქი იყო ციხის გარეთ. გარდა ამისა, ამ ადგილზე სხვადასხვა არტეფაქტი დაფიქსირდა ოთხმოციან წლებში, მათ შორის ელინისტური ხანის სამარხები. სწორედ ამან განაპირობა ამ ტერიტორიის არქეოლოგიურ ზონად გამოცხადება. ეს არის ძალიან საინტერესო ტერიტორია, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიისთვის, ვინაიდან ეს ციხესიმაგრე რომაელებმა ააშენეს.
ადგილობრივ მოსახლეობასა და რომს შორის კონტაქტები არსებობდა და სწორედ ეს კონტაქტები არის საძიებელი ციხის გარეთ“, – ამბობს ისტორიკოსი ლაშა ასლანიშვილი. ის სააგენტოში არქეოლოგიურ-არქიტექტურულ განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ისტორიკოსი შიშობს, რომ ქაოტური მშენებლობები ამ ტერიტორიაზე მომავალში არქეოლოგებისთვის სამოქმედო არეალს თანდათან უფრო დაავიწროებს და „შესაძლებელია ისტორიის ესა თუ ის მომენტი, რომელიც უკავშირდება გონიოს ციხეს, დაიკარგოს.“
გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიას არქეოლოგიური დამცავი ზონის სტატუსი აქვს და ზონის საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის კერძო საკუთრებაზეც, სპეციალური რეჟიმია დადგენილი, რაც ტერიტორიაზე მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უშვებს. აქ კანონი არ უგულებელყოფს საკუთრების უფლებას, მაგრამ აწესებს მშენებლობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
გონიოს ციხე, მისი ტერიტორიით და დამცავი ზონით, ასევე არქეოლოგიური ზონით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბალანსზეა. ამ სააგენტოს პრეროგატივაა ციხის, როგორც ძეგლის და მისი დამცავი, ასევე არქეოლოგიური ზონის მოვლა-პატრონობა. კანონმდებლობის შესაბამისად, ძეგლის 100 მეტრის რადიუსში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. ამავე სამსახურს ევალება დარღვევის გამოვლენა და რეაგირებაც, ხოლო ას მეტრს მიღმა ძეგლის ყველა მხარეს კონტროლი და რეაგირება ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა.
რას აკეთებს აჭარის მთავრობა იმისთვის, რომ არქეოლოგიური ზონა სრულად ჩაბეტონებას გადაურჩეს და რატომ არ დაიწყო კვლევები ამ დრომდე, რას ელოდება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო? – ამ კითხვაზე სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი პასუხობს, რომ სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომპეტენციაში რჩება – კანონდამრღვევს აფრთხილებს, აჯარიმებს, შემდეგ კი საქმე აღსრულებაში გადადის, სადაც პროცესი ჩერდება, რადგან აღმასრულებელი თავის მოვალეობას არ ასრულებს.
ზაურ ახვლედიანი განმარტავს იმასაც, თუ რატომ არ იწყება კვლევები და რომ სააგენტომ მოსახლეობასთან, ნაკვეთების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებით რამდენიმე ნაკვეთი უკვე შეისწავლა: „მათ შორის ერთ ადგილზე აღმოჩნდა საინტერესო კედლები და კვლევა გასაგრძელებელია, ხოლო ორ ადგილზე არტეფაქტები არ აღმოჩნდა. როგოც ვიცი, ამ ადგილზე გაიცა კიდეც მშენებლობის ნებართვა.“
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობასთან მოლაპარაკება გრძელდება და სააგენტო კვლევის გაგრძელებას 2020 წელსაც გეგმავს. ზაურ ახვლედიანი ვარაუდობს, რომ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევისა და ტერიტორიაზე სპეციალისტების მობილიზების შემთხვევაში, ტერიტორიის სკანირებისა და სრულად შესწავლისთვის, სავარაუდოდ, ხუთი სეზონი დასჭირდება სააგენტოს. მოხერხდება თუ არა ეს შეთანხმება, ჯერ უცნობია.
ცნობილია, რომ დაცულ ტერიტორიაზე არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოსახლეობას საკუთრებაში 2016 წელს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცეს. ამას წინ უძღოდა 2010 წლის პროცესები, როცა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონიოელებს მის მიერვე 2008 წელს გადაცემული ეს მიწები ჩამოართვა. ხელისუფლებაში მოსვლამდე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება ამ ოჯახებისთვის სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.
2016 წელს, მაშინაც კი, როცა ამ ნაკვეთების დარეგისტრირებაზე უარის გამო მოსახლეობამ სასამართლოს მიმართა, ისინი იმედოვნებდნენ, რომ მათ სახლების აშენების უფლებას მისცემდნენ, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობდა. თუმცა ბოლომდე ასე არ მოხდა – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, მათ მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირეს სპეციალური პირობით, რომ ზონაში არ დაიწყებდნენ მშენებლობას.
გონიოს მიმდებარე ტერიტორიის, როგორც საკვლევი მონაკვეთის შენარჩუნების საკითხს პრობლემად განიხილავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც. სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი იმედოვნებს, რომ ზონის შენარჩუნებას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ახალი კოდექსის დამტკიცებამდე შეძლებენ. ეს კოდექსი დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია პარლამენტში. ახალი კოდექსი კი, ძეგლის დაცვის ზონებში თვითნებურ ქმედებებზე რეაგირებას ამკაცრებს.