საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, იმდროინდელი სოციალ-დემოკრატების გავლით, „ევროპას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ მკვლელობის „დაკვეთა ევროპიდან იყო“. მის ამ ნათქვამს – ილიას მკვლელობის ევროპასთან დაკავშირებას – ისტორიკოსები „წარმოუდგენელ აბსურდს“ უწოდებენ.
მიტროპოლიტი იოანეს ძველ ნათქვამ-ნააზრევის ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მის ახალ განცხადებაში რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მოქნილ, მავნე გამოვლინებას ხედავს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაის-გაენათის (გელათის) ეპარქია სიდიდითა და მნიშვნელობით ქვეყანაში მეორეა, მის იქ დანიშვნად საგანგაშოდ მიიჩნევს.
რა თქვა მიტროპოლიტმა იოანემ?
10 ნოემბერს, ბაგრატის ტაძრის გარეთ, ადგილობრივ მედიასაშუალება „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში მიტროპოლიტმა იოანემ თქვა:
„ილია ჭავჭავაძე აწამეს?.. თუ? ვინ მოკლა? იცით, ვინ მოკლა? უშიშროების სამსხურს მიმართეთ. მათ ფილმი გააკეთეს, გამოიძიეს. სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს. და დაკვეთა იყო ევროპიდან.
იმიტომ, რომ ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელ იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის ილიაც მოჰყვა ამ სიაში… სოციალ-დემოკრატებმა [მოკლეს]… და ეს იდეები საიდან მოდის, ეგ კარგად იცით“.
ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 30 აგვისტოს (ახალი სტილით) მოკლეს სოფელ წიწამურთან. გამოძიება მალევე დაიწყო მეფის რუსეთის საიდუმლო პოლიციამ („ოხრანკამ“), თუმცა როგორც ამ გამოძიების შედეგებს, ასევე, საბჭოთა პერიოდის გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ისტორიკოსები სკეპტიკურად უყურებენ.
იმ ფილმშიც, რაზეც გამრეკელი მიუთითებს, — რომელიც არა უშიშროებამ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიღო 2014 წელს, — მიმოხილულია დაახლობით ასწლიან პერიოდში განვითარებული სხვადასხვა, განსხვავებული ვერსია.
მიუხედავად იმისა, რომ სადავო და ბოლომდე დაუმტკიცებელი სხვადასხვა ვერსია არსებობს მკვლელობის შესახებ, არც ფილმში და, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, არც სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურაში, გაკვრითაც კი არ არის ნახსენები „დაკვეთა ევროპიდან“.
მეტიც, ფილმის ბოლოსკენ, მკვლელობის მონაწილეები არა მენშევიკებთან, არამედ სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკების ფრთასთან არიან დაკავშირებული.
სხვადასხვა ვერსია
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას „XX საუკუნის ჯერჯერობით უპასუხო გამოცანას“ უწოდებს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში მოკლედ მიმოიხილავს იმ ვერსიებს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს:
„არსებობს უამრავი ვერსია. ჯერ იყო ცარისტული რუსეთის [„ოხრანკის“] გამოძიება და ვერსია, რომლის შემდეგაც დააპატიმრეს და დასაჯეს მკვლელობის მონაწილე რამდენიმე პირი, როდესაც პირდაპირ გამოცხადდა, რომ ეს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჩადენილი დანაშაული. არადა, კონტექსტი ასეთი იყო: რევოლუციური მოძრაობა ებრძვის ცარიზმს, ცდილობს მის დამხობას და რეჟიმი იყენებს ამას მტრის კომპრომატიზაციისთვის.
დროთა განმავლობაში ეს საკითხი უკანა პლანზე იყო გადაწეული. 40-იანი წლების დამდეგს რეჟიმმა ჩათვალა, რომ ილიას მკვლელობას ახალი დასაბუთება უნდა მიეცეს და შემოიტანა გიგლა ბერბიჭაშვილის ვერსია, რომ ეს იყო ცარისტული რეჟიმის, ოხრანკის მიერ ორგანიზებული მკვლელობა.
1980-იანი წლების ბოლომდე ამას ალტერნატივად მხოლოდ ფოლკლოლური ვერსიები შეხვდა — იმ ნაწილმა, რომელიც სკეპტიკურად და მტრულად იყო განწყობილი ოფიციალური იდეოლოგიისა და ისტორიოგრაფიის მიმართ, დაიწყო ლეგენდის შეთხზვა, რომ ეს უკავშირდებოდა ბოლშევიკებს და ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე პირადად მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში;
1990-იანი წლების შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში აირია და დღემდე, თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ახლოსაც კი ვერავინ მივიდა ამ საქმის გარკვევასთან“.
თუმცა, როგორც ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, მაინც გაურკვეველი რჩება, რატომ ჩაიდინეს ეს მკვლელობა: „ილიას მკვლელობა რჩება სამეცნიერო, ისტორიულ და, გარკვეულწილად, კრიმინალისტურ გამოცანად“.
„ევროპისგან დაკვეთილი მკვლელობა“?
რას ამბობენ ისტორიკოსები ილიას მკვლელობის „ევროპასთან“ დაკავშირებაზე? ან რომელ „ევროპას“ გულისხმობს გამრეკელი 1907 წლის რეალობაში, არსებობდა კი დღევანდელივით, შედარებით ერთიანი სივრცე პირველ მსოფლიო ომამდე 7 წლით ადრე?
კიდევ ერთი ისტორიკოსი, ირაკლი ირემაძე იოანე გამრეკელის ამ ნათქვამზე ამბობს, რომ არც კი ღირს მეცნიერულ დისკუსიაში შესვლა: „ევროპელების ხელი რუსეთში განვითარებულ ტერორისტულ აქტებში აბსურდულია, არსად არაფრით არ იკვეთება“.
პირველ რიგში, ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ ამ განცხადებით [20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის ილიაც მოჰყვა ამ სიაში] იოანე გამრეკელმა ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოხელეებს გაუთანაბრა.
1800-იანი წლების მეორე ნახევრიდან ცარისტული რეჟიმის არაერთი წარმომადგენელი მართლაც გახდა „ტერორისტული შეტევების“ სამიზნე, თუმცა ჭავჭავაძის მათ გვერდში დაყენება ყველანაირად გაუმართლებელია, ამბობენ ისინი.
ირაკლი ხვადაგიანი განმარტავს: „სხვადასხვა დროს „ნაროდნიკები“ [ხალხოსნები – პოლიტიკური მოძრაობა], ესერები [სოციალისტ-რევოლუციონერები] და ანარქისტები, ზოგჯერ სოციალ-დემოკრატიული პარტიაც — და განსაკუთრებით ბოლშევიკური ფრაქცია — მიმართავდნენ ტერორს, ოღონდ მეფის რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ“.
„ანუ მათი სამიზნეები იყვნენ სადამსჯელო ოპერაციების მეთაურები, ჟანდარმერიის ოფიცრები, პოლიციის ჩინოსნები, შინაგან საქმეთა მინისტრები, რომლებიც თვითონ ახორციელებდნენ ტერორს. ანუ ეს იყო „ტერორი ტერორს“. გამრეკელის ნარატივით კი, ილია ჭავჭავაძეც ისეთი პიროვნებების გვერდით დგას, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გენერალი ფიოდორ გრიაზნოვი, ალიხანოვ-ავარკსი, ჟანდარმერიის ოფიცრები და ა.შ.“, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი.
ამ ტერორის ევროპასთან რაიმე სახის კავშირზე საუბარს მეორე ისტორიკოსი, ირაკლი ირემაძე აბსურდულს უწოდებს და იმავეს გვეუბნება, რასაც ხვადაგიანი: „ეს ტერორი, რაც რუსეთში ხორციელდებოდა, იყო წმინდად ხალხოსნური მემკვიდრეობა, XIX საუკუნის 60-70-იანი წლებში ჯერ დეკაბრისტების, შემდეგ ხალხოსნების [იგივე „ნაროდნიკების“] მოქმედებებისა“.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს: „იმის თქმა, თითქოს ევროპა იდგა სოციალ-დემოკრატების [მენშევიკების] უკან, ცოტა არ იყოს, ირონიულია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემთხვევაში. ევროპა მართლაც იყო მათი სამიზნე, ეს მოძრაობა ევროპისკენ იყო მიმართული, იქაურ სოციალ-დემოკრატიულ იდეებს ეფუძნებოდა, იქითკენ ჰქონდა მიზიდულობის ცენტრი და არა რუსულ სოციალიზმთან. მაგრამ გამრეკელს ძალიან ღრმად მოუვიდა შესვლა და ასეთი წარმოუდგენელი ფორმულა დააყენა: თითქოს სოციალ-დემოკრატებმა იმპერიის არსებობის პერიოდში ევროპის დავალებით ამდენი სახელმწიფო მოღვაწე მოკლეს იმიტომ, რომ ევროპა ებრძოდა რუსეთს და უნდოდა მისი გადაგვარება და დასუსტება“…
მაშ, რატომ ამბობს ამას გამრეკელი?
ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება: „ისტორიული დისკუსიის გამართვა სასაცილოა, რამდენადაც ეს ფორმულა, რაც გამრეკელმა წარმოადგინა, ზუსტად ისევე აბსურდულია, ვინმემ რომ უცხოპლანეტელების ელემენტი შემოიტანოს ამ საქმეში“. არც თვითონ იოანე გამრეკელის მიერ დასახელებულ ფილმში, რომელიც 2014 წელს გადაიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, არ არის ნახსენები ან რაიმე სახით მინიშნებულიც კი მკვლელობის კავშირი „ევროპასთან“.
თუკი იოანე გამრეკელის ნათქვამი არც ისტორიული აკურატულობით ხასიათდება და არც რაიმე კავშირი აქვს რეალურ ისტორიულ წარსულთან, რის გამო შეიძლება ამას ამბობდეს? ხვადაგიანის თანახმად, ეს ნათქვამი „შეიძლება შევაფასო მხოლოდ თანამედროვე საინფორმაციო ომისა და რუსული პროპაგანდის განზომილებაში“:
„ეს ცხადზე ცხადი ფორმულაა, იქიდან გამომდინარე, რასაც ეყრდნობა რუსული პროპაგანდა და რბილი ძალა: იღებს გარკვეულ სახე-სიმბოლოებს და ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძე არის წმინდანის რანგში აყვანილი ხელშეუხებელი სიმბოლო, რომელიც უკავშირდება რელიგიურობას, რწმენას, და იყენებს იმ ძველ სტერეოტიპებს, მისი მვკელლობის თითქოს სოციალ-დემოკრატებთან კავშირს, და ამას ამატებს ევროპის კომპონენტს — რომელიც არის მთავარი „საფრთხობელა“ და „დესტრუქციული ძალა“, რომელიც ცდილობს, გარყვნას და წაართვას რუსულ სამყაროს მისი სიწმინდეები“, — ამბობს ხვადაგიანი.
ისტორიის გამრეკელისეული ხედვა
როდესაც იოანე გამრეკელი ოფიციალურად დანიშნეს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, არაერთმა თეოლოგმა გაიხსენა მის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული წერილი, „საქართველოს გზა“, რომელშიც იგი წერს:
-
- „რუსეთი თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი ევროპაში გავრცელებული ათეიზმისა და სოციალ-დემოკრატიული იდეებისა. ევროპამ და ამერიკამ დააფინანსეს ჯერ რევოლუცია და მერე სამოქალაქო ომი რუსეთში“.
- „სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გააანალიზა, რაში იყო საქმე. საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს“…
- „ჩვენ გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით — რუსეთით, და გვიკიჟინებენ, რომ „რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ“… ქვეყანა, რომელსაც წარსულში ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვამწარებს, რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს. მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის იმ გზით გაგრძელებისა, რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო მასშტაბით ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი საქართველოსთვის დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს“.
- ევროპაზე მისეულ მსჯელობაში ჰომოფობიასაც გადააწყდებით: „ევროპული ღირებულებები, ერთი მხრივ, თავის თავში შეიცავს ქრისტიანული ღირებულებების ნატამალს და მეორე მხრივ, არაქრისტიანულს და ანტიქრისტიანულს. ანტიქრისტიანულია ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა, გავრცელება და სოციალურ ფენომენად გადაქცევის მცდელობა“…
თეოლოგ ლადო წითლიძეს მიტროპოლიტი იაონე „ერთმნიშვნელოვნად პრორუსულ ფიგურად“ მიაჩნია, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული წერილის შინაარსის გამო და „ნეტგაზეთთან“ საუბარში მანიპულაციურსა და კატასტროფულს უწოდებს XIX საუკუნეში მომხდარი მოვლენების მიტროპოლიტისეულ ინტერპრეტაციას.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს: „მეფისდროინდელი რუსეთის სიკეთედ წარმოჩენა და იმის უარყოფა და დამალვა, როგორ ხდებოდა ქართული საეკლესიო სიძველეების, წერილობითი წყაროების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება-განადგურება, ისტორიული არტეფაქტების ქურდობა და გატაცება, ეკლესიაში კონკრეტული სასულიერო პირების დევნა, ქართული ენის შევიწროება, საგანმანათლებლო და კულტურული მუშაობის, საღვთისმეტყველო მიმართულების ჩაკვლა, არის ზუსტად პროპაგანდისტული დღის წესრიგი. თუ ამას ვინმე სიკეთედ წარმოაჩენს, გასაგებია, რომ დღესაც ასე ხედავს საკუთარ ადგილს — იმპერიულ განზომილებაში“.
კიდევ ერთმა თეოლოგმა, ლადო ნარსიამ კი „ნეტგაზეთს“ უთხრა: „წერილში კარგად ჩანს, როგორ ხედავს ეს ადამიანი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს და რა ორბიტაზე წარმოუდგენია მომავალი“.
წაიკითხეთ ასევე:
https://netgazeti.ge/news/402781/