„მცდელობა არის, მზაობა სუსტია“ – როგორ ხსნის 110-მილიონიანი პროექტის შეჩერებას დეპარტამენტი


ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს გუშინ, 3 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. კომპანია მზად რომც იყოს, „მიწის სამუშაოებს“ ხულოს ტერიტორიაზე მაინც ვეღარ შეასრულებს – აქ უკვე გათოვდა. გზის მშენებლობის „პირველი ეტაპის“ დაწყებას კი მორიგ გაზაფხულზე უნდა ველოდოთ:

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ინფორმაცია წერილობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან, 2019 წლის 6 ნოემბერს, კიდევ ერთხელ გამოითხოვა. დეპარტამენტმა ჩვენს წერილს 3 დეკემბერს უპასუხა.

რა ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის სარემონტო/სამშენებლო სამუშაოები და კონკრეტულად რა სამუშაოები შესრულდა ამ პროექტის ფარგლებში დღემდე? „ტოდინმა“ გამოასწორა თუ არა  ვალდებულებები და სამუშაოების პროგრამა? დღევანდელი მდგომარეობით რა სამუშაოებს ასრულებს კომპანია პროექტის ფარგლებში ან/და, თუ შეჩერებულია სამუშაოები, როდის უნდა განახლდეს? – ეს იმ შეკითხვებია, რომლითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. გვაინტერესებდა ასევე დეპარტამენტის მოსაზრება, თუ რამ გამოიწვია ამ პროექტის შეფერხება, რა იყო მიზეზი და გატარდა თუ არა რაიმე სანქცია კონტრაქტორის მიმართ.

„ზედამხედველი ინჟინრების მიერ გაცემული გამოსწორების შეტყობინების შესაბამისად, კონტრაქტორს უნდა დაესრულებინა მობილიზაცია, დაეწყო სამუშაოები, ჩაენაცვლებინა [საბანკო] გარანტიები და სხვა. კონტრაქტორმა დღემდე ვერ უზრუნველყო ზედამხედველი ინჟინრების მიერ გაცემული გამოსწორების შეტყობინებების შესრულება. ამასთან, კონტრაქტორმა ზედამხედველ ინჟინერს წარუდგინა სამუშაოების პროგრამა, თუმცა აღნიშნული პროგრამა ისევ დაუბრუნდა კონტრაქტორს შესასწორებლად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კონტრაქტორის პასუხისმგებლობას დაგვიანებით მიყენებული ზიანისთვის. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, სამუშაოები უნდა დასრულდეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო სამუშოების დასრულება აღნიშნულ ვადაში, დეპარტამენტი შესაბამისი პირობების არსებობისას, იმსჯელებს კონტრაქტორის მიმართ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველ მხრივ ხელს უწყობს კონტრაქტორს განახორციელოს სამუშაოები, თუმცა სუსტია კონტრაქტორის მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 3 დეკემბერს. წერილს ხელს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აწერს.

დეპარტამენტის ადრინდელი ინფორმაციით, „კონტრაქტორმა იკისრა ვალდებულება ჩაენაცვლებინა მის მიერ უკვე წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები“. დეპარტამენტს ამჯერად ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია, ჩაანაცვლა თუ არა კომპანიამ საგარანტიოები.

„გაცნობებთ, რომ კონტრაქტორს დღემდე არ შეუსრულებია მისი ვალდებულება და არ ჩაუნაცვლებია საბანკო გარანტიები“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტმა [2019 წლის მაისში] გვაცნობა, რომ „ტოდინის“ მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი“.

დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, დაწყებულია თუ არა ამ პროექტისთვის [ორთავე ლოტი] სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ათვისება? რა თანხა დაიხარჯა და რაში 2019 წლის ბიუჯეტიდან ამ კუთხით? რა თანხაა გათვალისწინებული ამ პროექტისთვის 2020 წლისთვის?

„გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანხის ათვისება არ არის დაწყებული, ვინაიდან ხელშეკრულების შესაბამისად დეპარტამენტში არ არის წარმოდგენილი შუალედური გადახდის სერტიფიკატები“, – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

—–

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ორივე ლოტზე ასრულებს TODINI Costruzioni Generali S.p.A [„ტოდინი“].

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

„ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის ახალი გზა უნდა ააშენოს, „ასეული მილიონის ოდენობით თანხას“ ედავება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დავა ეხება კომპანია „ტოდინთან“ იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

ამ და სხვა დავის წარმოებისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასაქირავებლად კი დეპარტამენტს თითქმის 5 მილიონი ლარი სჭირდება.

ამ თემაზე:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება

 

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com