მთავარი,სიახლეები

„მეუბნებოდა, ბევრს ჭამო“ – მამამთილის ფსიქოლოგიური ძალადობა რძალზე

09.12.2019 • 2267
„მეუბნებოდა, ბევრს ჭამო“ – მამამთილის ფსიქოლოგიური ძალადობა რძალზე

„ყოველდღე მეჩხუბებოდა და მამადლიდა საკვებს. მეუბნებოდა, ბევრს ჭამო… ყოველდღე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა. იძულებული ვიყავი, ავსულიყავი სახლის მეორე სართულზე და იქ ვყოფილიყავი სიცივეში…“ – ეს მოსამართლე ბიძინა სტურუას ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა მოუყვა. სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ კაცს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მალე იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ გაათავისუფლა პატიმრობიდან.

ქალმა პოლიციისთვის მიმართვა დაოჯახებიდან 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა. მისივე ჩვენების მიხედვით, 15 წლის განმავლობაში ქალი მოძალადე მამამთილისგან ფსიქოლოგიური ძალადობისგან თავის დასაღწევად პერიოდულად ცივ ოთახში იკეტებოდა. ბოლო წლებში მასთან ერთად იყვნენ არასრუწლოვანი შვილებიც.

ოზურგეთის სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ნ. ი. დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, ზრდიდა შვილებს, ზ.ჩ. იყო უკმაყოფილო და ნ.-ს მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ლანძღავდა, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ამადლიდა მის მიერ ოჯახში შეტანილ სარჩოს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას, რისთვისაც დაზარალებული იძულებული იყო ზამთრის პერიოდში გასულიყო სხვა ოთახში და გაეძლო სიცივისთვის…“- აღნიშნულია სარჩელში.

ოზურგეთის სასამართლოში ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა მისი ადვოკატი დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლოში კი,  მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით შეუცვალა და აღნიშნა:

„სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ.ჩ.-ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და პირობა დადო, რომ მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება, ის არის 66 წლის პენსიონერი, დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი,“ – აღნიშნავს მოსამართლე ვერა დოლიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: