მთავარი,სიახლეები

აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება

30.09.2019 • 3602
აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება

„უფრო თამამი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამართლე“, – ასე აფასებს TDI-ის იურისტი, ანზორ ხატიაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“. დღეს, 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული სამართლებრივი აქტები, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა მერიისთვის მშენებლობის პირველი ეტაპის ნებართვის გაცემის დავალდებულების ნაწილში.

„მისასალმებელია, რომ დისკრიმინაცია დადგინდა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ მერიამ ისევ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს, ისევ გასაჩივრდეს და ამას დასჭირდეს 10 წელი,“ – ამბობს ანზორ ხატიაშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდა და სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს.

TDI-ის იურისტი ანზორ ხატიაშვილი

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოდ შესასრულებელია ქვედა ინსტანციების სასამართლოებისთვის. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, როცა დისკრიმინაცია დგინდება, მაშინ არსებითად უნდა გადაწყდეს დავა,“ – გვითხრა ანზორ ხატიაშვილმა, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტმა.  ეს ორგანიზაცია და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები ასევე უარყოფითად აფასებენ მოსამართლის აქცენტს, როცა მან თქვა, რომ დისკრიმინაცია ჩანს არა ზოგადად მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულებაში, არამედ ამ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებში, რომელიც ბათუმის მერიამ მიიღო.

„მერია არაფერს წარმოადგენს ამ შემთხვევაში. მერი ხელს აწერს იმას, რაც არის ოფიციალურად სახელმწიფოს დამოკიდებულება… მოსამართლე მოერიდა ზოგადი დამოკიდებულების შეფასებას,“ – ასე აღიქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის განმარტებები ტარიელ ნაკაიძემ, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა. ის ამბობს, რომ ბოლომდე დაელოდება ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულებას.

„მერია იძულებული გახდება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სამართლიანია… ჩვენ ახლაც გვაქვს რესურსი, რომ დავიწყოთ ახალი მეჩეთის მშენებლობა, მაგრამ გვინდა შეიქმნას პრეცედენტი, როცა მერია ნებართვებს გასცემს და ამ დროს არ მოქმედებს ვიღაცის სურვილის შესაბამისად… ეს ჩანდა სასამართლოს დამოკიდებულებაშიც, როცა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ამ საქმის განხილვა,“ -აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება მოეწონა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ხელმძღვანელს, ნოდარ პაქსაძეს. მას მოლოდინი აქვს, რომ მერია იძულებული გახდება, ამ შემთხვევაში მუსლიმი თემისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს.

„კმაყოფილი ვართ იმით, რომ მოსამართლემ მიიღო ასეთი სწორი გადაწყვეტილება. როცა სასამართლო მერიას ეუბნება, რომ თქვენი გადაწყვეტილება არის არასწორი და უკანონო. როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მერიამ? თუ არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაშინ მუსლიმი მრევლი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოში ნებისმიერი სხვა აღმსარებლობა – ყოველგვარი ნებართვის გარეშე გათხრის ფუნდამენტს და ისე ააშენებს მეჩეთს,“ – უთხრა ჟურნალისტებს ნოდარ პაქსაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მოსამართლის გადაწყვეტილების მოსასმენად სასამართლოში მერიის წარმომადგენელი არ მივიდა. ამ დრომდე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.  მერიას მოსამართლემ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე“. გია ერმაკოვის ხელმოწერილი აქტები სასამართლომ დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. ამჯერად ლაშა კომახიძეს მოუწევს ახალი გადაწყვეტილების მიღება.

„მერია ვალდებული იყო საფუძვლიანად გამოეკვლია ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა გარემოება, რაც არ გააკეთა,“ – დასძინა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: