ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

პირველი საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში  7 დეკემბერს გააიხსნება. ბათუმის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ევრიპიდეს „მედეა“. სპექტაკლს 8 დეკემბერსაც აჩვენებენ. ფესტივალს გერმანული თეატრი „ბერლინერ ანსამბლი“ გახსნის. თეატრი 1949 წელს გერმანელმა დრამატურგმა და პოეტმა ბერტოლტ ბრეხტმა დააარსა აღმოსავლეთ ბერლინში.

  • სპექტაკლის რეჟისორია მიხაილ ტალჰაიმერი
  • სცენოგრაფი, ოლაფ ალტმანი
  • კოსტიუმების მხატვარი, ნეჰლ ბალკჰაუზერი
  • მუსიკალური გაფორმება: ბრეტ ვრედი
  • ვიდეოს ავტორი: ალექსანდრ დუ პრელი
  • განათება: ჯოჰან დელაერი, ურლიხ ეჰ
  • დრამატული კონსულტანტი: სიბილ ბასჩუნგი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში, ასევე ონლაინპორტალზე: biletebi.ge. სპექტაკლი 19:30 საათზე დაიწყება.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა და აჭარის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მსოფლიოში.

ასევე, ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი თეატრალური კომპანიებისა და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა.

ფესტივალი 20 დეკემბერს, „ღვთაებრივი კომედიით“ დაიხურება, რომელსაც იტალიური თეატრი „ნო გრავითი“ წარმოადგენს.

კირნათი ჰესის მშენებლობის გამო მარადიდში 34 პირს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში 34 პირს მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – მიწას, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან და ნარგავებთან ერთად, ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, მარადიდში ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები.

ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქაბაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უძრავი ქონების [მიწა, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები] ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან:

ევა, ზეინეფ, ნაილე, რამაზ, ფადიმე, ალი, ირაკლი, ირინე, მაგული, მაია, მალვინე, მელანო დიდმანიძეები, ნადია და ხევა დიასამიძეები, ვიტალი, თემურ, მაგული, მადონა, ნინო ჩერქეზიშვილები, დარიკო წითელაძე, მინდია და სანდრო მუთიძეები, თეონა კალანდაძე, მარო, დემეტრე, მარო, ნესტან, ნიკა, ნინო, ნუგზარ, ჯემალ, მურმან, ეთერ და გია დიდმანიძეები.

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამინისტროს კირნათი ჰესის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით 2019 წლის 29 ოქტომბერს მიმართა. სამინისტროს ბრძანება კი ორი დღის წინ, 3 დეკემბერს, გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით:

[checklist]

  • 2011 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1” -ის მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს „კირნათი ჰესის“ პროექტის დასრულება.
  • პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო: „ჰესების“ საერთო სიმძლავრე მიაღწევს – 98.731 მეგავატს.
  • მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათწლიან პერიოდში და წლიურად 8 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგობალანსს.
  • დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და კირნათი ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების (ზედ არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების) გამოსყიდვა.
  • ზემოთ დასახელებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

[/checklist]

რეესტრის მონაცემებით, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მესაკუთრეები არიან: სს „ეკსიმ იათირიმ ჰოლდინგი“ [თურქეთი], სს „ინჯესუ გაირიმენქულ იათირიმ სანაი ვე თიჯარეთი“ [თურქეთი] და აბდულლაჰ თივინიქლი ისრარის ფონდი [თურქეთი].

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში [მის: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6].

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციას, 2019 წლის მაისში, დაექვემდებარა ასევე სოფელ მარადიდში მდებარე მიწის ნაკვეთები: 985 კვ.მ და მასზე არსებული 346 კვ.მ შენობა-ნაგებობა და ნარგავები – თანამესაკუთრეები: ზეინაბ დიდმანიძე, სერვეთ დიდმანიძე, ტარიელ დიდმანიძე; 161 კვ.მ და 395 კვ.მ მიწის ნაკვეთები, მათზე არსებული ნარგავები – მესაკუთრე ირინე დიდმანიძე.

მთავარი ფოტო: მდინარე ჭოროხზე მშენებარე კირნათი ჰესი. მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან

„მცდელობა არის, მზაობა სუსტია“ – როგორ ხსნის 110-მილიონიანი პროექტის შეჩერებას დეპარტამენტი

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს გუშინ, 3 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. კომპანია მზად რომც იყოს, „მიწის სამუშაოებს“ ხულოს ტერიტორიაზე მაინც ვეღარ შეასრულებს – აქ უკვე გათოვდა. გზის მშენებლობის „პირველი ეტაპის“ დაწყებას კი მორიგ გაზაფხულზე უნდა ველოდოთ:

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ინფორმაცია წერილობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან, 2019 წლის 6 ნოემბერს, კიდევ ერთხელ გამოითხოვა. დეპარტამენტმა ჩვენს წერილს 3 დეკემბერს უპასუხა.

რა ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის სარემონტო/სამშენებლო სამუშაოები და კონკრეტულად რა სამუშაოები შესრულდა ამ პროექტის ფარგლებში დღემდე? „ტოდინმა“ გამოასწორა თუ არა  ვალდებულებები და სამუშაოების პროგრამა? დღევანდელი მდგომარეობით რა სამუშაოებს ასრულებს კომპანია პროექტის ფარგლებში ან/და, თუ შეჩერებულია სამუშაოები, როდის უნდა განახლდეს? – ეს იმ შეკითხვებია, რომლითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ. გვაინტერესებდა ასევე დეპარტამენტის მოსაზრება, თუ რამ გამოიწვია ამ პროექტის შეფერხება, რა იყო მიზეზი და გატარდა თუ არა რაიმე სანქცია კონტრაქტორის მიმართ.

„ზედამხედველი ინჟინრების მიერ გაცემული გამოსწორების შეტყობინების შესაბამისად, კონტრაქტორს უნდა დაესრულებინა მობილიზაცია, დაეწყო სამუშაოები, ჩაენაცვლებინა [საბანკო] გარანტიები და სხვა. კონტრაქტორმა დღემდე ვერ უზრუნველყო ზედამხედველი ინჟინრების მიერ გაცემული გამოსწორების შეტყობინებების შესრულება. ამასთან, კონტრაქტორმა ზედამხედველ ინჟინერს წარუდგინა სამუშაოების პროგრამა, თუმცა აღნიშნული პროგრამა ისევ დაუბრუნდა კონტრაქტორს შესასწორებლად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კონტრაქტორის პასუხისმგებლობას დაგვიანებით მიყენებული ზიანისთვის. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, სამუშაოები უნდა დასრულდეს 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო სამუშოების დასრულება აღნიშნულ ვადაში, დეპარტამენტი შესაბამისი პირობების არსებობისას, იმსჯელებს კონტრაქტორის მიმართ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველ მხრივ ხელს უწყობს კონტრაქტორს განახორციელოს სამუშაოები, თუმცა სუსტია კონტრაქტორის მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 3 დეკემბერს. წერილს ხელს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აწერს.

დეპარტამენტის ადრინდელი ინფორმაციით, „კონტრაქტორმა იკისრა ვალდებულება ჩაენაცვლებინა მის მიერ უკვე წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები“. დეპარტამენტს ამჯერად ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია, ჩაანაცვლა თუ არა კომპანიამ საგარანტიოები.

„გაცნობებთ, რომ კონტრაქტორს დღემდე არ შეუსრულებია მისი ვალდებულება და არ ჩაუნაცვლებია საბანკო გარანტიები“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტმა [2019 წლის მაისში] გვაცნობა, რომ „ტოდინის“ მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი“.

დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, დაწყებულია თუ არა ამ პროექტისთვის [ორთავე ლოტი] სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ათვისება? რა თანხა დაიხარჯა და რაში 2019 წლის ბიუჯეტიდან ამ კუთხით? რა თანხაა გათვალისწინებული ამ პროექტისთვის 2020 წლისთვის?

„გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანხის ათვისება არ არის დაწყებული, ვინაიდან ხელშეკრულების შესაბამისად დეპარტამენტში არ არის წარმოდგენილი შუალედური გადახდის სერტიფიკატები“, – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

—–

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ორივე ლოტზე ასრულებს TODINI Costruzioni Generali S.p.A [„ტოდინი“].

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

„ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის ახალი გზა უნდა ააშენოს, „ასეული მილიონის ოდენობით თანხას“ ედავება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დავა ეხება კომპანია „ტოდინთან“ იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

ამ და სხვა დავის წარმოებისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასაქირავებლად კი დეპარტამენტს თითქმის 5 მილიონი ლარი სჭირდება.

ამ თემაზე:

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება

 

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

რატომ არის წარმატებული ესტონური მოდელი – ინტერვიუ „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერთან

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით გაუარესდა. კვლევაში მონაწილე 15 წლის მოსწავლეებთან კითხვის მაჩვენებელი 401 ქულიდან 380 ქულამდეა დასული. გაუარესებულია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შედეგებიც.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სინგაპურს, ჩინეთსა და ესტონეთს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი იყენებენ ესტონური განათლების გამოცდილებას. რა განაპირობებს ესტონელი მოსწავლეების წარმატებას და რატომ არ ჩანს ქართული რეფორმების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი რესურსი იხარჯება განათლებასა და პედაგოგების გადამზადებაზე?

ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ პროგრამა  „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ 2016 წლის გამარჯვებული პედაგოგი მზია სალაძე საუბრობს. ის თხილნარის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია და „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერიც. მზია სალაძე ესტონეთშიც იმყოფებოდა, სადაც გაეცნო მათ განათლების სისტემას.

  • ქალბატონო მზია, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ესტონელი მოსწავლეების წარმატებას, რაზე დგას მათი განათლების რეფორმა?

ჩვენი და ესპონეთის განათლების სისტემა იმაში ჰგავს ერთმანეთს, რომ მათაც ისევე აქვთ განათლების კულტი, როგორც ჩვენ. რომ ყველამ უნდა მიიღოს კარგი და ხარისხიანი განათლება. თუმცა მათ აქვთ განსხვავებული მიდგომები. პირველ რიგში, განსხვავებაა ის, რომ იქ ბავშვს სკოლისთვის საბავშვო ბაღიდანვე ამზადებენ და ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ საქმეს. სკოლაში წასვლამდე ბავშვი სპეციალურ მოსამზადებელ კურსს გადის, კვირაში ორჯერ 2-3 საათნახევრის განმავლობაში სწავლობს მათემატიკას, ესტონურ ენას, მუსიკას, ხელოვნებას და ადამიანთმცოდნეობასაც კი, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი გარემოსა და საგნების შესახებ სწავლებას.

ჩვენგან განსხვავებით, სკოლაში 7 წლის ასაკში მიდის ბავშვი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან  გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჩემი ორი შვილი შვიდი წლის ასაკში შევიყვანე სკოლაში და შედეგიც უკეთესი მქონდა. კლასშიც მყავს შვიდწლიანები და ისინი საკმაოდ განსხვავდებიან იმ ბავშვებისგან, რომლებიც უფრო პატარა ასაკისანი არიან. ფიზიოლოგიურადაც უფრო ჩამოყალიბებულები არიან და მზაობაც უფრო მეტი აქვთ სწავლისთვის. 5-6 წლის ასაკის ბავშვი კი ჯერ კიდევ არ არის მზად და გაკვეთილზე ეძინება.

  • რას სთავაზობს ესტონური სკოლა ბავშვებს?

ესტონეთის სკოლების უმეტესობა არის მუნიციპალური და ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე. სრულიად ციფრული ქვეყანაა, წარმოიდგინეთ, Skype ესტონელმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს და აქედანაც ჩანს მათი წვდომა ტექნოლოგებთან. ესტონელები ამბობენ, რომ Wifi არის არა ფუფუნება, არამედ უფლება. მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები, მოსწავლეები – მთლიანად ჩართულნი არიან ერთიან სისტემაში, რომლითაც შესაძლებელია საშინაო დავალებების, ნიშნების შემოწმება, საკონტროლო წერების და ა.შ. გარდა იმისა, რომ სკოლა ციფრულია, ესტონური განათლების მოდელში სწავლა დაფუძნებულია პრაქტიკაზე, ბავშვები სწავლობენ კეთებით. მხოლოდ თეორიით არ არის დატვირთული ბავშვი გაკვეთილზე. რასაც თეორიაში სწავლობენ, აუცილებლად აკეთებენ პრაქტიკაშიც, ანუ პრაქტიკისა და თეორიის ბალანსი არსებობს. სკოლა ციფრულია, თუმცა დაწყებით კლასებში ხაზებიან რვეულებსაც იყენებენ წერაში.

  • შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები მოიყვანოთ?

ვთქვათ, ბავშვმა ისწავლა მართკუთხედის ფართობი თეორიულად, მაგრამ რამდენი ხანი შეიძლება ახსოვდეს მას ეს წესი? თუ მასწავლებელი იქვე, პრაქტიკულად გააკეთებინებს და გამოათვლევინებს  ოთახში მართხკუთხედის ფართობს, ბავშვისთვის უკვე თვალნათელი გახდება, რომ მართხკუთხედის ფართობი არის სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და ა.შ. მეშვიდეკლასელი მოსწავლე ფართობის გამოთვლას როდესაც სწავლობს სიღრმისეულად, იხსენებს, რომ მე-3 კლასში მან პრაქტიკულად ეს დავალება შეასრულა.

  • ჩვენ რატომ ვერ ვიყენებთ ამ მეთოდს, რა გვიშლის ხელს?

ჩვენთან ახლა ინერგება „ახალი სკოლის მოდელი“, სადაც მეც ვარ კურიკულუმის ექსპერტი პროექტის ფარგლებში და სწორედ ესტონური მოდელის კარგი მაგალითებია აღებული. ეს არის სრულიად ქართული პროექტი, მაგრამ რაღაც პარალელის გავლება შეიძლება ესტონურთანაც.

მოსწავლე აკეთებს კომპლექსურ დავალებას, იმას, რაც თეორიულად ისწავლა და აკეთებს პრაქტიკულად დამოუკიდებლად ან წყვილებში. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეს დავალება წარადგინოს და ისაუბროს როგორ გააკეთა, რა ცოდნა გამოიყენა, რა დასჭირდა ამისთვის.

  • თქვენ ამბობთ, რომ ესტონური სკოლა არის ციფრული და ორიენტირებული ბავშვზე. ჩვენი სკოლებიც არის ინტერნეტში ჩართული, თუმცა ვერც მოსწავლეები და ვერც მასწავლებლები გაკვეთილზე ამ რესურს ვერ იყენებენ.

სწორედ ამაზე მიდის მუშაობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, სადაც უკვე ასი სკოლაა ჩართული. სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი ვაიფაით, უნდა ჰქონდეს ფინანსური და მეთოდური მხარდაჭერა და ტრენერები ვეხმარებით მასწავლებლებს იმაში, რომ პრაქტიკაში განახორციელონ ყველაფერი.

არ მინდა ტრენინგებზე ცუდი ვთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან არც იმის მონიტორინგი კეთდება, ახორციელებს თუ არა პედაგოგი პრაქტიკაში იმ ცოდნას, რასაც ტრენინგებზე იღებს. ვფიქრობ, ეს საკითხი სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს აყვანილი, ახლა კი მასწავლებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული გამოიყენებს ამ ცოდნას პრაქტიკაში თუ არა. თუ პედაგოგი მონდომებული არ არის, რამდენ ხანს შეიძლება გამოიყენოს ტრენინგზე მიღებული ცოდნა? სისტემურად თუ მოხდება შედეგებზე ორიენტირება, მაშინ ექნება შედეგი. რეფორმა საკლასო ოთახიდან უნდა დაიწყოს. ახალი სკოლის კონცეფციაში სწორედ ეს ნიუანსია ჩადებული. ამაში აქვს ესტონეთს ძალიან კარგი გამოცდილება და ეს გამოცდილება გვინდა გამოვიყენოთ.

ესტონური მოდელიდან იყო აღებული ირმის ნახტომი, რომელიც სკოლების კომპიუტერიზაციას ითვალისწინებდა და კიდევ ბევრი გამოცდილების გაზიარებაა შესაძლებელი.

  • თქვენ თქვით, რომ ბავშვები კითხვას სკოლაში წასვლამდე სწავლობენ. ჩვენთან ეს სისტემა ფაქტობრივად არ არის გამართული. გამოდის, თუ პირველი რგოლი არ იქნება ერთიან სისტემაში ჩართული, ეს პრობლემა გაგვყვება ბოლომდე?

საბავშვო ბაღის რგოლი უნდა იყოს ამ ერთიანი ჯაჭვის ნაწილი. ჩვენსა და ესტონეთს შორის სწორედ ეს განსხვავებაა – როცა ბავშვი სკოლაში მიდის, მან უკვე იცის კითხვა და შეუძლია წაკითხულის გააზრება. ეს ყველაფერი იწყება საბავშვო ბაღიდან. ესტონეთში მოსწავლე კლასში არ რჩება, სკოლა ეხმარება ბავშვს შედეგის მიღწევაში.

  • საშინაო დავალებებთან დაკავშირებით მომისმენია ბევრი მშობლის პრეტენზია, რომ დავალებები არის არაადეკვატურად ბევრი, ესტონური მოდელი რას ითვალისწინებს?

როგორც ვთქვი, იქ სწავლა არის პრაქტიკაზე დამყარებული და ბავშვი არ აკეთებს იმას, რაც არ უსწავლია თეორიაში. სწავლა არის სახალისო და საინტერესო. სახლში კი მოსწავლე იმ დავალებას აკეთებს, რაც მას შეუძლია. მე ყველაზე მეტად იმ მოსწავლეს ვსაყვედურობ, რომელიც მეუბნება, რომ დედას არ ეცალა და დავალება ვერ გააკეთა.

დავალება მოსწავლემ უნდა დაწეროს და არა მშობელმა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს დავალების დაწერა საკუთარი ძალებით. მშობელი არ უნდა უწერდეს. დაწყებითის მოსწავლე არც კერძო მასწავლებელთან უნდა დადიოდეს. კი, მშობელი უნდა იყოს მხარდამჭერი, თუმცა დავალება უნდა იყოს ბავშვის შესაძლებლობებზე ორიენტირებული.

  • კლასის მოწყობა როგორია ესტონურ სკოლაში, რამდენი ბავშვი ზის კლასში?   

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი ბავშვი არ ზის. მიდგომაა კომპლექსური. ბავშვები საღამომდე სკოლაში არიან, არ იღლებიან, რადგან აქვთ დასვენების საათი, სამჯერადი უფასო კვება, მენტალიტეტიც სხვანაირია, ბუნებრივია, მაგრამ მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს ყველაფერი ჩვენთანაც იქნება.

  • კვლევის მიხედვით, კრიტიკული აზროვნების უნარი ძალიან დაბალია საქართველოში ბავშვებში. ეს რისი ბრალია?

ალბათ მასწავლებლის, რადგან ყველა მოსწავლე  ემსგავსება თავის მასწავლებელს და ეს არის დილემა. თუ მასწავლებელი არის აქტიური, კრიტიკული, მოაზროვნე, მისი მოსწავლეც ასეთია. როგორც მშობელს და ოჯახს ემსგავსება ბავშვი, ისეა სკოლაშიც. ყველაფერი მაინც მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და სახელმწიფო მიდგომაზეა დამოკიდებული.

ყველაზე მეტად რაც მომეწონა და დამამახსოვრდა არის სწორედ ეს – სახელმწიფოს დამოკიდებულება განათლების მიმართ და ეს არ არის მარტო საუბარი. ოჯახიც უფრო მეტად არის ჩართული პროცესში. მშობლები სკოლას მიიჩნევენ როგორც პარტნიორს ბავშვის განათლებაში და ყველა ეს რგოლი – სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო, ერთად არის ჩართული პროცესში.

სახელმწიფომ ფინანსური რესურსი, პირველ რიგში, უნდა დახარჯოს მოსწავლესა და სკოლის ინფრასტრუქტურაზე, რომ მასწავლებელს ხელში ჰქონდეს ყველა რესურსი, კომპლექსურად მიუდგეს ამ ყველაფერს.

ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის უფლება აქვს – იურისტების განმარტება

„ნათია ზოიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამება კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ – ასეთია იურისტების შეფასება ხელშეკრულებაზე, რომელსაც ამ დრომდე უკანონოდ მიიჩნევს აჭარის მაუწყებლის ახალი დირექტორი – გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ ნათია ზოიძის სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობა გზავნილია არსებული დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი პოლიტიკის შესაცვლელად.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომელიც მის მოადგილეს – ნათია ზოიძეს „სარედაქციო პოლიტიკის მართვას“ავალდებულებს მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე, ეწინააღმდეგება კანონს „მაუწყებლობის შესახებ“. „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, გიორგი კოხრეიძემ ვერ დაგვისახელა კონკრეტული მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ტელევიზიის დირექტორის მხრიდან „სარედაქციო პოლიტიკის მართვის“ უფლებას.

გიორგი კოხრეიძე აქცენტს აკეთებს კანონის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, „მაუწყებელი ვალდებულია სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოს“ და გამოირიცხოს „სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა“. კანონში საერთოდ არაა ნახსენები „სარედაქციო პოლიტიკის მართვა“, რომლის ვალდებულებაც ნათია ზოიძეს აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორმა – ნათია კაპანაძემ განუსაზღვრა. იურისტების შეფასება ხელშეკრულების ამ ჩანაწერზე ცალსახა და მკაფიოა: „სარედაქციო პოლიტიკის მართვა არის მექანიზმი იმისთვის, რომ მაუწყებელმა სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოს,“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სარედაქციო პოლიტიკის მართვაზე, ეს არსებითად განსხვავდება ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობისგან. ხელშეკრულებაში საუბარია სარედაქციო პოლიტიკის მართვასთან დაკავშირებით და არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ ეს ხელშეკრულება არ არღვევს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონს.

კანონით განსაზღვრულია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფალი, სწორედ ეს არის არხის სარედაქციო პოლიტიკაც, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა. როცა, მაგალითად, გიორგი კოხრეიძე ეუბნება კონკრეტულ ჟურნალისტს, როგორ არ უნდა დასვას კითხვა, ან როგორ არ უნდა მოექცეს რესპონდენტს, ეს აღიქმება, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა,“ – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

„სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას,“ – მიიჩნევს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაუწყებელს აქვს კანონის წინაშე აღებული ვალდებულებები, რომელთა შესასრულებლად მას სჭირდება შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკა.

იურისტი აქცენტს აკეთებს არსებით სხვაობაზე – სარედაქციო დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ არის ერთი და იგივე.

„სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა არის კანონსაწინააღმდეგო, სარედაქციო პოლიტიკის მართვა – ვალდებულება. მაუწყებელი ვალდებულია, ჰქონდეს კანონის შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკა. კონკრეტულად ნათია ზოიძის ხელშეკრულების ეს ჩანაწერი ნიშნავს მითითებას, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა იმართებოდეს კანონის შესაბამისად… კანონში არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი, რა უნდა შეასრულოს მაუწყებელმა. რა თქმა უნდა, ჟურნალისტის დამოუკიდებლობაში ჩარევა არის კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ მაუწყებლის დირექტორს და მის მოადგილესაც აქვთ უფლება კანონის შესაბამისად მართონ სარედაქციო პოლიტიკა. ეს არ ნიშნავს რომელიმე ჟურნალისტის ან  გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას,“ – გვითხრა ედუარდ მარიკაშვილმა.

ხომ არ უნდა იყოს კანონში დაკონკრეტებული რას შეიძლება მოიცავდეს „სარედაქციო პოლიტიკის მართვა“ და როდის შეიძლება ის ეწინააღმდეგებოდეს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპს? – იურისტი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონი ყველაფერს ვერ განსაზღვრავს და ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს, თუკი მიიჩნევენ, რომ „სარედაქციო პოლიტიკის მართვას“ ამოეფარა რომელიმე დირექტორი, ან მისი მოადგილე და რეალურად სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერევიან.

„განსაზღვრული რომ იყოს დეფინიცია, შესაძლოა, ამან უფრო მეტი საფრთხე გააჩინოს, რადგან თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს,“ – დასძენს ედუარდ მარიკაშვილი.

კანონში „სარედაქციო პოლიტიკის მართვის“ განსაზღვრის მომხრე არც მარიამ გოგოსაშვილია, საია-ს იურისტი. იგი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით მკაფიოა.

„კანონში წერია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. ამ კრიტერიუმების შესასრულებლად უნდა არსებობდეს სარედაქციო პოლიტიკა… გარდა ამისა, არსებობს ქცევის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ყველა ჟურნალისტი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებით და მას აქვს უფლება გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც მიზანშეწონილად მიაჩნია და რასაც ეთიკური სტანდარტები ითვალისწინებს,“ – გვითხრა მარიამ გოგოსაშვილმა.

„ანზორ ბოლქვაძეს მივანიჭეთ მონის სტატუსი“ – საპროტესტო აქცია ხულოში

ხულოში, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. შეკრებილებმა ანზორ ბოლქვაძის საპარლამენტო საქმიანობა გააპროტესტეს და ანზორ ბოლქვაძეს „მონა“ უწოდეს.

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ ანზორ ბოლქვაძისთვის მიგვენიჭებინა მონის სტატუსი, ვინაიდან ის არის ყველა ხელისუფლების მონა. აქ დაგვახვედრეს „ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც ბიუროში შესვლის საშუალება არ მოგვცეს. ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები, თუმცა ისე მძიმედ არა, რომ სასწრაფო გამოგვეძახებინა. საბოლოოდ, პოლიციელებმა გაანეიტრალეს სიტუაცია,“ – გვითხრა ხათუნა ბერიძემ, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა.

საპროტესტო აქციაზე არავინ დაუკავებიათ. ამჯერად აქცია – პერფორმანსი ხულოს ცენტრში მდებარე ანზორ ბოლქვაძის სასტუმროსთან იმართება. ამ სასტუმროს დატოვებას ანზორ ბოლქვაძე ხათუნა ბერიძეს 8 მაისს  აიძულებდა. ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, საქმის გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის.

 

თიბისიმ ბიზნესისთვის ახალი ბარათი VISA Platinum შექმნა

თიბისი ბანკმა ბიზნესს ახალი ბარათი წარუდგინა. VISA Business Platinum არის ახალი ბარათი, რომელიც კლიენტს გაუმარტივებს გადახდის პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღრიცხვიანობას საქმიანი მივლინებებისა თუ ბიზნეს გარიგებების დროს. ბარათის მფლობელი VISA Platinum კლუბის ყველა პრივილეგიას მიიღებს. ბარათი განკუთვნილია რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის და ის გაიცემა მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე.

Visa Business Platinum-ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შემდეგი პრივილეგიებით:

[checklist]

  • Cash-Back-ით/ფასდაკლებით ბიზნეს პლატინის ადგილობრივ პარტნიორ ობიექტებში;
  • VISA-ს საიტზე არსებული ფასდაკლებებით, რომელიც განკუთვნილია პლატინა ტიპის ბარათის მფლობელებისთვის;
  • აეროპორტების ლაუნჯებით სარგებლობა – წელიწადში 2 ვიზიტი უფასოდ;
  • სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც გადაეცემათ საჩუქრად ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს;
  • განსაკუთრებული მომსახურება – Visa Business Platinum ბარათის ნებისმიერ მფლობელს, რომელიც არ სარგებლობს ბიზნეს ბანკირის მომსახურებით, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს.
  • ოვერდრაფტის დაშვება – VISA Business Platinum ბარათებზე შესაძლებელია დაიშვას ოვერდრაფტი. ოვერდრაფტის ლიმიტს და ვადას კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე განსაზღვრავს SME დაკრედიტების განყოფილება.

[/checklist]

VISA Business Platinum აღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თიბისი ბანკის ფილიალებში, ან ვებგვერდის და ინტერნეტ ბანკის საშუალებით.

წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]

„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი.

მათ განცხადებით მიმართეს ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. მათ, ასევე, მოუწოდეს იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების აქცია
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების აქცია
აქცია აჭარის ტელევიზიასთან
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების აქცია
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების აქცია / 4.12.2019 / ფოტო: ნანა კვაჭაძე / „ბათუმელები“
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების აქცია

გარემოს სააგენტო: დასავლეთ საქართველოში -2 -5 გრადუსია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 დეკემბერს, ღამის საათებში, საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს,“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 დეკემბრის 21 საათიდან 5 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და  წვიმა. აჭარის მთაში მოსალოდნელია  თოვა,ზოგან – ძლიერი.

დღეს, ღამით, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22მ/წმ-მდე.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 6-7 დეკემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე

„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც იცით, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე.

პირველი, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა, სწორედ სარედაქციო პოლიტიკას ეხება. კერძოდ, მან თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა. ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და „სპექტაკლების დადგმაში“ დაადანაშაულა. გვითხრა, რომ არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის, არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს.

აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია. ასევე ვთხოვთ, იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს, გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე“.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების აქცია / 4.12.2019 / ფოტო: ნანა კვაჭაძე / „ბათუმელები“
აქცია აჭარის ტელევიზიასთან
აქცია აჭარის ტელევიზიასთან
აქცია აჭარის ტელევიზიასთან

გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 22 ნოემბერს აირჩია.  რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი ნათია ზოიძისგან, რომელიც მისი მოადგილეა, მოითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. გიორგი კოხრეიძე ამ მოთხოვნას კანონით ხსნის.

მანამ, სანამ გიორგი კოხრეიძეს მრჩეველთა საბჭო დირექტორად აირჩევდა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობდა ეჭვი, რომ დირექტორის სავარძელს სწორედ კოხრეიძე დაიკავებდა, რასაც შესაძლოა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოჰყოლოდა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მაღალ რისკზე საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 7 თვის წინ განაცხადეს, როდესაც დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის მიუხედავად, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე მაინც გადააყენა.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების აქცია / 4.12.2019 / ფოტო: ნანა კვაჭაძე / „ბათუმელები“

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება 1 მილიონამდე ლარის ძროხის ხორცს იყიდის

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ საქონლის [ძროხის] ხორცის შესყიდვაზე ტენდერი 1 064 800 ლარით გამოაცხადა. 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაერთიანება, ბათუმის 33 საბავშვო ბაღისთვის, ჯამში 48 400 კილოგრამი ძროხის ხორცის შესყიდვას გეგმავს.

„განსაზღვრული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე,“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

„ხორცი უნდა იყოს ახალი, გაუყინავი, გაცივებული, უძვლო [ბეჭის, მკერდის, ზურგის, ბარკლის ნაწილები]. უმაღლესი ხარისხის, მყესების, ქონისა და თხელი ნაჭრების გარეშე. ორგანოლეპტიკურად [ფერი – ვარდისფერი, სუნი – დამახასიათებელი ახალი ხორცისათვის, კონსისტენცია და სხვა] დამაკმაყოფილებელი. სისხლისგან დაწრეტილი, ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების გარეშე. ხორცის კონსისტენცია დრეკადი და ელასტიური [თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს], ხორცის ახალი განაჭერი – სველი, მაგრამ არა წებვადი, ფერი განაჭერზე უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე. სახსრების ზედაპირი თეთრი და ბზინვარე. გაყინული და შემდეგ გამღვალი საქონლის [ძროხის] ხორცის მიწოდება დაუშვებელია“ – აღნიშნულია პირობებში.

ბაღებისთვის მისაწოდებელი საქონლის [ძროხის] ხორცი, ასევე სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 29 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 3 იანვარს დასრულდება.

______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის მიწოდებისთვის პირს 3,6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

 

კანონიერია თუ არა უზენაესის მოსამართლის არჩევის წესი? – დავა საკონსტიტუციოში

უზენაესი სასამართლოებისთვის მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტის მიერ დადგენილ წესს საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს. განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 4 დეკემბერს, გაიმართება, სადაც უნდა გადაწყდეს, განიხილავს თუ არა სასამართლო არსებითად სარჩელს, რომლის ავტორიც სახალხო დამცველია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება უნდა ჰქონდეს და მისი გასაჩივრება შესაძლებელი იყოს.

„ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია სარჩელში.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

სააგენტო ხულოს სოფელ ვაშლოვანში სკოლა-პანსიონის მშენებლობისთვის საჭირო ფასს ადგენს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ფასთა კვლევას ატარებს. სკოლა-პანსიონი ქვემო ვაშლოვანში არსებული სკოლის შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს.

სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადად 3 თვეა განსაზღვრული, ხოლო სრული საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების ვადად – 12 თვე. დაინტერესებულმა პირებმა სააგენტოს თავიანთი ფასები, რაც დასჭირდება პროექტირება-მშენებლობას, 2019 წლის 7 დეკემბრამდე უნდა მიაწოდონ.

სასწავლებლის შენობის ესკიზური პროექტი, ტოპოგრაფიული რუკისა და საინჟინრო გეოლოგიის შესაბამისად უნდა მოერგოს საპროექტო ტერიტორიას.

სკოლა-პანსიონის ესკიზი

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ანა ბარათაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

3 დეკემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში-შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა მწერლის-ანა ბარათაშვილის წიგნის „სიყვარულის ზღაპარი“ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე, დამსწრე ახალგაზრდებმა კითხვებით მიმართეს ანას წიგნის ირგვლივ და ჩანახატებით გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

ანა ბარათაშვილმა მოუწოდა ახალგაზრდა მწერლებს: „მეტი წერეთ და ნუ შეგაშინებთ შესაძლო კრიტიკა, რადგან ობიექტური კრიტიკა სასურველიც კია განვითარებისთვის“.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე – მადონა ლომინაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე ესაუბრა.

ღონისძიებას ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდები, ახალგაზრდა მწერლები და პოეტები, სულ 55 პირი ესწრებოდა.

გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორისგან ბოდიშს ითხოვს

3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგი“ გადაცემის ჯგუფმა განცხადებით დაიწყო. „ჰეშთეგის“ განცხადებით, 3 დეკემბერს შედგა შეხვედრა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორთან, გიორგი კოხრეიძესთან, რომელმაც „ჰეშთეგი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

„გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის მიზნად ჩვენ წარმოგვედგინა იმ გარემოზე საუბარი, რომელიც ტელევიზიაშია შექმნილი და რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

შეხვედრაზე დირექტორმა გადაცემა ჰეშთეგს ბრალი დაგვდო მიკერძოებულობაში. გიორგი კოხრეიძემ გუშინ ჩვენს ეთერში გასული ვიდეო დაიწუნა. გუშინ ჩვენ მაყურებელს ვაჩვენეთ ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილისა და დირექტორის პოზიციები, რომელიც ტელევიზიაში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა.

დირექტორმა ჩვენს გუშინდელ სიუჟეტს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ ამ ვიდეოს აუცილებლად განიხილავენ ექსპერტები, თუმცა არგუმენტირებული დასაბუთება – რატომ იყო ვიდეო მიკერძოებული, მისგან ვერ მოვისმინეთ.

ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს, ბოდიში მოუხადოს ჰეშთეგის გუნდს აღნიშნული შეფასების გამო ან დაასაბუთოს ის. ამისთვის კი არსებობს როგორც ტელევიზიის შიდა, ასევე გარე მექანიზმები.

ბრალდების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც დირექტორმა შეხვედრაზე გააჟღერა, გულისხმობდა იმ ფონს, რომელზეც დირექტორი ჩავწერეთ. მსგავს საკითხებში ჩარევა კი ნამდვილად ცდება მაუწყებლის დირექტორის კომპეტენციას,“ – განაცხადეს გადაცემის წამყვანებმა, მალხაზ რეხვიაშვილმა და მარი ბოლქვაძემ.

„ჰეშთეგი“ სოციალური მედიაპროექტია. გადაცემა 2016 წლიდან გადის ეთერში.

_______________

გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ 22 ნოემბერს აირჩია.  რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი ნათია ზოიძისგან, რომელიც მისი მოადგილეა, მოითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. გიორგი კოხრეიძე ამ მოთხოვნას კანონით ხსნის.

ამავე თემაზე: „რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა?“ – თეონა ბაკურიძე ცენზურის სუნზე აჭარის ტელევიზიაში

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს  

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუში] ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი მიიყვანეს. ახალგაზრდა კაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. „ოპერაციის შემდეგ დაჭრილი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – გვითხრეს კლინიკაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი დღის პირველ ნახევარში აეროპორტის გზატკეცილზე დაიჭრა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ „დაჭრასთან დაკავშირებით მათთან გამოძახება არ ყოფილა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი კლინიკაში ახლობელმა გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ „ეს იყო სუიციდის მცდელობა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო“.

„მამაჩემი დამეხმარა“ – თვითმმართველობის თავმჯდომარე რეგიონიდან სტუდენტების წაყვანაზე

„არა, პარტიიდან საერთოდ შორს ვართ… მე ბიძაჩემი დამეხმარა, მამაჩემი, მეც მქონდა რაღაც დაგროვებული. მინდოდა, რომ ჩემი სტუდენტები სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით არ დარჩენილიყვნენ, ყველა მიდიოდა და ჩვენც წავედით,“ – გვითხრა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შოთა კაკაშვილმა. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონცერტს გუშინ, 2 ნოემბერს დაესწრო. სტუდენტი ამბობს, რომ ბათუმიდან 120 სტუდენტის გამგზავრება ასევე კვება თვითონ დააფინანსა „ახლობლების და მეგობრების დახმარებით“.

სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში გუშინ „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ღონისძიების დასასწრებად წავიდნენ. „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, კვირეული გაიხსნა კონცერტით, რომლითაც ევროსაბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევა აღინიშნება. სტუდენტებს ღონისძიებაზე დასასწრებად შეტყობინებები სტუდენტური თვითმმართველობების თავმჯდომარეებმა გაუგზავნეს, სადაც საერთოდ არ იყო ნახსენები „ქართული ოცნება“ და პარტიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. „მოსაწვევში“ ეწერა, რომ დაფინანსდებოდა მგზავრობა და კვება, ასევე: „თვითმმართველობა მოაგვარებს არებს“.

პარტია „ქართულ ოცნებაში“ არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვას, რამდენი დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“  სტუდენტების შესაკრებად. სტუდენტები, რომლებიც კონცერტს თბილისში დაესწრნენ, მედიასთან კომუნიკაციას თავი არიდებენ. ბსუ-ს სხვა სტუდენტებმა კი, რომლებიც კონცერტზე არ წასულან, გვითხრეს, რომ სტუდენტებს პარტიის ამ ღონისძიებაში ჩარევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„ბათუმელებთან“ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე, შოთა კაკაშვილი ირწმუნება, რომ პარტიას არაფერი დაუფინანსებია. ის 120 სტუდენტის თბილისში გამგზავრებას უწევდა კოორდინაციას. შოთა ამბობს, რომ საზღვაო აკადემიის სტუდენტი 100 იყო და ინფორმაცია არ აქვს, რამდენი სტუდენტი წავიდა თბილისში, მაგალითად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

„დანარჩენი 20 ახალგაზრდა ისე წავიყვანეთ, ვინც ქალაქიდან სურვილი გამოთქვა,“ – დასძენს შოთა.

შოთა კაკაშვილის ინფორმაციით, რეგიონებიდან ჩასული სტუდენტები საპროტესტო აქციებზე არ მისულან და არც პოლიტიკური განაცხადი გაუკეთებია მათთან ვინმეს.

„ჩვენ ჩავედით „მარშუტკებით“, კონცერტი იწყებოდა რვა საათზე, ჩავედით 7-ზე, მოგვილოცეს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა და წავიდა ბენდის კონცერტი, ძალიან ციოდა, მაგრამ მუსიკაზე გავერთეთ და წამოვედით უკან…“ – ამბობს შოთა კაკაშვილი.

რატომ არ ეწერა სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ის, რომ მგზავრობას თვითმმართველობის თავმჯდომარე საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდა? თუ ეს ასეა, რა დაუჯდა შოთა კაკაშვილს 100 სტუდენტის ბათუმიდან თბილისში ჩაყვანა და მათი დაპურება?

„შევკრიბავ და მერე გეტყვით, 5 – 6 „მარშუტკა“ იყო… სტუდენტებს როცა შეტყობინება გავუგზავნე, უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. მანამდე ადმინისტრაციას ვთხოვეთ დაფინანსება და უარი გვითხრეს,“ – გვიპასუხა შოთა კაკაშვილმა.

საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად მოწყობილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების თავმჯდომარეებისგან გაიგო, იდეა მოეწონა და კონცერტზე დასასწრებად სხვა სტუდენტების წაყვანის სურვილიც გაუჩნდა.

თუკი სტუდენტებს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნა სურდათ, რატომ მიიჩნიეს საჭიროდ პარტიულ აქტივობაში ჩართვა, თანაც საკუთარი დაფინანსებით? – ესეც ვკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელს.

„მნიშვნელოვანი იყო სტუდენტების ურთიერთობა. გზაშიც ხშირად ვაჩერებდით ტრანსპორტს და ერთმანეთთან კომუნიკაცია გვქონდა…. მე აკადემიას უკვე ვამთავრებ და ზღვაში ვაპირებ წასვლას. როგორ ფიქრობთ, რა კავშირი უნდა მქონდეს პოლიტიკასთან?“ – კითხულობს სტუდენტი.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე დავით ზოიძემ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/411113/

საზმაუს ახალი შენობის აშენებას 77,2 მილიონი ლარი დასჭირდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მაუწყებლის ახალი შენობის და დამხმარე შენობა-ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 77 232 427 ლარია. ახალი შენობა თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში აშენდება. მაუწყებელს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების ფასის დასადგენად ბაზარს იკვლევს.

„საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოებზე განხორციელებულ ყოველდღიურ ზედამხედველობას და პროექტის მართვას. მშენებლობაზე განხორციელებული ზედამხედველობის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს სამშენებლო სამუშაოების უმაღლესი ხარისხით შესრულება, სამშენებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციებისა და პროექტის მოთხოვნების სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, იქნება ობიექტის ეფექტური ფუნქციონირების გარანტი გრძელვადიან პერიოდში“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ითვალისწინებს 24 782 კვ/მ ფართობის შენობის მშენებლობას; სამშენებლო სამუშაოებისათვის განკუთვნილი პერიოდია 36 თვე, ხოლო ხარვეზების გამოსწორების ვადა – 12 თვე.

– – –

ახალი შენობის დაპროექტებაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ შპს „თბილქალაქპროექტთან“ 2017 წლის 6 ნოემბერს გააფორმა 1 179 998 ლარზე [დღგ-ს ჩათვლით].

ამ ხელშეკრულებით ახალი შენობა თბილისში, მ. კოსტავას ქ. N68-ში, უნდა დაპროექტებულიყო, თუმცა 2018 წლის 6 მარტს ხელშეკრულება შეიცვალა. შეიცვალა ახალი შენობის ასაშენებელი ადგილი და გაიზარდა სახელშეკრულებო თანხაც.

ახალი შეთანხმებით, შენობა ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში დაპროექტდებოდა, სახელშეკრულებო თანხა კი, 1 265 557 ლარით განისაზღვრა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის [2019 წლის 3 დეკემბერი], საზმაუს კომპანიისთვის ჯამში 1 092 778 ლარი აქვს გადახდილი.

2 წლის წინ საზმაუში აცხადებდნენ, რომ მშენებლობაზე ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდებოდა და მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდებოდა. ტენდერი ამ დრომდე არ არის გამოცხადებული, მშენებლობას კი 3 წელი დასჭირდება.

„პირველი არხი კოსტავას ქუჩაზე არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას გამოიყენებს ახალი შენობისა და ტექნიკური გადაიარაღებისთვის“, – აცხადებდა პირველი არხი.

 

მთავარი ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი. ფოტო: „თბილქალაქპროექტი“

 

 

 უკანონო მშენებლობასა და მიშენება-დაშენებაზე ჯარიმები ბევრად გაიზარდა – ახალი კანონი

ახალი სამშენებლო კოდექსი დღეიდან სრულად ამოქმედდა. სპეციალისტების განმარტებით, კოდექსი სამშენებლო ნებართვის მისაღებად ახალ მოთხოვნებს აწესებს და აქცენტი კვარტალური განაშენიანების გეგმების მომზადებაზე გადადის. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებელს ნებართვის მიღება გაუჭირდება. რა შეიცვლება მათთვის, ვისაც უნებართვოდ აშენების, მიშენებისა და დაშენებისთვის, ასევე შეთანხმებული პროექტიდან გადახვევისთვის მოქმედი რეგულაციები არ აშინებდა – მშენებელი უნებართვოდ ხშირად ამატებდა ფართობს, რომელსაც დაკისრებულ ჯარიმაზე ბევრად ძვირად ყიდდა. ბათუმში იყო შემთხვევაც, როცა მოქალაქემ უნებართვოდ რვა სართული ააშენა.

რა შეიცვალა კანონში ამ მიმართულებით – კითხვებს ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ირაკლი მოქია პასუხობს.

  • ბატონო ირაკლი, დღეიდან უკანონო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში რა ღონისძიებებს გაატარებთ ახალი სამშენებლო კოდექსის მიხედვით?

უკანონო მშენებლობა თვითმმართველ ქალაქში 6000 ლარით ჯარიმდება, განმეორებით იმავე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას გაორმაგებული ოდენობით. ეს ჩანაწერი კოდექსში გაჩნდა სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დაჯარიმებისას  ზედამხედველობის განყოფილებამ დიფერენცირება უნდა მოახდინოს – პირველი-მეორე კლასის, ასევე მესამე-მეოთხე კლასის შენობებზე. პროექტის დარღვევა პირველი და მეორე კლასის შენობებზე 800 ლარით ჯარიმდება, ხოლო მესამე-მეოთხე კლასის შენობების მშენებლობისას – 6000 ლარით. განმეორების შემთხვევაში აქაც გაორმაგებული ოდენობით დაირიცხება ჯარიმები.

ვფიქრობ, ახალი კოდექსით ჯარიმების ოდენობა იზრდება საკმაოდ, რაც შეაჩერებს პროექტის დარღვევით მშენებლობებს, ასევე, დარღვევის შემთხვევაში შეუჩერებლობას. უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, არის 30 000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა. ამ ნაწილში ქმედების განმეორების შემთხვევაში საჯარიმო თანხა ორმაგდება, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმების აღმოფხვრის მიზნით. ფაქტობრივად, არ იცვლება ექსპლუატაციაში მიღების აქტები, ეს თითქმის იგივე  იქნება, გარდა პირველი კლასის მშენებლობებისა. პირველი კლასის შენობა-ნაგებობა საერთოდ არ ექვემდებარება ექსპლუატაციას.

ირაკლი მოქია
  • უნებართვო მშენებლობა როგორ ისჯება?

უნებართვო მშენებლობა ისჯება 6000 ლარით და შეუჩერებლობის შემთხვევაში ორმაგდება. გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა. ეს არის 25 000 ლარი, კერძო საკუთრებაში და სახელმწიფოს ქონებაზე – 8000 ლარი. მესამე და მეოთხე კლასის მშენებლობის შემთხვევაში 20000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერება.

კანონი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს გაფრთხილებას. სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა ორმაგი ოდენობით ჯარიმდება. გარდა ამისა, მშენებლობაზე საინფორმაციო დაფის არგანთავსება ითვალისწინებდა 500-ლარიან ჯარიმას და ჩამოვიდა 400 ლარზე.

  • ფიქრობთ, იმუშავებს ეს ჯარიმები?

ვფიქრობ, იმუშავებს. მშენებლობის შეჩერების შესახებ საჯარო ზედამხედველობის დადგენილების შეუსრულებლობა ქალაქის ტერიტორიაზე, რაც ამ დრომდე 1000 ლარით ჯარიმდებოდა, ისჯება 5000 ლარით. ხოლო აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით ითვალისწინებს 10 000 ლარით დაჯარიმებას. შესაბამისად, ეს ისეთი ჯარიმებია, რომ შეიძლება მენაშენეს აღარ უღირდეს სიმაღლეში წასვლა. ძველი ფაქტები რომ გავიხსენოთ, დაახლოებით ექვსი ან შვიდი ადმინისტრაციული ჯარიმა შეადგენდა 7000 ლარს. დღეს იგივე გაორმაგებული ოდენობით 65 000 მიაღწევს. არამგონია, ეს უღირდეს რომელიმე სამშენებლო კომპანიას.

  • აღსრულებისთვის ისევ სასამართლოში გადააგზავნით ამ საქმეებს?

არა, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ მერიაში. მერიის ადმინისტრაციული სამსახური გამოსცემს აქტს, სასამართლოში შეიძლება ამ ადმინისტრაციული დადგენილების გასაჩივრება.

  • ამ დრომდე კანონი ითვალისწინებდა უნებართვოდ მშენებლობის კანონის ჩარჩოში მოქცევის შესაძლებლობას. ეს რჩება?

დიახ, ეს წესი ძალაში რჩება. თუ მენაშენე შეძლებს უკანონოდ აშენებული ფართობის კანონის ჩარჩოში მოქცევას, მერიასთან შეთანხმებას, საქმეზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება.

მთავარი ფოტო: ბათუმი, თავდადებულის ქ. #48. უნებართვოდ აშენებული რვასართულიანი სახლი

„დაინტერესდით აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით“ – პარტიების მიმართვა დიპლომატებს

აჭარაში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა დღეს, 3 დეკემბერს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია: „ხელისუფლება ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რისი მაგალითიც არის მაუწყებლის დირექტორის არჩევა ფორსირებულ რეჟიმში, მოქმედი დირექტორის მოადგილისა და ჟურნალისტების ჩამოშორების მცდელობა საინფორმაციო სამსახურიდან“.

პოლიტიკური გაერთიანებები მოუწოდებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებით. „რათა დაცული იყოს თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ასევე მედია მენეჯერებისა და ჟურნალისტების უფლებები“.

პოლიტიკური პარტიების განცხადებით, იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაუქმება. ამიტომ ისინი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მოითხოვენ, მკაფიოდ განმარტოს და აუხსნას საზოგადოებას, რა ცვლილებები იგეგმება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსთან დაკავშირებით“.

განცხადებას ხელს აწერს რვა პოლიტიკური გაერთიანება

აჭარის მაუწყებელში სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფაზე თავად მაუწყებლის ჟურნალისტები და დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე აცხადებენ.

CEU აცხადებს მიღებას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მის დაქვემდებარებაში არსებულ 18 სხვადასხვა დეპარტამენტზე და სკოლაში ბუდაპეშტისა და ვენის კამპუსებზე.

[checklist]

  • კოგნიტური მეცნიერება * ეკონომიკა და ბიზნესი * გარემოს დაცვა და პოლიტიკა * ისტორია
  • გენდერული კვლევები * საერთაშორისო ურთიერთობები * სამარათალი * გამოყენებითი მათემატიკა
  • შუა საუკუნეების კვლევები * ნაციონალიზმის კვლევები * ქსელური და მონაცემთა მეცნიერება
  • ფილოსოფია * პოლიტიკური მეცნიერება * სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია
  • სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეციენერბაში, საჯარო პოლიტიკასა და საერთაშორისო
    ურთიერთობებში * საჯარო პოლიტიკის სკოლა

[/checklist]

ასევე, წელს პირველად, უნივერსიტეტმა გამოაცხადა მიღება ორ ახალ, საბაკალავრო პროგრამაზე ორმაგი აკრედიტაციით აშშ-სა და ავსტრიაში – კულტურა, პოლიტიკა და საზოგადოება (CPS)  და ფილოსოფია, პოლიტიკა და ეკონომიკა (PPE). სწავლა განხორციელდება ვენის კამპუსზე.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საგანაცხადო ფორმების გაგზავნამდე პირველ რიგში აუცილებლად დარეგისტრირდით შემდეგ ლინკზე  https://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=PROS&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

ხოლო საბაკალავრო პროგრამებზე საგანაცხადო ფორმების გაგზავნამდე უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე
https://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=BA&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

თუ გსურთ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, Pearson Test of English (Academic), Cambridge English: C2 Proficiency and Cambridge English: C1 Advanced, Euroexam Academic) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2020 წლის 30 იანვრისა. 

მაგისტრატურაში სწავლის მსურველებს შეგიძლიათ ერთდროულად გააკეთოთ განაცხადი 5 სხვადასხვა პროგრამაზე, ხოლო ბაკალავრიატში სწავლის მსურველებს – ორივე საბაკალავრო პროგრამაზე. საგანაცხადო ფორმის გაგზავნის საფასურია 30 ევრო.

თვითდაფინანსებულმა სტუდენტებმა, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ უცხო ენის რომელიმე ტესტი და რომლებსაც ჭირდებათ სასწავლო ვიზა, შეგიძლიათ საგანაცხადო ფორმები გაგზავნოთ 2020 წლის 15 აპრილამდე.

სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  • თბილისი – ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge; კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს 16 საათზე. 
  • ბათუმი – ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
  • ახალციხე – რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551
  • თელავი – ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
  • ქუთაისი – ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტელ.: 551710071

[/checklist]

უნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ სოციალურ ქსელ Facebook-ში: Access CEU – Georgia page და Center for International Education – Tbilisi.

ბათუმის სტადიონთან „აღორძინების“ „აქტივისტები“ დედაქალაქში გასამგზავრებლად შეიკრიბნენ

19 ნოემბერი. 2003 წელი. „ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნებული სტატია:

გასულ ორშაბათს ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე „აღორძინების“ „აქტივისტები“ დედაქალაქში გასამგზავრებლად შეიკრიბნენ. მათი უმრავლესობა სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები იყვნენ. აქვე იყვნენ უშიშროებისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

6 საათზე ქალაქიდან 40-მდე მიკროავტობუსი გავიდა. ერთი ვერსიით, გამგზავრებულთა გარკვეული ნაწილი დედაქალაქში სამუშაოს დაკარგვის შიშით წავიდა. უბრალო მოქალაქეების მოსაზიდად კი 20-დან 100 ლარამდე თანხა იყო გათვალისწინებული. როგორც თავდაპირველად აცხადებდნენ, მომიტინგეები ბათუმში მეორე დღესვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ, როგორც ირკვევა, ისინი დედაქალაქში 22 ნოემბრამდე აპირებენ დარჩენას.

აქ თავმოყრილთა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ, უბრალოდ, სიტუაციის დასაზვერად არის მოსული და არსად წასვლას არ აპირებს, ხოლო ზოგიერთები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამ პროცესებში თავის გასართობს ეძებენ და დედაქალაქში გამგზავრებას პიკნიკად უფრო აღიქვამენ. ერთმა მათგანმა „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა: „ჩვენი ხელმძღვანელის ინიციატივით მივდივართ, მშვიდობა გვინდა დავიცვათ. მთავარია, საქართველო გადარჩეს და ჩვენ თუნდაც მოვკვდეთ. თუმცა, ჩვენ გარეშე საქართველოს არსებობა გამორიცხულია“.

უკვე დედაქალაქში ჩასულებისგან ასეთ ინფორმაციას ვიღებთ: „ძალით როგორ გამოგვიშვებდნენ, ნებაყოფლობით წამოვედით. მძღოლებს მოგვცეს ას-ასი ლარი, სხვებს 20-20 – საკვებისთვის. ღამეს მანქანებში გავათევთ, ალბათ რუსთაველზე. ის კი ნამდვილად არ ვიცით, თუ როდის დავბრუნდებით“.

აჭარის პოლიციის მინისტრი, ილია წულუკიძე ინფორმაციას ძალდატანებისა და მოსყიდვის შესახებ იმდენად აბსურდულად მიიჩნევს, რომ ხუმრობის გუნებაზე დგება: „ კბილებამდე შეიარაღებული ჩამოვედით – ზარბაზნებით, ტანკებით, თვითმფრინავებით, რადგან ეს ყველაფერი თბილისში არ ჰქონდათ. 20 ათასი პოლიციელი ჩამოვიყვანეთ, 15 ათასი გადაცმულია, 5 ათასი კი კბილებამდეა შეიარაღებული. სამოქალაქო საზოგადოებას 1000-1000 ლარი დაურიგდათ, პოლიციას – 2000-2000“.

მინისტრი კმაყოფილია ზემდგომი, ქვემდგომი და პარალელური სტრუქტურების „თბილი“ დახვედრით და მანამდე აპირებს დედაქალაქში დარჩენას, სანამ თბილისში მშვიდობა არ დამყარდება. მისი თქმით, აჭარიდან ჩასული არასასურველი სტუმრები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში იცხოვრებენ.

ილია წულუკიძე სერიოზულად მაშინ საუბრობს, როცა საშიშროებას ეხება: „გამორიცხული არაფერია, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ და არაფრის გვეშინია“.

თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი, „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში მეშვიდე ნომერი გიორგი არველაძე კი „გაზეთ ბათუმელებს“, მისთვის აბსოლუტურად უცნობ გამოცემას, აბაშიძის კარის გაზეთს უწოდებს და მიმდინარე მოვლენებს შემდეგ შეფასებას აძლევს:

„პროვოკაცია უკვე მოხდა, როცა ჩამოათრიეს დამონებული, გაბრიყვებული ხალხი ხულოდან და ხელვაჩაურიდან. ეს ხალხი, როგორც ცხვრები, ისე შეყარეს მანქანებში. აბა, რომელიმეს გაებედა და ეთქვა უარი წამოსვლაზე. ეს არის ერთი კაცის მიერ ტერორში მყოფი ბრბო. ამ ადამიანებს აბაშიძე იყენებს, როგორც საკუთრებას… ასეთ ბრიყვულ საქციელს მოჰყვება უმძიმესი შედეგები. ეს არის შევარდნაძე-აბაშიძის ძალიან საშიში თამაში. მათ სურთ სამოქალაქო ომის დაწყება და იგი დაიწყება აუცილებლად, რადგან ქართველი ხალხი სულში ჩაფურთხებას ვერ აიტანს“.

არველაძის აზრით, ომის შემდეგ დამარცხებული მხოლოდ აბაშიძე და შევარდნაძე იქნება. „შეურაცხყოფაა, როცა აჭარიდან ჩამოყვანილები საქართველოს მოსახლეობის სახელით ლაპარაკობენ. შეურაცხყოფაა, როცა სპეცრაზმები ჩამოიყვანეს. თუ დაიწყო სამოქალაქო ომი, მირჩევნია მოვკვდე ჩემს ოჯახთან ერთად, ვიდრე მათ დიქტატორულ სახელმწიფოში ვიცხოვრო“.

ბათუმიდან ჯგუფები საქართველოს დედაქალაქში წუხელაც გაემგზავრნენ „მშვიდობიანი ფორმით სამართლიანობის დასაცავად“ და, რაღა თქმა უნდა, „მოხალისეებთან“ ერთად.

მთავარი ფოტო: 2003 წელი. ნოემბერი

„რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა?“ – თეონა ბაკურიძე ცენზურის სუნზე აჭარის ტელევიზიაში

თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი: 

„თეონა, ჩამქრალი ხარ..“ „დაღლილი ჩანხარ..“ „რაღაც გჭირს…“ ვინც აჭარის ტელევიზიის ეთერში 2 წელი და 10 თვეა მიყურებს და მისმენს, მარტივად შენიშნა, რომ „რაღაც მიჭირს,“ განსაკუთრებით თანამშრომლებმა…

რა მიჭირს? – ის, რასაც ამდენი თვეა, საკუთარი სინდისით, ჟურნალისტური სტანდარტით, თავისუფლად, დამოუკიდებლად ვაკეთებდი, ახალმა დირექტორმა „ორი წინადადებით შეაფასა..“ ირწმუნება, რომ მე „გავლენების ქვეშ ვარ“, „მე მხარე ვარ“.. მე არასწორი ვარ… თავად კი მართალია.. მერე რა, თუ მიყვიროდა, მერე რა, თუ ის ისე ხედავს ინტერვიუს, ჟურნალისტიკას, კითხვების დასმას.. მერე რა, თუ ამას უპროტესტებენ… მაინც თავებს ითვლის…

მერე რა, თუ ის რასაც ამბობს, ჩემთვის ცენზურის დაწესების მცდელობაა… მერე რა, თუ „ქართული ოცნების“ და მისი ნარატივი ერთმანეთს „ჰგავს“… მერე რა, თუ მე წინა ხელისუფლების დროსაც იგივე ვიყავი… მაშინაც „ხელებს მამტვრევდნენ“… მაშინაც მეუბნებოდნენ, რომ „ოპოზიციის გავლენის ქვეშ ვმუშაობდი“… ახლა, ხომ მაშინდელი ოპოზიცია ხელისუფლებაშია.

ახლა ახალი დირექტორი მეუბნება, რომ ის, ვისაც რჩევებს ვეკითხებოდი (ნათია ზოიძე), გავლენების ქვეშაა. მეუბნება, რომ ის, ვინც ყურთან მიზის (მაია მერკვილაძე), ისიც გავლენის ქვეშაა და, შესაბამისად, მეც თურმე თავისუფლად კი არა, გავლენების ქვეშ ვმუშაობ.. თან რაღაც მიზანი მაქვს.. სარგებელს ვეძებ და ამიტომ ვსვამ კრიტიკულ კითხვებს…

ასეა ეს? თქვენ ხომ უყურებდით რამდენიმესაათიან ეთერებსაც და მოკლე ინტერვიუებსაც.. ვინც ღირებულებებზე ვთანხმდებით, ხომ ვფიქრობდით, რომ ბევრ სირთულეს გავუმკლავდით.. ბევრი „რთული ეთერი“ დავძლიეთ.. რომ ჩვენი „ახალი ამბები“ იყო ისეთი, როგორიც უნდა იყოს.. მაშინ რატომ დავიღალე? რატომ „ჩავქრი?“ რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა? პასუხი მარტივია – ცენზურის სუნი მცემს..

P.s. ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ასეთი პოსტი… ეს სისუსტის ჩვენება ხომ არ იქნებოდა… მაგრამ არა, სისუსტე არა… უფრო გულწრფელობაა… ემოცია, რომელიც მაქვს… განცდა, რომ ვკარგავთ თავისუფლებას… თავს არ ვიმართლებ… ვითარებას ობიექტურად ვაფასებ.“

_____________

წყარო: Facebook 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ცენზურისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკზე ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ დაიწყო საუბარი.

ჯერ კიდევ ახალი დირექტორის არჩევამდე, აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ტელევიზიის დირექტორის პოსტს გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ, 22 ნოემბერს კი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორად მართლაც გიორგი კოხრეიძე აირჩია.  რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი ნათია ზოიძისგან, რომელიც მისი მოადგილეა, მოითხოვს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. გიორგი კოხრეიძე ამ მოთხოვნას კანონით ხსნის.

ტელევიზიის ახალ დირექტორის არ მოსწონს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი – ამის შესახებ მან არჩევის დღესვე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის ეთერიდან ყველა მწვავე კითხვა დაისმება, თუმცა სხვანაირად – ჟურნალისტებმა  რესპოდენტები უნდა გააკრიტიკონ, მაგრამ ისე, როგორც ძმას ან შვილს აკრიტიკებენ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მაღალ რისკზე საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 7 თვის წინ განაცხადეს, როდესაც დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის მიუხედავად, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე მაინც გადააყენა.

კითხვაში, მათემატიკასა და სხვა საგნებში მოსწავლეთა მაჩვენებელი გაუარესდა – PISA

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ისევ გაუარესდა.

2017-2018 წლების კვლევის მონაცემებით საქართველოში სამივე პოზიციაზე ქვეყნის ქულებია:

  • კითხვა – 380 ქულა
  • მათემატიკა –  398
  • საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 383

2015-2016 წლების კვლევის მონაცემები საქართველოში

  • კითხვა – 401
  • მათემატიკა – 404
  • საბუნებისმეტყევლო მეცნიერებები – 411

ქვეყნის საერთო ქულა 2015-2016 წლებში იყო 405.3 ქულა.

ახალი კვლევის მიხედვით, სამივე კომპონენტში ლიდერობს ჩინეთი – 555, 591, 590 ქულით, შემდეგ მოდის სინგაპური და მაკაო.

დღეს, 3 დეკემბერს, კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. „პრობლემები გვაქვს წიგნიერების კომპონენტში, თუმცა გენდერული განსხვავებები კითხვაში გოგონებსა და ბიჭებს შორის წინა წლებთან შედარებით 60 ქულიდან 38 ქულამდე შემცირდა.

PISA კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსწავლეთა შეფასების მაჩვენებელი 2015-2016 წლებთან შედარებით გაუარესდა

PISA 2018-ის შედეგები გვაჩვენებს, რომ ათწლიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს პოზიტიური ტენდენცია – მათემატიკაში 19-ქულიანი, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 10-ქულიანი გაუმჯობესებაა. პოზიტიური ტენდენციები იკვეთება თანასწორობის კუთხითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე უფრო მეტი მოსწავლე ახერხებს უკეთესი შედეგების ჩვენებას, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

ცენტრის ინფორმაციით, PISA 2018 ციკლის კვლევაში  საქართველოში  326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

კვლევაში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა, ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა – ქაღალდზე.

კვლევის მიზანია, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც სკოლაში, ასევე, მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

PISA-2018 წლის კვლევა.

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA),  როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო.

დეა ერემაშვილი: როცა შშმ პირი ხარ, დამატებით გიწევს რაღაცის დამტკიცება

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა საერთაშორისო დღეა. 2019 წელს ამ დღის მთავარი გზავნილია – „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“.

სოციოლოგ ოჩი კონცელიძის ვლოგში, „თავისუფალი თემა ოჩისთან“ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თანამშრომელმა, დეა ერემაშვილმა ისაუბრა შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებებსა და საზოგადოების დამოკიდებულებებზე. მან აღნიშნა, რომ საზოგადოება ხშირად შეზღუდულ შესაძლებლობას ინტელექტუალურ შეზღუდვასთან აიგივებს და რომ საქართველოში შშმ ქალებისთვის ყველა სამედიცინო სერვისი არ არის ხელმისაწვდომი.

„ როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხარ, დამატებით გიწევს რაღაცის დამტკიცება.

.. იყო მომენტი, რომ მივედი ექიმთან, როცა ორსულად ვიყავი, რომ – „უი, ბავშვს აჩენ?! შეგიძლია?!“ – ეს მომენტი იყო. ანუ ხომ ვერ დადიხარ კარგად და რატომ აჩენ. პოლიკლინიკაშიც კი, როცა ბებიაჩემთან ერთად მივდიოდი, ბებიაჩემს უხსნიდნენ, რა სჭირდებოდა ჩემს შვილს. აცრებზეც ბებიაჩემს ურეკავდნენ და არა მე.

ქალებს, ყველაფერთან ერთად, არა აქვთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმი ქალისთვის გინეკოლოგია.  აჭარაში არ არსებობს ადაპტირებული სავარძელი ქალებისთვის, საქართველოში მგონი ერთია. ანუ გამოდის, რომ შშმ ქალს, ეტლით მოსარგებლეს, მისი შეზღუდვიდან გამომდინარე, არ შეუძლია სრულფასოვნად მივიდეს ექიმთან. პასუხი არის ის, რომ ძალიან ძვირი ღირს, ის კი არა, რომ ადამიანი ჯანმრთელობის სერვისს ვერ იღებს….“

ინტერვიუში დეა ერემაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლასა და ცნობიერის ამაღლებაში, თავად შშმ პირების აქტიურობაა:

„ვერ გამოდის ეს ხალხი გარეთ და როცა არ ხედავ, გგონია, რომ არ არსებობს ადამიანი… მაინც შშმ პირების აქტიურობით არის შანსი, შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. შენ თუ არ დაიცავ შენს უფლებებს, სხვა არავინ არ დაიცავს შენ მაგივრად. როცა აჩვენებ, რომ შენ გარეთ ხარ, ტიპიური განვითარების ადამიანი ხარ, სრულფასოვანი ადამიანი ხარ, შეიცვლება შენ მიმართ დამოკიდებულება“.

ბლოგის ავტორმა დეა ერემაშვილს ჰკითხა, თავად ტერმინის – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის“ – შესახებაც.

„რაც შეეხება ტერმინს, წინა ტერმინს, რომელსაც არ დავასახელებ, იმიტომ, რომ არ არის სასიამოვნო, იმას სჯობს, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, რომ იყოს – „ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობით, „მოქალაქე შეზღუდული შესაძლებლობით“. ანუ ადამიანი, პიროვნება იყოს წამოწეული და შემდეგ მისი შესაძლებლობა. თუნდაც ინგლისური ვარიანტი არის people with disabilities [ხალხი შეზღუდული შესაძლებლობით]. ჩვენთან ცოტა პირიქითაა [შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი], მაგრამ ვეცდებით ნელ-ნელა ეს ტერმინი ჩავანაცვლოთ ცოტა უფრო ლოიალური ტერმინით, მაგრამ ზოგადად ტერმინში იმდენი პრობლემა არ არის, რამდენადაც აღქმაში,“ – აღნიშნა დეა ერემაშვილმა.

ნახეთ სრული ინტერვიუ:

ქობულეთში დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს

ქობულეთის მერიასთან დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, დღეს მათ საკრებულოში შესვლის საშუალება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს, ადგილზე იმყოფება პოლიცია.

დაკავებული სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

ამ თემაზე:

„ოცნების“ მხარდამჭერები დაგვხვდნენ და გვეჩხუბეს“ – ქობულეთის მერიასთან 1 პირი დააკავეს

ქობულეთის საკრებულოს წევრი: სამუშაო კაბინეტში არ მიშვებენ

ქობულეთის მერიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მერს, მერის მოადგილეს, მერიის აიპის თანამშრომლებსა და „ნაციონალური  მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის. ენმ-ის წარმომადგენელმა ქობულეთის საკრებულოში ბონდო თედორაძემ მერს „ზონდერი“ უწოდა, მირიან ქათამაძემ კი უთხრა, რომ უზრდელია. დაპირისპირებისას ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები.

ბონდო თედორაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე არის ფრაქციის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ დილით, როცა სამსახურში  მივიდა, მერიაში დახვდნენ პოლიციელები, მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის წევრები და ასევე, უცნობი პირები, რომლებმაც მას სამუშაო კაბინეტში შესვლის უფლება არ მისცეს.

„დაგვიპირისპირდა მობილიზებული ხალხი მერის ხელმძღვანელობით. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო და სიტყვიერიც. მირიან ქათამაძე, მისი თანაშემწე გია მართალიშვილი, არჩილ ჯინჭარაძე აიპის თანამშრომელი, ბაზრის დირექტორი მალხაზ რომანაძე და კიდევ სხვები. აგონიაში არიან და უკვე ეჩვენებათ რაღაცები, აქციას ვამზადებდი ეგონათ. რვა ადამიანი ვიყავით სულ და აქედან ოთხი საკრებულოს წევრია“, – ამბობს ბონდო თედორაძე.

მისი თქმით, უმრავლესობის წარმომადგენლები პროვოკაციაზე წავიდნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ენმ-ის წევრებს. საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებსა და უმრავლესობის წევრებს შორის ამ დროისთვის პოლიცია დგას და მათ შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

რატომ ეზღუდებათ საკრებულოს წევრებს სამუშაო კაბინეტში შესვლა? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“  ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მჭედლიშვილს დაუკავშირდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენს ტელეფონს არ უპასუხა. მერიის პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კულტურის სახლში ღონისძიებაზე იმყოფებიან და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ მხარდამჭერები დაგვხვდნენ და გვეჩხუბეს“ – ქობულეთის მერიასთან 1 პირი დააკავეს

სასამართლოში გამართლებული პირი $144 834 სთხოვს პროკურატურას და შსს-ს 

პროკურატურას, შსს-სა და ყოფილ ცოლს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოქალაქე ირაკლი შაქარიშვილი სთხოვს. მას ოჯახში ძალადობას ედავებოდა პროკურატურა, თუმცა იგი სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ირაკლი შაქარიშვილს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საზღვრის კვეთის უფლება არ ჰქონდა. ის პროფესიით მეზღვაურია და სასამართლო განხილვების პერიოდში უმუშევარი დარჩა.

ირაკლი შაქარიშვილი სამართალდამცველებმა 2016 წელს დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით. პოლიციას მისმა ყოფილმა ცოლმა მიმართა, რომელმაც გამოძიებას უთხრა, რომ მას ქმარმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„…ეს იყო მოწყობილი პროვოკაცია. სინამდვილეში კამათის გარდა არაფერი მომხდარა. მან მე მიღალატა და ეს როგორც კი გავიგე, განქორწინება გადავწყვიტე… ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დაზიანება სხეულზე რაც ჰქონდა, იმ პერიოდში არ იყო მიყენებული, როცა მე დამაკავეს. მეზობელმაც არ დაადასტურა ცემის ფაქტი,“ – ამბობს ირაკლი შაქარიშვილი.

სასამართლოსთვის ჩვენება თავად დაზარალებულს არ მიუცია. სისხლის სამართლის საქმის პარალელურად, განქორწინების საქმეში ირაკლი შაქარიშვილს მორიგება შესთავაზეს – 50 ათასი ამერიკული დოლარი და ალიმენტი – თვეში 500 დოლარი საერთო შვილისთვის. ქალმა ეს იმ პირობით მოითხოვა, რომ სასამართლოს ჩვენებას საერთოდ აღარ მისცემდა. მორიგება შედგა.

სარჩელში, რომლითაც ახლა ირაკლი შაქარიშვილი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, წერია, რომ ბრალდებულს აღარ ჰქონდა სიმართლის გარკვევის მოლოდინი და ამის გამო არჩია ცოლს მორიგებოდა. ირაკლი შაქარიშვილს ერთ-ერთი პოლიციელის წინააღმდეგ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვისაც მიუმართავს, თუმცა ამ კუთხით არაფერი გარკვეულა.

„მე მქონდა ჩანაწერი. ჩემი ცოლი ეუბნებოდა, მოდი და დაიჭირეო… ისინი ერთად მოქმედებდნენ და ინტერესი იყო ქონება… კიდევ კარგი, საბოლოოდ დადასტურდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ დამრჩა ვალები, რადგან ზღვაში ვეღარ წავედი. ახლა ისევ ვცდილობ, დავსაქმდე,“ – გვითხრა ირაკლი შაქარიშვილმა.

სასამართლომ ამ საქმეზე უკვე მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის პასუხები. ისინი ზიანის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ. შსს წერს, რომ ის რეალური მოპასუხე არ არის, რადგან სისხლისსამართლებრივ დევნას პროკურატურა ახორციელებს. პროკურატურა კი წერს, რომ ზიანის დადგომა არ ყოფილა მისი მიზანი.

„პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებას და დამდგარ შედეგს – ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით…“ – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის შესაგებელში, რომელიც მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს უკვე ჩაბარდა.

ირაკლი შაქარიშვილის საქმეში დევს მისი შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია – კომპანია, სადაც იგი ბრალდებულის სტატუსის გამო ვეღარ დასაქმდა, თვეში 6800 ამერიკულ დოლარს უხდიდა. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს ამ საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

საკრედიტო ლიმიტი მომგებიანია – ჩაერთე აქციაში და მიიღე საჩუქარი

დეკემბერი ფინკა ბანკში აქციებისა და საჩუქრების თვეა. პირველი დეკემბრიდან კიდევ ერთი აქცია დაიწყო – ვინც 31 დეკემბრამდე აიღებს საკრედიტო ლიმიტს და დახარჯავს მინიმუმ ნახევარს, სპეციალურ აქციაში ავტომატურად ჩაერთება.

ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი 2020 წლის 14 იანვარს გამოავლენს და მათ საჩუქრად 20, 50, 100 და 150 ლარი დაუბრუნდებათ ანგარიშზე.  

ფინკა ბანკის უნიკალური პროდუქტი „საკრედიტო ლიმიტი“ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რა არის უნიკალური ამ პროდუქტში და რატომ უნდა ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით?

[checklist]

  • საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომელიც ბარათზეა და ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენოთ სავაჭრო ობიექტებში ან ბანკომატიდან გამოიტანოთ.
  • ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც ძალიან მოსახერხებელია: ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდით, მიუხედავად ათვისებული თანხისა.
  • საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი.
  • საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური  – 4000 ლარია.

[/checklist]

ახლოვდება ახალი წელი, შესაბამისად, თუ გსურთ გქონდეთ თანხა, რომელსაც ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენებთ, აიღეთ საკრედიტო ლიმიტი 31 დეკემბრამდე, დახარჯეთ თანხის მინიმუმ ნახევარი და სურვილების ასრულებასთან ერთად დაიბრუნეთ 20, 50, 100 და 150 ლარი.

საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი  აქ ან დაგვირეკეთ *4949

 

ხვალ ბათუმში ისევ იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 3  დეკემბერს, ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 4 დეკემბერს კი, ღრუბლიანი ამინდი და წვიმა, მთიან აჭარაში კი თოვაა მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 2-7 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-3 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3-8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 5 დეკემბერს ბათუმში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა, მომდევნო ორ დღეს კი, 6-7 დეკემბერს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

ერთ თვეში ტყითსარგებლობის 587უკანონო ფაქტი გამოვლინდა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში – 68, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში – 46-46, შიდა ქართლში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 11, გურიაში კი – 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 882 მ3-მდე ხე-ტყე.

დეპარტამენტის ცნობით, ამავე პერიოდში გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი. „ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. „მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“.

რუსული კულტურის ცენტრის ამოქმედება რუსეთის ჯაშუშური ქსელისთვის კარის გახსნაა – პეტიცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ კარასინის მიერ დაანონსებული რუსული კულტურის ცენტრის გახსნა თბილისში საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. დღეს, 3 დეკემბერს, გავრცელდა პეტიცია, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პეტიციაზე ხელის მოწერისთვის უნდა გადახვიდეთ ლინკზე.

„ჩვენ პეტიციაზე ხელმომწერნი, მოვითხოვთ აიკრძალოს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა საქართველოში, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და წარმოადგენს ჯაშუშობის საფარს.

რუსული კულტურის ცეტრის საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედება ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური საქმიანობისთვის კარის ღიად გახსნაა. 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პასუხად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. შესაბამისად, რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციას არ აქვს უფლება, საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობა წამოიწყოს მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ის მიზეზები, რის გამოც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.

რუსეთმა არა მხოლოდ მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, არამედ ამ ტერიტორიებზე განახორციელა ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობის ეთნიკური წმენდა და ამჟამად უარს აცხადებს ამ დანაშაულის შედეგების აღმოფხვრასა და დევნილთა საკუთრების უფლებების აღდგენაზე, რუსეთი ახლაც არ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რის გამოც სრულიად მიუღებელია კულტურის ცენტრის საფარქვეშ მტრული სახელმწიფოს მიერ საქართველოში მსგავსი ცენტრის დაარსება.

საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად, უნდა აიკრძალოს რუსეთის ხელდასმით ინიცირებული ნებისმიერი ამგვარი კერძო თუ, მით უმეტეს, პირდაპირ ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური ინიციატივის საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელება.

ცხადია, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატში რუსეთთან გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებში რომელშიც არ მონაწილეობენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ზურაბ აბაშიძე არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აუცილებელია გაუქმდეს ეს ფორმატი, ხოლო აბაშიძე ჩამოშორდეს რუსეთთან მოლაპარაკებებს.

ოფიციალურად რუსული კულტურის ცენტრების მიზანი ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაა, თუმცა როგორც ისტორიული ისე თანამედროვე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარი დაწესებულებები, არაერთ ქვეყანაში, რუსეთის დაზვერვის საფრად გამოიყენება,“- ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციას „თავისუფლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.

თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაცია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 28 ნოემბერს პრაღაში შეხვდა.

ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად საქართველომ ქუვეითთან გააფორმა მემორანდუმი 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31- სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ქუვეითის წარმომადგენლებთან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ქუვეითთან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს შესაძლებლობა კვალიფიციური მეზღვაურებით მომარაგდეს ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავი გემები. სააგენტოს დირექტორის მხრიდან ხაზგასმული იქნა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი დონე ზღვაოსნობისთვის საჭირო სხვა უნარებთან ერთად.

„დღეს კიდევ ერთი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაიხსნა საქართველოს მეზღვაურებისთვის“- განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ქუვეითის დროშის ქვეშ 300-მდე გემი (ჯამურად 2,4 მილიონი სუფთა ტონა, 4 მილიონი ტონა დედვეითი) დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა უმეტესობა ტანკერია. „ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მეზღვაურებისთვის, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტანკერის სპეციალისტებია“ – აცხადებს თამარ იოსელიანი.

ქარტია აჭარის მაუწყებლის დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს შეხვდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, „ვინაიდან აჭარის ტელევიზიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ქარტიის წევრი და ხელმომწერია, ქარტიის ინიციატივით შეთანხმდა ტელევიზიის დირექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა“.

ქარტიის წარმომადგენლები აჭარის მაუწყებელში შეხვედრებს 3 და 4 დეკემბერს გამართავენ.

„აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე. ქარტიის საბჭო მუდმივ კომუნიკაციაშია ტელევიზიის თანამშრომლებთან და აკვირდება მოვლენების განვითარებას“, – აცხადებს ქარტია.

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა – ახალი სამშენებლო კოდექსი

ხვალ, 3 დეკემბერს, ახალი სამშენებლო კოდექსი სრულად ამოქმედდება. შესაბამისად, იცვლება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რთულდება. ცვლილების შესახებ ინფორმირებული არიან მშენებლებიც, ამიტომაც ბოლო პერიოდში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში უპრეცედენტოდ ბევრი განაცხადი შევიდა. მაგალითად, გასული კვირის ბოლოს, ორ დღეში, განაცხადების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი, მირიან მეტრეველი ამბობს, მერიის შესაბამისმა სამსახურმა შაბათ-კვირასაც იმუშავა და ყველა განაცხადი განიხილა იმის გამო, „რომ არ ეთქვათ, შეგნებულად დავტოვეთ რაიმე განუხილველად და ჩვენი მიზეზით შეეშალათ ხელი“.

რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კოდექსი? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს მირიან მეტრეველმა უპასუხა.

  • ბატონო მირიან, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშენებლობის კოდექსში იცვლება

მთავარი არის ის, რომ უქმდება ე.წ. კ2 კოეფიციენტის კომისია და გაზრდის წესი იცვლება რადიკალურად. კანონი მოითხოვს დამუშავდეს განაშენიანების დეტალური გეგმა თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე. თუმცა ამასაც აქვს თავისი შეზღუდვები. მაგალითად ის, რომ დეტალურ გეგმას მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვერ ჩაატარებ, ირგვლივ 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი. ბათუმის პირობებში დიდი მიწის  ნაკვეთები გამოვა ერთიანად დასაგეგმარებელი.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ დადგენილი იქნება საბალანსო ერთეულები, თითოეულ კვარტალში რამდენი შეიძლება იყოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი. განსაზღვრულია ისიც, ჯამში რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს. მაგალითად, მშენებელს უნდა კვარტალში ერთი მაღლივი შენობის მშენებლობა, გვერდით ვეღარ ააშენებენ, ამიტომაც კვარტალში ყველას თანხმობა დასჭირდება, რაც გაართულებს ნებართვის მიღების პროცესს. თუმცა, ეს მხოლოდ ამ თანხმობითაც არ გადაწყდება. გასათვალისწინებელია ასევე სამეზობლო საზღვრიდან მოშორების რეგულაციები და ასე შემდეგ, ყველაფერი იცვლება.

კვარტალს, როცა აგეგმარებ, კანონიდან გამომდინარე  განაშენიანება უფრო დაბალანსებული იქნება.  გარდა ამისა, როცა განაცხადი შემოვა, მერიამ უნდა გამოაცხადოს კონკურსი, დაინტერესებული მხარე ვინც არის, მან უნდა დააფინანსოს კვლევა და შემდეგ, როდესაც ამ კვლევებს წარმოადგენს, თუ იქნება მისაღები, გადადის საკრებულოში დასამტკიცებლად.

  • თუ კვარტალში ერთი აშენებს და მეორე ვერა, როცა კერძო საკუთრებასთან გვაქვს საქმე, ამას როგორ არეგულირებს კანონი?

როდესაც დამუშავდება დეტალური გეგმა და დამტკიცდება, ცხადია, იქ კვარტალში მარტო ერთი შენობა ხომ არ იქნება, სიმაღლე დარეგულირდება ყველა შენობასთან დაკავშირებით ბალანსის დაცვით. ერთმა თუ ხუთი სართული ააშენა, მეორეს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი სართულის აშენების უფლება. ორი სართულის აშენებას თუ ემხრობა მიწის  ნაკვეთის მეპატრონე, რომლის ნაკვეთზეც ორსართულიანი იქნება დადგენილი, პრობლემა აღარ შეიქმნება. თუ ეწინააღმდეგება, თავისთავად ეს გეგმა ვეღარ დამტკიცდება. ანუ კვლევის შემდეგ მცხოვრებლების თანხმობა თუ ვერ მოიტანა, გეგმა არ დამტკიცდება.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - მირიან მეტრეველი
მირიან მეტრეველი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი
  • კანონი უზრუნველყოფს, რომ კვარტალში რამდენიმე მაღლივი არ გაჩნდეს, რომლებიც ერთმანეთს დაფარავს?

დიახ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს.

  • ღიობის წინ ღიობის, ან ღიობის წინ ყრუ კედლის ამოყვანის საკითხები როგორ არის დარეგულირებული, რაც ბათუმისთვის მწვავე პრობლემაა?

ამ ყველაფერს განსაზღვრავს ერთ-ერთი კანონქვემდებარე დადგენილება, ამის შესახებ კოდექსში დეტალურად არ წერია. შემოდის განაშენიანების ტიპები, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ადგილზე იყოს აუცილებელი, ეს არის მაგალითად ღია განაშენიანება. შენობას თუ ათავსებ მიწის ნაკვეთზე, სამეზობლო შენობები ყველა მხრიდან უნდა იყოს მოშორებული, შეიძლება იყოს ნახევრად ღია განაშენიანება, თუ საზღვარზე ორი მშენებლები ერთმანეთის მიმართ ყრუ კედლებს დადგამენ და მეორე მხარეს გააკეთებენ ღია განაშენიანებას – ცოტა რთული ასახსნელია… ასევე შეიძლება იყოს დახურული ტიპის კვარტალური განაშენიანება, როცა გვერდითა კედლები ერთმანეთზე მიდგმულია, ეს იქნება ჩამწკრივებული შენობები – ანუ სხვადასხვა ტიპის განაშენიანების ცნება შემოდის. ამას აზუსტებს გენგეგმა, მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს ძველი გენგეგმა და ის გაუქმდება, პროექტები შეთანხმდება მხოლოდ კვლევის შედეგად, რაც თავისთავად გამორიცხავს მიშენებებს, ფასადის დახურვას და ასე შემდეგ,

  • უსაფრთხოების საკითხებს რაც შეეხება, გარდა იმისა, რასაც #41- დადგენილება აწესებს, კანონში დამატებით რეგულაციები შემოდის?

კოდექსი უფრო ქალაქმშენებლობით საკითხებს განსაზღვრავს. მშენებლობა, მოცულობა, სიმაღლე, დამტკიცების წესი. გენგეგმის [გრგ-ს ], დეტალური გეგმების დამტკიცების წესს განსაზღვრავს. სხვა დადგენილებები, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ კოდექსის ამოქმედებასთან ერთად ამოქმედდა. ასევე სხვა დადგენილებებიც, რომლებიც დღეს მოქმედ კანონმდებლობას ართულებს. ლიფტების, კიბეების და სახანძრო უსაფრთხოების წესები დარჩა იგივე 41-ე დადგენილების რეგულაციის ქვეშ.

  • რას ამბობს კოდექსი ეზოებთან, გამწვანებასთან და პარკინგთან მიმართებაში?

ეს საკითხებიც დარეგულირდება. მაგალითად, კოდექსი  აუცილებლად ითხოვს საბავშვო მოედნის მოწყობას მრავალბინიანი მშენებლობის დროს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს წყალგამტარი ფენით  გაკეთებული და მშენებელი მიწას ვერ დატოვებს მოედნის სახით. გამწვანებული ზოლი უნდა იყოს მინიმუმ ათი პროცენტი, სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა, მაგრამ მინიმუმი ათი პროცენტია.

  • მასალების ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით რას ითვალისწინებს კოდექსი? ხშირად გვესმის, რომ ახალაშენებული სახლების ფასადები მალე გამოდის მწყობრიდან.

მაგ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, დადგენილება 2020 წელს უნდა შევიდეს ძალაში, რომელიც ამ ყველაფერს განსაზღვრავს. ერთ-ერთ დადგენილებაში არის ისიც, რომ განისაზღვროს ფასადის მოპირკეთების მინიმალური ხარისხი.

უკვე დარეგისტრირებულ განაცხადებს ახალი კანონის მიხედვით განიხილავთ, თუ მანამდე მოქმედი რეგულაციებით?

თუ უკვე დამტკიცებულია პირველი ეტაპის დოკუმენტაცია – ეს არის კოეფიციენტები, სადაც განსაზღვრულია სართულიანობა და ასე შემდეგ, თუ არ შეიცვალა რაიმე, პირველ იანვრამდე უნდა იყოს შეთანხმებული პროექტი, თორემ ძალას კარგავს. თუ შეთანხმებულია პროექტი, მას არ ეხება. ასევე არ ეხება დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

 

საია: მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი მოვალეობის შემსრულებლის, ამჟამად დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აჭარის ტელევიზიის ახლმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა.

საია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის, დირექტორის მხრიდან.

„გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე იდგა.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, დირექტორად შერჩეული ყოფილიყო ისეთი პირი, რომლის  დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა. არჩეულის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის არჩევასთან დაკავშირებით კი არაერთი კითხვა არსებობს.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Exit mobile version