ბათუმი,მთავარი,სიახლეები,სპორტი

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

25.02.2020 • 2918
876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.

ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია მოცემული.

ტენდერის პირობის მიხედვით, ავეჯის მიწოდება-მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს. მიმწოდებელმა ავეჯის ფერები უნდა შეათანხმოს „სტადიონთან“, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მითითებული ტექნიკურ დავალებაში. ჩასაშენებელ ავეჯზე ოთახების ფაქტობრივი ზომებიდან გამომდინარე კი, შესაძლებელია გაბარიტული ზომების ცვლილება.

გამარჯვებულმა დამკვეთს საქონელი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში. წინადადებების მიღება დაიწყება 21 მარტს და დამთავრდება 26 მარტს.

„სტადიონის“ წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ მშენებლობა სახელშეკრულებო ვადაზე ადრე, 2020 წლის მარტში დასრულდებოდა. „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როდის დასრულდება მშენებლობა, როდის იგეგმება სტადიონის ექსპლუატაციაში მიღება და ვინ გაუწევს მას ოპერირებას. სამინისტრომ ჩვენი წერილი შპს „სტადიონთან“ გადაამისამართა. სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადაზე კონკრეტული ინფორმაცია მაინც ვერ მივიღეთ.

„ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადაა 2020 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, სამშენებლო სამუშაოების ტემპიდან გამომდინარე, სამუშაოების დასრულება შესაძლებელია განხორციელდეს ვადაზე ადრე“, – მოგვწერეს შპს „სტადიონიდან“.

რაც შეეხება შენობის ექსპლუატაციაში მიღებას, „სტადიონიდან“ მოგვწერეს, რომ „აღნიშნული განხორციელდება მშენებლობის სრულად დასრულების შემდგომ. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი ზუსტი პერიოდის განსაზღვრა“.

აჭარის მთავრობას დღემდე არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ გაუწევს ოპერირებას სტადიონს, რომლის მშენებლობაც შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს. „ამ ეტაპზე არ არის შერჩეული და გადაწყვეტილი, ვინ განახორციელებს საფეხბურთო სტადიონის ოპერირებას“, – მოგვწერეს 20 თებერვალს „სტადიონიდან“.

ანალოგიური კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ 2 წლის წინაც დავუკავშირდით. მაშინ სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, რაც არ საჭიროებს ოპერატორი კომპანიის არსებობას.“

დიდი ზომის სტადიონებზე, სპორტული მატჩების გარდა, კონცერტების გამართვაც შესაძლებელია, რისთვისაც სტადიონის ინფრასტრუქტურა კონცერტებზე უნდა იყოს მორგებული. სტადიონზე ღონისძიებების დაგეგმვა კი, სწორედ ოპერატორი კომპანიის მოვალეობაა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტადიონის მართვის უფლება შესაძლოა სახელმწიფომ დაიტოვოს, დაახლოებით იმ ფორმით, რა ფორმითაც, მაგალითად „ბლექ სი არენა ჯორჯია“ [საკონცერტო დარბაზი] იმართება შეკვეთილში.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობი იქნება. შპს „სტადიონი“ ამ ფართობების ზონირების კონცეფციისა და ბიზნესგეგმის მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო თანხის დასადგენად, 2019 წლის მაისში, ფასთა კვლევას ატარებდა. მიზანი კონსულტანტის დაქირავება იყო, თუმცა, „სტადიონს“ კონსულტანტი აღარ დაუქირავებია.

კონსულტანტს უნდა განესაზღვრა „მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე არსებული კომერციული ფართობების ზონირების საუკეთესო ვარიანტი, შეემუშავებინა კონცეფცია, მოემზადებინა პროექტის განხორციელებადობის სრული კვლევა, ბიზნესგეგმა და ფინანსური მოდელი. ბიზნესგეგმასა და განხორციელებადობის კვლევას შპს „სტადიონი“ გამოიყენებდა პროექტის პოტენციურ ინვესტორთა დასაინტერესებლად და კომერციული ფართობების ეფექტური ზონირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების [ფართობების ფუნქციური დაყოფა და შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა] განსახორციელებლად“.

ამ თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი/ 9.12.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: