ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გაუწმენდავი გზის გამო პაციენტი ციგით გადაჰყავთ – „აი, ეს არის ჩვენი მთავრობა“ 

25.02.2020 • 3576
გაუწმენდავი გზის გამო პაციენტი ციგით გადაჰყავთ – „აი, ეს არის ჩვენი მთავრობა“ 

აჭარის მაღალმთიან სოფლებში შიდა საუბნო გზებზე დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია. ბოლო დღეებში იყო შემთხვევები, როცა პაციენტებამდე სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მივიდნენ და მოსახლეობამ მოქალაქეები სასწრაფომდე ხელით და ტრაქტორის დახმარებით მიიყვანა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და „ამ მხრივ პრობლემები არ არის“.

„რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს სოფლებში, მუშაობა არ შეგვიწყვეტია, დაახლოებით 52 ერთეული ტექნიკა მუშაობს სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში. თუმცა, შეფერხებებს ქმნის ის, რომ დიდთოვლობას ყინვაც დაერთო, რის გამოც გართულდა გაწმენდითი სამუშაოები. არის ისეთი სიტუაციაც, როცა ვერ მუშაობს ტექნიკა ყინვის გამო, ან გავუშვით გასაწმენდად ერთი ტრაქტორი, ჩავარდა და მეორე დავახმარეთ… მაღალმთიან სოფლებში ახლაც თოვს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, წვიმასაც ურევს და იმის საშიშროება, რომ თოვლის საფარი სიმაღლეში გაიზარდოს, არ არის“, – გვითხრეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ეს ვიდეო სოფელ აგარაშია გადაღებული. მასზე ასახულია პროცესი, თუ როგორ გადაჰყავთ ავადმყოფი ქალი ციგით სასწრაფო  დახმარების მანქანამდე.

„აი, ეს არის ჩვენი მთავრობა. ავადმყოფი ძლივს მიგვყავს… გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს. ასეთი მთავრობა გვყავს“, – ისმის ვიდეოში, სადაც ჩანს, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის წევრი ციგაზე მწოლიარე ავადმყოფს პირველად დახმარებას უწევს.

უგზოობის ავადმყოფი ციგით გადაჰყავთ

თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო ხულოში, სოფელ აგარაში ავადმყოფი ქალი მეზობლებმა სასწრაფო დახმარების მანქანამდე ციგით გადაიყვანეს.?ვიდეო – ფეისბუქ გვერდი "უპატრონო ხულო"

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2020

ამ თემაზე:

შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: