მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის წინ ახალი ამბების გუნდი და მაუწყებლის თანამშრომლები გამოვიდნენ

24.02.2020 • 1558
აჭარის ტელევიზიის წინ ახალი ამბების გუნდი და მაუწყებლის თანამშრომლები გამოვიდნენ

დღეს, 24 თებერვალს, 20 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „მთავარი“ პირდაპირი ჩართვით დაიწყო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ახალი ამბების გუნდი და ტელევიზიის თანამშრომლები გამოვიდნენ დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, რომლის თანამდებობაც გასულ კვირას გააუქმეს, ჩამოაშორებენ ახალი ამბების რედაქციას და მას სთავაზობენ არარსებული შოუს რედაქტორობას. პარალელურად, აჭარის მაუწყებელში ახალი ამბების რედაქტორად ინიშნება ნინო ხაჟომია.

„ადამიანებს მინდა გთხოვოთ, იკარგება თქვენი ტელევიზია, თქვენი ხმა“ – განაცხადა აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ხათუნა შუშანიძემ.

პირდაპირ ჩართვაში ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ახალი მენეჯმენტი დარტყმის ქვეშ აყენებს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.

„თქვენ გინდათ ამ გადაწყვეტილებით [მაია მერკვილაძის შტატის გაუქმებით] დასვით წერტილი. არ ვიცი, როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გვამყოფებენ, ლაპარაკიც მიჭირს“, – აღნიშნა ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ. ტელეწამყვანმა ირინა ყურუამ კი განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ახალი მენეჯმენტი უბიძგებს რადიკალური ზომებისკენ.

____________

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები 2019 წლის აპრილში დაიწყო, როცა მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით გადააყენა ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე.

დირექტორის მოვალეობას რამდენიმე თვე ასრულებდა ნათია ზოიძე, მისი მოადგილე, 2019 წლის ნოემბერში კი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ იგი პროსახელისუფლებო კანდიდატი იყო.

კოხრეიძის ტელევიზიის დირექტორად არჩევა შეფასდა, როგორც „ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი პირის მოსვლა აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში. მისი არჩევიდან მოკლე ხანში ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტებმა: ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ.

ახალმა დირექტორმა შეუცვალა ხელშეკრულება ნათია ზოიძეს, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკის მართვა ევალებოდა და მას მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა, რაც იმთავითვე იქნა გაგებული, როგორც დარტყმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ზოიძემ ტელევიზია დატოვა და განაცხადა, რომ იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მისი წასვლა ტელევიზიიდან „პოლიტიკური ზეწოლის“ მაგალითად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: