განათლება,მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს

26.02.2020
განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს

განათლების სამინისტრომ დაამტკიცა კანონი სოციალური მუშაკის შესახებ. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სისტემაში შევლენ სოციალური მუშაკები, რისი გამოცდილებაც განათლების სისტემას აქამდე არ ჰქონდა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე დაზუსტებით სამინისტროშიც არ იციან, რა ფუნქცია ექნება სისტემაში სოციალურ მუშაკს, თუმცა ამბობენ, რომ მისი სისტემაში შესვლა მნიშვნელოვანია.

„პირველ ეტაპზე სისტემაში შემოვიყვანთ 50 სოციალურ მუშაკს. იმ დოკუმენტის ფარგლებში, რა ფუნქციასაც მივანიჭებთ, გავწერთ სტანდარტს“, – უთხრა ეკა დგებუაძემ სკოლის დირექტორებს ბათუმში შეხვედრის დროს. მისი თქმით, განათლების სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები მუნიციპალიტეტებში იმუშავებენ და ითანამშრომლებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკებთანაც.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში გვყავს განათლების მიღმა დარჩენილი ბევრი ბავშვი და ყველამ რომ მიიღოს განათლება, რასაც ჩვენი კონსტიტუციაც გვავალდებულებს, სოციალური მუშაკები ამ მიმართულებითაც იმუშავებენ. გვყავს ისეთი ბავშვებიც, რომლებიც შრომაში არიან ჩაბმული და აი, აქ გვჭირდება სოციალური მუშაკის ჩართვა. ამ დოკუმენტს გავწერთ და სკოლებს მივაწვდით,“ – ამბობს ეკა დგებუაძე.

გარდა სოციალური მუშაკისა, ეკა დგებუაძემ ნაადრევი ქორწინების პრობლემასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სოციალურ მუშაკს ამ მიმართულებითაც მოუწევს მუშაობა.

„ნაადრევი ქორწინების პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მეგონა, რომ ეს პრობლემა უფრო მეტად იდგა ეთნიკურ უმცირესობებში, თუმცა ასე არ არის, ნაადრევი ქორწინების რაოდენობა მაღალია აჭარაშიც, როგორც ამას სტატისტიკა გვაჩვენებს.

მომავალი წლიდან სავალდებულო საბაზო განათლება იქნება მე-10 კლასის ჩათვლით და ეს იქნება კარგი იმ მხრივაც, რომ შეაჩერებს ნაადრევ ქორწინებას და ერთი წლით გაუხანგრძლივებს ბავშვებს სკოლაში ყოფნას“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008