მთავარი,სიახლეები

დაპირისპირება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 

19.02.2020 • 1368
დაპირისპირება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 

დღეს, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაუქმდება ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა, ცვლილება შეეხება შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და  ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს. ამ პროფკავშირში მაუწყებლის 70-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. დაპირისპირების გამო სხდომა ცოტა ხნით გადაიდო, თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს.

„დასაქმებული ადამიანები დაინიშნებიან სხვა თანამდებობებზე, შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება ეს ყველაფერიო – წერია განმარტებით ბარათში. მიუხედავად ამისა, ეს აძლევს დირექტორს მეტ ლეგიტიმაციას, ვიდრე სხვა პირობებში მისცემდა. შეიძლება ითქვას, რომ დირექტორის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, ადამიანები დაინიშნებიან თუ არა ტოლფას თანამდებობებზე. თუ არ დაინიშნებიან, ეს ადამიანები წავლენ, მოიგებენ სასამართლოში, მოიგებენ წელიწად-ნახევრის მერე, მაგრამ მაუწყებლის იდეა დაზარალდება.

განმარტებით ბარათში არ არის მოცემული, სად დაინახა დირექტორმა პასუხისმგებლობების დუბლირება, რატომ გახდა საჭირო მოადგილის თანამდებობა გაეუქმებინა, რა ახალი ფუნქციები ექნება იმ საშტატო ერთეულებს, რომლებიც წარმოიქმნება და ა.შ. არ არის დასაბუთებული, რატომ სჭირდება მაუწყებელს ეს ცვლილებები. იმისათვის, რომ პროცესი წარიმართოს ნორმალურად, უნდა გადაიდოს ეს საკითხი, ჩაერთონ მოლაპარაკებებში ის ადამიანები, რომელთაც უშუალოდ ეხება ეს ცვლილებები, ჩაერთოს მოლაპარაკებაში ალტერნატიული პროფკავშირი, იურისტები, განვიხილოთ ეს საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდეს კენჭისყრაზე საკითხი. სხვა ვარიანტში გვაქვს ასეთი სურათი – დღეს რომ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მაგალითად, გიორგი მურვანიძეს და მაია მერკვილაძეს აღარ აქვთ შტატები და დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, სად გადანიშნავს მათ. ამის თქმა გვინდოდა, მაგრამ არ მოგვცეს ამის თქმის საშუალება“, – განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

შენობის წინ, სადაც სხდომა იმართება, ორი პარალელური აქცია მიმდინარეობს. მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავს ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ დგანან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ.

აქცია

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა

აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტების განცხადებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და დირექტორი რეორგანიზაციის სახელით თავიდან იშორებს მისთვის არასასურველ ადამიანებს.

კვირას, 16 თებერვალს, ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციაც გაიმართა. აქცია გაიმართა, ასევე, თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ახალციხეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: