განათლება,მთავარი,სიახლეები

რა კითხვები დაუსვეს მინისტრის მოადგილეს სკოლის დირექტორებმა ბათუმში შეხვერდაზე

21.02.2020 • 5695
რა კითხვები დაუსვეს მინისტრის მოადგილეს სკოლის დირექტორებმა ბათუმში შეხვერდაზე

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას 200-ზე მეტი სკოლის დირექტორი ესწრებოდა, როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილიც.

შეხვედრა ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრაზე ეკა დგებუაძემ „ახალი სკოლის მოდელზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, ახალ მოდელში ამ დროისთვის 169 საჯარო სკოლა, 34 ათასი მოსწავლე და 3 ათასზე მეტ მასწავლებელია ჩართული.

ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლა ვეღარ იქნება ისეთი, რაც აქამდე იყო და ვერც პედაგოგი დარჩება იმ დონეზე, რა სტანდარტებითაც აქამდე მუშაობდა.

„ახალი მოდელის მიხედვით, რეფორმა იწყება საკლასო ოთახიდან. იქმნება სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული. სასწავლო გეგმა უნდა იყოს გააზრებული მასწავლებლის მხრიდან, მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს თავის მოსწავლეებს და ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ განახორციელებს ამ გეგმას გაკვეთილზე ისე, რომ გათვალისწინებული ჰქონდეს ყველა ბავშვის შესაძლებლობა“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

მისი თქმით, „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანი სასკოლო კულტურის შეცვლაა: „სკოლა უნდა გახდეს მრავალფეროვანი და აქტიური. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილზე, სკოლის ბაზაზე პედაგოგის დახმარება და მის განვითარებაზე ზრუნვაც…“

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ახალი სკოლის რეფორმა შესაძლოა იქამდე გაგრძელდეს, „სანამ არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე“.

„ექსპერტები, რომლებიც ამ სკოლებში მუშაობენ, ყოველდღე ცვლიან სწავლების მეთოდოლოგიას. ეს არის საკლასო ოთახიდან წამოსული გამოცდილება“, – ამბობს დგებუაძე.

განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ბათუმში სკოლის დირექტორებს შეხვდა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს სკოლების ტექნოლოგიურ აღჭურვასაც და როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე განაცხადა, რეფორმაში ჩართულ ყველა სკოლაში შეაქვთ ვირტუალური ლაბორატორიები, პროექტორი, ჩართულია ინტერნეტი, შეიქმნა ისტის ელექტრონული სახელმძღვანელოები და ა.შ.

მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს უთხრა, რომ სასკოლო კულტურა წარმოუდგენელია არაფორმალური განათლების გარეშე. ამიტომ, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლებმა ეს კომპონენტი უნდა გააძლიერონ. „სასკოლო კულტურა არ არის მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება, სკოლა უნდა იყოს მრავალფეროვანი, სადაც არის უამრავი კლუბები, წრეები, სპორტული აქტივობები, რომ სიხარულით მივიდეს ბავშვი“, – ამბობს დგებუაძე.

მან შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს კითხვების დასმა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას 200-ზე მეტი დირექტორი ესწრებოდა, მხოლოდ რამდენიმე დირექტორმა დასვა კითხვა.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ [ის „ახალი სკოლის“ პროექტში ლიდერობის ექსპერტიცაა] თქვა, რომ ევროპული სკოლის მოდელის დანერგვა ბევრ სკოლაში შეუძლებელია, რადგან მასწავლებლების ნაწილი მისი განხორციელების საჭიროებას ვერ ხედავს.

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია შეხვედრაზე

„პრაქტიკულად, მაღალ საფეხურზე ეს გეგმა დარჩება განუხორციელებელი, განსაკუთრებით არაფორმალური განათლების ნაწილში, რადგან კანონმდებლობით მასწავლებელს უფლება აქვს ორ სკოლაში იმუშაოს და ჩვენ მას ვერ ავუკრძალავთ, რომ გაკვეთილების შემდეგ სახლში ან სხვა სამსახურში წავიდეს. ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა რომ განხორციელდეს სკოლაში, მასწავლებელი მინიმუმ 4-5 საათამდე მაინც უნდა დარჩეს სკოლაში. ახლა კი 3-4 გაკვეთილის შემდეგ, მასწავლებელი სკოლაში ფაქტობრივად არ არის“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.

დირექტორის თქმით, მასწავლებლები ძალიან კარგად მუშაობდნენ მაშინ, როცა ჰქონდათ გარეგანი მოტივაცია, მაგალითად კრედიტქულები.

„სქემის ფარგლებში მასწავლებლები აქტიურობდნენ, ჰქონდათ კლუბებიც, წრეებიც, თუმცა კრედიტქულების დაგროვება როცა შეწყდა, ამ ამბავმაც უკან დაიხია.

საქმე კიდევ იმაშია, რომ ჩვეულებრივ, მასწავლებელი ამ ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ნაკლებად ხედავს. მაგალითად, როცა ჩვენ ვმუშაობთ საკლასო შეფასებაზე, კომპლექსურ დავალებებზე, შემაჯამებელ დავალებებზე, მასწავლებელთა 30 პროცენტი თუ არის დაინტერესებული ამით. ამიტომ, ხომ არ იგეგმება რაიმე გარეგანი ბიძგი ახალი სკოლის ფარგლებში რომ წახალისებული იყოს პედაგოგი, დარჩეს გაკვეთილების შემდეგ და ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას“, – იკითხა თამთა კვარაცხელიამ.

თამთა კვარაცხელიას კითხვაზე, ეკა დგებუაძის პასუხი იყო, რომ რამდენიმე წელიწადში მასწავლებლის ხელფასი 1800 ლარი გახდება. ხელფასის მატება კი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ მასწავლებელი სკოლაში დარჩეს და არაფორმალურ განათლებაზეც იზრუნოს.

„მიზანი არის ეს. რატომ ვერ შევძელით ჩვენ აქამდე ხარისხზე საუბარი? იმიტომ, რომ როცა მასწავლებელი გაკვეთილს ატარებდა, გარბოდა და კერძო პრაქტიკა ჰქონდა – მისი შრომა იყო დაუფასებელი. მივდივართ იქეთკენ, რომ გარკვეული პერიოდის მერე ჩვენ ამას აუცილებლად მოვთხოვთ პედაგოგს. თუმცა, ძალიან ძნელია ადამიანის კულტურა ერთ დღეში შევცვალოთ“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

შუახევის ერთ-ერთი სოფლის დირექტორ დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება დაწყებით საფეხურზე კლასკომპლექტების გაუქმება? – ამაზე დგებუაძეს პასუხი არ ჰქონდა.

„ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, რადგან არ გვქონია დისკუსია და დაპირებას ვერ მოგცემთ. არ იგეგმება კლასკომპლექტების გაუქმება, თუმცა ამის გადახედვა შესაძლებელია“, – განაცხადა მან.

შეხვედრას 200-ზე მეტი სკოლის დირექტორი ესწრებოდა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ იკითხა, რაზე დაყრდნობით არჩევენ სკოლებს ახალი სკოლის მოდელის პროექტში.

დგებუაძის თქმით, ერთ-ერთი კრიტერიუმია ის, რომ სკოლაში უახლოეს მომავალში არ უნდა იგეგმებოდეს სრული რეაბილიტაცია, „რადგან ჩვენ შევდივართ სერიოზული ტექტონოლოგიით“.

დგებუაძის თქმით, აქცენტი ქალაქის გარდა რეგიონებში არსებულ სკოლებზეც კეთდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: