მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის მრჩევლების არგუმენტები „ფანტასტიური კადრის“ ჩამოშორებაზე

24.02.2020 • 2000
აჭარის ტელევიზიის მრჩევლების არგუმენტები „ფანტასტიური კადრის“ ჩამოშორებაზე

„გიდასტურებთ. უკვე მოვემგზავრები ბათუმში,“ – ასე გვიპასუხა ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ, როცა მას ვკითხეთ, დანიშნეს თუ არა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად. ნინო ხაჟომიამ ასევე გვითხრა, რომ საჭესთანაა და დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

რა პოზიციაზე ინიშნება ნინო ხაჟომია აჭარის ტელევიზიაში, ან რატომ ჩათვალა ახალმა მენეჯმენტმა, რომ მაია მერკვილაძე ნინო ხაჟომიათი შეცვალოს? – მრჩეველთა საბჭოს წევრები თამილა დოლიძე და სოსო სტურუა არ თვლიან, რომ პრობლემაა, ან სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საფრთხე არსებობს, როცა ტელევიზიის დირექტორის საინფორმაციო სამსახურს აშორებს მაია მერკვილაძეს, კადრს, ვისი მუშაობაც თავად გიორგი კოხრეიძემ 5 დღის წინ, 19 თებერვალს შეაფასა, როგორც „ფანტასტიური.“ მრჩეველთა საბჭოს ამ სხდომაზე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატები გააუქმეს, ხოლო ახალმა მენეჯმენტმა პირობა დადო, რომ ის მაია მერკვილაძეს და ტელევიზიის კიდევ სამ თანამშრომელს ტოლფასს სამსახურს შესთავაზებდა.

დღეს, 24 თებერვალს, მაია მერკვილაძეს უთხრეს, რომ ის საინფორმაციო სამსახურს უნდა ჩამოშორდეს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს რედაქტორი გახდება, თუკი თანახმა იქნება, ან რადიოს საინფორმაციოს უფროსი. სხვა პირები, ვისაც საშტატო განრიგის ცვლილება შეეხო, მრჩევლების ინფორმაციით, ახალ შეთავაზებას დასთანხმდნენ.

მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამილა დოლიძე თვლის, რომ მაია მერკვილაძე ახალ შეთავაზებას უნდა დათანხმებოდა. ტელევიზიის ნიუსრუმისგან განსხვავებით, იგი ისევ ვერ ხედავს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას, როცა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერს საინფორმაციო სამსახურში მუშაობის საშუალებას აღარ აძლევენ.

„მეგონა, რომ მაია თოქ-შოუს რედაქტორობას დათანხმდებოდა, არ იყო ცუდი შეთავაზება, ჩემი აზრით… არჩევნების დროს იქნებოდა ამ თოქ-შოუს მთავარი ფიგურა. მე მეგონა, რომ დატოვებდნენ იგივე თანამდებობაზე, მაგრამ მენეჯმენტმა ასე გადაწყვიტა,“ – გვითხრა თამილა დოლიძემ.

სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეებზე დასმულ კითხვებს მრჩეველთა საბჭოს წევრმა ასე უპასუხა:

„იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, რომ კანონიერიაო… ახალი მენეჯერი ასე ხედავს და ჩვენ ზედმეტად ვერ ჩავერევით,“ – ამბობს თამილა დოლიძე.

„ჩარევის მცდელობას თუ დავინახავთ, მეც მექნება რეაქცია,“ – ამბობს სოსო სტურუა, მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი. მის არგუმენტითაც დავინტერესდით – რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს მენეჯმენტისავე შეფასებით საუკეთესო კადრის ჩამოშორებას.

„მაუწყებელს აქვს რამდენიმე მიმართულება და ნებისმიერი მიმართულებით იქნება გამოსადეგი მაიას გამოცდილება და ცოდნა. კანონიერია ეს შეთავაზება, რაც მაია მერკვილაძეს შესთავაზეს… არ არის ეს მიუღებელი შეთავაზება. მე თვითონ ვხელმძღვანელობდი მაუწყებელს 4 წლის განმავლობაში და ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ შეგვიცვლია პოზიცია ადამიანისთვის… თოქ-შოუც საინფორმაციოს მიმართულებაა. ჩვენ საინფორმაციოშიც გვაქვს თოქ-შოუს ელემენტები და კარგია, რომ ეს გვაქვს“, – გვითხრა სოსო სტურუამ.

სოსო სტურუას შევახსენეთ, რომ იგი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას ვერც მაშინ ხედავდა, როცა ნათია ზოიძე ფუნქციის გარეშე დატოვა გიორგი კოხრეიძემ და ეს ამბავი ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

„ეს ორგანიზაცია არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას,“ – გვიპასუხა სოსო სტურუამ.

რატომ ფიქრობთ „ქართული ოცნების“ მსგავსად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ტყუვდებიან? – ვკითხეთ სოსო სტურუას.

„არ ტყუვდებიან… უბრალოდ, არსებობს ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციას არ ჰქონდა,“ – გვითხრა სოსო სტურუამ.

მრჩეველთა საბჭოს წევრებს ნინო ხაჟომიას დანიშვნაც მოსწონთ. თამილა დოლიძის ინფორმაციით, ნინო ხაჟომია 6 თვით დანიშნეს და შემდეგ იგი კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. სოსო სტურუა ამბობს, რომ ნინო ხაჟომია საინფორმაციოს გარდა, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებითაც იმუშავებს.

რატომ არის კარგი ნინო ხაჟომიას ტელევიზიაში მოყვანა?

„ამ კითხვაზე პასუხი მზად არ მაქვს… ვიცი, რომ მას წლების წინ ჰქონდა საგამოძიებო ჟურნალისტიკა და არის ამ მიმართულებით სახელმძღვანელო წიგნების ავტორი, ჟურნალისტურ წრეებში მიღებული ადამიანია,“ – გვიპასუხა სოსო სტურუამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: