განათლება,მთავარი,სიახლეები

როცა მეგობარი გარდამეცვალა, მივხვდი, მისი შვილის განათლებაზე მე უნდა მეზრუნა

25.02.2020 • 4233
როცა მეგობარი გარდამეცვალა, მივხვდი, მისი შვილის განათლებაზე მე უნდა მეზრუნა

„ამ იდეის ინსპირაცია ჩემი მეგობრის შვილი იყო. ჩემი მეგობარი ძალიან ზრუნავდა შვილის განათლებაზე და როცა ის გარდაიცვალა, გადავწყვიტე რომ ამ ბავშვის მეურვე მე ვიქნებოდი. მართალია ბავშვზე მამაც ზრუნავს, მაგრამ მინდოდა დედის დანაკლისი რაიმეთი შემევსო და უცხო ენის სწავლება დავუფინანსე.

„გახდი მეურვე“ – სწორედ ნათიას ინიციატივაა, რომელიც დედით ობოლ და სოციალურად დაუცველი ბავშვების განათლების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„სიღარიბის გამო ძალიან ბევრი ბავშვის განათლება ფერხდება, ვისაც დედა აღარ ჰყავს ან სოციალურად მოწყვლადია, მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამიტომ, ვფიქრობ, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანია, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც ამ ბავშვების ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებისთვის. ამიტომ მინდა, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბიზნესმა, იგრძნოს სოციალური პასუხისმგებლობა ასეთი ბავშვების მიმართ და მისცეს მათ კარგი განათლების შესაძლებლობა,“- ამბობს ნათია.

ნათია გვიყვება, რომ თავიდან აქცენტი დედით ობოლ ბავშვებზე გააკეთა, რადგან მისი აზრით, „შვილების განათლებაზე საქართველოში დედები უფრო მეტად ზრუნავენ“, თუმცა ინიციატივა არ გამორიცხავს იმ ბავშვების განათლებაზე ზრუნვას, ვისაც შესაძლოა დედა ჰყავს, თუმცა სოციალურად უკიდურესად დაუცველია.

„ასეთი კატეგორიაა მარტოხელა დედების შვილები, რადგან ხშირად მარტოხელა დედები არიან ძალიან მოწყვლადი სოციალურად,“ – ამბობს ნათია.

„გახდი მეურვე“ – პროექტში ჩართვის სურვილი ამ დროისთვის  ბიზნესის სფეროს შვიდმა წარმომადგენელმა გამოხატა. თუმცა როგორც ნათია გვეუბნება, ინდივიდუალურადაც შეუძლიათ ადამიანებს პროექტში ჩართვა.

„მაგალითად, ერთი ბავშვის მეურვეობა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აიღო და უკვე მეორე წელია მას ერთ-ერთ ცენტრში ინგლისური ენის სწავლას უფინანსებს. ბავშვი ძალიან კარგად სწავლობს და მალე გაცვლითი პროგრამით ლონდონშიც გაემგზავრება,“ – ამბობს ნათია სვანიძე.

ნათიას თქმით, სასურველია პროექტში ჩართვის მსურველებმა მინიმუმ ერთი წლით მაინც დააფინანსონ ბავშვის განათლება, შემდეგ კი მეურვის გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა დაფინანსებას.

ნათიას აზრით, რადგან უცხო ენის ცოდნა დღეს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია კარგი და ხარისხიანი განათლების მისაღებად, ამ შემთხვევაში მეურვეებიც უცხო ენის სწავლებაში უწყობენ ბავშვებს ხელს. თუმცა ბავშვის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შესაძლოა სხვა საგნის სწავლებაც დაფინანსდეს.

„ძალიან მინდა, ამ ინიციატივას ბევრი მსურველი გამოუჩნდეს; მინდა ადამიანებმა გავითავისოთ განათლების მნიშვნელობა, რომელიც არ არის მხოლოდ ხელისუფლების საფიქრალი და ბიზნესსაც შეუძლია სოციალური პასუხისმგებლობის აღება იმ ბავშვებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ვიცით, რომ უსახსრობის გამო ძალიან ნიჭიერი თაობა იკარგება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვები სკოლაშიც კი ვერ დადიან. ამიტომ ძალიან დროული იქნება ამ ინიციატივის აღება,“ – ამბობს ნათია.

ნათიას აზრით, ერთჯერადი ქველმოქმედება არ არის ეფექტური და სასურველია, რომ ის გრძელვადიან შედეგზე იყოს გათვლილი. „გახდი მეურვე“ კი სწორედ ასეთი პროექტია, რეალური დახმარებაა და თუ ვინმეს სურს რაიმე სიკეთე გაუკეთოს თუნდაც ერთ ბავშვს, მას განათლების მიღებაში უნდა დაეხმაროს“.

ამ დროისთვის, როგორც ნათია გვეუბნება, 27 სოციალურად დაუცველი და ობოლი ბავშვის სია აქვთ, რომელსაც სექტემბრისთვის უკვე დააზუსტებენ, ამიტომ „კარგი იქნება თუ ამ დროისთვის მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ბავშვების მეურვეობას ისურვებენ“.

„გახდი მეურვე“ 20 წლამდე ადამიანებზეა გათვლილი. „მე ჩემი ფონდის მეშვეობით ვეხმარები სოციალურად დაუცველ ბავშვებსაც და ვცდილობთ, სრული პაკეტი მივაწოდოთ მათ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე ბავშვს ჰქონდეს საჭირო სასკოლო ნივთები.

თუმცა პირადი პასუხისმგებლობის აღება გაცილებით ეფექტური და მნიშვნელოვანია. ბიზნესმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ განათლებული და პროფესიონალი კადრები გვყავდეს ქვეყანაში სამომავლოდ,“ – ამბობს ნათია.

ფონდი „ოცნება“, რომელიც ძირითადად განათლების, ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს, განათლების ხელშეწყობის მიზნით, სოფლებში ბიბლიოთეკების დაარსებასაც უწყობს ხელს. ნათია სვანიძე ამბობს, რომ ფონდს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთანაც აქვს მოლაპარაკება, რომელიც მათ სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებით აღჭურვაში ეხმარება.

„ხულოში უკვე გავხსენით ერთი ბიბლიოთეკა, რომელიც წიგნების გარდა აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და წლის ბოლომდე 8 ასეთი ბიბლიოთეკის გახსნა გვაქვს კიდევ გეგმაში,“ – ამბობს ნათია სვანიძე.

 

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: