მთავარი,სიახლეები

მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

22.11.2019 • 1970
მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლების მიზანია, აჭარის მაუწყებლის ეთერიდან გაქრეს კრიტიკული კითხვები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „ოცნების“ ინტერესების გამტარი გახდეს.

მალხაზ ჭკადუა: „საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია. ის მოხდა, რისი მცდელობაც ამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა, დაწყებული ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან, დამთავრებული კოხრეიძის კანდიდატის რამდენჯერმე შეთავაზებით.

გიორგი კოხრეიძე არის ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთა აჭარის მაუწყებლისთვის, როცა იყო ბორდის წევრი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში. ერთადერთი, რა დავალებითაც ის მოდის აჭარის ტელევიზიაში დირექტორის პოზიციაზე, გახლავთ ის, რომ შეცვალოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რაც აჭარის ტელევიზიას აქვს არჩეული რამდენი წელია და ამიტომაც მიიქცია მან აუდიტორიის ყურადღება, გაიზარდა ნდობა, ნახვები და ა.შ.

ეს პოლიტიკა სინქრონიზებულია „ქართული ოცნების“ ქმედებებთან, ეს ქმედებები კი მიზნად ისახავს ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ჩვენ დავინახეთ ამ წლების განმავლობაში, როგორ ნაწილ-ნაწილ მიიტაცა „ქართულმა ოცნებამ“ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი [თბილისში], ასევე სხვა კერძო ტელევიზიები და პრაქტიკულად ახშობს განსხვავებულ მოსაზრებას სატელევიზიო სივრცეში, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინფორმაციას იღებს ტელევიზიებით.

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც მიდის იქეთკენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი მედია დაფარვა საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის.“

დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შეერჩია ისეთი კანდიდატი, რომლის სანდოობაზე კითხვები არ გაჩნდებოდა. ამაზე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მზად არის დაიცვას ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ინტერესები, თუ მათი უფლებები დაირღვევა.

„ყველანაირად ეცდებიან, რომ შეცვალონ სარედაქციო პოლიტიკა, ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ გუნდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე, იყვნენ მედგრად, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის სამართლებრივ და სხვა საკითხებში. ჩვენ ვიქნებით ძალიან ფხიზლად იმისთვის, რომ საზოგადოება არ დავტოვოთ მიკერძოებული, ხელისუფლებისთვის სასარგებლო ინფორმაციის ანაბარა.

შეიძლება ხელისუფლებამ ერთი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ერთგულებისთვის გრძელდება და ცხადია, არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ და ვუყუროთ, თუ როგორ დაშლიან ამ ტელევიზიას მარტივ მამრავლებად „ოცნების“ მიერ ფავორიტად დასახელებული ადამიანები.

მე მაქვს ჟურნალისტების იმედი, მათ მიერ ამ ხანებში გაკეთებული განცხადებები იყო უპრეცედენტო. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის ფასი. მათ ახსოვთ სხვადასხვა ხელისუფლების დროს თუ როგორ ცდილობს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მისთვის სასარგებლოდ გადააწყოს ძალთა ბალანსი მაუწყებელში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთების იდეა და ინიციატივა  „ოცნებას“ ეკუთვნის და ამას გაუფრთხილდებიან, მაგრამ ნამდვილი გამოაშკარავება მათი მიზნებისა აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით, იყო მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ ჟურნალისტებს, რომ „დაოკებულიყვნენ“ და კრიტიკული კითხვები არ დაესვათ.

იქ, სადაც ხელისუფლებისთვის სასარგებლო კითხვები ისმის, ძალიან ცუდი ამბები ხდება. „როცა გაზეთები წერენ ძალიან კარგ ამბებს, ქვეყანაში ძალიან ცუდი ამბები ხდება“ – ეს არ არის ჩემი ნათქვამი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავინახეთ, თუ როგორი რეალურია ეს გამონათქვამი“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: