მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჩინელების ცხოვრებაზე ფილმს იღებენ – გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილება

25.02.2020 • 2040
ბათუმში ჩინელების ცხოვრებაზე ფილმს იღებენ – გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილება

„ჩინელებს და ქართველებს საერთო სირთულე გვაქვს – ჩინელებს ქართულის სწავლა გვიჭირს, ქართველებს – ჩინურის,“ – ხუმრობით იწყებს გადაღებების შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარებას ნაით ვაილდი ჩინეთიდან. ის ამერიკელ კინორეჟისორთან და ჩეხ არტისტთან ერთად ბათუმში დოკუმენტურ ფილმს იღებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ჩინელები საქართველოში.

„დოკუმენტური ფილმისთვის გადაღებები გვქონდა უკვე თბილისში. ფილმში ვაჩვენებ, რას აკეთებენ ჩინელები აქ. ჩინელები ძირითადად ბათუმსა და თბილისში არიან. ზოგიერთი მათგანი მსხვილი ინვესტორია, უმეტესობა – მცირე მეწარმე, მაღაზიები აქვთ, ჩინური სამზარეულო… ფილმში ასევე ვაჩვენებთ, რა არის საქართველო, რატომ უნდა ჩამოვიდნენ ადამიანები საქართველოს სანახავად,“ – გვიყვება ნაით ვაილდი.

ნაით ვაილდი ჩინეთში ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. მისი თქმით, ეს კომპანია ტელევიზიებისთვის ვიდეორგოლებს ამზადებს. ნაითის მიზანია ამჯერად  მოამზადოს ფილმი, რომელიც ჩინელების სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებას აღწერს, მათ შორის, საქართველოში.

ნაით ვაილდი

„მე ადრეც ვიყავი საქართველოში, წლების წინ,“ – განაგრძობს თხრობას ნაითი, – „მაშინ ბათუმშიც ვიყავით და მე შემიყვარდა ეს ქალაქი. აქ განსაკუთრებულია სტუმარმასპინძლობა, ღვინო, სამზარეულო…“

ნაითს ჯგუფის სხვა წევრებიც ეთანხმებიან. გადამღები ჯგუფის წევრებს ვთხოვთ, პრობლემების შესახებ გვითხრან, რაც მათი დაკვირვებით აქვთ საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს.

„მე რესტორანში ვიყავი რამდენიმე ჩინელთან ერთად, მაინტერესებდა მათ მიმართ დამოკიდებულება,“ – საუბარში იან ლისკა ერთვება. იგი ჩეხეთიდანაა და დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუების ჩაწერის პარალელურად მუსიკას წერს.

„რესტორანში და სხვაგანაც ჩანდა პატივისცემა ჩინელების მიმართ. ალბათ, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ არც ჩვენს რესპონდენტებს უთქვამთ რამე ისეთი, რაც დისკრიმინაციას აჩვენებს. ძირითადი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაა. მე ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი ურთიერთობა ჩინელებსა და ქართველებს შორის, თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ… მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ენაა“, – ირწმუნება იან ლისკა.

იან ლისკა

„რთულია, მაგრამ ძალიან ლამაზია ქართული ანბანი,“ – დიალოგს ჯგუფის მესამე წევრი უერთდება  – ვიქტორ-ჰიუგო ვაკა უმცროსი Victor Hugo Vaca Jr. იგი სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია, როგორც კინორეჟისორი და ჟურნალისტადაც მუშაობს. ვიქტორი, პირველ რიგში, ნიუსებზე ამახვილებს ყურადღებას.

„არსებობს ინფორმაციის პრობლემა. შესაძლოა, ინფორმაცია ბევრია, მაგრამ არის ბევრი „ფეიკნიუსი“, მათ შორის, ჩინელებზე, რასაც როგორც ვიცი, საქართველოში ჰყვებიან…“ – ამბობს ვიქტორ-ჰიუგო ვაკა უმცროსი.

„ვინც იცის ინგლისური ან ცოტა ქართული, მას არ აქვს ინტეგრაციის პრობლემა,“ – დასძინა ნაით ვაილდმა და მოგვიყვა, როგორ გადაიღო გუშინ ბათუმში, ერთ-ერთ გამაჯანსაღებელ ცენტრში, ბათუმში მცხოვრები ჩინელები ქართველებთან ერთად.

„მე ვფიქრობ, ჩინეთმა და საქართველომ ერთმანეთი უნდა აღმოაჩინოს, ორივე ქვეყანას უმდიდრესი კულტურა აქვს, ორივე ქვეყანა სავსეა აღმოჩენებით,“ – ამბობს იან ლისკა.

„…საერთო ოჯახებიც იქმნება. ბათუმში არ გამიგია, მაგრამ თბილისში გასულ წელს ჩინელს ლამაზი გოგო მოუყვანია ცოლად, ჩინელიც გამხდარა ქართველი კაცის ცოლი,“ – გვითხრა ნაით ვაილდმა.

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება ჩინელების მიმართ „კორონავირუსის“ გავრცელების შემდეგ?

„ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებულად არ შეცვლილა, ამას ამბობენ ადამიანები, ვისაც ვესაუბრეთ,“ – გვიყვება ვიქტორ-ჰიუგო ვაკა და ამერიკაში ატეხილ აჟიოტაჟს იხსენებს. იგი ფიქრობს, რომ  ამერიკაში უფრო მეტად იგრძნობა ჩინელების მიმართ სიფრთხილე და შიში.

ჯგუფი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ჩინელებზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი გზა ინტეგრაციისთვის ხელოვნებაა.

„დამიჯერეთ, არტისტებს შეუძლიათ უკეთესი კომუნიკაცია. რაც შეიძლება მეტი მუსიკა, ფილმი, პოზიტიური გზავნილები უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთს,“ – ამბობს ვიქტორი.

„კი, ხელოვნება იქნება ხიდი“, – რეპლიკით გვერთვება იან ლისკა.

ჯგუფის სამივე წევრს ბათუმში ყველაზე მეტად „ალი და ნინოს“ ქანდაკება მოეწონა და იქვე აღნიშნეს: „ცუდია, რომ არ მუშაობდა“.

შთაბეჭდილებებზე საუბრის დროს იან ლისკა ამატებს, რომ ძველი ეკლესიების მხატვრობის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდის. საუბრის ბოლოს სტუმრებს ბათუმის თანამედროვე არქიტექტურის შესახებაც ვკითხეთ.

„აშკარაა, რომ გეგმის გარეშე ვითარდება ეს ქალაქი. ბათუმში მართლაც შესაძლებელია გადაიღო ბევრი საინტერესო ფოტო და აჩვენო, რამდენად სხვადასხვა შეიძლება იყოს ერთი და იგივე ქალაქი. აქ ნახავ ძველ და პატარა შენობებს და გიგანტურ ნაგებობებსაც, არ ვიცი, რატომ,“ – გვითხრა ვიქტორ-ჰიუგო ვაკამ.

ბათუმის არქიტექტურაზე დასკვნა აქვს იან ლისკასაც:

„მე ვფიქრობ, ბათუმის არქიტექტურა ჩინეთის დიდი ქალაქების არქიტექტურას ჰგავს. ცნობილია, რომ ჩეხებს გვაქვს კონსერვატიული დამოკიდებულება არქიტექტურული ცვლილებების მიმართ… კარგია თანამედროვე და მოდური შენობები, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი ადგილი მიმზიდველობას კარგავს,“ – აღნიშნა იან ლისკამ.

„მე ვფიქრობ, უფრო ინსტაგრამის სტილი აქვს ბათუმს – აქ ყველაფერს შეხვდები,“ – იღიმის ნაით ვაილდი.

ჯგუფი დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას წლის ბოლოს დაასრულებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: