მთავარი,სიახლეები

ბათუმში ტროტუარებზე ვაჭრობის გადასახადი იზრდება

24.02.2020 • 1196
ბათუმში ტროტუარებზე ვაჭრობის გადასახადი იზრდება

ბათუმში საზოგადოებრივ სივრცეებში გარევაჭრობის საფასური იზრდება, ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა განაცხადა. მისი განმარტებით, დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო. ლაშა კომახიძის დაკვირვებით, კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებოდათ ეს თუ არა. მერი იმედოვნებს, რომ ფასების გაზრდა ობიექტების მესაკუთრეებს მომავალში ამ სივრცეების ზომიერად ათვისების სურვილს გაუჩენს.

„დაბალი საფასური ბევრ ობიექტს აძლევს სტიმულს, რომ მიზნობრივად თუ არამიზნობრივად, კომერციული ინტერესი აქვთ თუ არა, მიუხედავად ამისა, განათავსონ მაგიდები და სკამები, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი საზოგადოებრივ სივრცეში. ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად ტროტუარების ხარჯზე ხდება, აქედან გამომდინარე, ისევ ზონალურობაზე მიბმით ჩვენ ვაკორექტირებთ ფასებს. პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთონ ზომიერად და გააკეთონ სეზონურად იმ შემთხვევაში, თუკი ამას მათთვის შესაბამისი კომერციული ღირებულება ექნება,“ – განაცხადა მერმა ბრიფინგზე.

ამ დრომდე საზოგადოებრივი სივრცის გარევაჭრობისთვის გამოყენების მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე 5 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ კი, ის ზონების მიხედვით გადანაწილდება – პირველი ქვეზონისთვის 40 ლარი, მეორე ზონისთვის – 30, მესამე ზონისთვის კი 20 ლარი იქნება.

საკითხი საკრებულომ ხვალ, 25 თებერვალს, სხდომაზე უნდა განიხილოს.

 

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

 

გადაბეჭდვის წესი