მთავარი,სიახლეები

შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს

24.02.2020 • 2913
შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს

შუახევში, სოფელ ნაღვარევში პაციენტი ხელით, შემდეგ კი, ტრაქტორით გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანასთან, რომელმაც დიდთოვლობის გამო სოფლის ცენტრამდე შეძლო მისვლა. შემთხვევა გუშინ, 23 თებერვალს, მოხდა.

გაუწმინდავი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ პაციენტის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო. პაციენტს  ჰქონდა ჭრილობა. ქალი ადგილობრივებმა დაახლოებით 2 კილომეტრი ატარეს ხელით და ტრაქტორით.

ამ დროისთვის პაციენტი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ნაღვარევი ძალიან მაღალი სოფელია… ადრე უფრო ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ახლა ჯაჭვები გვაქვს,“ – გვითხრეს შუახევის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში. აქ ამბავი დაგვიდასტურეს და თქვეს, რომ პაციენტის სოფლის ცენტრამდე ჩაყვანას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა.

შემთხვევა დაგვიდასტურა პაციენტის ოჯახის წევრმაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ეს სოფელი 30 კილომეტრითაა დაშორებული ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს, მაღალი სოფელია და აქ 3 მეტრი თოვლი მოვიდა,“ – ამბობს შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე. მისი თქმით, ამ სოფლის მიმართულებით ტექნიკა მუშაობდა, მაგრამ ყინვის და სიცივის გამო კილომეტრნახევარი გზა გასაწმენდი დარჩა. ომარ ტაკიძემ თქვა ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„რა თქმა უნდა, ზოგჯერ რთულდება გზის გაწმენდა… იყო სხვა შემთხვევებიც, როცა სამაშველო სამსახური ჩაერთო და მათ გადაიყვანეს პაციენტი,“ – აღნიშნა ომარ ტაკიძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: