Batumelebi | ყალბი დოკუმენტებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო ყალბი დოკუმენტებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო – Batumelebi

ყალბი დოკუმენტებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ-ს აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com